Future Agro Challenge Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის დემო დღეზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Future Agro Challenge ყველაზე მასშტაბური გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც სტარტაპების აღმოჩენა და მხარდაჭერაა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, საკვები და აგროტურიზმი.
2022 წელს, Future Agro Challenge Georgia-ს ფარგლებში, სტარტაპ ბიურომ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 12 საინფორმაციო შეხვედრა, სამი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი) და აქსელერაციის ორთვიანი პროგრამა განახორციელა.
23 დეკემბერს თბილისში პროგრამის დემო დღე გაიმართა, სადაც საკუთარი პროექტები წარადგინა 9 აგროტექნოლოგიურმა სტარტაპმა, რომლებიც აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. დემო დღეზე, ასევე, მოწვეული სპიკერების პრეზენტაციებიც გაიმართა.
"ჩვენი დიდი სურვილია, სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგროსტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. Future Agro Challenge არის პროექტი, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველწლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ", – ამბობს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.
"მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადაიჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები", – ამბობს ირაკლი ჩიქავა, აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სტარტაპ ბიურომ, აგრო სოლუშენსთან პარტნიორობითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), თბილისის მერიისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.
ჟიურის წევრებმა ადგილზე გამოავლინეს ორი გამარჯვებული სტარტაპი - "გემოზეა" და "გელა". ორივე გამარჯვებული გუნდი გურიიდანაა.
"გემოზეა" არის გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ჩიტაიშვილის პროექტი, რომელიც აჯიკას, ტყემალსა და სხვა საწებლებს მშრალ, ჯანსაღ ფხვნილებად გარდაქმნის, რაც ტრანსპორტირებასა და შენახვას საგრძნობლად აადვილებს.
"გელა" (GELA - Grow & Educate Local Agriculture) კი არის ფერმის მენეჯმენტის პროგრამა, რომელზეც ირაკლი გიკაშვილი და სალი კალანდაძე მუშაობენ. "გელა" ასრულებს დამაკავშირებელი რგოლის როლს ფერმერსა და მომხმარებელს შორის, რაც, ასევე, ფერმერს ფერმის მართვისთვის ავტომატიზაციის საშუალებას აძლევს.
ორივე გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დაესწრებიან 2023 წლის Global Agripreneurs Summit-ს, სადაც მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი პროექტები ინვესტორებს, პარტნიორებსა და პოტენციურ კლიენტებს წარუდგინონ.
პროექტ "გემოზეას", ასევე, გადაეცა ფულადი პრიზი 8000 ლარის ოდენობით.