Sponsored Content

გამბედაობა ქმნის შესაძლებლობებს - ზურა ძულიაშვილი, საქართველოს ბანკის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის მონაწილე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას საზღვარგარეთ იღებენ, ფინანსური ინსტიტუტი საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სამუშაო გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით და გადადგან პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები კარიერული განვითარებისთვის.

სტუდენტური სტაჟირების პროგრამის მონაწილეა ზურა ძულიაშვილიც, რომელიც ამჟამად რიჩმონდის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. თუმცა, მისი თავგადასავალი კიდევ უფრო ადრე იწყება. ის 17 წლამდე გურჯაანში ცხოვრობდა, შემდეგ სწავლა სინგაპურში, UWC სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის (South East Asia) სკოლაში გააგრძელა. უნივერსიტეტში სასწავლებლად ამერიკაში, რიჩმონდის უნივერსიტეტში წავიდა. აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად კი ის შარშან საქართველოში დაბრუნდა.

"რიჩმონდის უნივერსიტეტში თავდაპირველად ბიზნესის ადმინისტრირების სწავლას ვაპირებდი, თუმცა, ჩემი არჩევანი მალევე შევცვალე და ახლა მათემატიკურ ეკონომიკას ვსწავლობ. მინდოდა, რაოდენობრივი მეცნიერებების მიმართულებით მიმეღო ცოდნა და მასთან დამეკავშირებინა ჩემი კარიერული გზაც. ასეთი მიმართულება კი მონაცემთა მეცნიერება აღმოჩნდა. ამ პერიოდში დავინტერესდი ფინანსებით, გლობალური ბაზრებითა და მონეტარული პოლიტიკით... ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამომეცადა", - გვიყვება ზურა.

ამბობს, რომ სტაჟირების პროგრამის შესახებ უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული სოციალური ჯგუფის მეშვეობით გაიგო. შეთავაზებული მიმართულებებით კი მალევე დაინტერესდა. ამიტომ, შეავსო აპლიკაცია და გასაუბრებების ეტაპის გავლის შემდეგ საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა.

"აპლიკაციის გაგზავნის პერიოდში ორი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი მამოძრავებდა - პირველი იყო ის, რომ მიმეღო დიდ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება, მეორე კი - გამეგო როგორი სამუშაო კულტურა არსებობს საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე რამდენიმე წელია ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვსწავლობ, არ მქონია შეხება ქართულ კომპანიებთან. ამიტომ, მსურდა გამეგო როგორი იყო ქართული კერძო ორგანიზაციების შიდა სამზარეულო, მიმდინარე პროცესები და მქონოდა შეხება გუნდის წევრებთან. ამასთან, მინდოდა უკეთ შემესწავლა მონაცემთა მეცნიერების სპეციფიკა და ის, თუ როგორ გამოიყენება ეს მიმართულება ბანკის კონტექსტში", - განმარტავს ზურა.

იხსენებს, რომ სტაჟირების პროგრამა ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. დღის პირველ ნახევარში მათ ლექციები უტარდებოდათ სტაჟიორებისთვის საინტერესო თემებზე, მისი დასრულების შემდეგ კი პროექტებზე იწყებდნენ მუშაობას.

"პროექტებსა და ამოცანებზე მუშაობის პროცესში ჩვენი მენტორები და გუნდის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები. თუმცა, არამხოლოდ პროექტზე მუშაობის პროცესში. რამდენჯერმე გვიანობამდეც კი დავრჩით და ჭადრაკს ვთამაშობდით... ეს იყო ძალიან პოზიტიური, მეგობრული გარემო, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევდა არა მხოლოდ მიგვეღო სამუშაო გამოცდილება, არამედ ზოგადი განათლებაც და გვესაუბრა ჩვენზე უფრო მეტად გამოცდილ, მცოდნე ადამიანებთან. სწორედ სტაჟირების დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ზაფხულის ხუთი კვირა", - ამბობს ზურა.

აღნიშნავს, რომ გუნდის წევრებისგან მრავალმხრივი ცოდნა მიიღო, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით გაცნობიერებული გახადა ის.

"ჩვენს გუნდში იყვნენ ადამიანები მრავალმხრივი ცოდნით - ზოგი ფიზიკოსი იყო, ზოგი ეკონომისტი... შესაბამისად, მათთან ყოველდღიური საუბრებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და შევიმეცნე. ამან კი შემიქმნა საფუძველი იმისათვის, რომ მეკეთებინა ის, რასაც ახლა ვაკეთებ", - აღნიშნავს ზურა.

განმარტავს, რომ საზაფხულო სტაჟირების პროგრამა წარმოადგენს გამოცდილებათა ერთობლიობას, სწავლის პროცესს, რომელსაც უნივერსიტეტში ვერ მიიღებ.

"კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე იყო ის, რომ განმივითარდა კომუნიკაციის უნარები. ზოგადად, ადამიანებთან საუბრისას გვჭირდება ვიცოდეთ, როგორ ვაწარმოოთ კომუნიკაცია, მოვიკრიბოთ გამბედაობა და დავსვათ კითხვები. მართალია, ამას სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, თუმცა, უფრო მეტად თავდაჯერებული საქართველოს ბანკში მიღებული გამოცდილების შემდეგ გავხდი. აქ არასდროს მქონია შეგრძნება, რომ ჩემზე ასაკით უფრო დიდ, გამოცდილ და მცოდნე ადამიანებს ვერ დავუსვამდი ისეთ კითხვას, რომელიც ერთი შეხედვით უაზრობად შეიძლება მომჩვენებოდა. რადგან ეს იყო გარემო, სადაც ნებისმიერი შეკითხვის დასმის შემთხვევაში მიიღებდი პასუხს. ამ გამოცდილებამ კი დამანახა, რომ სრულიად უცხო ადამიანს შეგიძლია პირდაპირ კითხო ის, რაც გაინტერესებს და შედეგად, გაიგო მათი აზრი, მათი შეხედულებები და გაიზიარო მათი ცოდნა", - განმარტავს ზურა.

ამბობს, რომ სწორედ გამბედაობა ქმნის შესაძლებლობებს. შესაძლებლობებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ მის მიზანს საქართველოში დაბრუნება და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სწავლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.

მომავალ წელს ნიუ იორკში Barclays Sales & Trading-ში მიდის სამუშაოდ, მაგრამ ამის შემდეგ განსაზღვრული გეგმები არ აქვს. თუმცა იცის, რომ მომავალში სურს, საქართველოში დაბრუნდეს და საკუთარი ცოდნა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნისთვის გამოიყენოს.

მანამდე კი გვირჩევს: "პირველი - ეცადეთ, იოცნებოთ. და მეორე - არასოდეს თქვათ უარი იმ საქმეზე, რომლის გაკეთებაც გსურთ მხოლოდ იმიტომ, რომ გერიდებათ".

"დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანია. მათმა 99%-მა არც კი იცის რომ არსებობ და თუ დაგინახავენ, მალევე დაავიწყდები - მათ არ ემახსოვრებათ რას აკეთებ, როგორ აკეთებ და ამბობ... ამიტომ, თუ შენ გაქვს მიზანი, არ შეგაფერხოს იმან, თუ რას იტყვიან სხვები. ამის გამო არასოდეს თქვა უარი შენს ოცნებაზე. ასევე, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ თუ შენი მიზნის მისაღწევად არაფერს გააკეთებ, მაშინ ეგ მიზანი შენთვის არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა. მაგრამ, თუ ცდი და ვერ მიაღწევ - მაშინ სინანულის გრძნობა და მუდმივი ნატვრა - "ნეტავ გამეკეთებინა", აღარ შეგაწუხებს", - ამბობს ზურა.

გვიხსნის, რომ წარმატების მისაღწევად მიზნების ნათელი ხედვა გადამწყვეტ პირობას წარმოადგენს.

"აუცილებელია იცოდე, როგორ გინდა რომ იყო - ეს, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შეიცვლება, მაგრამ მიახლოებული სურათი ყოველთვის გექნება. მეორე, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ცხოვრების დაგეგმვის შემდეგ უნდა გქონდეს გამბედაობა, გადადგა ნაბიჯები. თუ გაქვს გეგმა, მაგრამ არ დგამ შესაბამის ნაბიჯებს - ვერაფერს მიაღწევ ისევე, როგორც მაშინ, თუ დგამ ნაბიჯებს და არ გაქვს გეგმა, რადგან ამ შემთხვევაში ვერასოდეს დაინახავ, საით მიდიხარ", - ამბობს ზურა.