📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"მიზანი – მაღაზია ყველა შტატში": როგორ იპყრობს უზბეკური ხალიჩების უდიდესი მწარმოებელი ამერიკულ ბაზარს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საიდ ხაკიმოვმა კარიერა 12 წლის წინ დაიწყო, როდესაც ხალიჩების ქარხანაში დიზაინერად მუშაობდა. დღეს ის SAG-ის წარმოების, მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორია, რომელიც ხალიჩების უმსხვილესი მწარმოებელია უზბეკეთში და დსთ-ს ქვეყნებში. ამავდროულად, მსოფლიოში მესამე კომპანიაა წარმოებული ხალიჩების რაოდენობით.

ხაკიმოვი კომპანიის განვითარებაზე მუშაობდა საერთაშორისო ბაზრებზე. მათ შორის ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით, აშშ-ს ქალაქებში უზბეკური ხალიჩების მაღაზიები იხსნება.

საიდმა გაგვიზიარა, თუ როგორ მოახერხა ამერიკაში სახელის მოხვეჭა, როგორ იქმნება ხალიჩები გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან და რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს წარმოების პროცესთან სრულად გამკლავება.

უზბეკეთისთვის ხალიჩების დამზადება არა მხოლოდ ეკონომიკური სფერო, არამედ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და კულტურული გენომის ნაწილია. ამავდროულად, მდიდარი ისტორიის მქონე ინდუსტრია ერთ ადგილას არ ჩერდება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები და პროდუქტები. სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ინოვაციურ პროექტებზე, გთხოვთ, მოგვიყევით უკვე განხორციელებული, წარმატებული პროექტების შესახებ.

10 წლის წინ, რბილი იატაკის და ხელოვნური ბალახის წარმოების ორგანიზება დამევალა. ეს პროდუქტები იმ დროს უბრალოდ არ არსებობდა უზბეკეთში და გაურკვეველი იყო, იქნებოდა თუ არა მათზე მოთხოვნა. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ბაზრის, ტენდენციებისა და მომხმარებლების საჭიროებების საფუძვლიანი ანალიზი დაგვეხმარა. ჩვენმა კომპანიამ ყურადღება გაამახვილა უზბეკეთში წყლის უკმარისობის პრობლემაზე და ქვეყანაში ბუნებრივი ბალახის ექსპლუატაციის ხარჯების დეტალური გაანგარიშება გავაკეთეთ: ეს ხარჯი მილიონებს მოიცავს და ტონობით წყალს საჭიროებს. ნათელი გახდა, რომ ხელოვნური ბალახის წარმოების წამოწყებით, ბაზრის უფრო დიდი წილის დაკავება შეგვეძლო. რა თქმა უნდა, აღჭურვილობის შეძენისას გარკვეულ რისკზე წავედით, მაგრამ ამ რისკმა დროთა განმავლობაში შედეგი გამოიღო. თავდაპირველად, ხალხს არ ესმოდა, რატომ უნდა შეიძინონ ხელოვნური ბალახი, ნამდვილის ნაცვლად. დილერებს პროდუქტის უპირატესობებს ვუხსნიდი და წყლის დანახარჯების შესახებ კონკრეტულ მონაცემებს ვაჩვენებდი. ისინი, თავის მხრივ, საბოლოო მომხმარებელს გადასცემდნენ ინფორმაციას. შედეგად, ახლა, 10 წლის შემდეგ, დანადგარი უწყვეტად, 24/7-ზე მუშაობს და ყველა წარმოებული პროდუქტი იყიდება. დღემდე, უზბეკეთში მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ ხელოვნურ ბალახს. ეს არის პროდუქტი, რომლისაც ცოტას სჯეროდა, მაგრამ უდავოდ გაამართლა. ჩვენი ბალახი 1000-ზე მეტ ხელოვნურ სპორტულ მოედანს ფარავს და მას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით იყენებენ გამწვანებისთვის. მათ შორის, ღია სივრცეები და მოედნები, კაფეები და რესტორნები, ეთნოგრაფიული პარკი "მარადიული ქალაქი", რომელიც სამარყანდში მდებარეობს.

რბილი იატაკიც, რომლის წარმოებაც უზბეკეთში თქვენი ინიციატივით დაიწყო, მაშინვე მოთხოვნადი არ გამხდარა?

დიახ, და არა მხოლოდ უზბეკეთში. მაგალითად, აზერბაიჯანში იყო კლიენტი, რომელიც მთელი ცხოვრება ხალიჩებს ყიდდა, ამით კარგ ფულს შოულობდა და რბილი იატაკის გაყიდვაზე გადასვლა არ სურდა. სამჯერ მივედი მის სანახავად. ვაჩვენე, რა რაოდენობა შეიძლებოდა გაეყიდა, რა შეკვეთების შესრულება შეეძლო საერთაშორისო გამოფენებისთვის, კონფერენციებისთვის და სამთავრობო უწყებებისთვის. ის ცდაზე დათანხმდა და დღეს, მისი კომპანიის 95% რბილი იატაკების გაყიდვით არის დაკავებული. მსგავსი მაგალითები სხვა რეგიონებშიც გვქონდა. 10 წლის განმავლობაში, ჩვენს კომპანიაში რბილი იატაკების წარმოებაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა. სამ ცვლაში ვმუშაობთ და ყოველწლიურად, 12 მილიონ კვადრატულ მეტრს ვაწარმოებთ. რბილი იატაკის საფარს ვქმნით მსხვილი კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, აეროპორტებისა და სასტუმროების ქსელებისთვის. წითელ ხალიჩებს ვამზადებთ დიდი ღონისძიებებისთვის, როგორიცაა ტაშკენტის კინოფესტივალი.

კონკრეტულად თქვენ დაგევალათ კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე გაყვანაც. როგორ გამოიყურება თითოეულ რეგიონში მუშაობის სპეციფიკა?

მაგალითად, ყაზახეთში ნათელი ფერები და წითელი უყვართ. მათ ხალიჩების ქსოვის საკუთარი მდიდარი ტრადიციები აქვთ, ამიტომ "მშობლიური", ისტორიული ნიმუშების ნახვა სურთ, რომლებსაც ჩვენ სპეციალურად მათთვის ვამზადებთ. იგივეა აზერბაიჯანშიც. ყირგიზეთის ბაზრისთვის მთავარია ხელმისაწვდომი ფასი. რუსეთში მონო ფერებია პოპულარული: ნაცრისფერი, თეთრი, ბეჟი. შეერთებულ შტატებში პრეფერენციების დიაპაზონი იმდენად ფართოა, რომ კლიენტი ყველაფრისთვის მოიძებნება.

შეერთებულ შტატებში უზბეკური ხალიჩების გაყიდვის წამოწყება და საკუთარი მაღაზიათა ქსელის გახსნა მართლაც შთამბეჭდავია. როგორ წარმოიშვა ასეთი ამბიციური იდეა?

პირველად, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ქარხანაში მუშაობის დროს ჩამოვედი და მენეჯმენტს ბაზრის შესასწავლად დრო ვთხოვე. დაახლოებით ერთი თვე დამჭირდა ნიუ-იორკში ხალიჩების ყველა მაღაზიის ანალიზის ჩასატარებლად. იმ პერიოდში, ამერიკული ხალიჩების ბაზარი "დინოზავრად" მეჩვენებოდა. იმ ყველაფერს, რაც იქ იწარმოებოდა, ჩვენ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვაკეთებდით. ახლა, ამერიკაში კომპანიის ბრუნვამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. ჩვენი მაღაზიები ფუნქციონირებს ფილადელფიაში, ნიუ-იორკში, ოჰაიოში. მომავალ წელს, ბრუკლინსა და ვაშინგტონში ვგეგმავთ ახალი მაღაზიების გახსნას. ჩვენი მიზანია მინიმუმ ერთი მაღაზიის გახსნა თითოეულ შტატში. ასევე, აშშ-ში აქტიურად ვმუშაობ B2B და ონლაინ გაყიდვების განვითარებაზე.

გასაკვირია, რომ ამერიკაში ხალიჩების ბაზარი ცუდად არის განვითარებული. როგორც წესი, შეერთებული შტატები დანარჩენ მსოფლიოს უსწრებს სხვადასხვა ინდუსტრიებში. რა არის ამ ჩამორჩენის მიზეზი?

ამერიკელებს საკმაოდ კონსერვატიული პრეფერენციები აქვთ, ამიტომ შტატებში მოთხოვნადია ის, რაც დიდი ხანია იყიდება და მომხმარებლისთვის ნაცნობია. აშშ-ს ბაზარზე სახლის ტექსტილის ყველა ტენდენცია რამდენიმე წლის დაგვიანებით შემოდის. თავდაპირველად, ჩვენს ხალიჩებს მხოლოდ უზბეკები ყიდულობდნენ, ახლა კი სულ უფრო მეტი ამერიკელი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი იგებს ჩვენ შესახებ. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველას თავისი მოთხოვნები აქვს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ყველა დავაკმაყოფილოთ. ამერიკაში პირადი კომუნიკაცია და რეკომენდაციები ნებისმიერ რეკლამაზე უკეთ მუშაობს. მაგალითად, თუ ჩვენთან ლიბანელი მყიდველი მოვიდა და კმაყოფილი დარჩა, მომავალ კვირას, სავარაუდოდ, ბევრი ლიბანელი კლიენტი გვეყოლება. ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა.

დღესდღეობით, მსოფლიოში აქტუალურია ეკოლოგიურად სუფთა წარმოების, გადამუშავებისა და ზოგადად გარემოზე ზრუნვის საკითხები. როგორ ვითარდებით ამ მიმართულებით?

ჩვენი კომპანია იყო პირველი, არა მხოლოდ დსთ-სა და აზიაში, არამედ მსოფლიოში, რომელმაც პლასტმასის (პეტ) ბოთლები ხალიჩების წარმოებისთვის გამოიყენა. ტექნოლოგიის შესასწავლად და დანადგარებისა და კომპონენტების შესაკვეთად, გერმანიაში ერთ-ერთი ქარხანა მოვინახულე. ამის შემდეგ, ბოთლების შემგროვებელი პუნქტები გავხსენით და მათი გადამუშავება დავიწყეთ. სამუშაო პროცესზე დაკვირვებისა და გამოცდილების მიღების მიზნით, ჩვენს ქარხანას სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობდნენ ადამიანები. საქმე იქამდე მივიდა, რომ უზბეკეთში აღარ გვაქვს საკმარისი პლასტმასის მოცულობა და მეზობელი ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან და ტაჯიკეთიდან გადავამუშავებთ ნარჩენებს. ამავდროულად, აღმოვაჩინეთ ადამიანები, რომლებიც ძალიან წვრილად გადაამუშავებენ ძველ ხალიჩებს და ლეიბებს ამზადებენ. ახლა ვუღრმავდები გადამუშავების სფეროს და სხვადასხვა ტექნოლოგიებს შევისწავლი. ეს საკითხი პირადად ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვისაც საინტერესოა. გადასამუშავებლად გაგზავნილ ასობით ხალიჩას შორის, შეიძლება იპოვო ერთი ან ორი ანტიკური ხალიჩა, რომელიც გაწმენდის, დამუშავების და რესტავრირების შემთხვევაში, ნამდვილ ექსკლუზივად გადაიქცევა. ახლახან, ამერიკაში ერთმა კლიენტმა მაჩვენა თურქმენული ხალიჩა, რომელიც 150 წელზე მეტი ხნისაა. გადაგდება უნდოდა, მაგრამ ვთხოვე, ჩემთვის მოეცა, რადგან ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

კარიერა სწორედ დიზაინერის ამპლუაში დაიწყეთ, ამ მიმართულებით განაგრძობთ მუშაობას?

დიახ, ყოველდღიურად. ჩემი დიზაინით შემუშავებული ხალიჩები დღემდე იწარმოება და დიდ სიამოვნებას მანიჭებს მზა პროდუქტის ნახვა. დიზაინერებთან ერთად ვმუშაობ რესტორნებისა და ინტერიერის ინდივიდუალურ პროექტებზე. სიამოვნებით ვხელმძღვანელობ ისეთი რთული შეკვეთების განხორციელებას, რომლებსაც შემოქმედებითი მიდგომა სჭირდებათ. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, სამარყანდის აეროპორტში, პრემიერის ოფისის იატაკს გავუკეთეთ საფარი. არასტანდარტული ოთახი იყო, სადაც ჩვეულებრივ ხალიჩას ვერ დავაგებდით, ამიტომ მთელი მინი პროექტი შევიმუშავე: საჭირო იყო ხალიჩის ცალკეული ნაწილების დამზადება და შემდეგ მათი ჰარმონიული შერწყმა, საერთო სურათის შესაქმნელად. მიყვარს დიზაინი და სიახლეების მოფიქრება. მაქვს იდეები, რომლებსაც იმედი მაქვს, განვახორციელებ. მაგალითად, მანათობელი ხალიჩების წარმოება მსურს.

უახლოეს მომავალში, კიდევ რომელი ინოვაციური პროდუქტების წარმოებას გეგმავთ?

ჩვენ ვიკვლევთ ისეთი ხალიჩების წარმოების გზებს, რომლებიც შესაძლებელია სარეცხის მანქანაში გაირეცხოს. მსგავსი პროდუქტი გასულ წელს გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე და ძირითადად ჩინეთში იწარმოება. უზბეკეთში ჯერ არ დანერგილა და ჩვენ ვგეგმავთ პირველობას. ტექნოლოგიის შესასწავლად, ჩინეთში ვაპირებ მოგზაურობას და, შესაძლოა, შესაბამისი მოწყობილობების შესყიდვა დავიწყო. აშშ-ში ამ პროდუქტმა უკვე მოიპოვა პოპულარობა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ იქ ხალიჩების რეცხვა ძალიან ძვირია. ხშირად, ახლის ყიდვა უფრო ეკონომიურია, ვიდრე ძველის გაწმენდა. ხალიჩის გაწმენდა კი აუცილებელია, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომ, რომ ბევრი ამერიკელი სახლში ფეხსაცმლით დადის. ამიტომ, შტატებში კარგად მიიღეს ისეთი ხალიჩის წარმოების იდეა, რომელიც შეიძლება მანქანაში გაირეცხოს და ერთ საათში გაშრეს. ამავდროულად, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც უპირატესობას არა რბილ იატაკს ან თხელ საფარს, თუნდაც ყველაზე თანამედროვეს, არამედ მაღალი ხარისხის ძვირადღირებულ ხალიჩას ანიჭებენ.

რომელ მასალას უწოდებდით ყველაზე პროგრესულს და სრულყოფილს ხალიჩის წარმოებისთვის?

პოლიესტერი მომავალია, რადგან 100% პოლიესტერისგან დამზადებული ხალიჩების გადამუშავება ყველაზე ადვილია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ბამბისა და ჯუთის ბოჭკოების პოლიესტერით ჩანაცვლებაზე, რომლებსაც ტრადიციულად იყენებენ ხალიჩების დასამზადებლად.

არის თუ არა ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების პრობლემა?

სერიოზული პრობლემაა ე.წ. "ლურჯი საყელოს", საწარმოს მუშების ნაკლებობა, რომლებიც საწარმოში უშუალოდ დანადგარებზე მუშაობენ. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ტაშკენტის "ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტში" ხალიჩების ქსოვის სფეროს განვითარებით. მზად ვართ, ნიჭიერ სტუდენტებს შევთავაზოთ სტიპენდია, რომლებიც შემდეგ ჩვენს საწარმოში იმუშავებენ. ხშირად ვმართავთ სხვადასხვა ბიზნეს ტრენინგებს უზბეკეთის კოლეჯებში. მე თვითონ არაერთხელ ჩამიტარებია პრაქტიკული ტრენინგი სტუდენტებისთვის.

დღესდღეობით, ბევრ სფეროში ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს. თქვენს ინდუსტრიაში ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

ახალი ტექნოლოგიები განვითარებისა და ინოვაციის ფართო შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ ადამიანური ფაქტორი მაინც უპირველესია. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს უკვე ვიყენებთ ისეთ პროცესებში, როგორებიცაა შეკვეთების გადაცემა წარმოებისთვის, საქონლის გადაზიდვა და ახალი დიზაინის შემუშავება მსოფლიო ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით. სამომავლოდ, ავტომატიზებული იქნება მომხმარებლების შეკვეთების საწარმოსთვის გადაცემის პროცესიც. თუმცა, დღესდღეობით შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტისთვის სამუშაოს სრულად მინდობა: თითოეულ დანადგარს ჯერ კიდევ ადამიანი მართავს და ამავდროულად, ხარისხის საბოლოო შემოწმებას უზრუნველყოფს.

როგორ იმოქმედა პანდემიამ ხალიჩების ინდუსტრიაზე? უკვე მოახერხეთ მისი ნეგატიური შედეგების სრულად გადალახვა?

გულახდილად რომ ვთქვა, დასაწყისში პანდემიამ გამოგვაცოცხლა: ადამიანები სახლებში აღმოჩნდნენ და ბევრმა ყველაფრის რადიკალურად შეცვლა დაიწყო – რემონტი, ინტერიერის განახლება, შეკვეთების განხორციელება. ხალიჩების ონლაინ შეკვეთები მკვეთრად გაიზარდა. მაგრამ საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა წარმოებაზე. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით თანამშრომლების მხარდაჭერას და მათთვის დახმარების აღმოჩენას. პანდემიის შედეგებს სწრაფად გავუმკლავდით და მომდევნო წელს ძველ მაჩვენებლებს დავუბრუნდით.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ