Cyber Monday Sale! 50% Off All Access

4 გაკვეთილი პერსონალური ბრენდინგის შესახებ - რა შეგვიძლია ვისწავლოთ უსეინ ბოლტისგან, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტორი: რაიან ერსკინი

გინახავთ უსეინ ბოლტის 200-მეტრიანი გარბენი პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე? თუ არა, აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს გასაოცარი სანახაობაა − ყველა მძლეოსანი დაძაბულ კონკურენციაშია ჩართული და ამ დროს, შეჯიბრში წინ გაჭრილი ბოლტი დომინირებს.

ვინ არ ისურვებდა ამ დონის წარმატების მიღწევას? გადავსებულ ბაზარზე წარმატების მოსაპოვებლად, მხოლოდ კონკურენციაზე კი არა, სრულ დომინირებაზე უნდა იფიქროთ. ამის საუკეთესო გზა საკუთარ თავსა და ბრენდში სერიოზული ინვესტირებაა. თუ თქვენ არ გახდებით პოპულარული საკუთარ ინდუსტრიაში, ვინმე სხვა გახდება.

უსეინ ბოლტი ამის შესანიშნავი მაგალითია, მან თავის სფეროში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია და ამ პროცესში ვარსკვლავური პერსონალური ბრენდიც შექმნა.

გთავაზობთ ოთხ მთავარ გაკვეთილს პერსონალური ბრენდინგის შესახებ, რომლის სწავლა ყველა დროის საუკეთესო სპრინტერისგან − "ელვისებრი ბოლტისგან" შეგვიძლია.

1. ბრენდის გზავნილი მკაფიო უნდა იყოს

უსეინ ბოლტი ყველაზე სწრაფი ადამიანია მსოფლიოში და ამაში ეჭვი არავის ეპარება (გამოიცანით, ვისი სახელი გამოჩნდება, თუ Google-ში აკრეფთ შეკითხვას: "ვინ არის ყველაზე სწრაფი ადამიანი?").

ბოლტს მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის, როგორც 100-მეტრიან, ისე 200-მეტრიან დისტანციაზე რბოლაში და პირველმა მიაღწია "ორმაგ დუბლს" ოლიმპიური თამაშების თანამედროვე ეპოქაში, ანუ ზედიზედ 100 და 200-მეტრიან დისტანციაზე რბოლაში მოიპოვა ტიტულები (2008 და 2012 წლებში). შემდეგ მეტიც შეძლო, მათ შორის, 4×100 მ ესტაფეტაზეც მოიპოვა ოქროს მედალი.

ჩანაწერები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ბოლტის ვებგვერდზე შესვლისას პირველი, რასაც იხილავთ, გახლავთ წარწერა − "მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი", რაც ამავდროულად, მისი 2010 წელს გამოსული მემუარების სათაურიცაა. უსეინ ბოლტი ამ ავტორიტეტს Puma-სა და 9 სხვა გლობალურ კომპანიასთან პარტნიორობისთვისაც იყენებს, რომლებიც ბრენდის ცნობადობით ცდილობენ სარგებლის მიღებას. შედეგად, ბოლტმა მხარდაჭერისათვის $30 მილიონი და დიდი დახმარება მიიღო საკუთარი ბრენდის ბაზარზე პოპულარიზაციისთვის.

2. ყველაფერი თანმიმდევრულად გააკეთეთ

თუ არსებობს კიდევ რაიმე, რის თქმაც შეიძლება უსეინ ბოლტზე, სპორტსმენი მიღწეულით არ კმაყოფილდება და კვლავაც გასაოცარ შედეგებს აჩვენებს. თუ 2011 წელს ერთ დისკვალიფიკაციას არ ჩავთვლით, სასტარტო სიგნალამდე გარბენის დაწყებისთვის, ბოლტმა 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, პირველი ადგილების უპრეცედენტო სერია მოიპოვა.

პერსონალური ბრენდის შექმნისას, მთავარია თანმიმდევრულობა. თუ ვინმეს ბრენდის დასამახსოვრებლად ხუთიდან შვიდ შთაბეჭდილებამდე სჭირდება, წარმოიდგინეთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ცნობილი ადამიანი გახდეთ თქვენს სფეროში − მხოლოდ ერთი გასაოცარი რბოლა, სტატია, ვირუსული ვიდეო თუ PR-ტრიუკი არ კმარა.

ბოლტისთვის ეს მისი ცხოვრების ნათელი გაკვეთილია. მას რეკორდული გარბენები აქვს, ოლიმპიური მედლები, რამდენიმე წიგნი, არაერთი პოპულარული სოციალური მედიაარხი, ანიმაციური ფილმი და საკუთარი ემოჯიც კი. და ეს მხოლოდ ისაა, რასაც Google-ში სწრაფი ძიებისას ნახავთ. რაც შეეხება ბოლტის სარეკლამო გარიგებებს, ის შესანიშნავ საქმეებს აკეთებს საკუთარი არხების გამოყენებით, რათა თავისი ბრენდი ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინოს.

3. ინვესტირება საკუთარ თავში

თქვენ ვერ მიაღწევთ ბოლტის მასშტაბის წარმატებას საკუთარ თავში სერიოზული ინვესტირების გარეშე. ყველა ეს ჩქაროსნული ვარჯიშები, სავარჯიშო დარბაზში წვრთნა, გაჭიმვები და სპრინტი, თავდადებასა და დიდი მსხვერპლის გაღებას მოითხოვს.

და მიუხედავად იმისა, რაც ბოლტის სიყვარულის შესახებ გსმენიათ სწრაფი კვების პროდუქტების მიმართ, მისი რაციონი უმეტესად მაინც სუფთა და დაბალანსებულია. ბოლტს პირადი მზარეული ჰყავს, რომელიც თვალყურს ადევნებს, რომ მან ყველაფერი უნდა მიიღოს, რაც საჭიროა, ისევე, როგორც ვიტამინები და სპორტული დანამატები.

იფიქრეთ, რას აკეთებს ბოლტი ყოველდღიურად, რათა უკეთესი სპრინტერი გახდეს.

ახლა კი თქვენს კარიერულ მიზნებზე დაფიქრდით. თქვენ რას აკეთებთ, რაც ამ მიზნების მიღწევაში ყოველდღიურად დაგეხმარებათ?

თუ გსურთ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოთ, იმაზე დაიწყეთ ფიქრი, როგორ ხარჯავთ თქვენს დროს. რა წერილობით, ვიდეო და აუდიო ინფორმაციას ეცნობით ყოველდღე? როგორი ადამიანები არიან თქვენ გარშემო? როგორც კი აღწერთ, თუ რაში ხარჯავთ თქვენს დროს, იმასაც გაარკვევთ, რისთვის გსურთ მისი გამოყენება და რის შემცირება გნებავთ.

4. გულწრფელობა ყველაფერზე მაღლა

ბოლტი უზომოდ პოპულარული ადამიანია მთელ მსოფლიოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის ვარჯიშის დროს ჟურნალისტებთან ჩივის, აღიარებს, რომ ძალიან უყვარს სწრაფი კვების პროდუქტები და დიდი რბოლის შემდეგ ნამდვილი მანიაკივით ზეიმობს.

მოკლედ, უსეინ ბოლტი გულწრფელი ადამიანია. მისი ტიტულებისა და პოპულარობის მიუხედავად, ამგვარი გულწრფელობის გარეშე იგი გაცილებით ნაკლებად საინტერესო ადამიანი იქნებოდა. ეს ორი თვისება კი, ყველაზე მნიშვნელოვანია პერსონალური ბრენდისთვის. იმ დროს, როდესაც, მორბენალები ტრასაზე მორგებას ცდილობენ, ბოლტი ისეთივე რჩება, როგორიცაა და ამით იღებს სარგებელს.

მოსაწყენი ბრენდის ანტიდოტია იყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ. ნამდვილად ბევრად ადვილია ისეთი იყო, როგორიც სინამდვილეში ხარ, ვიდრე ვიღაც სხვა გახდე. ადამიანებს ავთენტური პერსონაჟები იზიდავთ, რომლებიც ავთენტურად ცხოვრობენ. ეს არის მომგებიანი ცხოვრებაში.

ავთენტური მაშინ ხარ, როდესაც ისეთივე რჩები, როგორიც შინაგანად ბრძანდები. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც იგრძნობთ, რომ რაღაცას ახვევთ თავს თქვენს პერსონალურ ბრენდს, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენი ბრენდის "წამოწევაა" საჭიროა და არა მისი "შენება".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!