Get All Access for $5/mo

გაიცანით მარიამ ლაბუჩიძე - სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარიამ ლაბუჩიძე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტია. მან საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები შეისწავლა.

მარიამი 10 წელია, რაც უმაღლესი განათლების სფეროში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ამჟამად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსია. მონაწილეობა მიუღია არაერთ პროექტში და მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებშიც.

"პირველი სამსახური სტუდენტობის პერიოდში განათლების სამინისტროში მქონდა, სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში. ასევე ვარ კონსულტანტი და პატარა კერძო კომპანიებს კონსულტაციებს ვუწევ, პიარ-მარკეტინგის მიმართულებით", - ამბობს მარიამი.

გვიყვება, რომ სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სურდა, თუმცა გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყვიტა, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაებარებინა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ვიცოდი ამ სფეროზე, დამაინტერესა და გავრისკე. არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის ეს სფერო ნიშნავს შესაძლებლობას, სამყარო უკეთესი ადგილი გახადო საცხოვრებლად.

კარიერის დასაწყისში ნამდვილად არ მიფიქრია, რომ უმაღლესი განათლების სფეროში ვიმუშავებდი ჩემი მიმართულებით, დღეს კი ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მუდმივად განვითარების შესაძლებლობას მაძლევს".

მარიამი მიიჩნევს, რომ ყველა სფეროს აქვს თავისი სპეციფიკური მახასიათებელი, თუმცა განათლების სფერო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, გამოწვევებით სავსე და საპასუხისმგებლოა. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან საფეხურს გადიან.

"სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტებს გვიწევს ვიფიქროთ ისეთი კამპანიებისა და ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომლებიც მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, რათა უკეთ ისწავლონ, სტუდენტობის წლები მაქსიმალურად გამოიყენონ და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტუდენტების პერსპექტივებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე და შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ახალგაზრდებს შთააგონებს, საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს და შეცდომების დაშვების მიუხედავად, დანებების საშუალებას არ მისცემს".

მარიამი გვიყვება, რომ ყოველდღიურად იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, რომელიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და მათთვის ახალი, ღირებული ცოდნის შექმნას ისახავს მიზნად.

"ვფიქრობ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ძალიან სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება, თუმცა მე ამას შესაძლებლობას უფრო ვუწოდებდი, რადგან ტექნოლოგიებმა გაადვილა კომუნიკაცია და შესაძლებელი გახადა საგანმანათლებლო აქტივობების ხელმისაწვდომობა".

თავად უკვე 8 წელია ლექციებს კითხულობს კომუნიკაციებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. როგორც ამბობს, ამან ყოველდღიური სწავლისა და განვითარების საშუალება მისცა.

"ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და ვცდილობ ყოველი ლექციის წინ ისე მოვემზადო, თითქოს პირველად შევდივარ სტუდენტებთან. ლექციის ჩატარება შემოქმედებითი პროცესია, რადგან ამ დროს არა მხოლოდ უნდა გასცე ის ცოდნა, რომელიც გაქვს, არამედ უნდა შთააგონო კიდეც. როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო შენს საქმეში, თუ სწავლების პროცესი არ გაინტერესებს და სტუდენტებთან ურთიერთობა არ აღგაფრთოვანებს, კარგი ლექტორი ვერ იქნები, ჩემთვის ლექტორობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სწავლება".

ამბობს, რომ სტუდენტებთან კომუნიკაცია ძალიან საინტერესო პროცესია, მათი დაკვირვება, რჩევების მოსმენა, მათთან ჯანსაღი კამათი, ეს ყველაფერი პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ეხმარება. გეგმავს ისეთი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს ახალგაზრდებისთვის რეგიონებში და მისცემს მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?