Black Friday Sale! 50% Off All Access

რასაცა გასცემ, შენია... ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ 9 იანვარს ჩავწერეთ, თუმცა, რესპოდენტის თხოვნით, ამ ინტერვიუს პოლიტიკიდან მისი საბოლოოდ წასვლის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ვაქვეყნებთ. ინტერვიუს იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც იანვრის დასაწყისში, სამეწარმეო რეესტრში პირადი საკითხების მოგვარებისას, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუსთვის" გადაუცია (შესაბამისი ნუსხა ქვემოთ იქნება წარმოდგენილი). ვფიქრობთ, ინტერვიუ პასუხს სცემს ყველა კითხვას, რაც ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებისეულ მსოფლმხედველობასთან, მის ქველმოქმედებასთან, ბიზნესთან, ფულთან და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაძლოა გაუჩნდეს მკითხველს...

ბატონო ბიძინა, გასული წლის 30-31 დეკემბერს, თქვენს მიერ საქველმოქმედო ფონდ "ქართუსთვის" უპრეცედენტო მასშტაბის აქტივების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი განმარტებები არ მოჰყოლია. იქნებ დაგვიზუსტოთ, რასთან გვაქვს საქმე?

თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი. თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება ადრე მივიღე, წელიწადნახევრის წინ კი, თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე. სხვათა შორის, არამარტო თქვენთან ინტერვიუში მაქვს ეს პოზიცია გამოხატული, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთანაც მაქვს ეს დაფიქსირებული, მაგრამ ამ განცხადებებს შესატყვისი რეზონანსი არ მოჰყვა და, სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ზედმეტად ამ თემის პედალირება.

არათუ მაშინ, დღესაც, მედიის და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა ქველმოქმედების ესოდენ მასშტაბური აქტი, რომელიც 30-31 დეკემბერს განხორციელდა, რის გამოც, იგი, თავისი ფორმით, გრანდიოზულ საახალწლო საჩუქარს მაგონებს. უხეში დათვლით, ამ აქტივების ჯამური ღირებულება, მილიარდი დოლარი თუ არა, მილიარდ ლარს ნამდვილად აღემატება. როგორც უკვე გითხარით, მე ეს ტრანზაქციები სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და მას მერე დაგიკავშირდით. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ოპოზიციურმა მედიამ ერთი პირობა კი სცადა, ნეგატიურ კონტექსტში წარმოეჩინა ერთ-ერთი აქტივის ფონდისთვის გადაცემის ამბავი, მაგრამ ამ თემას მედიაში გაგრძელება აღარ მოჰყოლია. გულწრფელად მიკვირს, რომ არც ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს და არც ნეიტრალურ მედიას ამ თემის აწევა არ უცდიათ. რით ხსნით ამას?

ეს კითხვა მეც მაქვს და მეც თქვენსავით არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ესაა რეალობა და ამ რეალობას, თქვენგან განსხვავებით, გიორგი, მშვიდად ვუსწორებ თვალს. რაც შეეხება ოპოზიციურ მედიას, მათ, რასაკვირველია, საქველმოქმედო ფონდისთვის 30-31 დეკემბერს გადაცემული აქტივების სრული სია აღმოაჩინეს, ისევე, როგორც თქვენ. მასშტაბიც გააცნობიერეს და პოზიტივის პოტენციალიც დაინახეს, მაგრამ ინფორმაცია გაავრცელეს მხოლოდ იმ აქტივის გადაცემაზე, რაც, მათი მოკლე ხედვით, საკითხის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის და უხეში სპეკულაციის მინიმალურ სივრცეს ტოვებდა. დანარჩენზე კი, თვალი დახუჭეს. აბა, საკუთარ პრინციპებს ხომ არ უღალატებდნენ და ჩემზე კარგს ხომ არ იტყოდნენ (იღიმება)? თუმცა, იპოდრომის თემაზე ხელდამწვარები, მალევე მიხვდნენ, რომ ფულის გათეთრების თემის ყურით მოთრევა, მათ ძალებსაც აღემატებოდა და სწორედ იმიტომ მინავლდა მალევე ის აჟიოტაჟი, რაც თქვენც სწორად შენიშნეთ.

თქვენ განაცხადეთ, რომ საბოლოოდ ტოვებთ პოლიტიკას და უბრუნდებით ცხოვრების იმ წესს, რომლითაც 2011 წლამდე ცხოვრობდით, ანუ პერიოდს, როდესაც საჯაროობას, რბილად რომ ვთქვათ, არ სწყალობდით. მეტიც, ქართულ პოლიტიკაში მოსვლამდე, საჯარო სივრცეში თქვენი ერთადერთი ინტერვიუ იძებნება, რომელიც 2005 წელს "ვედომოსტს" მიეცით. ამ ინტერვიუში, რომლის ერთი ეპიზოდი, ქართულ მედიაშიც დაიბეჭდა, საუბრობთ იმაზე, რომ თქვენი ხედვით, ქველმოქმედი ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან – ისინი, ვინც ახმაურებენ საკუთარ ქველმოქმედებას, მატერიალური დივიდენდების მოპოვების მიზნით და ისინი, ვინც ჩუმად სჩადიან სიკეთეს. თუმცა, ჩუმ და ფარულ ქველმოქმედებასაც, საბოლოოდ, სიკეთის გამცემის სასარგებლო მდგომარეობად მიიჩნევთ, რუსთაველის ცნობილი აფორიზმის თანახმად – "რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია". თუ სწორად გავიგე, გულისხმობთ იმას, რომ გაწეული ქველმოქმედების საბოლოო ბენეფიციარი მაინც მისი გამცემია, რადგან ქველმოქმედ ადამიანს ეს დიდ სულიერ კმაყოფილებას ანიჭებს. რამდენად სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი? დღეს, როცა ამ ინტერვიუდან 15 წელზე მეტი გავიდა, თქვენ კი ქველმოქმედების დიდი ხნის გამოცდილება დაგიგროვდათ, ისევ ასე ფიქრობთ?

სხვათა შორის, "ვედომოსტმა" ეს აქცენტები ჩემთან შეუთანხმებლად ამოიღო მაშინ ინტერვიუდან და არ დაბეჭდა, რის გამოც, იმავე პერიოდში, "კვირის პალიტრას" ვთხოვეთ შეევსო დეფიციტი და როგორც ჩანს, თქვენ სწორედ იმ პუბლიკაციას გულისხმობთ.

რა თქმა უნდა, იგივეს ვფიქრობ და განვლილმა წლებმა და გამოცდილებამ ეს რწმენა გამიმყარა კიდეც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერცერთი მატერიალური სიკეთე ახლოს ვერ მოვა იმ სულიერ კმაყოფილებასთან, რასაც ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობა, დაეხმარო შეჭირვებულს, შენს ხალხს, ქვეყანას. აქ საქმე მხოლოდ მატერიალურ რესურსში არ არის და არც უანგაროდ გაცემული სიკეთის მასშტაბი განაპირობებს ადამიანის სულიერ კმაყოფილებას. გარემოებათა გამო, მე მომეცა შესაძლებლობა, ხანგრძლივად და უწყვეტად დავხმარებოდი ადამიანების ფართო წრეს და ზოგადად ქვეყანას, მაგრამ არ ვთვლი, რომ რამით გამორჩეული ან ხარისხით აღმატებულია ის მორალური კმაყოფილება, რაც ამ პროცესმა მე და ჩემს მეუღლეს მოგვანიჭა, ვიდრე თუნდაც იმ ადამიანის განცდა, ვინც საკუთარი დრო დახარჯა, არ დაიზარა და გადასასვლელზე გადაიყვანა ხელჯოხიანი მოხუცი, რის გამოც, შესაძლოა, სადმე დაიგვიანა კიდეც. ასეა ადამიანი მოწყობილი – ნებისმიერი გულწრფელი ნაბიჯი, შეეხიდო და ყოფა შეუმსუბუქო სხვა ადამიანს, უდიდესი პოზიტიური ენერგიით მუხტავს მასვე, რადგან სიკეთის კეთების სურვილი ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

თუმცა, რასაც ვაკვირდები, თქვენს მრავალწლიან ქველმოქმედებას წითელი ხაზივით გასდევს ერთი თავისებურება, გნებავთ – ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ არც ადრე დაგიმალავთ და დღესაც დამიდასტურეთ, რომ დიდი ანგარიშით, ნებისმიერი ქველმოქმედების საბოლოო ბენეფიციარი თვითონ ქველმოქმედია, არასოდეს გიცდიათ, ფონდს ისეთი ხასიათის პროექტები დაეფინანსებინა, როდესაც, უხეშად რომ ვთქვათ, თავად პროექტი ასრულებს ქველმოქმედისთვის დადგმული ძეგლის ფუნქციას. თქვენ, ძირითადად, უკვე არსებულის, წინაპრების ან წინა თაობების მიერ უკვე შექმნილი, მაგრამ განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი კულტურული თუ მატერიალური მემკვიდრეობის მხარდაჭერაზე ზრუნავდით. ეკლესია-მონასტრები იქნებოდა ეს, განათლების და კულტურის კერები. ეს მიდგომა, თავმდაბლობის და ერთგვარი ანონიმურობის კომპონენტსაც შეიცავს, როდესაც აბრად უკვე არსებული ბრენდი რჩება და არა იმის სახელი, ვინც მის მხარდაჭერაზე იზრუნა. ვგულისხმობ ოპერას, თეატრებს, უნივერსიტეტებს. ამ მიდგომას "მომგებიანს" ნამდვილად ვერ უწოდებ, თუ ქველმოქმედების სფეროს ეს ტერმინი საერთოდ მიესადაგება, რადგან მავანმა "პრაგმატიკოსმა" შეიძლება ჩათვალოს, რომ ასე დახარჯული რესურსი საცერში გაშვებული წყალია. თქვენ ასობით კილომეტრი გზა გაქვთ დაგებული საკუთარი ხარჯებით, რომლებიც ბუნებრივ ცვეთას განიცდის, პერიოდულ განახლებას საჭიროებს და ამის გამო, "წარუშლელ კვალს" არ ტოვებს. ალბათ ამიტომაც მოგიწიათ ზოგი მონაკვეთის ორ-ორჯერ დაგება. იგივე ითქმის საკანალიზაციო სისტემების მოწყობასა და ნაგვის უტილიზაციისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურის შესახებ, საჩხერის რაიონში 11 ათასი ოჯახისთვის გადახურულ სახლებზე... ინტერვიუსთვის მზადებისას სატელევიზიო არქივებში ჩემთვის აქამდე უცნობ რამდენიმე საინტერესო ამბავსაც გადავაწყდი, როდესაც, ჯერ კიდევ შორეულ 90-იან წლებში, თქვენი ბიზნესსაქმიანობის გარიჟრაჟზე, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმი, სადაც აფხაზეთის ომგამოვლილ ჯარისკაცებს უნდა ეცხოვრათ, სახელმწიფოს კი მისი მოვლა-პატრონობის რესურსი არ გააჩნდა, საკუთარი სახსრებით გადახურეთ და ასე გადაარჩინეთ განადგურებას, ასევე სახნავ-სათესი აღჭურვილობით სრულად დაკომპლექტებული 400 ტრაქტორი გამოგზავნეთ საქართველოში, რომელთა შესყიდვისთვის ნახევარი ფულის სესხება დაგჭირდათ...

სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაზეც საწყისი ეტაპიდან ვზრუნავდი და რაც მოგვიანებით, პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ შეუძლებელი გახადა, იყო საქველმოქმედო საქმიანობის აფიშირების მაქსიმალური გამორიცხვა. სხვა პრიორიტეტებს რაც შეეხება, დანარჩენი, თავისით, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოხდა – რესურსს მივმართავდი მაშინ და იმ მიმართულებით, როცა ვთვლიდი, რომ ამ რესურსის გარეშე, გადაუდებლად საჭირო საქმე ან ვერ გაკეთდებოდა, ან დაყოვნების გამო უკვე გაკეთებული განადგურდებოდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტიც მას მერე დავიწყეთ, რაც განათლების არსებული კერების რემონტზე ვიზრუნეთ. თქვენ ამ მიდგომას ხელწერა უწოდეთ, კი ბატონო, ერქვას ხელწერა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

2020 წლის დასაწყისში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას გამოქვეყნდა Global Citizen-ისა და Forbes-ის ერთობლივი კვლევა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ფილანთროპების შესახებ. სიის სათავეში არიან უორენ ბაფეტი და ბილ გეითსი მის მეუღლესთან ერთად. ბაფეტის მიერ ბოლო 5 წელიწადში ქველმოქმედებაზე გაცემული სახსრები მისი ქონების 16%-ს, ხოლო გეითსების წყვილის – 9%-ს შეადგენს. სიაში გვხვდება Facebook-ის თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლეც, რომლებმაც საკუთარი ქონების 1,2% გაიღეს. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ცოტა დამაბნეველია განცხადება იმის თაობაზე, რომ ქონების არანაკლებ 90%-ს, თქვენ და თქვენი მეუღლე, საბოლოო ჯამში, ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმართ. მსოფლიო პრაქტიკა ნამდვილად არ იცნობს ასეთ მასშტაბებს. იქნებ, მეტი სიცხადე შეიტანოთ თქვენი პირადი ქონების საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართვის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

გასაკვირი და დამაბნეველი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ალბათ მათთვის არის, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯიუტად არ სურს იმის დაჯერებაც კი, რასაც საკუთარი თვალით ხედავს და რაც, სურვილის შემთხვევაში, ძალიან ადვილი გადასამოწმებელია. გარდა ამისა, მე არასოდეს შემიდარებია ჩემი თავი სხვა ქველმოქმედებისთვის, რომ რაღაც საშუალო სტატისტიკურ თამასაზე გამეკეთებინა სწორება. ასეთი დეტალიზირებული ინფორმაციაც სხვების თაობაზე, ახლა თქვენგან მესმის პირველად. ყველას თავის გზა აქვს და როგორც ქართველებს გვიყვარს თქმა, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მე მთელი ცხოვრება ჩემი გზით ვიარე, ჩემი ღირებულებების, პრინციპების და სინდისის კარნახით. ასე იყო ბიზნესში, ასე იყო პოლიტიკაში და ასეა იმ საქმეში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მე ჩემი არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე და არჩევანის ერთგული ვრჩები. მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გაქვს შესაძლებლობა, კერძო (პირადი) ძალისხმევით მოპოვებული მატერიალური თუ არამატერიალური კაპიტალი, ფულადი რესურსი იქნება ეს თუ საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა, საერთო, საზოგადო საქმეს მოახმარო. ამიტომ სიტყვასიტყვით შემიძლია გავიმეორო ის, რაც თქვენთან პირველ ინტერვიუში, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვთქვი – ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ფასეულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია.

ვადაზე ადრე ხელისუფლებიდან ნებაყოფლობითი წასვლაც, ჩემი აზრით, უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი პრეცედენტი, მე პირადად, ვერ მოვიძიე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების საფუძველზე ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის ტრადიცია ცივილიზებულ სამყაროში ბანალურ ყოველდღიურობად არის ქცეული, არჩევნებში დამარცხება, თავისთავად მოიცავს იმ დაშვებას, რომ დამარცხებულ ხელისუფალს გამარჯვება და, შესაბამისად, მმართველობის გაგრძელება სურდა, ძალაუფლება კი მხოლოდ იმიტომ დათმო, რომ ხალხმა გადაწყვიტა სხვანაირად და აღარ გაუგრძელა მანდატი. თქვენი შემთხვევა, ჩემი ხედვით, უნიკალურია იმითაც, რომ უკვე მეორედ, ნებაყოფლობით თმობთ ძალაუფლებას მაშინ, როდესაც დემოკრატიული, ანუ სახალხო ლეგიტიმაციის პიკში ხართ, მას არავინ გეცილებათ და კანონიერად გეკუთვნით.

პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას. მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი.

იმავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ მსურს, დავაკნინო პოლიტიკოსის პროფესია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა. ამ წლების განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსთან მომიწია ურთიერთობა, როგორც ჩვენს გუნდში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე უაღრესად დადებითი აზრის ვარ. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკოსის პროფესიას, თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს და სამოტივაციო ნაწილი ახლავს, ­­ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ჯანსაღი ამბიცია, სწორი მიმართულებით ატაროს ქვეყანა, კარიერული წინსვლის პერსპექტივა, ნორმალური ანაზღაურება, ბოლოსდაბოლოს. ეს სრულიად ნორმალური სამოტივაციო ნაწილია ნებისმიერ პროფესიაში და პოლიტიკა ვერ იქნება და არც უნდა იყოს გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკოსი ვერ იქნება წარმატებული. მაჩანჩალა კი, არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას. უბრალოდ, მე სხვა ვითარება და სხვა სასტარტო პოზიციები, სხვა მოტივაცია მქონდა პოლიტიკაში შემოსვლის დროს და ყველაფერი ზემოთ ნახსენები ჩემი ინტერესის სფეროს ბუნებრივად არ წარმოადგენდა. თავს ვალდებულად ვთვლიდი, მომეხადა ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ განვაცხადე წინასწარ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პოლიტიკაში დარჩენას ხანგრძლივად არ ვაპირებდი. როგორც კი მისია შესრულებულად ჩავთვალე, საბოლოოდ გავეცალე პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემობრუნება მომიწია, რაც ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი. თავს უფლებას ვერ მივცემდი, ბოლომდე არ მიმეყვანა საქმე და მშვიდად გამეგრძელებინა კერძო ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი ახლახან გამოქვეყნებულ წერილში და თქვენი მკითხველი რომ არ გადავღალოთ, დღეს ამით შემოვიფარგლები.

მაშინ დავუბრუნდეთ ჩვენი ინტერვიუს ძირითად საკითხს – ქველმოქმედებას და მის მასშტაბებს. მოგეხსენებათ, არსებობს ასეთი სახუმარო გამონათქვამი, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად სხვისი ფულის თვლა უყვართ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ წლების განმავლობაში, ფონდ "ქართუს", რომლის ერთადერთი შემომწირველი თქვენ და თქვენი ოჯახი ბრძანდებით, საქველმოქმედო პროექტებში უკვე დახარჯული აქვს სამ მილიარდ დოლარზე მეტი, რაც დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ დიდ ოთხეულად აღიარებული აუდიტორული კომპანიებიდან ერთ-ერთის Deloitte-ის ყოველწლიური ანგარიშებით. რამდენიმე დღის წინ, ფონდმა გამოაქვეყნა იმ აქტივების ვრცელი სია, რომლებიც თქვენი გადაწყვეტილებით, კერძო მფლობელობიდან საქველმოქმედო ფონდს გადაეცა შემოწირულობის სახით და, რასაკვირველია, ყველა ეს მატერიალური აქტივი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფონდის საწესდებო მიზნებს უნდა მოხმარდეს და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება. ამასთან დაკავშირებით მაქვს ორი კითხვა, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული: შეიძლება ითქვას, რომ საქველმოქმედო ფონდს გადაეცით ყველა მატერიალური აქტივი, რომელსაც სხვადასხვა იურიდიული პირის მეშვეობით ფლობდით და დადებით შემთხვევაში, ამ ტრანზაქციების დასრულების შემდეგ, რა რაოდენობის ფინანსური რესურსი დაგრჩებათ თქვენ და თქვენს ოჯახს?

მესმის ორივე კითხვის მიმართ საზოგადოების ინტერესი და ტაქტიან იუმორსაც გიფასებთ. აქტივებს რაც შეეხება, მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს–პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში.

თქვენი ქონების კაპიტალიზაციას დაახლოებით 5,5 მილიარდ დოლარად აფასებდა რამდენიმე საერთაშორისო ბიზნეს მედია, მათ შორის "ფორბსი" და "ბლუმბერგი".

ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია. "ფორბსთან", მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს.

აქტიური ბიზნეს საქმიანობა მე პოლიტიკაში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დავასრულე, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ მივეცი "ვედომოსტს". საქმიანი პრესის წარმომადგენელს კარგად მოგეხსენებათ, რომ არცერთ, არც მცირე და არც დიდ ბიზნესში, მოგების ნახვა, თუ სრულფასოვნად არ ხარ ჩართული მის ადმინისტრირებაში, უბრალოდ შეუძლებელია. ბევრი ფიქრობს, რომ დიდ ბიზნესს სხვა მიდგომები სჭირდება, ხოლო მცირეს – სხვა. არადა, მიდგომებში განსხვავება თითქმის არ არსებობს. თუ ყოველდღიურად არ ხარ ჩართული რისკების შეფასებაში, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, არ აკვირდები ბაზრის სპეციფიკას, ტრენდებს, არ იღებ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ასე, ფაკულტატურად ნაკეთები ბიზნესიდან, მხოლოდ წაგება შეიძლება ნახო. ეს აქსიომაა და ნებისმიერი ბიზნესმენი დამეთანხმება ამაში. სხვაზე მიბარებულ ფულს კი, ხშირ შემთხვევაში, რა ემართება, ამაზე, ჩემი და უმსხვილესი შვეიცარული, თითქმის უმწიკვლო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბანკის სკანდალური ისტორიაც კარგად მეტყველებს. მაგრად უნდა გაგიმართლოს, დანაკარგებს თუ აცდი. შესაბამისად, ჩემი კაპიტალი ამ წლების განმავლობაში თეორიულადაც ვერ გაიზრდებოდა.

დანახარჯს რაც შეეხება, კალკულაცია აქაც მარტივია: 3 მილიარდი დოლარი, როგორც თავად აღნიშნეთ, საჯაროდ დადასტურებული ინფორმაციით, ფონდმა "ქართუმ" დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში. თუმცა, ჩვენ ოჯახს წილად ხვდა კიდევ ერთი საპატიო მისია, რომლის თაობაზე საჯაროდ არასოდეს გვისაუბრია და თქვენი ეს კითხვა რომ არა, შესაძლოა, არც არასდროს გვესაუბრა. თითქმის 30 წელია, ჩვენი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს. მოგეხსენებათ, უმუშევრობის, გამართული სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, მითუმეტეს, უფრო ადრეულ წლებში, რა ტიპის გადაულახავ პრობლემებს აწყდებოდა ეს ხალხი, ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, საცხოვრისის თუ ელემენტარული საარსებო პირობებით დამთავრებული. ჩვენ, რასაკვირველია, შეგვეძლო, ეს ხარჯი საქველმოქმედო ფონდის გავლით გაგვეღო, კანონმდებლობა ამას არ კრძალავდა, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ფონდს ეს ხარჯი არ შეხებოდა. არ მსურდა, საზოგადო მიზნებისთვის აკუმულირებული თანხების ხარჯვის პროცესში სუბიექტური ფაქტორი გაჩენილიყო, თუნდაც ფონდის დამფუძნებლის და ერთადერთი შემომწირველის მხრიდან. ფონდს აქვს მკაცრად დადგენილი საწესდებო კრიტერიუმები, რომლებსაც სკურპულოზურად იცავს. ფონდს აქვს რეპუტაცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა შებღალულიყო და გამონაკლისები არ უნდა დაეშვა. ეს დამატებითი თამასა ჩვენ თვითონ დავუწესეთ საკუთარ თავს, ხარჯი ფონდს არ შევახეთ და მას ცალკე ხაზით ვახორციელებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ საკმაოდ მოცულობით ხარჯს თუ დავუმატებთ იმ ფინანსურ რესურსს, რაც პოლიტიკაზე დაიხარჯა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, რომლებსაც თქვენ "სოციალური მეწარმეობა" უწოდეთ და რომლებიც ფონდის განკარგულებაში უკვე გადავიდა, ეს ხარჯი, ჯამურად, დაახლოებით, მილიარდ დოლარს შეადგენს. უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს ხარჯი კლასიკურ ქველმოქმედებად, ამის განხილვაში არ შევალ, ალბათ უფრო არა, ვიდრე კი, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას.

სასტუმრო "პარაგრაფს" გულისხმობთ? ჩვენს პირველ ინტერვიუშიც გვქონდა ამაზე საუბარი...

არამარტო "პარაგრაფს", თუმცა თვალსაჩინოებისთვის ეს პროექტი კარგი მაგალითია. მის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს. ამიტომ საქველმოქმედო ფონდი ამ ობიექტს საკუთარ აქტივად სწორედ საბაზრო და არა საინვესტიციო ღირებულებით მიითვლის, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ ორჯერ აღემატება ამჟამინდელ სარეალიზაციო ფასს. დაახლოებით ამავე მასშტაბის დისპროპორცია იკვეთება "პანორამას" პროექტში. აქაც, ჩადებული ინვესტიცია ორჯერ აღემატება მის დღევანდელ საბაზრო ფასს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი კი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდა და რომლის მშენებლობის გამოც ლამის კაცობრიობის მტრად გამომაცხადეს, კომერციულ პროექტად იმთავითვე არ განიხილებოდა.

მსგავსი სტატია: ბიძინა ივანიშვილი: ჩვენს ტურისტულ პროექტებში მოგებისა და მაღალი რენტაბელობის ამოცანები საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნადაა მიჩნეული

შესაბამისად, თქვენს განკარგულებაში კაპიტალის სახით რჩება მილიარდნახევარი დოლარი?

უხეში დათვლით, ასე გამოდის. მისი ერთი ნაწილი 30-31 დეკემბერს უკვე მიიმართა საქველმოქმედო ფონდში და ასახულია იმ სიაში, რომელიც თქვენ მოიპოვეთ და რომლის გამოქვეყნებასაც ამ ინტერვიუსთან ერთად გეგმავთ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა ბიზნეს-პროექტებს და ამ პროექტებში განთავსებულ, ნარჩენ კაპიტალს, როდესაც ამ აქტივებს, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, საკრედიტო თუ სხვა სახის, ბიზნეს ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი, ტვირთისგან გამოვათავისუფლებთ, ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს.

2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ: "ფულს არასოდეს ჰქონია ჩემთვის მნიშვნელობა. მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანს მილიარდები სჭირდება. ჭარბი ფული იგივეა, რაც ჭარბი წონა". ბევრისთვის რთულად დასაჯერებელია ეს სიტყვები და მათ ვერც გაამტყუნებთ, რადგან ადამიანთა უმრავლესობისთვის რთული გასაგებია, რას ნიშნავს "ჭარბი ფული", რადგან, ზოგადად, მიჩნეულია, რომ ფული ზედმეტი არასოდეს არ არის. და მაინც, დღეს, როდესაც თქვენ თანმიმდევრულად აგრძელებთ "ჭარბი ფულისგან", ანუ როგორც თავად განმარტეთ, "ჭარბი წონისგან" გათავისუფლებას, დავუბრუნდეთ წინა კითხვის მთავარ ინტრიგას, ოღონდ ამავე ტერმინებში – რას იწონის დღეს ბიძინა ივანიშვილი, რა ფინანსურ რესურსს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის ამ მილიარდნახევრიდან?

ეს მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო.

თქვენი შვილები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?

მინდა გითხრათ, რომ ისინი სრულიად იზიარებენ ჩემს მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მივიღე. მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი, ჩემს დამოკიდებულებას, ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ.

სხვათა შორის, ჭარბი ფულის ჭარბ წონასთან შედარების პასაჟიც ამოიღო თქვენს მიერ ნახსენები ინტერვიუდან "ვედომოსტმა" და არც "ფორბსმა" დაბეჭდა ეს აქცენტი, რომელსაც იმავე 2005 წელს მივეცი მოკლე ინტერვიუ.

გადაცემული აქტივების მოცულობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მათი ადმინისტრირება არც ისე ადვილი საქმე იქნება ფონდისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაბამისი კვალიფიციური კადრებით მენეჯმენტის გაძლიერება მოგიწვეთ?

ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება აქტივების ადმინისტრირებას ფონდის განკარგულებაში გადასვლის პირობებში, ეს თავად ფონდის გადასაწყვეტი იქნება – შესაძლოა, ნაწილი მალევე გაყიდოს, ნაწილის ექსპლუატაცია გაგრძელდეს. თუმცა, ვფიქრობ, სჯობს, მალე გასხვისდეს და მალე გადავიდეს ფონდიდან ბიზნესის ხელში. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომელიმე აქტივზე დროზე ადრე უარის თქმას და ნაადრევად დაბალ ფასში გასხვისებას – თუ ბიზნესის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება საგრძნობლად დაბალი იქნება მის საბაზრო ფასთან შედარებით, ფონდი გააგრძელებს მის მართვას მანამ, სანამ შესაფერის წინადადებას არ მიიღებს. სასტუმროების შემთხვევაში, შესაძლოა, უკეთესიც იყოს მათი რამდენიმე წლის შემდეგ გასხვისება, რადგან პოლიტიკურ სტაბილურობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მათი ფასიც გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ისევ ფონდის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების ხარისხზე და მასშტაბებზე ჰპოვებს დადებით ასახვას.

ბარემ, წინ გავუსწრებ მოსალოდნელ სპეკულაციებს და გკითხავთ, ხომ არ ჯობდა, ქონების ახლა გადაცემის მაგივრად, იგივე მოცულობის თანხები პირდაპირ ფონდში შეგეტანათ თავის დროზე და ფონდსვე წამოეწყო ეს პროექტები?

ამაზე მკაფიო პასუხი მაქვს – მე ამ გადაწყვეტილებით ფონდი ავარიდე დარტყმას, რადგან არ მინდოდა, ფონდის იდეისთვის ვინმეს ჩრდილი მიეყენებინა და სავსებით გაცნობიერებულად ვარჩიე, ეს დარტყმა საკუთარ თავზე ამეღო. გახსოვთ, კრიტიკისა და ლანძღვის რა ნიაღვარი მოდიოდა ჩემი მისამართით შავი ზღვისპირეთსა თუ თბილისში მიმდინარე ტურისტულ პროექტებზე. ოპონენტებმა მოახერხეს, რომ ჩემს შემთხვევაში, შენება – ნგრევად, ხოლო ქველმოქმედება – მომხვეჭელობად გამოეცხადებინათ. ამიტომ ვარჩიე, რომ მათი სამიზნე ისევ მე ვყოფილიყავი და არა ფონდი. ახლა კი, როცა საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან, ამ გადაწყვეტილებას უფრო თამამად ვღებულობ და მშვიდად ვარ.

ბატონო ბიძინა, არ შემიძლია, არ გკითხოთ: ფაქტია, რომ თქვენი კაპიტალი წლების განმავლობაში, ქველმოქმედების მასშტაბებიდან გამომდინარე, თანდათანობით მცირდებოდა, მაგრამ საერთაშორისო მედია ჯიუტად 5-დან 6 მილიარდ დოლარად (ხან ცოტა მეტი, ხან ცოტა ნაკლები) აფასებდა თქვენს ქონებას – ისინი, სავარაუდოდ, თქვენს განკარგულებაში ერთ დროს არსებული ფასიანი ქაღალდების ღირებულების ჯამს გულისხმობდნენ, საფონდო ბირჟაზე მათი კვოტირების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცემებთან აღარ თანამშრომლობდით და არ ადასტურებდით მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ნამდვილობას, თქვენი თვალთახედვის არეში ხომ ხვდებოდა ეს რიცხვები? რატომ არასდროს გაგიჩნდათ სურვილი, მიგეთითებინათ მათთვის, რომ "გაღარიბდით" და იმდენს აღარ "იწონით", რასაც ინერციით მოგაწერდნენ?

იმ მარტივი მიზეზის გამო, გიორგი, რომ არ მიმაჩნია, რომ "გავღარიბდი". ჩემი კაპიტალი ერთი ქართველის კერძო მფლობელობიდან სრულიად საქართველოს, ყველა ქართველის სამსახურში იხარჯება და ის, რაც ფონდმა შეძლო შეექმნა ან გადაერჩინა, ყველა იმ საუნჯის თანამესაკუთრე ხომ ვართ მე და ჩემი ოჯახი? ვართ და თუ ვართ, მაშინ, რაღანაირად "გავღარიბდი"? ახლა რომ "ჩემია" ის, რაც გავეცი, არასოდეს ისე "ჩემი" არ ყოფილა, რადგან ვერავინ გაფლანგავს აწი მას და ვერ გაანიავებს (ვერც მე, მათ შორის). ასე რომ, რასაც გასცემ, მხოლოდ ის არის საბოლოოდ შენი, ამაშია რუსთველის სიბრძნე და სიდიადე. ყოველ შემთხვევაში, მე, ერთი ქართველი, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც ასე ვკითხულობთ მას.

ხომ არ გიქმნით გარკვეულ უხერხულობას ის ფაქტი, რომ თქვენი პასიური პოზიციით, უნებლიედ შეუწყვეთ ხელი იმ ფაქტს, რომ ეს ავტორიტეტული გამოცემები წლების მანძილზე, არაზუსტ ინფორმაციას აქვეყნებდნენ?

შესაძლოა, გარკვეული უხერხულობის მომენტი მართლაც იყოს, მაგრამ მე ამისთვის დიდი მნიშვნელობა არასოდეს მიმინიჭებია. მიმაჩნია, რომ ყველაზე გამართლებული ინვესტიცია, ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად, მისი მომავლისთვის გაღებული ხარჯია. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებ, რომ "ფორბსი" და "ბლუმბერგი", სავარაუდოდ, ამას ასე არ შეხედავს.

თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არასოდეს ყოფილა თქვენი მიზანი. ეს ეხება არა მხოლოდ ისეთ ბიზნეს პროექტებს, რომლებიც თავიდანვე სოციალურ დატვირთვას უფრო ატარებდა, ვიდრე ინვესტიციაზე სწრაფ უკუგებას, ვგულისხმობ შეკვეთილის, აბასთუმნისა თუ განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის მასშტაბურ პროექტებს, არამედ თუნდაც "ქართუ" ბანკს, რომელიც ამიერიდან უკვე საქველმოქმედო ფონდის საკუთრება ხდება...

ნამდვილად ასეა. ბანკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ "ქართუ" ბანკს არასოდეს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასოდეს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, არასოდეს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას და ყოველთვის ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურებოდა. ამის მაგალითად ბანკ "აბსოლუტის" შემთხვევის მოყვანაც საკმარისია, როცა 2001 წელს მისი პასივების გამოსყიდვით, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ მაშინდელი საბანკო სისტემა.

მე, როგორც აქციონერს, "ქართუ ბანკიდან" დივიდენდი არასოდეს ამიღია. ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.

რაც შეეხება "ელიტა ბურჯს", ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ამ დამოკიდებულებას დღემდე ვინარჩუნებ და სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლის ინიციატივით, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება დავიწყეთ. ამ დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურის საჭიროება დღეს და უახლოეს მომავალში შესაძლოა არც იყოს, მაგრამ წლების შემდეგ დიდად წაადგება ქვეყანას, როცა მაღალ მხარჯველ-უნარიანი ტურისტები მრავლად გვეყოლება, მათ შორის წელიწადის ოთხივე სეზონზე და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების დამოუკიდებლად მასპინძლობას შეძლებს.

მესმის, რომ მასშტაბური ინვესტიციისა და ბაზრის სიმცირის პირობებში, ასეთი პროექტები კომერციულად პროპორციულ შემოსავალს ვერ მოიტანს, მაგრამ მესმის ისიც, რომ ეს სჭირდება თბილისს, სჭირდება ქვეყანას და ამიტომაც, ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული კომერციული პროექტი. იგივე ეხება "ქართუ" ბანკს, "ელიტა ბურჯს" და სხვა ბიზნესებს.

გამოდის, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, თქვენ ვერ შესძელით საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება. მომგებიანობა ხომ ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია?

მინდა გითხრათ, რომ გეთანხმებით და ვაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა. ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, რაც, რა თქმა უნდა, არ მაძლევს კმაყოფილების საფუძველს. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

თუმცა, ყურადღების დაკლებასთან ერთად, ჩემი ბიზნეს-კომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასოდეს მქონია... გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა ჭირდებოდა ქვეყანას.

სწორედ ამიტომ, ჩვენმა ჟურნალმა, ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ შეკვეთილში, აბასთუმანში და თბილისის ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური პროექტები "სოციალური მეწარმეობის" საუკეთესო მაგალითებად შეაფასა, პირადად თქვენ კი სოციალურ ანტრეპრენერად მოგიხსენიათ...

ეს ტერმინი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პროექტებს, რომლის დანიშნულება თავიდანვე არა ბიზნესის კეთება და სწრაფი მოგება, არამედ ქვეყანაში რაღაც ახლის კეთება, ქვეყნის დახმარება და სხვებისთვის ბიძგის მიცემა იყო. სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანიც ხომ ესაა. ასეთი იყო და არის ჩემი დამოკიდებულება, რასაც არ ვნანობ, რადგან, მაგალითად შეკვეთილში, დღეს უკვე ვხედავ არაერთ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს, რომლებიც სწორედ მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც "პარაგრაფის" გარშემო უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასეთ დროს, როგორც ბიზნესმენი, ვინც ვერ მიიღო განხორციელებული ინვესტიციის პროპორციული მოგება და ვერ შექმნა რენტაბელური ბიზნესი, კმაყოფილი, ცხადია, არ ვარ, რადგან ბიზნესი სჯობს კომერციალიზაციის გზით წავიდეს და მოგება ნახოს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის შვილი, ცხადია კმაყოფილი ვარ იმით, რომ შავი ზღვისპირა გურიის რეგიონს, ისევე როგორც თბილისს და აბასთუმანს, პერსპექტივაში კი, წყალტუბოსაც, განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცა.

მსგავსი სტატია: ვინ არის სოციალური ანტრეპრენერი?

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ აპოლიტიკური ინტერვიუ გვაქვს და ჩვენი ჟურნალის ინტერესიც მხოლოდ ეკონომიკა და ბიზნესია, გვერდს მაინც ვერ ავუვლი თქვენს პოლიტიკურ გამოცდილებას, განსაკუთრებით პოლიტიკური მენეჯმენტის ნაწილში, რადგან გვაინტერესებს არის თუ არა სხვაობა ბიზნესისა და პოლიტიკის მართვას შორის და გვაინტერესებს ისიც, თუ რამდენად შესძელით პოლიტიკურ ფრონტზე დასახული მიზნების მიღწევა? თქვენ ხომ თავად ამბობთ, რომ საქართველოში ბიზნესს მისი მთავარი საზომის – მომგებიანობისთვის ნაკლები ყურადღების დათმობით აკეთებთ. ასეა პოლიტიკაშიც?

დიახ, მე უკვე გითხარით, რომ ყურადღება და კონცენტრაცია ბიზნესის წარმატების აუცილებელი პირობაა. პოლიტიკაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა. თუმცა, თუ ბიზნესს მაინც ვაკლებდი ყურადღებას, პოლიტიკაზე სრულად ვიყავი კონცენტრირებული, მთლიანად ვიყავი მასზე ფოკუსირებული და შედეგმაც არ დააყოვნა – უკლებლივ ყველა მიმართულებით პოზიტიური და პრაქტიკულად, შეუქცევადი, შედეგები გვაქვს, რაც პოლიტიკიდან საბოლოოდ დისტანცირების თაობაზე ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იყო.

გამოდის, რომ სადაც თქვენი პერსონალური ძალისხმევა მაქსიმალურ ზღვარზეა და ბოლომდე იხარჯებით და სრულად ახდენთ კონცენტრაციას, მაქსიმალურ შედეგსაც მაშინ აღწევთ? ასე იყო ბიზნესში, პოლიტიკაში მოსვლამდე და ასე იყო პოლიტიკაშიც, თუმცა ამან თქვენი ყურადღება თქვენს ბიზნეს საქმიანობას მოაკლო და როგორც თავად აღნიშნეთ, ამიტომაც ვერ შეძელით იგივე ბანკი "ქართუს" საინვესტიციო პორტფელის გაზრდა და "ელიტა ბურჯის" მომგებიან კომერციულ ორგანიზაციად ქცევა? ამას ბიზნესში Opportunity Cost ანუ შესაძლებლობის ფასი, იგივე ალტერნატიული ღირებულება ჰქვია, როცა არჩევანის ერთი ალტერნატივის სასარგებლოდ გაკეთებისას, მეორე ალტერნატივა ზარალს განიცდის. თუმცა, ახალი აღთქმის ქრისტიანულ მოძღვრებაში, მთავარი არა შედეგი, არამედ განზრახვა და გულისთქმაა, გულწრფელი სურვილია...

ასეა ნამდვილად. შეიძლება პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩემი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, როგორც თავად საინტერესო ტერმინი ახსენეთ, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მომიწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის, ჩემი შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი მამოძრავებდა...

პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი – გამეკეთებინა ის, რის გაკეთებაც ჩემს გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დავრჩენილიყავი მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.

მართალია, ორი წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნება დამჭირდა, როცა გუნდის ერთიანობას და იდეას საფრთხე შეექმნა, მაგრამ დღეს, როცა უკვე პოლიტიკიდან ჩემი წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება, გაცილებით მშვიდად ვარ, რადგან გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს...

ბოლოთქმა: როგორც პუბლიკაციის დასაწყისში აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი 9 იანვარს შედგა. მასთან ინტერვიუზე "ჩვეულებრივი ქველმოქმედების" საკითხებზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ დეტალური საუბრის და, მითუფრო, მისი ვრცელი წერილის გაცნობის შემდეგ, არ მტოვებს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც უდიდესი მასშტაბის ქართველი ფილანტროპის პორტრეტს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი აკლია: თუ ქველმოქმედების არსი – კერძო ინიციატივით და პირადი ძალისხმევით კანონიერად მოპოვებული სიკეთეების საზოგადოების სასარგებლოდ ნებაყოფლობით და უანგარო დათმობაში მდგომარეობს, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, ვინც არამხოლოდ საკუთარი მატერიალური კაპიტალის 95% გაიღო უანგაროდ საზოგადო, საერთო საქმისთვის, არამედ ადამიანთან, ვინც საკუთარი სიმბოლური კაპიტალი, ანუ ხალხის ნდობა, ჯერ ქვეყნის დიქტატურისგან გათავისუფლებას მოახმარა, მერე მისი რეციდივების არდაშვებას, დღეს კი, ამ ნდობის საფუძველზე დემოკრატიული პროცედურით წარმოებულ ძალაუფლებას კვლავაც ნებაყოფლობით და კვლავაც უანგაროდ თმობს საზოგადოების სასარგებლოდ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ქველმოქმედების მართლაც უპრეცედენტო შემთხვევად უნდა შეფასდეს. ყველა ნაბიჯი, რაც მან 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე ქართულ პოლიტიკაში გადადგა, ამაზე მეტყველებს. იგი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად. იგი პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად და პრინციპულად არ უსარგებლია არცერთი სახელისუფლებო სიკეთით და პრივილეგიით, გარდა ერთი პრივილეგიისა, უანგაროდ ემსახურა ხალხისთვის. მოვიდა იმისთვის, რომ ამ ფრონტზეც ექველმოქმედა და დღეს ვალმოხდილი და გამარჯვებული ბრუნდება შინ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუსთვის" გადაცემული ქონება

შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში არსებული კომპანიების და მათ საკუთრებაში არსებული ქონების სია - გადაცემულია

მესაკუთრე

მიწის ფართი

მშენებარე ფართი

ბინის/კომერც. ფართი

1

შპს თბილისი სითი (ცეკავშირი)

7,743

54,037

2

შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი)

32,039

140,000

-

3

შპს სოლოლაკი ჰილს

16,734

-

-

4

შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი)

402,010

46,744

-

5

შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები)

121

1,879

177

6

შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)

57,547

51,074

3,606

7

შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი)

1,941

-

8

შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი)

18,222

-

-

9

შპს სისაიდი (ჩაქვი)

9,253

-

491

10

შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი)

151,144

64,518

-

11

შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია)

33,951

21,647

232

12

შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი)

18,545

26,142

-

დამატებითი ქონების სია - გადაცემულია

მესაკუთრე

მისამართი

ქონების ფართობი

მიწის ნაკვეთის ფართობი

1

შპს "ბიზნესცენტრი"

ქ.თბილისი, სოლოლაკის ხეივანი, ბიზნესცენტრის ტერიტორია

12,847

30,772

2

"ქართუ ჯგუფი"

ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩა

506

18,467

3

"ქართუ ჯგუფი"

ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა

7,615

4,126

4

"ქართუ ჯგუფი"

ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ

-

12,300

5

"ქართუ ჯგუფი"

ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი

-

881

6

შპს "ბურჯი"

ქ.თბილისი (საწარმო ფართები)

საწარმოო ფართები

21,034

7

შპს "ელიტა ბურჯი" და ისანი ქართუს ტერიტორია

ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.

5,136

79,978

8

შპს "ელიტა ბურჯი"

ქ.ფოთი, გურიის ქუჩა

81

-

9

სს "ლაგუნა ვერე"-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69

ქ. თბილისი, კოსტავას გამზ.

19,486

43,870

10

შპს "სი ვიუ რესორთ"

ქ.ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა

911

792

11

სს "ბოლნისის ტუფი"

რაიონი ბოლნისი, სოფელი ტალავერი

საწარმოო ფართი

40,000

12

სს "დიდველი"-ს მიწის ნაკვეთები

ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი "დიდველი"

-

13,513

13

სს "ბანკი ქართუ",

თბილისი

-

-

14

სს დაზღვევის კომპანია ,,ქართუ"

თბილისი

გადაცემის პროცესშია:

  1. კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი)
  2. შპს სასტუმრო სიღნაღში - (წილის 70%)
გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი