მინდა, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ ცოტა მაინც შევცვალო - ალექსანდრე ონიანი, Fulbright-ის სტიპენდიატი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, წლებია საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო და იღებს განათლებას ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, თუ გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში. Fulbright, Chevening, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში. ეს ის სასტიპენდიო პროგრამებია, რომლის მეშვეობითაც ბანკი ახალგაზრდებს მსგავს შესაძლებლობებს აძლევს.

სწორედ ამ შესაძლებლობის ფარგლებში ალექსანდრე ონიანი საქართველოს ბანკის 2021 წლისის სტიპენდიატია, რომელიც Fulbright-ის პროგრამის და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სწავლას Bentley University-ში, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სექტემბრიდან დაიწყებს.

როგორც ალექსანდრე ამბობს, მან კარიერის პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გადადგა, როდესაც მის ოთახში კომპიუტერი პირველად დაინახა - "თორმეტი წლის მოზარდისთვის ეს გართობის უდიდესი წყარო იყო, თუმცა გართობასთან ერთად, ყოველთვის ვცდილობდი უკეთ გამეგო რა და როგორ მუშაობდა კომპიუტერის მონიტორს მიღმა".

საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ცოდნის მისაღებად მან სხვადასხვა ვებგვერდებს მიმართა - არაერთ ვიდეოს, კურსს თუ სტატიას გაეცნო და ბოლოს ვებგვერდების შექმნაც ისწავლა.

"არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც პირველად დავინახე როგორ იყენებდნენ ჩემი მეგობრები ჩემს მიერ შექმნილ ვებგვერდს გასართობად. როგორ შევქმენი რამდენიმე თვეში ათამდე სხვა ვებგვერდი რომელზე მუშაობისასაც საძიებო სისტემის ალგორითმებს ვიყენებდი. შედეგად კი Google AdSense-იდან ჩემი პირველი შემოსავალი მივიღე. დღემდე, რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდე, სწორედ ამ ემოციას ვეძებ", - გვიზიარებს იგი.

ამას მოჰყვა ფრილანსერობა, ხოლო შემდგომ აგრარულ უნივერსიტეტში ჩარიცხულ 2000-ზე მეტ სტუდენტს შორის პირველობა, რისთვისაც ალექსანდრემ National Geographic Georgia-ს ჯილდო მოიპოვა.

"ასეთ უნივერსიტეტში მოხვედრა ჩემთვის ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული - ვგრძნობდი ისეთ ადგილას მოვხვდი, სადაც ერთმანეთს უსმენდნენ, აფასებდნენ, კამათობდნენ და პატივს სცემდნენ. უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე გადავწყვიტე ისეთი ორგანიზაციის ნაწილი გავმხდარიყავი, რომელსაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ჰქონდა კავშირი."

ასე აღმოჩნდა ალექსანდრე IT აკადემია STEP-ში. როგორც ის გვიყვება, STEP-ში მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღო ტექნოლოგიური სფეროს მიმართულებით და უკეთ გაერკვა დარგის ტრენდებში.

"STEP-ში მუშაობისას შესაძლებლობა მქონდა ლექტორებთან ერთად დამეგეგმა კურსები, დავსწრებოდი და ნაწილობრივ ჩამეტარებინა კიდეც, პრეზენტაციები თანამედროვე ტრენდებსა და ტექნოლოგიებზე. ამ გამოცდილების შედეგად, ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა, რა იყო IT სფერო და რა გამოყენება ჰქონდა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში", - გვიზიარებს ის.

შემდეგ გამოწვევად ალექსანდრემ საკუთარი თავის ისეთ ორგანიზაციაში გამოცდა დაისახა, რომელიც IT პროდუქტებით რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს ჭრიდა. ასე აღმოჩნდა ის კომპანია FINA-ში, რომელიც ცენტრალურ ბანკებსა და მარეგულირებელ კომისიებს მონაცემთა შეგროვების და ანალიზის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება.

სწავლის და მუშაობის პარალელურად, ალექსანდრე საკუთარი თავისთვის ახალი გამოწვევების და განვითარების გზების ძებნას განაგრძობდა. მან Forbes Georgia-სთვის ბლოგების წერაც შეითავსა, თუმცა არც აქ გაჩერდა და ცოდნის გასაღრმავებლად სწავლის აშშ-ში გაგრძელება გადაწყვიტა.

"დაახლოებით ორი წლის წინ, გადავწყვიტე რომ თვალსაწიერის გასაფართოებლად და დიდი გამოცდილების მისაღებად განათლების საზღვარგარეთ მიღება მჭირდებოდა, კონკრეტულად კი იმ ქვეყანაში სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინოვაციების კულტურა შეიქმნა. დღეს, როგორ Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებული, უდიდეს ბედნიერებას ვგრძობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემი კარიერული წინსვლისთვის ეს გამოცდილება გარდამტეხი იქნება", - ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრე სწავლას Bentley University-ში გააგრძელებს, სადაც ისეთ მიმართულებებს შეისწავლის, როგორიცაა: დიდი მონაცემების დამუშავება და ანალიტიკა, მონაცემთა ბაზები და მონაცემთა არქიტექტურის შექმნა, ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროებში.

"Bentley-ის MBA პროგრამა ერთგვარი ნაზავია ტრადიციული ბიზნეს და ტექნოლოგიური კურსებისა. შესაძლებლობა მქონდა, ზუსტად ისეთი უნივერსიტეტი შემერჩია, რომელიც ჩემს ინტერესებს პასუხობდა", - გვიზიარებს ის და დასძენს, რომ დიდი სურვილი აქვს სწავლისას, ან მისი დასრულების შემდეგ, IT მიმართულებით მიიღოს აშშ-ში სამუშაო გამოცდილება, რასაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პროექტებზე მუშაობისას გამოიყენებს.

"ჩემი მიზანია, დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით უკეთესობისკენ შევცვალო ადამიანების ცხოვრება. ამ შესაძლებლობისთვის კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო საქართველოს ბანკის როლი, რომელმაც დამარწმუნა, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა"- დასძენს ალექსანდრე.

მათ კი ვისაც ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვება სურს, აპლიკაციის შევსება ჯერ კიდევ შეუძლია, რადგან განაცხადების მიღება 2021 წლის 1 აგვისტოს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/

დამატებითი დეტალები საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერსებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: https://csr.ge/ka

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია