Ending Soon! Save 33% on All Access

"თიბისისა" და "დეველორის" ერთობლივი სწავლების პროექტი მდგრადი განვითარებისა და დაფინანსების მიმართულებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამჟამად "დეველორში" გამორჩეული პროექტი მიმდინარეობს. "მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება" - ეს არის თიბისის ESG აკადემიის ფარგლებში შექმნილი სრულიად ახალი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებს უკავშირდება.

პროექტის შესახებ Entrepreneur-ი ეკა ხოფერიას ესაუბრა. ის "დეველორ საქართველოს" გუნდის წარმომადგენელია და ამ პროექტის ხელმძღვანელი, თანაავტორი და ტრენერი. ეკას თქმით, ის "დეველორთან" ორ წელზე მეტია აქტიურად თანამშრომლობს, ეს თანამშრომლობა მისი პროფესიული განვითარების საკვანძო ეტაპი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ეკა ფინანსურ და ჯანდაცვის სფეროებში მოღვაწეობდა რისკების მართვისა და ბიზნესპროცესების მიმართულებით, თუმცა პროფილის შეცვლა გადაწყვიტა და ადამიანების სწავლებისა და განვითარების სფეროში გადავიდა. ეკას მოეწონა "დეველორის" ღირებულებები, ხედვა და მიდგომები და კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გადაწყვიტა.

"დეველორი" დაახლოებით 30 წლის წინ უნგრეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზე არის წარმოდგენილი და საკუთარი მნიშვნელოვანი და უნიკალური ნიშა უჭირავს არაფორმალური სწავლების მიმართულებით. 2017 წელს "დეველორმა" თავისი წარმომადგენლობა საქართველოში გახსნა.

ეკას თქმით, ყველაზე მეტად ის "დეველორში" აფასებს იმას, რომ ამ ორგანიზაციის ამოცანაა ადამიანებსა და ორგანიზაციებში რეალური პოზიტიური ცვლილებების ინსპირაცია ზრდაზე ორიენტირებული აზროვნებისა და ცნობიერების ამაღლების გზით. "დეველორის" პროგრამების ლოგიკაში რეალური და პრაქტიკული მიდგომები არის ინტეგრირებული, რომლებიც სწავლების პროცესს არა მხოლოდ აცოცხლებს, არამედ ცნობიერების ისეთ წერტილებს ასტიმულირებს, რომლებიც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის გზებს მარტივად პოულობენ. გარდა ამისა, "დეველორი" ყოველთვის ძალიან აქტუალურ საკითხებს ამუშავებს და ტრენინგების საშუალებით ადამიანებს ისეთ თემებზე ელაპარაკება, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ყველაზე წამყვან და მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.

- მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ - რა არის მისი არსი, რა იყო მასზე მუშაობის დაწყების მოტივაცია, რას სთავაზობთ კომპანიებს და რა შედეგს ელით ამ მასშტაბური პროექტისგან?

ამ ტრენინგპროგრამის შექმნის იდეა "თიბისის" ეკუთვნის და ეფუძნება იმ მიგნებას, რომ მდგრადი განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ადამიანების ცნობიერების ცვლილება, ხოლო ცვლილება გამყარებული უნდა იქნას კონკრეტული, მათ შორის, ტექნიკური ცოდნით. "თიბისიმ", როგორც ქვეყნის მოწინავე კომპანიამ, "მწვანე" მიმართულებით ფიქრი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 2008 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან კომპანიაში შეიქმნა და იზრდება მდგრადი პორტფელი, 2021 წელს შემუშავდა ESG სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს მწვანე ღირებულებების ინტეგრირება კომპანიის საქმიანობის ყველა სფეროში.

ტრენინგპროგრამა - "მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება" "დეველორისა" და "თიბისის" აქტიური პარტნიორობით შეიქმნა. ამ პროგრამის მეშვეობით ვსაუბრობთ ყველა იმ თემაზე, რომელიც "მწვანე" ქოლგის ქვეშ ერთიანდება, როგორიცაა "მდგრადი განვითარება", ESG (გარემოს დაცვა, სოციალური და მმართველობითი საკითები), კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა და ა.შ.

ჩემი აზრით, ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს და აქ ბილ გეითსის სიტყვები მინდა გამოვიყენო: "კლიმატის ცვლილება არის საშინელი პრობლემა და ის სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. ეს საკითხი უნდა გახდეს უდიდესი პრიორიტეტი". "მწვანე" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა კლასტერის უკან რეალურად დგას სამი ძირითადი რამ: ადამიანები, პლანეტა და ადამიანების კეთილდღეობა. რადგან დღეს ადამიანი არის ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი არსება დედამიწაზე, ჩვენი ქცევა აისახება როგორც ჩვენზე, ასევე მთელ პლანეტაზე, ბუნებაზე და ზოგადად, ეკოსისტემებში შემავალ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე. ჩვენი პლანეტის გარეშე ვერ გადავრჩებით, ეს არის მოცემულობა, რომლის იგნორირება უკვე არ შეიძლება.

- რას სთავაზობს პროექტი კომპანიებს?

კომპანიების თანამშრომელთა წრეებში, ყველა დონეზე, "მწვანე" საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას და, გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტების შემთხვევაში პრაქტიკული ინსტრუმენტების მაგალითების გაზიარებას მათი მწვანე პორტფელის გაზრდის მიზნით. შედეგად კი ველოდებით იმას, რომ ცნობიერების ამაღლების გზით მოხდება რეალური პოზიტიური ცვლილებები, როგორც ინდივიდების, ასევე ორგანიზაციების დონეზე, კერძოდ კი ინდივიდების დონეზე შეიცვლება ქცევა და ადამიანები უფრო მეტ "მწვანე" ჩვევებს დანერგავენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორიცაა მაგალითად, ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილების გამოყენება, ველოსიპედებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო აქტიური გადაადგილება, ნარჩენების დახარისხება და გადამუშავებისთვის ჩაბარება, ერთჯერადი გამოყენების ნივთების მოხმარების შემცირება, წყლის რესურსების ეკონომიური გამოყენება, კვების ჩვევების გადაფასება და ა.შ. ორგანიზაციების დონეზე კი უფრო მეტი ყურადღება და რესურსი წარიმართება "მწვანე" მიდგომების დანერგვისთვის, მდგრადი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებისა და მდგრადი ლიდერობის პრინციპების გატარებისათვის. ფინანსური ინსტიტუტების მიერ კი მოხდება ამ ცვლილებებისა და მწვანე ინიციატივების მიზნობრივი დაფინანსება. ჩვენი აზრით, ეს არის ერთადერთი გზა არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მდგრადი და ჯანსაღი მომავლისკენ, და აქაც დავესესხები ერთი არაჩვეულებრივი ადამიანისა და კლიმატის ცვლილების აქტივისტის, სერ დევიდ ატენბოროს სიტყვებს: "ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ პლანეტის გადარჩენაზე, სიმართლე კი ისაა, რომ უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი თავის გადასარჩენად".

- როგორია ამ მიმართულებით მდგომარეობა საქართველოში?

ზოგადი სურათით რომ დავიწყოთ განხილვა, სამწუხაროდ, საქართველოში ცნობიერება ამ მიმართულებით არის დაბალი. მართალია, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში "მწვანე" თემა არის პირველ პრიორიტეტად აღიარებული და დღეს უკვე იმდენად ღრმად არის ინტეგრირებული მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ბიზნესსა და სოციალურ სისტემებში, რომ ადამიანების ქცევის შეცვლა ამ მიმართულებით სისტემური მიდგომებით ხორციელდება, მაგრამ საქართველოში სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. "მწვანე" თემის უფრო წინ წამოწევა მოხდა მაშინ, როდესაც ევროპისკენ გზა ავირჩიეთ, თუმცა ეს პროცესი პირველ ეტაპზე არ იყო ყოვლისმომცველი და მიმდინარეობდა ვიწრო წრეებში, ცალკეული პროექტებისა თუ ინიციატივების სახით. ქვეყნის დონეზე სისტემური მიდგომა, რომელიც კანონმდებლობასა და რეგულაციებში იქნებოდა ინტეგრირებული და როგორც ქვეყნის ბიზნესსფეროებზე, ასევე რიგითი მოქალაქეების ქცევებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა, დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა. სიტუაცია ოდნავ შეიცვალა, როდესაც "საქართველოს ეროვნულმა ბანკმა" 2022 წელს "მწვანე დაფინანსების ტაქსონომია" შეიმუშავა და საკითხის აქტუალურობა საფინანსო ინსტიტუტების წრეებში რეგულაციების ჭრილში მკვეთრად აიმაღლა. ამ ნაბიჯმა რეალურად სხვა მექანიზმიც აამოქმედა, კომპანიებს, რომლებსაც "მწვანე" მიმართულებით ხედვა გააჩნიათ, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალება მიეცათ, რადგან უფრო მეტი მხარდაჭერა გაჩნდა "მწვანე" პროექტების დაფინანსებას კუთხით. თუმცა დღემდე მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება "მწვანე" მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. აქაც "თიბისიმ" წამყვანი პოზიცია დაიკავა და "თიბისის" ESG აკადემიის ბაზაზე უპრეცენდენტო ფართომასშტაბიანი სასწავლო პროექტი დააინიცირა. ამ წერტილში "დეველორისა" და "თიბისის" ESG აკადემიის გზები გადაიკვეთა.

- როგორ დაიწყო "თიბისისა" და "დეველორს" შორის თანამშრომლობა?

"დეველორს" წლების განმავლობაში ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა "თიბისისთან", გამოცხადებისთანავე ამ პროექტის ტენდერში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ გრძელი და რთული კონკურსის შედეგად გაიმარჯვა. იმ ეტაპისთვის "დეველორში" საერთაშორისო მასშტაბით უკვე არსებობდა რამდენიმე პროგრამა, რომელიც "მწვანე" საკითხებს ეხმიანებოდა ევროპის ენერგოკრიზისის საპასუხოდ, თუმცა "თიბისისთან" ერთად ბევრად ფართო არეალი დავფარეთ, და, გარდა იმისა, რომ სასწავლო პროგრამის ფარგლებში ვსაუბრობთ ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც "მწვანე" ქოლგის ქვეშ ერთიანდება, პროგრამის მეორე დღე (ტრენინგი არის ორდღიანი) სრულად ფოკუსირებულია მწვანე დაფინანსების საკითხებზე და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს იძლევა ფინანსური ინსტიტუტების მწვანე პორტფელის გაზრდისათვის. პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ სპეციალურად ESG ექსპერტი მოვიწვიეთ. სატრენინგო მასალები შემუშავდა "თიბისის" ESG აკადემიისა და "დეველორის" საერთაშორისო გუნდის მიერ, რომელშიც შედიოდნენ როგორც საერთაშორისო "დეველორის" სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელები, ასევე "დეველორ საქართველოს" ტრენერები და მოწვეული ESG ექსპერტი. ამ პროექტისთვის "თიბისიმ" ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა 2 ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში - EFSE Development Facility და GGF Technical Assistance Facility. პროექტის ფარგლებში, თიბისის 900 თანამშრომელი მიიღებს ორდღიან კურსში მონაწილეობას. ასევე, შემუშავდა ერთდღიანი კურსი "თიბისის" მომხმარებლებისთვის, რომელიც გათვლილია საცალო, მცირე, საშუალო და კორპორაციული ბიზნესის 300 წარმომადგენელზე.

აქვე უნდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ "თიბისისა" და ევროპული ფონდების ტექნიკური დახმარების პროგრამის გადაწყვეტილებით, ტრენინგკურსი "მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება" ხელმისაწვდომი იქნება სხვა კომპანიებისა და ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ამ პროექტის მიზანი, ასევე, არის ფართო საზოგადოებისთვის ღირებულების შექმნა და ცოდნის გაზიარება. მოცემული ტრენინგპროგრამის დაკვეთა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაციის მიერ, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

- როგორია საქართველოში "მწვანე" გზის განვითარების პერსპექტივა? როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ბიზნესსექტორს ამის მზაობა?

როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს საქართველოში "მწვანე" თემა ფაქტობრივად, ჩანასახის სტადიაზეა, თუმცა ბოლო წლებში აშკარად პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, ბაზარზე გაჩნდა უფრო მეტი ეკომეგობრული კომპანია, აქტიურად შემოდის ეკომეგობრული პროდუქცია, აშენდა და წარმატებით ფუნქციონირებს პლასტმასის გადამუშავების საამქრო, და, როგორც ცნობილია, იგეგმება მეორე ობიექტის აშენება, საქართველოში წარმოებული ენერგიის 80-ზე მეტი პროცენტი განახლებადი წყაროებიდან მოდის და გრძელდება განახლებადი ენერგიის ობიექტების აქტიური მშენებლობა. გარდა ამისა, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის "მწვანე" ინიციატივების მიმართულებით. რამდენად მზად ვართ "გავმწვანდეთ"? "გამწვანებას" ბევრი სირთულე ახლავს თან, მისი შედეგები შეიძლება მარტივად დასანახი და ხელშესახები არ იყოს, მათ შორის ხანდახან ის შეიძლება ფინანსურად და რესურსულად კონკრეტულ მომენტში არ იყოს მოგებიანი, მაგრამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუ დღეს არ დავიწყებთ რეალური ნაბიჯების გადადგმას, სულ რაღაც 6 წელიწადში, 2030 წელს იმ წერტილს მივაღწევთ, როდესაც კლიმატის ცვლილების გაურესებას დიდი ალბათობით ვეღარ შევაჩერებთ და ჩვენი პლანეტა უფრო და უფრო გაცხელდება, ჩვენ კი უფრო და უფრო გაგვიჭირდება ცხოვრება ამ პლანეტაზე, ამიტომ ყველაფერი იწყება ცნობიერებით. როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ ეს არ არის მოგონილი და ილუზორული საშიშროება, რომ მისი ეფექტი ბევრად უფრო გლობალური და დამანგრევებელი იქნება, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც აქამდე გაგვივლია, აი მაშინ შევიცვლებით.

და, რაც მთავარია, თუ 2030 წელი შორეული და არარეალური გვეჩვენება, გვახსოვდეს, რომ "მწვანე" გზა არის გზა ევროპისკენ, მომავლისკენ და კეთილდღეობისკენ და "მწვანე ცნობიერების" დანერგვა ნიშნავს იმას, რომ სირთულეების მიუხედავად, "სიმწვანე" დიდ მხარდაჭერას, პატივისცემას და აღიარებას იმსახურებს. ბიზნესის ენაზე რომ ვთქვათ, "მწვანე" ნიშნულით არსებული კომპანია უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისა და სხვადასხვა ფონდისთვის და რეალურად ძალიან დიდ პოტენციურ უპირატესობებს ატარებს. რაც, ასევე, უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაიგოთ ტრენინგის დროს.

- თქვენ ახსენეთ, რომ უფრო მეტ დეტალის გაცნობა ტრენინგის ფარგლებში არის შესაძლებელი. თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით აღგვიწერეთ, თუ რას უნდა ელოდონ მონაწილეები ტრენიგიდან, რა ფორმატში და რა მიდგომების გამოყენებით ტარდება ის?

საკვანძო სიტყვა არის "თამაში". მიუხედავად იმისა, რომ "მწვანე" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული საკითხები გამოირჩევა კომპლექსურობით და მეცნიერულ დონეზე არსებული სირთულეებით, ჩვენ მოვახერხეთ ამ რთული მასალის გადათარგმნა სასწავლო თამაშის ფორმატში, რაც "დეველორის" გუნდის ერთ-ერთი უძლიერესი კომპეტენცია არის. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა შეიქმნას ტრენინგმასალა და რა მიდგომებით ხდება ადამიანების მიერ ყველაზე ეფექტიანად სასწავლო მასალის ათვისება. მოგეხსენებათ, რომ არსებობს ე.წ. სწავლის პირამიდა, ეს არის სასწავლო მოდელი, რომელიც ასახავს, სწავლების რომელი მეთოდი ამახსოვრებინებს მასალას სხვებზე უკეთესად. ამ მოდელის თანახმად, ლექციის ფორმატით ხდება მასალის 5%-ის ათვისება, კითხვით - 10%, აუდიო/ვიდეო გამოსახულებით - 20%, დემონსტირებით - 30%, დისკუსიით - 50%, კეთებით - 75%, სხვების სწავლებით 90%. ტრენინგი "მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება" მოიცავს ორ დღეს. პირველი დღე სრულად ეძღვნება "მწვანე" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული საკითხების მიმოხილვას, მასალები წარმოდგენილია სამაგიდო თამაშის ფორმატში, რომლის ფარგლებში ვიყენებთ როგორც აუდი/ვიდეო მასალას, ვირტუალურ პლატფორმას, ხელოვნური ინტელექტის ავატარებს, გამოცანებს, დისკუსიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, კერძოდ კი მასალის მიწოდება ხდება პირამიდის ყველა შესაძლო გზით, მისი ათვისების ეფექტურობის გათვალისწინებით. მეორე დღეს კი ამავე პირამიდის მოდელის გათვალსწინებით, მასალების წარდგენა ხდება უმეტესწილად სადისკუსიო და სიმულაციური აქტივობების ფორმატში, რასაც მეტი დოზით ე.წ. სამუშაო შეხვედრისა და რეალური პრაქტიკული მუშაობის ფორმატი აქვს, ვიდრე კლასიკური ტრენინგის. ამიტომ დამიჯერეთ, ეს გამოცდილება ნამდვილად უნიკალურია.

- რა ეტაპზეა ახლა პროექტი და რა არის შემდეგი ნაბიჯები?

ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ჩავატარეთ ტრენინგი თიბისელების ერთ ჯგუფთან, რომელმაც განსაკუთრებულად ღირებული და დადებით უკუკავშირი დაგვიტოვა, მოცემული უკუკავშირის შედეგად ჩვენ მოვახდინეთ პროგრამის გაუმჯობესება და ველოდებით შემდეგ რაუნდს, რომელიც მაისშია დაგეგმილი ორი ჯგუფისთვის. ამ წლის გეგმა უკვე გაწერილია და წესით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 18 ტრენინგის ჩატარება "თიბისის" ESG აკადემიის ფარგლებში, რაც ჯამში 540 თიბისელის სწავლებას მოიცავს. ეს პროექტი გაგრძელდება 2025 წლის ოქტომბრამდე. მოცემული პროცესის პარალელურად, იგეგმება ამ ტრენინგის მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანია, რომლის მეშვეობით ვაპირებთ ტრენინგის შესახებ უფრო მეტი კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდებას და უფრო ფართო აუდიტორიის მოცვას.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ