რა ნიშნავს ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობა თანამედროვე დიზაინში უფრო ფართოდ გამოიყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობის პრინციპები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სამშენებლო ინდუსტრიის დიდი მიღწევები უმთავრესად იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორ ვუყურებთ შენობების შექმნის გზას. ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობა, რომელიც მდგრადი მშენებლობის სახელითაა ცნობილი, ინოვაციური თანამედროვე იდეაა და მას ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად გაცნობიერებული მშენებლობის მეთოდები შემოაქვს ჩვენს სამყაროში.

ისტორია

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა მიდგომას იყენებდნენ, რათა მშენებლობა ეკოლოგიურად უსაფრთხო და მდგრადი ყოფილიყო. ამის მაგალითებია მზის პანელების გამოყენება და ეკოლოგიური, ბიოდეგრადირებადი მასალების ინტეგრირება შენობის დიზაინში. ბიოდეგრადირებადი მასალები, კერძოდ, ორგანული საღებავები, უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე, ადვილად იშლება და არ გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც გარემოს აბინძურებს, ტრადიციულმა მასალებმა კი, შესაძლოა ნარჩენებისა და ტოქსიკური ქიმიკატების დაგროვება გამოიწვიოს.

რატომ უნდა გავაუმჯობესოთ მშენებლობის მეთოდები?

ჩვენი ინდუსტრია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე − სახიფათო მასალებით დაწყებული, რომლებიც გარემოს აბინძურებს, და იმ მასალებით დამთავრებული, რომლებიც პლანეტის უკიდურესად შეზღუდული რესურსებიდანაა მიღებული. გარდა ამისა, ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, მასალების რაოდენობა მცირდება და შესაბამისად, მათი ფასი იზრდება. ხშირად ტრადიციული მეთოდების ადაპტირება ხდება საჭირო, რომ ასეთი მასალების გამოყენება იყოს გამართლებული. არსებობს სამი მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც დაფიქრებას მოითხოვს, და ესენია: ენერგია, ნარჩენები და CO2.

დღეისათვის მშენებლობა მთლიანი წარმოებული ენერგიის დაახლოებით 40 პროცენტს და მყარი ნარჩენების 30-40 პროცენტს მოიხმარს. ამასთან, 35-40 პროცენტ CO2-ს წარმოქმნის მთელ მსოფლიოში. ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა, მზის ტექნოლოგიები და შენობის თერმული მაჩვენებლებისადმი მეტი ყურადღების დათმობა, ინდუსტრიას ახალი ტექნოლოგიების დანერგვაც შეუძლია და გაცილებით მდგრადი საბოლოო დიზაინისა და სტრუქტურის შექმნაც.

დიდ ბრიტანეთში სამშენებლო ინდუსტრია მდგრად სამშენებლო ტექნიკას იყენებს, რათა CO2-ის ემისია 50 პროცენტით შეამციროს, მიწოდება 50 პროცენტით უფრო სწრაფი გახადოს და 33 პროცენტით შეამციროს დანახარჯები აშენებული აქტივის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდები

მთელ მსოფლიოში სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი "მწვანე" მშენებლობაა, რომელიც მცენარეულ გადახურვასაც გულისხმობს. "მწვანე" სახურავები ხშირად ესთეტიკური არჩევანია და ამასთან, ეკოლოგიურადაც უსაფრთხოა. გარდა ამისა, ასეთ შენობებზე მცენარეებისა და ყვავილების გამოჩენა, მათ გაცილებით მიმზიდველს ხდის ინვესტორების, მოსახლეობისა და ვიზიტორებისათვის.

მცენარეული გადახურვის კარგი მაგალითია ფუკუოკას პრეფექტურის საერთაშორისო დარბაზი ACROS, სადაც მცენარეები შენობის დახრილ მხარესაა გაშენებული მათი სილამაზის წარმოსაჩენად. დამატებითი უპირატესობაა ის, თუ როგორ ერწყმის ნაგებობა გარემოს, და ისიც, რომ მეტი ადგილია გამოყენებული, რაც შენობის გრძელვადიან ეკონომიკურ მდგრადობას აუმჯობესებს.

კიდევ ერთი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგია მოდულური მშენებლობის მეთოდებსაც გულისხმობს. ეს ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, სტრუქტურები სამშენებლო მოედნის გარეთ შეიქმნას და შემდეგ ტრანსპორტირდეს ადგილზე. სტრუქტურების სამშენებლო მოედნის მიღმა შექმნა, როგორც წესი, ნაკლებ დროს მოითხოვს და შესაძლოა, ნაკლები ნედლეულიც იყოს საჭირო პროექტის შესასრულებლად. ამავე დროს, მაღალი ხარისხის შედეგების მიღწევა გახდეს შესაძლებელი. ამის მაგალითია სანდერლენდის ჩრდილოეთ შპილის ხიდი, სადაც ბეტონის კომპონენტების უმეტესობა სამშენებლო მოედნის გარეთაა დამზადებული და აწყობილი. ამ პროექტს დიდი გამოძახილი ჰქონდა და ამიტომ უკვე აღარ ხდება ბეტონის დეტალების ადგილზე ჩამოსხმა, რადგან უფრო მეტ ხმაურსა და არეულობას იწვევს, და გაცილებით მეტი მუშახელია საჭირო, რაც შესაბამისად, დროსა და ხარჯებსაც ზრდის და მასალების ნარჩენების რაოდენობასაც.

მკვლევრები იმასაც იკვლევენ, თუ როგორ შეიძლება არსებული მასალების ადაპტირება, რათა ისინი გაცილებით მდგრადი გახადონ. უნივერსიტეტები ხშირად ატარებენ ამ ტიპის კვლევებს. კემბრიჯის თვითაღდგენადი ბეტონის შესწავლა ამის კარგი მაგალითია. ბეტონი აღდგენის უნარს ქიმიური დანამატების შეტანით იძენს და მას სიცოცხლის მთელი ციკლის განმავლობაში ინარჩუნებს. მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ამ უპირატესობების გამო, შესაძლოა შენობას ნაკლები ტექნიკური მომსახურება დასჭირდეს, ნაკლები სამუშაო ძალა, და ეს გახდეს პოტენციურად ახალი გზა გრძელვადიან პერიოდში უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების შესამუშავებლად.

პროექტის სასიცოცხლო ციკლი

ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების დამუშავებასა და გამოყენებაზე მსჯელობისას, ბევრი ასპექტი იმის მიხედვით განიხილება, იქნება თუ არა წარმატებული თითოეული მათგანი აქტივის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამაში შედის დაგეგმარება, დაპროექტება, მშენებლობა, შენობის ტექნიკური მომსახურება, შემდეგ შესაძლო აღდგენა და ბოლოს, დანგრევა.

თუ აქტივის ექსპლუატაციის ეტაპს განვიხილავთ, უნდა ითქვას, რომ შენობაზე მრავალ ფაქტორს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. კერძოდ, ვინ გამოიყენებს მას და როგორ. მაგალითად, შენობებში ადამიანების ყოფნისას ჰაერის ტენიანობას იზრდება, ამიტომ აუცილებელია სისტემების დანერგვა ტენიანობის ეფექტურად შესამცირებლად. რაც მეტი ორგანული მასალა იქნება გამოყენებული შენობაში, მით მეტი ვენტილაცია გახდება საჭირო და ამან შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს შენობის დაფინანსების საკითხში. ამიტომ ბალანსის მოძებნა აუცილებელია, რათა მშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპებიც იქნას დაცული და ამავე დროს, მშენებლობის პროცესებიც სრული მოცულობით წარიმართოს, თან − ეკოლოგიურად უსაფრთხო გზებით.

ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ხდება, როდესაც შენობა თავის დანიშნულებას შეასრულებს. წარსულში აქტივის სასიცოცხლო ციკლის ამ ეტაპს ხშირად საერთოდ არც აქცევდნენ ყურადღებას, რაც მისი დანგრევისას მოულოდნელ სირთულეებს ქმნიდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია 2000-იანი წლების დასაწყისის შეფილდის ქალაქის ცენტრის პროექტი, სადაც შუასაუკუნეების რამდენიმე შენობის დანგრევას დიდი დრო დასჭირდა. ეს ნაწილობრივ იმ მასალებს უკავშირდებოდა, რომლითაც ეს შენობები იყო აგებული და ისეთ პრობლემებსაც, როგორიცაა, არმატურის უკიდურესად რთული დიზაინი. შედეგად, გაუთვალისწინებელი რისკი და საფრთხე გაჩნდა, რამაც მხოლოდ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც მისი დანგრევა დაიგეგმა.

ეკოლოგიურად უსაფრთხო შენობების მომავალი

სამშენებლო ინდუსტრიამ გააცნობიერა, რამდენად სასიცოცხლო როლს ასრულებს იგი მთელ საზოგადოებაში და მას შემდეგ, თანამედროვე დიზაინში უფრო ფართოდ გამოიყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო მშენებლობის პრინციპები. ასეთია კედლები, რომლებიც შენობაში ტემპერატურას თვითონ არეგულირებს და ცოცხალი ხეებისგან შექმნილი შენობები, როგორიცაა ლონდონის "სითიქეიფ ჰაუსი", რომელსაც ყველაზე დიდი ცოცხალი კედელი აქვს ევროპაში. სტატიაში განხილულმა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებმა, შეიძლება ახალი და გაუმჯობესებული გარემო შექმნას ნებისმიერისათვის მომავალში. ამ სფეროში მართლაც უსასრულო შესაძლებლობები არსებობს, რომლებმაც შეიძლება მშენებლობის ეფექტურობაც გააუმჯობესოს, ეკონომიკურადაც მომგებიანი აღმოჩნდეს და რაც მთავარია, ადამიანების ჯანმრთელობაზეც მოახდინოს კეთილისმყოფელი გავლენა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი