Get All Access for $5/mo

AI-კონსულტაცია - როგორი იდეაა? სპეციალისტი, რომელიც კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის მაგიურ სამყაროში ეხმარება

By Liz Brody

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ამ წლის ყველაზე მასშტაბური მოვლენა გახდა. Scrut Automation-ის თანადამფუძნებელი ჯეიეშ გეიდვარი ამ მოვლენებმა დააფიქრა − ხომ არ შეიძლებოდა ხელოვნური ინტელექტის ისე გამოყენება, რომ კონკურენტებთან შედარებით დიდი ნახტომი გაკეთებინათ ბიზნესმოდელში?

ეს სტარტაპი ქმნის შესაბამისობისა და უსაფრთხოების პროგრამულ უზრუნველყოფას ბიზნესისთვის, თუმცა როცა საქმე ხელოვნურ ინტელექტს შეეხო, მიხვდნენ, რომ ცოდნა აკლდათ. ამიტომაც ჯეიეში ისე მოიქცა, როგორც ყველა სხვა კარგი ბიზნესლიდერი მოიქცეოდა − ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ასისტენტი აიყვანა.

"გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ძალიან სახალისოა − თვეში $20-ად ChatGPT Plus პაკეტით ძალიან ბევრ ისეთ მომსახურებაზე იღებ წვდომას, რომ გაგაოცებს. მაგრამ ამ ყველაფრის ტექნიკურად შენს თავზე მორგება რაღაც სირთულეებთანაა დაკავშირებული", − ამბობს ტომ დეივენპორტი.

ის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის პროფესორია ბაბსონის უნივერსიტეტში და Deloitte-ში მთავარ მრჩევლად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე. ტომი ამბობს, რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტის ასეთმა სწრაფმა განვითარებამ გააჩინა კომპანიებში მოთხოვნა ახალ როლზე − სპეციალისტი, რომელიც კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის მაგიურ სამყაროში ეხმარება.

ამ თამაშში საკონსულტაციო კომპანიები ლიდერობენ. ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორებიც არიან Deloitte, IBM და Accenture, აფართოებენ მათ პრაქტიკას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც, თუმცა მცირე საკონსულტაციოები, რომლებიც სტარტაპებთან მუშაობენ, ასევე აღმასვლას განიცდიან. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Leeway Hertz, რომელთანაც ჩვენთვის ნაცნობი Scrut იწყებს თანამშრომლობას.

Leeway Hertz 250 პროფესიონალს აერთიანებს აშშ-სა და ინდოეთში. კომპანიას საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაც აქვს − ZBrain გენერაციული AI-ია, რომელიც პოტენციურ კლიენტებს ინფორმაციის დაცულად გაზიარების საშუალებას აძლევს. როცა კლიენტები ინფორმაციას შეიყვანენ, ZBrain მათ დასახმარებლად იდეების გენერირებას იწყებს. სწორედ აქ ერთვება ადამიანური რესურსი − ჯგუფები მუშაობენ, რომ პრობლემის გადაჭრის გზები იპოვონ.

რის გაკეთება შეეძლო LeewayHertz-ს გეიდვარის კომპანიისთვის? Scrut-ის პლატფორმა ინფორმაციის უსაფრთხოების ოფიცრებისთვისაა შექმნილი. მათ ხშირად უწევთ საკითხიდან გამომდინარე კითხვარების შევსება, რასაც 50 საათამდე დროც კი შეიძლება დასჭირდეს, "ექსელის" დიდი ფაილები კი არავის უყვარს. LeewayHertz-ისა და Scrut-ის კოლაბორაციით კი შეიქმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც იმავე პროცესს 15 წუთში ასრულებს. თუმცა არის კი ხელოვნური ინტელექტის კონსულტანტი ყველასთვის? − შეკითხვა ჯერ კიდევ დებატის საგანია.

უპირველესად, დასაფიქრებელია ხარჯები. განურჩევლად იმისა, რამდენად მცირე შეიძლება ჩანდეს საკონსულტაციო კომპანია, ფასები ძალიან მაღალია. მაგალითად, სტარტაპებთან მომუშავე DataRoot Labs-ის მომსახურება, საშუალოდ, $60 000-დან $90 000-მდე ჯდება. უფრო დიდი მასშტაბების მომსახურება, როგორიც მაგალითად, Leeway Hertz-ს აქვს, $150 000 და მეტიც შეიძლება დაჯდეს. ამიტომ ჩნდება შეკითხვა − ღირს ამ ფასად ამ მომსახურების მიღება?

მეთ ჰიგინსისთვის ეს არის მტკიცე "არა". RSE Ventures-ის დამფუძნებელი და ჰარვარდის ბიზნესსკოლის აღმასრულებელი წევრი გვირჩევს, ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე ინოვატორებს სოციალურ ქსელებში ვადევნოთ თვალი.

"AI კონსულტანტის ყოლა არაა საჭირო და გამაზარმაცებელიც შეიძლება გახდეს. ჩემი აზრით, გასაოცარია ის, რაც უკვე დევს თაროზე. ეს ნამდვილადაა საკმარისი მცირე და საშუალო ზომის კომპანიების 95%-სთვის მაინც".

ასე რადიკალურად არ ფიქრობს ბაბსონის პროფესორი ტომ დეივენპორტი. მისი აზრით, გარკვეულ შემთხვევებში კონსულტაცია ძალიან გამოსადეგია.

"თუკი ფიქრობ, რომ შენი სტარტაპის მომავლისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაშინ ინტერნეტშესაძლებლობები უნდა განავითარო კიდეც. თუმცა როცა საქმე ეხება ძალიან სპეციფიკურ საკითხს, მაგალითად, ლეგალურ ბაზარს, შესაძლოა კონსულტაცია დაგჭირდეს".

დეივენპორტი ამბობს, რომ ზოგიერთი სახის კონსულტაცია უფასოდაც შეიძლება მიიღო. მაგალითად, ბიზნესსკოლები და ხელოვნური ინტელექტის საუნივერსიტეტო პროგრამები ხშირად ეძებენ კოლაბორაციებს სტუდენტებისთვის, რათა გამოცდილება მისცენ.

ყველაფრის მიუხედავად, გეიდვარი საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ცხადია, ამბობს, რომ შეეძლო საკუთარი AI-დეპარტამენტის ფორმირებაზე ეფიქრა. თუმცა ამბობს: "ხელოვნური ინტელექტის სფეროში ნიჭიერი ადამიანების პოვნა რთულია. თანაც, ამ ადამიანების დატრენინგება იქნებოდა საჭირო. ამაში კი ჩვენ გამოცდილება და ცოდნა არ გვაქვს. საკონსულტაციო კომპანიასთან მუშაობამ ნამდვილად დაგვიზოგა თანხები და ბაზარზე სწრაფი მანევრირების საშუალება მოგვცა. ახლა სხვა კომპანიებისგან განმასხვავებელი ნიშა გვაქვს, რაც უპირატესობას გვანიჭებს".

Liz Brody is a contributing editor at Entrepreneur magazine. 
Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?