Get All Access for $5/mo

ბაია-მარგარიტა კეპულაძე - წარმატებული ქართველი ექიმი, რომელიც აშშ-ის პლასტიკური ქირურგიის ფონდის უმაღლესი გრანტის მფლობელი და მსოფლიოდან შერჩეული ექვსი ექიმიდან ერთ-ერთია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"როდესაც საოპერაციოში შევდივარ და მაგიდაზე წევს პაციენტი, ყოველთვის წარმოვიდგენ საკუთარ თავს მის ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკისაა, რა დიაგნოზით, დაეტყობა ნაწიბური თუ არა, 15 წლისაა თუ 105-ის, ზუსტად ერთნაირი დაკვირვებით და მონდომებით ვხურავ ჭრილობას და ვადებ ნაკერს. მგონია, რომ ეს შეგრძნება ყველა ქირურგს აქვს", − გაიცანით ქართველი ექიმი, ბაია (მარგარიტა) კეპულაძე, რომელიც ამერიკის პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგთა ასოციაციისა და ამერიკის პლასტიკური ქირურგიის ფონდის გამარჯვებულია. ამ აღიარებამ შესაძლებლობა მისცა, გარკვეული დროით იმუშაოს ამერიკის წამყვანი ქირურგების გვერდით, ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე ქვეყნის საუკეთესო კლინიკებში და გაეცნოს მედიცინის უახლეს მიდგომებს წამყვანი ექსპერტებისგან და ინსტიტუტებში, როგორებიცაა: სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტები, MSKCC, მეიოს კლინიკა, ნიუ იორკის სახელგანთქმული, კიბოს ცენტრი, ე.წ. "მსოფლიოს უძლიერესი ექიმების სამჭედლო", პენსილვანიის ბავშვთა საავადმყოფო.

ამჟამად ბაია კეპულაძე ონკოლოგიის კვლევით ცენტრში, თავ-კისრის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სახელგანთქმულ ქირურგიულ დეპარტამენტში მუშაობს, სადაც თავმოყრილია ამ სფეროში მომუშავე ექიმების უძლიერესი გუნდი.

როგორ დაიწყო კარიერა წარმატებულმა ქართველმა ექიმმა და როგორია მისი საქმიანობა მსოფლიოს წამყვანი ექიმების გვერდით? − ამ და სხვა საკითხებზე Entrepreneur ბაია კეპულაძეს ესაუბრა.

"იმ რთული ეტაპების გავლის შემდეგ, რომლებიც ჩვენს პაციენტებს ელთ მკურნალობის პროცესში, განსაკუთრებით ვგულისხმობ ონკოპაციენტებს, ვცდილობ, ჰქონდეთ ნაკლები სანერვიულო და სულ მცირედით მაინც იყვნენ ბედნიერი იმით, რომ ზოგჯერ გარდაუვალი რადიკალური ცვლილება, იყოს მაქსიმალურად მისაღები მათთვის. ვცდილობ, ისევ ისე უყვარდეთ საკუთარი სხეული, როგორც ადრე. სწორედ ამ მიზეზით, ზუსტად ისე ვაკეთებ ყველაფერს, როგორც ჩემს თავს გავუკეთებდი.

ჩვენ უამრავ დაბნეულ და შეშინებულ ადამიანს ვხედავთ ყოველდღე და ვცდილობთ გავუგოთ, მოვისმინოთ ხშირად სრულიად არასაჭირო ინფორმაცია არაერთხელ, იმისთვის, რათა პაციენტებმა თავი ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში იგრძნონ. სხვაგვარად ადამიანი ვერ მოგენდობა.

ალბათ, სწორედ ამიტომ ავირჩიე ყველაზე რთული გზარეკონსტრუქციული ქირურგია, რაც ძირითადად გულისხმობს ონკოლოგიური პაციენტების, როგორც ბავშვთა და მოზარდთა, ასევე ზრდასრულთა თანდაყოლილი და შეძენილი ანომალიების მკურნალობას", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ბაია კეპულაძე.

როგორც ბაია გვიყვება, ბავშვობაში არ ჰქონია კონკრეტული და გააზრებული მიზანი, ექიმი გამხდარიყო, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებულად იზიდავდა კერვა. საკუთარი ხელით კერავდა თოჯინებსა და მათ ტანსაცმელს მაშინ, როდესაც საკუთარი პროფესია ქირურგიას დაუკავშირა. ბავშვობის სწორედ ეს გატაცება, სილამაზისა და ესთეტიკის ძიების სურვილი გახდა ერთ-ერთი ის ინდიკატორი, რამაც მისი წარმატებული კარიერა განაპირობა.

ბაია კეპულაძე ამერიკის პლასტიკური ქირურგიის ჟურნალის რეცენზენტიც გახდა. როგორც თავად აღნიშნავს, იყო მიწვეული აშშ-ის ყველაზე რეიტინგული და გავლენიანი ჟურნალის რეცენზენტად, ნიშნავს სამომავლო აღიარებას ამ დარგის ექსპერტად. ასევე, შესაძლოა, ეს იყოს უდიდესი ნაბიჯი დამწყები მკვლევრისთვის. ბაია განგვიმარტავს, რომ ეს აღიარებები კიდევ უფრო მეტ მოტივაციას სძენს განვითარებისთვის და კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ერთი შეხედვით თითქოსდა მიუწვდომელი მიზანი, არც ისეთი მიუწვდომელია მისი შესრულების შემდეგ.

"ბევრი ვიშრომე აქამდე მოსასვლელად. ბავშვობაში მომიწია ბრძოლა იმისთვის, რათა ახალ გარემოში თავი დამემკვიდრებინა. ვსწავლობდი რუსულ სკოლაში, სადაც ერთ-ერთ წარჩინებულ მოსწავლედ მივიჩნეოდი და გადამიყვანეს ჩემთვის სრულიად უცნობ გარემოში, სადაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა სწავლის მეთოდი. ყველა საგნის ქართულად შესწავლა იყო ჩემი პირველი შეტაკება სირთულეებთან, რომელიც საკმაოდ კარგად დავძლიე.

ვფიქრობ გაცილებით მეტი შემიძლია. მაქვს უნარი, ვაკეთო რამდენიმე საქმე ერთდროულად. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩემი ორი შვილის ინტერესების ფორმირების ყველაზე აქტიურ პერიოდში, მოვახერხე მიმეცა მათთვის საუკეთესო განათლება და ამავდროულად, თავადაც მესწავლა და გავმხდარიყავი ამერიკის პლასტიკური ქირურგიის ფონდის სტიპენდიატი.

მთელი ამ გზის განმავლობაში შემხვდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები, ამ სფეროს ვარსკვლავები და უნდა აღვნიშნო, რომ მათი ძალიან მადლიერი ვარ. არასდროს გამომსვლია რომელიღაც საქმე მხოლოდ ერთი მცდელობით, ყოველთვის მხვდება წინააღმდეგობები − თითქოს უკვე ბოლომდე მისული და გადაწყვეტილი ამბავი ბევრჯერ არ გამოსულა. თუმცა არასდროს დავნებებულვარ და ეს არ არის ჩემთვის განსაკუთრებული ამბავი, რადგან ამის მაგალითია ოჯახი, სადაც გავიზარდე, დედა და მამა, ბებია-ბაბუა, მათი მშობლები, თაობები... ასე გრძელდება უსასრულოდ და მიმაჩნია, რომ თუკი ადამიანს რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა", − აცხადებს ექიმი.

ბაია მიიჩნევს, რომ ამერიკა არის უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანა. ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც გარდა იმისა, რომ გეხმარება და გიხსნის კარს უფრო დიდი მიზნებისკენ, ამავდროულად, კიდევ ერთხელ გეძლევა შანსი ასახელო შენი ქვეყანა. ქართველი ექიმის დიდი სურვილია, რომ თანამედროვე მიდგომები და გამოცდილება, რომელიც ამერიკაში შეიძინა, სრულად მოახმაროს ქართული მედიცინის განვითარებას. სამომავლოდ, ბაია კეპულაძე მარდალეიშვილის გუნდთან ერთად გეგმავს დანერგოს ისეთივე მეთოდები, რომლებიც გამოიყენება სტენფორდში, ჰარვარდში, მეიოსა და სხვა წამყვან კლინიკებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

"სამომავლოდ კიდევ უამრავი მიზანი და რთული გზა მაქვს გასავლელი, სადაც რა თქმა უნდა, დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ქვეყანას. არ ვიცი, რა გამომივა, მაგრამ როგორც მჩვევია, ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩემი ყველა გამარჯვება, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად მამას ეძღვნება, რომელიც ჩემი ცხოვრების უდიდესი სტიმულია! ის ყოველი ჩემი წამოწყებისა და ნაბიჯის მხარდამჭერია − რაც უნდა არარეალური და გიჟური იყოს ეს წამოწყება, ყოველთვის სჯერა ჩემი და ცხადია, მე მას იმედს ვერ გავუცრუებ!

ამერიკასთან დაკავშირებულ გეგმებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა ერთი რამ ცხადია − გეგმა არსებობს, ერთი შეხედვით თითქოსდა წარმოუდგენელი, თუმცა არასდროს ვიცით რა იქნება ხვალ.

მინდა ვურჩიო მათ, ვინც ახლა გადის რთულ გზას ნუ შეეგუებით მარცხს, რომელიც აუცილებლად იქნება თქვენს ცხოვრებაში, თანაც არაერთი... ბევრი იშრომეთ, ისწავლეთ და ცოტაც გაერთეთ (აუცილებელია). ნუ შეეპუებით სირთულეებს და ნუ შეგაშინებთ ოცნებები, რომლებიც ახლა სიგიჟედ გეჩვენებათ და გამხელაც კი გრცხვენიათ. განახორციელეთ ოცნებები და იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ თქვენ და არა სხვას!", − აღნიშნავს ბაია კეპულაძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე