Sponsored Content

ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი პაპავა 18 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და ძალიან კარგად იცის, თუ როგორია ემიგრანტის ცხოვრება. გიორგი 23 წლის ასაკში საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა, ამჟამად კი ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის შესახებაც გვესაუბრა.

გიორგი, თქვენ მუშაობთ ახალ საინფორმაციო პლატფორმაზე. გვესაუბრეთ, რას მოიცავს თქვენი ახალი წამოწყება და რა სიახლე შემოგაქვთ ქართულ ბაზარზე?

მოდი, დავიწყოთ თავიდან. როდესაც ხარ ემიგრანტი, თავისთავად გიწევს სამშობლოს დატოვება და სხვა ქვეყანაში გადასვლა, თუმცა სამშობლოში გულის უდიდეს ნაწილს ტოვებ. სამწუხაროდ, დღეს ქართველებს ბევრი ემიგრანტი გვყავს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. უმეტესწილად გერმანია-საბერძნეთში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და გამოწვევებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, თუ რა სურთ ემიგრანტებს. უპირველესად, ეს არის სითბო და სიყვარული ახლობელი ადამიანების მხრიდან. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ყველაზე მეტად ემიგრანტებს ტკბილი სიტყვა აკლიათ, ამიტომ ძვირფასო ოჯახის წევრებო, რომლებსაც საყვარელი ადამიანები საზღვარგარეთ გყავთ, გთხოვთ, არასდრო მოგერიდოთ საკუთარი ემოციების გამოხატვა თქვენი დედების, ბებიების, მამების, ბაბუებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ. მათ მხოლოდ თქვენი სიყვარული აძლევს ძალას, უცხო ქვეყანაში ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოს. გარდა აღნიშნული პრობლემისა, ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების მოგვარება, რომელიც ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს. ამჟამად სწორედ ასეთ საინფორმაციო პლატფორმაზე ვმუშაობ, სადაც თითოეული ემიგრანტი შეძლებს ყველა სახის ინფორმაციის მოძიებას, რაც კი ოდესმე შეიძლება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველს დასჭირდეს. ELCHI.GE-ზე თითოეულ ემიგრანტს ეყოლება პირადი ელჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ახალი წამოწყებით ნებისმიერ ემიგრანტს გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა დაახლოებით 2019 წელს გაჩნდა, როდესაც გერმანიაში პირველად აღმოვჩნდი მარტო, სადაც სრულიად დამოუკიდებლად მიწევდა თითოეული ნაბიჯის გაკვალვა. მახსოვს, ერთადერთი ადამიანი, ვინც მეხმარებოდა, გერმანიაში მცხოვრები ნათესავი იყო. უმეტესწილად ბიუროკრატიულ საკითხებში მაკვალიანებდა. გერმანიაში არსებული ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ბიუროკრატიული პროცესები, მოგეხსენებათ, როგორი დაუსრულებელი პროცესია. როგორც უკვე აღვნიშნე, წლებია ეს იდეა მაქვს, ახალგაზრდა ელჩის მანდატმა კი შემივსო ის გამოცდილება, რაც ჩემი სოციალური პროექტის განხორციელებისთვის მჭირდებოდა.

რა გამოარჩევს თქვენს პლატფორმას სხვა არსებული საემიგრაციო გამოცემების, გაერთიანებებისა და მედიისგან?

ემიგრანტები ხშირად ვეცნობით ახალ ამბებს, თუმცა ხშირად პრობლემა ენის ბარიერი ხდება – ემიგრანტებს უჭირთ დაეწიონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. ქართული მედია კი უმეტესწილად ორიენტირებულია საქართველოში მიმდინარე ახალ ამბებზე. თუმცა ემიგრანტებისთვის არსებობს ბევრი ტარგეტირებული ფეისბუქჯგუფები, ასევე საძიებო საშუალებების გამოყენებაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული, თავისუფალი დრო კი ემიგრანტებს თითქმის არ აქვთ. ჩვენი ახალი პლატფორმა ELCHI.GE კი გადაჭრის ამ პრობლემას და ერთი ფანჯრის პრინციპით შესთავაზებს მათ ინფორმაციებსა და სერვისებს. თქვენ შეძლებთ გაიგოთ სრულად ნებისმიერი ქვეყნის ბიუროკრატიული პროცესების შესახებ, გაიგოთ უფრო მეტი თქვენი უფლებების შესახებ და თვალი ადევნოთ თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე სიახლეებს. გარდა ამისა, მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ საზღვარგარეთ, ასევე გაეცნობით საზღვარგარეთ მყოფ წარმატებულ ქართველებს, შეიტყობთ უფრო მეტს მსოფლიოში არსებულ ქართულ ბიზნესზე და სხვ.

რამდენიმე კვირაა, რაც ჯგუფი შევკარი და პირველი ნაბიჯები დისტანციურად გადავდგით. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს ყოველივე ზემოაღნიშნული, სინამდვილეში ეს უდიდეს ფინანსურ და დროით რესურსს საჭიროებს. ამ ეტაპზე საკუთარი დანაზოგის ინვესტირებით ვდგამ პირველ ნაბიჯებს. ჯერჯერობით უცნობია, პროექტი როდის ჩაეშვება, დიდი იმედი მაქვს, რომ პლატფორმის გაშვებას 2024 წლის მიწურულს შევძლებ.