5 მხატვრული სერიალი ანტრეპრენერებისა და ბიზნესის სამყაროს შესახებ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესსამყარო უამრავ საინტერესო ისტორიას ინახავს - მათ შორის არის დაუჯერებელი ამბები წარმატებისა და დიდი მარცხის შესახებ, რომლებიც ხშირად სატელევიზიო და კინოინდუსტრიის შთაგონებად იქცევა. თუ სერიალები და ბიზნესსამყარო ერთნაირად გაინტერესებთ, მაშინ გთავაზობთ 5 სერიალს ანტრეპრენერების შესახებ. თითოეული სერიალი ინდივიდუალური ისტორიის საშუალებით აღწერს იმ გზას, რომელსაც სტარტაპების თუ გიგანტი კომპანიების ხელმძღვანელები გადიან.
WeCrashed
WeCrashed სტრიმინგ სერვის Apple TV Plus-ის სერიალია, რომლის პრემიერა 2022 წელს გაიმართა. მთავარ როლებს ჯარედ ლეტო და ენ ჰეთევეი ასრულებენ. WeCrashed რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული სერიალია, რომლის სიუჟეტი ებრაული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენის, ადამ ნიუმენის ირგვლივ ვითარდება. ნიუმენმა მრავალმილიარდიანი კომპანია WeWork-ი დააფუძნა. WeWork-მა შექმნა საერთო სამუშაო სივრცეები, რომელთა დაქირავება კომპანიებს სასურველი ვადით შეეძლოთ. შეიძლება ითქვას, რომ WeWork-მა, როგორც პლატფორმამ, საერთო სამუშაო სივრცეების ტრენდი მსოფლიოს გააცნო და მის პოპულარობას შეუწყო ხელი. დიდი წარმატების შემდეგ WeWork-მა ორი მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. ამის მიზეზად კი დამფუძნებლის, ადამ ნეუმანის მიერ არამიზნობრივად დახარჯული ფული დასახელდა. მისი ცხოვრების სტილმა და კომპანიის ფინანსებისადმი მოდგომამ ინვესტორების უნდობლობა გამოიწვია და საბოლოოდ ნიუმენმა WeWork-ში თავისი პოზიცია დატოვა. სერიალი მაყურებელს სწორედ მისი აღმასვლისა და მარცხის შესახებ უყვება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დეტალი სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფია, სერიალი ცდილობს, ნიუმენის პერსონა ახსნას და მაყურებელს სხვადასხვა პერსპექტივიდან დაანახვოს.
Suits
სერიალი, სახელწოდებით Suits, 2011 წელს გამოვიდა და მაყურებელმა მისი ცხრა სეზონი იხილა. სიუჟეტი იურიდიული ფირმის ირგვლივ ვითარდება. ფირმაში გუნდს უერთდება ნიჭიერი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დიდ წარმატებას აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული განათლება არა აქვს. სერიალს კიდევ ერთი მთავარი გმირი ჰყავს - ფირმის პარტნიორი, რომელიც სახელგანთქმული იურისტია. სერიალში ლიდერობის, სტრესული გარემოებების მართვისა და რთული გადაწყვეტილებების მიღების ოსტატობაა ნაჩვენები.
Girlboss
Girlboss ამერიკელი ანტრეპრენერის, სოფია ამორუზოს ავტობიოგრაფიულ წიგნზე გადაღებული სერიალია. 2017 წლის კომედიური ავტობიოგრაფიული სერიალის სიუჟეტი ამორუზოსა და მისი ბიზნესის, კომპანია Nasty Gal-ის ირგვლივ ვითარდება. Nasty Gal-ი სწრაფი მოდის სფეროში საცალო ვაჭრობის პლატფორმაა, რომელიც 2012 წელს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბიზნესად დასახელდა. 2016 წელს Nasty Gal-ი გაკოტრდა და ის ბრიტანულმა კომპანია Boohoo Group-მა იყიდა. სოფია ამორუზოს ისტორია იმის მაგალითია, თუ როგორ იქცა ახალგაზრდა ქალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ანტრეპრენერად და როგორ განიცადა მარცხი კარიერულ მწვერვალზე ასვლის შემდეგ.
The Dropout
Hulu-ს პროექტი, The Dropout რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მინისერიალია. სიუჟეტი სილიკონ ველის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ანტრეპრენერის, ელიზაბეთ ჰოლმსის ირგვლივ ვითარდება. ჰოლმსი მსოფლიომ ბიოტექნოლოგიურ სფეროში დაარსებული კომპანიის წყალობით გაიცნო. 2015 წელს Forbes-მა ის დაასახელა ახალგაზრდა ბიზნესმენებს შორის ყველაზე მდიდარ ქალად, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით გამოიმუშავა. ჰოლმსის დაფუძნებული კომპანია, Theranos-ი, მსოფლიოს სისხლის ანალიზის ინოვაციური მეთოდის დანერგვას ჰპირდებოდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა ანტრეპრენერის საქმიანობა თაღლითური სქემა იყო, რომელმაც მსოფლიო მედიასთან ერთად, არაერთი ცნობილი ინვესტორი შეიყვანა შეცდომაში. 2018 წლის ივნისში ჰოლმსს თაღლითობის მუხლით წაუყენეს ბრალი. ხანგრძლივი პროცესების შემდეგ სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო. ელიზაბეთ ჰოლმსის პერსონის განხილვისას დღემდე არსებობს აზრი, რომ მას მართლა სჯეროდა საკუთარი იდეის და მარცხის აღიარება არ სურდა. სურვილმა, რომ მსოფლიოს ის დიდ ნოვატორად და წარმატებულ ლიდერად გაეცნო, მოვლენების რეალურად განსჯის უნარი წაართვა. ამან კი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებამდე მიიყვანა. მეტად გავრცელებული აზრის თანახმად კი, ელიზაბეთ ჰოლმსის მიზანი თაღლითობის გზით დიდძალი ქონების მითვისება იყო. სწორედ ელიზაბეთ ჰოლმსის პიროვნების ინტერპრეტაციას ვხედავთ 2022 წლის სერიალში, The Dropout, რომელშიც მთავარ როლს ამანდა სეიფრიდი ასრულებს.
Super Pumped: The Battle For Uber
Showtime-ის მინისერიალი სატრანსპორტო სერვისის ინდუსტრიის ცნობილი კომპანიის, Uber-ისა და მისი ხელმძღვანელის, ტრევის კალანიკის შესახებ უყვება მაყურებელს. სანამ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია გახდებოდა, Uber-ის გუნდს ბევრი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია. კომპანიის თანადამფუძნებელი, კალანიკი გენერალური დირექტორის პოზიციას 2010-დან 2017 წლამდე იკავებდა. 2017 წელს მან კომპანიაში თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც Uber-ი არაეთიკური კორპორაციული კულტურის გამო რამდენიმე სკანდალში გაეხვა. სერიალში ნაჩვენებია Uber-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და ტრევის კალანიკის მართვის მეთოდების მხატვრული ინტერპრეტაცია. Super Pumped: The Battle For Uber 2022 წელს გამოვიდა. სერიალში მთავარ როლს ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ასრულებს.