"პოლიგლოტ+" - თამარ მირიანაშვილის გზა წარმატებისკენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თამარ მირიანაშვილმა "პოლიგლოტ+" 2004 წელს დააფუძნა. იხსენებს, რომ 2003 წელს უნივერსიტეტის დამთავრება და სამსახურის ძიება რთული იყო, განსაკუთრებით პროფესიით. თუმცა მან ეს მაინც მოახერხა და აქედან წამოვიდა ინსპირაციაც, საკუთარი ბიზნესი დაეწყო.
თამარი იმხანად მთარგმნელთა სააგენტოში მუშაობდა და შეამჩნია, რომ არაშაბლონურ, დარგობრივ თარგმანზე მოთხოვნა იზრდებოდა, მიწოდება კი სათანადო დონეზე არ იყო. სწორედ ეს დაინახა შესაძლებლობად:
"გამოიკვეთა ორი ძირითადი მოთხოვნა, რასაც მოქმედი სააგენტოები ვერ აკმაყოფილებდნენ იმ პერიოდში, საჭირო იყო როგორც მთარგმნელ-ფილოლოგებთან კავშირზე გასვლა და მოძიება, ასევე დამკვეთებისთვის სრულყოფილი, კომპლექსური მომსახურების მიწოდება".
ყველაფრის გათვალისწინებით თამარი ამბობს, რომ ბიზნესის დაწყება მსგავს არასტაბილურ გარემოში ნამდვილად მოითხოვდა დიდ გამბედაობასაც და რისკზე წასვლის უნარსაც.
თამარის თქმით, მაშინდელ რთულ დროში რისკთან იყოს დაკავშირებული ისეთი ელემენტარული ნიუანსებიც კი, როგორიცაა სივრცის დაქირავება, სხვადასხვა ხარჯის გაღება და ა.შ.
"თავდაპირველად სამუშაო კომპიუტერი და მაგიდა მეგობარმა მათხოვა. რისკმა და მოლოდინმა გაამართლა, დამკვეთების რიცხვი დღითიდღე მატულობდა, მასალები უფრო და უფრო მდიდრდებოდა შინაარსობრივად, თემატურად, ენების მხრივ და დამჭირდა დამატებით კოლეგების მოწვევა, ასევე შევიძინეთ ახალი სამუშაო ტექნიკა და ავეჯი", - იხსენებს თამარი.
"პოლიგლოტ+-ის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მუდმივ გამოწვევად მის ბიზნესში სპეციალისტების მოძიება რჩება - რთულია ისეთი სპეციალისტის მოძიება, რომელმაც სრულყოფილად იცის ენა, აქვს კვლევა-ძიებისა და კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
გარდა ამისა, პრობლემურია მცოდნე ადამიანების ქვეყნიდან გადინების პროცესიც - ადამიანები, ვინც უცხო ენები იციან, ხშირად მიდიან საქართველოდან და უცხოეთში საქმდებიან. თამარი ფიქრობს, რომ დიდი დეფიციტი შექმნა იუსტიციის სახლში მთარგმნელობითი მომსახურების დამკვიდრებამ, ასევე ე. წ. ქოლცენტრებმა, სადაც ენების მცოდნეები არიან დასაქმებულნი.
თამარი ამბობს, რომ მთარგმნელობით სფეროში გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება მას არასდროს დასჭირვებია.
"თარგმანის ნებისმიერ განშტოებაში, იქნება ეს მხატვრული, არამხატვრული თუ ზეპირი, ქალები ვდომინირებთ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული დარგია როგორც ანაზღაურების, ისე სამუშაო პირობების მხრივ და ნაკლებად გავრცელებულია გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, თუმცა გამორიცხული არაფერია", - გვეუბნება ის.
Entrepreneur-თან ინტერვიუში დამწყებ ანტრეპრენერებსა თუ მომავალ ტოპმენეჯერებს ურჩევს, რომ შეისწავლონ ის სფერო, სადაც შემდეგ მაღალ თანამდებობაზე საქმიანობას აპირებენ. თამარი მიიჩნევს, რომ მის შემთხვევაში "რიგით ჯარისკაცად" მუშაობა მთარგმნელობით საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იყო, რამაც დარგის სპეციფიკა და საჭიროებები ზუსტად დაანახვა.
ჩვენს კითხვაზე, ვინაა მისთვის ნამდვილი ანტრეპრენერი, თამარი ასე გვპასუხობს:
"საქართველოს პირობებში, ამ 20 წელს თუ გადავხედავ, ვიტყოდი, რომ ანტერპრენერი სპაიდერმენია - მოქნილად უნდა გაუმკლავდეს სირთულეებს, პოლიტიკურ ქარტეხილებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, პანდემიას, გაუძლოს დაქირავებული სივრცეების არასტაბილურობას, გადარჩეს და სხვებიც გადაარჩინოს".
თამარ მირიანაშვილისთვის საქმიანობაში მთავარი მოტივატორიცა და ინსპირაციის წყაროც მადლიერი ადამიანია - იქნება ეს კოლეგა თუ დამკვეთი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი უკუკავშირი და იმის დანახვა, რომ მომხმარებელი შესრულებულ სამუშაოს ენდობა. ამ კუთხით განსაკუთრებულად აღნიშნავს პანდემიის პერიოდში მუშაობას, როცა მის გუნდს სწრაფად და ოპტიმალურად უწევდა კრიტიკული მნიშვნელობის მასალის თარგმნა.
მისი სამომავლო გეგმები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პირველ რიგში, სურს, ხელი შეუწყოს დარგში კადრების დეფიციტს. ამისთვის კი რამდენიმე უნივერსიტეტთან მემორანდუმიც გააფორმა, კურსის შედგენაში მონაწილეობდა და მისივე კომპანიაში სტუდენტებს პრაქტიკის გავლის საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, თამარმა თავის დასთან ერთად დააფუძნა კომპანია, რომელიც დამწყებ სპეციალისტებს სთავაზობს პრაქტიკულ-დარგობრივ კურსებს პროფესიაში გამოცდილების მისაღებად.