დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საბაუნის ახალი რექტორის ინაუგურაციაზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ახალი რექტორის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
ვაჟა ვარდიძემ, რომელიც საბაუნის დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტის მთავარ კურსს განსაზღვრავდა, აუდიტორიას თავისი მოღვაწეობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა და სადავეები ახალ რექტორს - აკაკი ჭელიძეს გადასცა.
ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის პრორექტორმა, დიმიტრი გეგენავამ, აუდიტორიას, აგრეთვე, სიტყვით მიმართა ვატიკანის ელჩმა საქართველოში - ჟოზე აველინო ბეტენკურმა: "მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ვაჟა ვარდიძეს გაწეული ამაგისათვის. იგი მრავალი წლის მანძილზე უნივერსიტეტს გამორჩეული თავდადებითა და პროფესიონალიზმით ემსახურებოდა... საბაუნი სწორედ ის უნივერსიტეტია, რომელმაც 20 წელიწადში ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე განუზომლად დიდი ნაბიჯები გადადგა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულ თუ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. აქვე დავძენ, რომ ვატიკანის საელჩო მუდამ მხარდაჭერას აღუთქვამს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, აკადემიური მიზნების მისაღწევად".
როგორც ყოფილმა რექტორმა - ვაჟა ვარდიძემ განმარტა, ნებისმიერ ინსტიტუციას განვითარების ხელშეწყობისთვის განახლება სჭირდება, სწორედ ამიტომ, მიაჩნია, რომ ახალი რექტორი საერთო საქმეს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და ახალი ძალებით შეუდგება. "ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე წლები სწორედ, საბაუნის დაარსებასა და განვითარებას უკავშირდება. უნივერსიტეტის შექმნის პირველი წელი მეტად რთული და კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო იყო, რადგან სულ რამდენიმე ადამიანი ვმუშაობდით უნივერსიტეტის მისიის შექმნის, ხედვის გაზიარებისა და განვითარებისათვის. ისტორია ერთი ფაკულტეტითა და ერთი საგანმანათლებლო პროგრამით დავიწყეთ, ახლა კი, უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტი ქვეყნის 50 უნივერსიტეტთან, გვყავს 1000-ზე მეტი სტუდენტი, 100-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ლექტორი და, რაც მთავარია, გამუდმებით ვფიქრობთ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახალი რექტორი ახალი ენთუზიაზმით შეუდგება ჩვენს საერთო საქმეს".
როგორც უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა - აკაკი ჭელიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისთვის, ერთი მხრივ, მიღწეულის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, ინსტიტუციის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით,ახალი სტრატეგიის განხორციელებაა მთავარი: "ჩემთვის, როგორც ახალი რექტორისთვის, უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის განვითარების პროცესს ხელი შევუწყო და გუნდთან ერთად შევქმნა სივრცე, სადაც ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პრინციპების ერთგულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ მოტივირებულ, განათლებულ და თავისუფლების სულისკვეთებით აღზრდილ სტუდენტს შევმატებთ. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მედიცინის პროგრამის დამატებაა, რაც ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ჩვენთვის მთავარი საზრუნავი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობების შექმნაა. სწორედ ამიტომ, მალე სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას შევძლებთ".
ღონისძიებას პოლონეთის, უნგრეთის, ვატიკანის ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბაუნის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.