Join our Waitlist for Expert Advice!

Healzcare სამედიცინო ბაზარზე შესასვლელად ემზადება პლატფორმა სამედიცინო ტურიზმსა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიღებას მსოფლიოს მასშტაბით ამარტივებს

By ანო ტვილდიანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Healzcare.org კომპანია Connect-ის პროდუქტია, რომელიც სულ მალე სამედიცინო ბაზარზე გამოჩნდება. პლატფორმა სამედიცინო ტურიზმსა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიღებას მსოფლიოს მასშტაბით ამარტივებს.

მსოფლიოს სამედიცინო ბაზარზე საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს სხვაობა ქვეყნებს შორის, ადამიანთა დიდ ნაწილს არ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში მისთვის საჭირო და სასურველი სამედიცინო სერვისების მიღება, ისეთი პრობლემების გამო, როგორებიცაა: ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური სტაბილურობა, საკანონმდებლო შეზღუდვები, დაბალი ხარისხი, მაღალი ფასები ან სულაც კონკრეტული სერვისის არ არსებობა. სწორედ ესაა ის, რის შეცვლასაც Connect-ის გუნდი თავის ახალი პროდუქტით - Healzcare.org-ით ეცდება.

"ჩვენი დახმარებით პაციენტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მათთვის სასურველი სამედიცინო სერვისი საზღვარგარეთ მოიძიონ და ყოვლისმომცველი სამედიცინო სამოგზაურო პაკეტი შეიძინონ, რომელიც ერთი მხრივ, სამედიცინო სერვისებს, ხოლო მეორე მხრივ, ტურისტულ სააგენტოებს, ავიაკომპანიებს, სასტუმროებს, დაბინავების სექტორში არსებულ კომპანიებს, იურიდიულ და ბიუროკრატიულ სერვისებსა და სხვა ყველა საჭირო პროდუქტს აერთიანებს, რაც შეიძლება პაციენტს მოგზაურობის დროს გამოადგეს", - ლევან ჭანუყვაძე, კომპანია Connect-ის დამფუძნებელი.

Connect.-ი სამედიცინო-ტურისტული პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს სამედიცინო სერვისის მაძიებლებსა და ამ სერვისების მიმწოდებელთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

თანამშრომლობს ისეთ ქართულ კომპანიებთან, როგორებიც WeHost-ი და CityPay.io არიან. ჰყავს პარტნიორები თითქმის ყველა სექტორში, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს მაქსიმალური სიამოვნება და საუკეთესო გამოცდილება, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად.

სამედიცინო ტურისტული ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანი სექტორია. სტარტაპი იმით განსხვავდება ტრადიციული ფასილიტატორებისგან, რომ სამედიცინო ტურიზმს აქცევს ციფრულ ალტერნატივად, რომლის მიღებაც სულ რამდენიმე დღეში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. თანაც, პაციენტებისთვის ყველაფერი ღიად და გამჭვირვალედ ხდება, თავად აკონტროლებენ სერვისის მიღების პროცესს.

როგორც ლევანი ამბობს, პაკეტების მოძიება უფრო მარტივი რომ გახდეს, კომპანია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რომელიც მათი მონაცემთა ბაზით არის შექმნილი. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ფუნქციის გამოყენება, რათა მასზე მორგებული, უნიკალური სამედიცინო ტურისტული გამოცდილება შეიქმნას.

ასევე, მნიშვნელოვანია მობილურის აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობის ცალკე პანელია, მისი გამოყენებით პაციენტს სრული კონტროლი აქვს საკუთარ მოგზაურობაზე და შეუძლია ნებისმიერი სერვისის დამატება და შეცვლა, კონსულტაციის ჩანიშვნა და პერსონალურ ასისტენტთან კავშირი.

ხელოვნურ ინტელექტს, გარდა ასისტენციისა, შეუძლია დაამუშაოს პაციენტის სამედიცინო მონაცემები და განსაზღვროს მისთვის საჭირო კონკრეტული პროცედურები.

"აღსანიშნავია ის ტექნოლოგია, რომელსაც ვიყენებთ ბაზრის ორივე მხარისთვის. მომხმარებელს, რეგულარულ გადახდის სისტემასთან ერთად, ბლოკჩეინზე დამყარებულ კრიპტოგადახდას ვთავაზობთ, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც სამთავრობო რეგულაციების გამო ვერ ახერხებენ ღია არხით თანხის გადახდას კონკრეტული სერვისებისთვის.

ასევე, ხელოვნური ინტელექტი 24/7-ზე ნებისმიერ პაციენტს პირად დახმარებას უწევს და მათ შეკითხვებს ოპერატიულად და ეფექტურად პასუხობს.

"რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შორს ვართ ტექნოლოგიური განვითარების იმ დონიდან, როცა სამედიცინო სექტორში ადამიანის ჩანაცვლება ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება, სწორედ ამიტომ, მის პარალელურად, ჩვენ გვყავს გამოცდილი კომუნიკაციების გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია AI-ს ჩანაცვლება და უფრო კონკრეტული, პაციენტის სპეციფიკაზე მორგებული პასუხების გაცემა თუ დავალების შესრულება".

ლევანი აღნიშნავს, რომ მსოფლიო სამედიცინო ტურისტული ბაზარი კოვიდპანდემიის შემდეგ უსწრაფესად ვითარდება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, ყველა მაცხოვრებელს არ შეუძლია მისთვის საჭირო სრულყოფილი სამედიცინო სერვისი მიიღოს. ამის გამომწვევი ფაქტორებია ლოკალურად არსებული მაღალი ფასები, დაბალი ხარისხი, სამთავრობო რეგულაციები, სანდოობის ნაკლებობა და სხვა.

"ყველაზე დიდი გამოწვევა სამედიცინო კომპანიებთან კომუნიკაცია იყო, რადგან უმეტესობა ჩვენს შეთავაზებასა და პროექტს არასერიოზულად იღებდა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო ჰოლდინგთან საუბრისას დირექტორმა გვითხრა, რომ ჩვენთან ვერ ითანამშრომლებდა, რადგან ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. თუმცა მათი მარკეტინგის გუნდი მაინც დავითანხმეთ".

ლევანი ასევე ამბობს, რომ პრობლემა იყო საზოგადოებაში სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობადობის ნაკლელობა. ხშირად ინვესტორებმაც კი არ იციან, რა არის სამედიცინო ტურიზმი.

"ჩვენი ინსპირაცია თითოეული ის ადამიანია, რომელიც ცდილობს საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უკეთესობისკენ შეცვალოს. ამისთვის კი მზადაა, საკუთარ საზღვრებს გასცდეს და სიახლეებს არ შეუშინდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მხარეც, რომელიც საკუთარი სერვისით ასეთი ადამიანების დახმარებას ცდილობს. საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან ჩართულები სამედიცინო ტურისტულ პროცესებში და არ უშინდებიან გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება უცხოელი პაციენტების მომსახურებას მოჰყვეს".

ბაზარზე დღემდე არ არიან ისეთი დიდი მოთამაშეები, რომლებიც პაციენტების ყველა საჭიროებას უზრუნველყოფენ. არსებობენ მხოლოდ კერძო და მცირე ზომის ფასილიტატორები, რომელთა სერვისების მიღებაც ძალიან ძვირიანი და არასანდო პროცესია.

"ჩვენ ბაზარზე დავინახეთ ახალი შესაძლებლობა, ცარიელი ველი. აღსანიშნავია ის ბენეფიტები, რომლებსაც ჩვენ სერვისის მომწოდებელ ორგანიზაციებს ვთავაზობთ. გარდა პლატფორმისა, სადაც მარტივად შეუძლიათ მომხმარებელთა პოვნა, ესაა საუკეთესო ანალიტიკური, სტატისტიკური, ფინანსური, საბუღალტრო და CRM ხელსაწყოები, რომლებიც ჩვენი ვებგვერდის პარტნიორთა სამართავ პანელშივეა ჩაშენებული და ორგანიზაციებს უკანასკნელი მონაცემების მიღებასა და სერვისის გაცემის პროცესს უმარტივებს".

ლევანი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების გამო, ბევრი პაციენტი სასურველი სერვისების მიღებას ვერ ახერხებს. ამის აღმოსაფხვრელად კომპანიამ კრიპტოგადახდების სისტემა დანერგა, რომელიც სამედიცინო ტრანზაქციებს blockchain ტექნოლოგიით უსაფრთხოს და შეზღუდვებისთვის ფარულს ხდის.

"მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანაში, სადაც ხელოვნური განაყოფიერება აკრძალულია, ადამიანს ამ პროცედურის ჩატარება საზღვარგარეთ სურს, შეუძლია ჩვენი პაკეტი სრულიად დაცულად შეიძინოს და სასურველი მომსახურება მიიღოს.

ჩვენი პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებას ივნისში ვგეგმავთ, თუმცა მანამდე ინვესტიციის მოზიდვაზე აქტიურად ვმუშაობთ, რათა ყველა იმ ფუნქციის ჩაშენება შევძლოთ, რომელიც ვებგვერდს საბოლოო იერსახეს მისცემს.

გვინდა პაციენტებისთვის მოგზაურობის სამართავი აპლიკაციაც მალე შევქმნათ, სადაც მათ შეძენილ პაკეტზე სრული კონტროლი ექნებათ. თუმცა ყველაზე მთავარი ახლა მარკეტინგის ნაწილია, რადგან ბაზარი ძალიან დიდი და მრავალფეროვანია, ამიტომ აუცილებელია ინტენსიური კვლევები და წერტილოვანი მარკეტინგი".

ინვესტიციების გარდა, პლატფორმა მონაწილეობას არაერთ სტარტაპ კონკურსში, აქსელერატორსა თუ პროექტში იღებს. ლევანი გვიყვება, რომ 2024 წელი ამ მხრივ წარმატებით დაიწყო, რადგან Impact Hub-ის გამარჯვებულ სტარტაპებს შორის მოხვედრამ მათ საშუალება მისცა, ტრენინგი ესტონეთში, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტარტაპ აქსელერატორთან, Startup Wise Guy-სთან გაევლოთ.

"ასევე, გვქონდა პატივი, ჩვენი პროექტი რეგიონში მოღვაწე ინვესტორებისთვის წარგვედგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, კატარში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ Web Summit-ს დავესწარით, სადაც იდეა ახლო აღმოსავლეთში არსებულ VC-ებსა და საინვესტიციო ჯგუფებს წარვუდგინეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი Hult Prize OCP-ზე გამარჯვებაა, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ საქართველოში პირველი სტარტაპი, რომელიც Hult Prize-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთვება და გვექნება შანსი, 1 მილიონი ევროს მოსაგებად ვიბრძოლოთ".

Hult Prize-ი "გაეროს" მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეწარმეებისა და სტუდენტების მიერ დაარსებული სტარტაპების მხარდაჭერას, რომლებიც "გაეროს" მდგრადი განვითარების 17 მიზანს იზიარებენ და მათ გადაჭრაზე მუშაობენ.

"პროექტის ფარგლებში პირველი სამიტი დუბაიში გაიმართება, სადაც პროექტის პრეზენტირება მოგვიწევს. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაღალია პასუხისმგებლობა, იყო საქართველოდან პირველი სტარტაპი და მოხვდე საუკეთესო უნივერსიტეტების საუკეთესო გუნდებთან ერთად შეჯიბრზე.

ჩვენი გუნდი სიამაყით წარმოადგენს თბილისის "თავისუფალ უნივესიტეტს", თუმცა აქ არიან გუნდები ჰარვარდიდან, კემბრიჯიდან, იელიდან და სხვა მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტებიდან. მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ ჩვენი იდეით აქსელერაციაში ლიდერობას მოვახერხებთ.

ამასთან, ვმონაწილეობთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი აქსელერატორის, Startup Wise Guys-ის პროექტში, რომელიც საშელებას მოგვცემს, ჩვენი პროდუქტი კიდევ უფრო მეტ ინვესტორს წარვუდგინოთ ბალტიისპირეთსა და ევროკავშირში.

პროდუქტის განვითარება და მარკეტინგი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც საინვესტიციო რაუნდს ვხსნით. სწორედ ამ აქსელერაციების პარალელურად ვეცდებით, საკმარისი რესურსი მოვიძიოთ იმისთვის, რომ healzcare.org გახდეს მსოფლიო ციფრული ბაზარი სამედიცინო ტურიზმისთვის და წლის ბოლოს უკვე თურქეთის, ისრაელისა და ევროკავშირის სამედიცინო ბაზრებზე გავიდეთ".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია