Get All Access for $5/mo

ევროპული კვალიფიკაცია პერსონალური მონაცემების დასაცავად - ნინო ქურასბედიანი საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესახებ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ცხოვრების წესი და ტექნოლოგიური პენეტრაცია ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო და უფრო აქტუალურს ხდის პერსონალური ინფორმაციის დაცვის გაუმჯობესებას.

რა არის თითოეული ჩვენგანის პერსონალური ინფორმაცია?

ტერმინი "პერსონალური მონაცემი" მოიცავს მონაცემთა საკმაოდ ფართო სპექტრს. მაგალითად, სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ამა თუ იმ საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში მუშავდება და რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. მაგალითად, ორგანიზაციის თანამშრომელთა პირადი საქმე, საფინანსო დაწესებულებებში არსებული საკრედიტო ისტორია და ა.შ.

სწორედ იმიტომ, რომ საქმე დიდ და სენსიტიურ ინფორმაციას ეხება, გაჩნდა პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროება. შესაბამისად, გაჩნდა პროფესიაც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის პირი, რომელიც ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციას, აძლევს ექსპერტულ რჩევებს და ეხმარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ჩარჩო-პოლიტიკის დოკუმენტებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში.

ნინო ქურასბედიანი რამდენიმე წელიწადია, პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით მუშაობს. იურისტი და საჯარო მმართველობის დოქტორი ამ სფეროთი 2016 წელს დაინტერესდა და მას შემდეგ მუდმივად თავისი კვალიფიკაციის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების საქართველოში დანერგვაზე მუშაობს.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირის კანონმდელობასთან ქართული საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სწორედ ამიტომ, გარკვეულ ორგანიზაციებს გაუჩნდათ სამართლებრივი ვალდებულება, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

როგორც ნინო განმარტავს, ამ ორგანიზაციათა სიაში, ძირითადად, შედიან ის სუბიექტები, რომლებიც ამუშავებენ დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებენ მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს. მაგალითად, ყველა საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება და სხვ.

"საკანონმდებლო ვალდებულებიდან გამომდინარე, ახალი პროფესია გაჩნდა ბაზარზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სახით, თუმცა მნიშვნელოვანია, ოფიცერს გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა იმისთვის, რომ სრულფასოვნად შეძლოს მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება", - განმარტავს ნინო ჩვენთან საუბრისას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პროფესია რომ ქართული ბაზრისთვის სიახლეა, ამას ნინოც გვიდასტურებს. დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ მონაცემთა დაცვის საკითხი ძალიან სპეციფიკური საქმეა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის შერჩევაც არ არის მარტივი.

ნინო ქურასბედიანი ამბობს, რომ ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვა მოუწევთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს. გარდა ამისა, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალის პოვნა, მის მიერ ფუნქციის სრულფასოვნად განხორციელებაც ერთგვარი გამოწვევაა.

"საკანონმდებლო ვალდებულებამ ორგანიზაციებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის შესახებ დასაქმების ბაზარზე ამ პროფესიით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციამ სწორად შეარჩიოს მონაცემთა დაცვის ოფიცერი, გაითვალისწინოს მისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია, რაც შემდგომ იქნება გარანტი იმისა, რომ მონაცემთა დამუშავების პროცესი იქნება კანონთან სრულ თანხვედრაში".

ნინო პირველად პერსონალური მონაცემებითა და მათი დაცვის ლეგალური მხარით 2016 წელს დაინტერესდა. ამ დროს მან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დაიწყო მუშაობა, სადაც 6 წელი გაატარა. პარალელურად არ შეუწყვეტია დარგის კვლევა, მუშაობდა ორგანიზაციებში პერსონალური მონაცემების დაცვის აუდიტის მიმართულებით. ატარებს ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოპებს, რათა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს. გარდა ამისა, კერძო და საჯარო ორგანიზაციებს ოფიცრის როლში წარმოადგენს.

საერთაშორისო, ევროპული დონის კვალიფიკაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში 2023 წელს მიიღო. ბონში, გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიაში, ნინო ქურასბედიანმა სერტიფიცირება გაიარა და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მომზადებული შეხვდა.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპული სტანდარტი სანიმუშოა და საკანონმდებლო სიახლეებიც სწორედ სრულად ევროპული სტანდარტის გამოძახილს წარმოადგენს. მაქვს შესაძლებლობა, კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, რომლებსაც ვეხმარები პერსონალური მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის პროცესში, დავნერგოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი", - ამბობს ნინო ქურასბედიანი.

ერთი მხრივ, ორგანიზაციებს გაუჩნდათ საჭიროება, მოიძიონ ახალი პროფესიონალები. თუმცა, მეორე მხრივ, პროფესიონალებსაც აქვთ გადამზადებისა და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის საჭიროება. ნინო ქურასბედიანი ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს ურჩევს, დაკვირვებით შეარჩიონ სივრცე, სადაც შესაბამის ცოდნას მიიღებენ.

ნინო ამბობს, რომ დღესდღეობით საქართველოში საკმაო რაოდენობით არიან საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსებს და იძლევიან შესაძლებლობას, ადამიანმა ამ სფეროში შესაბამისი ცოდნა მიიღოს.

"იმ პირებმა, ვინც იმაღლებენ კვალიფიკაციას და აქვთ მოტივაცია, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, ისე უნდა შეარჩიონ მიმწოდებელი, რომ გაზიარებული ინფორმაცია იყოს სანდო და კვალიფიციური. თანაც, ამასთან, ემყარებოდეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პრაქტიკულ ასპექტებს", - აღნიშნავს ნინო Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?