საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა მისი მიზანი ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკეული დარგის, ხელშეწყობა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უპრეცედენტო მოვლენა – პირველად საქართველოში შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია, რომლის მიზანი ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკეული დარგის, ხელშეწყობა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაა. AI Georgia ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელოვნების გაცნობიერებაზე, რომელიც აუცილებლად მოუტანს სარგებელს ბიზნესსა თუ სახელმწიფოს, გაამარტივებს პროცესებს, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და იქნება მომგებიანი სხვადასხვა კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესასოციაცია ხელს უწყობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კვლევების მომზადებას, რაც თავისთავად იწვევს ამ დარგის განვითარებას და იმ პოტენციალის აღმოჩენას, რაც საქართველოშია.
ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა ნინო ენუქიძემ ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური ჩართულობა და ახალგაზრდების წახალისება, რათა მათ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების საშუალება მიეცეთ. საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, AI Georgia გახდა პირველი ასოციაცია, რომელმაც BTU-ს სიმბოლურად 2 500-ლარიანი ვაუჩერი გადასცა, რომელსაც თავის მხრივ, უნივერსიტეტი სტიპენდიის სახით გადასცემს სტუდენტებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით არიან დაინტერესებულნი.
ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაციამ უზრუნველყო გიორგი ჩახნაშვილის – ქართული ხელოვნური ინტელექტის Digital Mind-ის შემქმნელის კვლევის წარდგენა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კვლევას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელშეწყობით ახორციელებს. მკვლევარი მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს ნახევრადსტრუქტურირებული საიტებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება. მსგავს პროგრამებს ძირითადად ითხოვენ კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებული არიან მარკეტის კვლევებზე. პრეზენტაციაზე გიორგი ჩახნაშვილმა ხაზი გაუსვა კვლევის მიზანს და აღნიშნა, რომ ის საქართველოში დარგის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი იქნება.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი წარადგინა ბატონმა ირაკლი ბერიძემ – AI Georgia-ს მიერ სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, რომელიც გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელია. მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის აუცილებლობაზე, ასევე იმ სარგებელსა და საფრთხეებზე, რომელთანაც ხელოვნური ინტელექტი ასოცირდება.
ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ ტექნოლოგიას, როგორ გამოიყენება იგი სხვადასხვა სექტორში ეფექტურობის გასაზრდელად, ხარჯების შესამცირებლად, რესურსების ოპტიმიზაციისთვის და ა.შ. თუმცა ამავდროულად, მან ისაუბრა ისეთ რისკზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კრიმინალების მიერ, სამუშაო ადგილების პოტენციური ჩანაცვლება ან დაკარგვა.
გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჩახნაშვილს "საქართველოს სიმბოლო" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მოტივირებული და დაინტერესებული ადამიანების წყალობით, სულ მალე ჩვენი ქვეყანა მოწინავე პოზიციებს დაიკავებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
AI Georgia-ს მიერ გამართულ პრეზენტაციას 70-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საფინანსო-საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო და სხვა ბიზნესწრეების წარმომადგენლები, მეცნიერები, აკადემიკოსები და ა.შ.