იბრძოლე შენი მიზნებისთვის! და მაინც, რა შეიძლება ისწავლონ ანტრეპრენერებმა წარმატებული სპორტსმენებისგან?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამარჯვება ჩვენია. მე მხოლოდ უკეთესი და უკეთესი გავხდები", – მერაბ დვალიშვილი
"ხალხო, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, თუკი იცი, სად მიდიხარ. გაცილებით მნიშვნელოვანია, რა არის შენ წინ", – ილია თოფურია
სპორტსმენებსა და ანტრეპრენერებს რომ ბევრი საერთო აქვთ, ამაზე აქამდეც გვისაუბრია, მაგრამ დღეს, როცა ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია, ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით.
2024 წლის 18 თებერვალი ისტორიული დღე იყო! ამ დღეს მთელი საქართველო UFC-ში პირველი ქართველის ჩემპიონობას ზეიმობდა! ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი, ხოლო მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ლეგენდარული ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
შემდეგ ბრძოლას მერაბ დვალიშვილიც საჩემპიონო ქამრისთვის ჩაატარებს და იმედია, მის ჩემპიონობასაც ვიზეიმებთ, დვალიშვილის ერთგულ გულშემატკივართან, მარკ ზაქერბერგთან ერთად, რა თქმა უნდა!
და მაინც, რა შეიძლება ისწავლონ ანტრეპრენერებმა წარმატებული სპორტსმენებისგან?
მიზანდასახულობა
მერაბ დვალიშვილს მოვუსმინოთ – "თავიდან არარეალური, შორი და წარმოსადგენადაც კი თითქმის შეუძლებელი იყო, თუ ოდესმე მოვხვდებოდი UFC-ში, სადაც მხოლოდ ამ სპორტის ვარსკვლავები არიან".
ესაა ნაწყვეტი მისი 2018 წლის ინტერვიუდან, სადაც მერაბი ამერიკული ემიგრაციის პირველ წლებს იხსენებს, როცა ის მშენებლობაზე მძიმე პირობებში მუშაობდა, მაგრამ პარალელურად სპორტული კარიერისთვის ინტენსიურად ემზადებოდა.
"ამერიკაში შენთვის არავის სცალია, ყველას თავისი საქმე აქვს – აქაურ გადასახადებს რომ გაუმკლავდეს, ნორმალურად რომ იცხოვროს, ყველამ უნდა იმუშაოს. მე კი, რადგან აქ სპორტში არავინ მიცნობდა, ბრძოლებში თანხასაც არ მიხდიდნენ. პროფესიონალებში რომ გადავსულიყავი, სახელის მოსახვეჭად ყველაფერი ნულიდან დავიწყე.
მშენებლობაზე მივედი სამუშაოდ, რადგან სახლების დასანგრევად ფიზიკურად ძლიერი, გამძლე და ამტანი ბიჭები სჭირდებოდათ. პირველი ზამთარი ძალიან ძნელი შესაჩვევი იყო – ფიზიკურად მძიმე მუშაობა, დანგრევა და მერე ამ ნაგვის კონტეინერში ჩაყრა, თან, ყოველდღე, კვირის გარდა, გარეთ, ყინვაში მიწევდა მუშაობა 8 და 10 საათი – დილის 7-დან დაახლოებით 5 საათამდე. მერე ნახევარი საათი ცხელი შხაპის ქვეშ ვდგებოდი გასათბობად და მხოლოდ ამის შემდეგ მივდიოდი ვარჯიშზე".
ემიგრაციის პირველ წლებში, როცა მერაბს ამერიკაში არავინ იცნობდა და მშენებლობებზე სიცოცხლისთვის საშიშ რისკზეც კი მიდიოდა, ბევრისთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელიც იქნებოდა მისი ასეთი წარმატებული სპორტული კარიერა, მაგრამ მერაბს სჯეროდა, რომ ეს დღეც დადგებოდა, რადგან მას ჰქონდა მკაფიო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად თანმიმდევრულად, მიზანმიმართული ძალისხმევით, ყოველდღიურად ემზადებოდა.
"იბრძოლე შენი მიზნებისთვის! შეუძლებელი არაფერია! მე თუ გამომივიდა, შენც გამოგივა!" – მერაბ დვალიშვილმა საკუთარ მაგალითზე მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია!
კიდევ ერთხელ მივულოცოთ მერაბს გამარჯვება და ვისწავლოთ მისგან, რომ გამარჯვება იმ ადამიანებთან მიდის, ვინც დასახულ მიზანს საკუთარ თავს ბოლომდე მიუძღვნის!
თავდაუზოგაობა
2024 წლის 18 თებერვლის ისტორიული გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილი იტყვის – "მე კი არ ვოცნებობდი, არამედ ბევრს ვმუშაობდი მიზნის მისაღწევად. როცა ბევრს შრომობ, თავდაუზოგავად ემზადები, მაშინ რინგზე გასვლა საშიში აღარაა, მეტიც, ეს ჩემთვის კომფორტულია".
თავდაუზოგაობა ის იშვიათი თვისებაა, რომლის გარეშეც სპორტში, ბიზნესსა თუ ნებისმიერ საქმეში პირველობა წარმოუდგენელია. მსოფლიო კლასის ტიტული ათასობით საათის პრაქტიკას მოითხოვს, თანაც წლების მანძილზე, შეუჩერებლად, უწყვეტად და მიზანმიმართულად.
მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია საკუთარი მაგალითითაც ამას ამტკიცებენ – რომ არა თავდადებული შრომა, თავდაუზოგავი მუშაობა, ისინი დღეს შესაძლოა წარმატებული სპორტსმენები ყოფილიყვნენ, მაგრამ UFC-ის ჩემპიონობას ნამდვილად ვერ შეძლებდნენ.
ჩემპიონობა მსხვერპლს მოითხოვს. საკუთარი მიზნისთვის მსხვერპლის გაღება არჩევანისა და პრიორიტეტის საკითხია. აირჩიე, უერთგულე და შენც გახდები საკუთარი საქმის ჩემპიონი!
თავდაჯერებულობა
"ძალიან ბედნიერი ვარ. მეუბნებოდნენ, ამას ვერ შეძლებ, ამას ვერ მოახერხებო. ჩემში ეჭვი ეპარებოდათ, არ სჯეროდათ. ერთადერთი, ვისიც ამ ცხოვრებაში უნდა ირწმუნოთ და დაიჯეროთ, ეს საკუთარი თავია. უბრალოდ, ყოველთვის ენდეთ საკუთარ თავს, თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. შემომხედეთ, შემომხედეთ ახლა!
ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის! ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღესაც UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი".
ეს სიტყვები ილია თოფურიას ეკუთვნის, ვისაც ისევე, როგორც სხვა ჩემპიონებს, თავის დროზე არაერთხელ მოუწევდა საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება, რასაც მხოლოდ თავდაჯერებით პასუხობდა, საკუთარ მიზანზე ხელს არ იღებდა, მძიმე შრომას არ ერიდებოდა და მიზანმიმართულად მუშაობდა საკუთარ თავზე. საკუთარ თავზე, რომელიც ერთადერთია, ვინც პასუხს აგებს გამარჯვებაზეც და მარცხზეც.
სწორედ საკუთარი თავის რწმენითა და მაღალი თავდაჯერებით არის შესაძლებელი გარშემო მყოფთა ნიჰილიზმისა და უიმედობის დაძლევა. აქედან ჩემპიონობამდე კი ერთი ნაბიჯია, რა თქმა უნდა, მრავალათასიან პრაქტიკასა და თავდაუზოგავ შრომაზე გავლით.
მადლობა ქართველ ჩემპიონებს, ვინც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენც უნდა გავხდეთ:
მიზანდასახული!
თავდაუზოგავი!
თავდაჯერებული!
სპორტშიც, ბიზნესშიც, ცხოვრებაშიც!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი