ქალები სოფლის მეურნეობის დარგიდან, რომლებაც საყვარელი საქმე ბიზნესად აქციეს
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღესდღეობით, ქალები სულ უფრო მეტ როლს თამაშობენ ეკონომიკის განვითარებაში. ამას ემატება ისიც, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნესსექტორში ერთ-ერთ მთავარ გლობალურ პრიორიტეტად იქცა. საზოგადოებამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ ქვეყნის განვითარების ყველა ინდექსის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, ქალიც და მამაკაციც თანაბრად იყვნენ ჩართულნი ეკონომიკის ფორმირებაში. თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემების მიხედვით, ქალებისთვის ბიზნესსაქმიანობის დაწყება, სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდ სირთულეებთან ასოცირდება. ქალთა კარიერულ განვითარებას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: სტერეოტიპები და კულტურული დამოკიდებულებები, ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვა, ფინანსებზე წვდომის ნაკლებობა, განსხვავება შემოსავალში და სხვა. ქალი მეწარმეების წინაშე არსებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს ცხოვრება რეგიონში − სადაც არაა შესაბამისი რესურსები იმისათვის, რომ საკუთარი საქმიანობა დაიწყონ. ფინანსებზე წვდომის ნაკლებობა, არასრულფასოვანი ინფრასტრუქტურა, ცნობიერება, სოციალური მდგომარეობა და სხვა − ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დაბრკოლებებისა, რომელთა გადალახვაც ყოველდღიურად უწევთ ქალებს იმისათვის, რომ საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციონ.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ქალების მონდომება, არამედ სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიების გატარება, რომლებიც ქალებს ფინანსური და საინფორმაციო რესურსებით უზრუნველყოფს. ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში", რომელსაც ფონდი "კრისტალი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალთან" ერთად ახორციელებს.
Entrepreneur მიმდინარე ნომერში გაგაცნობთ USAID YES-Georgia-ს პროგრამის ბენეფიციარების − იმ გამბედავი ქალების ისტორიებს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი, შეზღუდული რესურსების ფარგლებში, ნულიდან დაიწყეს. ისინი უპასუხებენ შეკითხვებს, თუ როგორ შეიძინეს ახალი უნარები, რა სახის გამოწვევები შეხვდათ და რა გზა გაიარეს საკუთარი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე.
მეწარმე ქალები მარადისიდან
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ზემო აჭარის მეწყერსაშიში ზონების სიმრავლის გამო, ეკომიგრანტები ჯერ კიდევ 1989 წელს ჩამოასახლეს აქ და სწორედ მათ ძალისხმევას უკავშირებენ მარნეულში ახალი ქართული სოფლების განაშენიანებას.
დიდი ხნის განმავლობაში, ჩამოსახლებული ეკომიგრანტების მთავარი გამოწვევა ახალ ადგილას საკუთარი თავის დამკვიდრება გახლდათ. თუმცა, თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლეს, რომ მარნეულის უხვმოსავლიანობა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობები მაქსიმალურად აეთვისებინათ და საკუთარი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ექციათ.
სწორედ ამ გარემოებების გამო, მარნეულის მკვიდრ მეწარმე ქალებს უფრო მეტი დაბრკოლებისა თუ წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ საკუთარი საქმის დასაწყებად. ამ დაბრკოლებებს კი დღემდე წარმატებით ლახავენ.
ნაირა ბოლქვაძე, ხათუნა ბოლქვაძე და ნესტან ფუტკარაძე მარადისში მცხოვრები ის მეწარმე ქალები არიან, რომლებმაც შეძლეს და საყვარელი საქმე ბიზნესად აქციეს. დღეს ისინი ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობით სოფლის მეურნეობის არაერთ პროდუქტს აწარმოებენ, რომელიც გასაყიდად თბილისში ჩააქვთ.
უკვე მრავალი წელია, რაც მარადისელი ქალები სოფლის მეურნეობაში აქტიურად არიან ჩართულნი, თუმცა საყვარელი საქმის ბიზნესად გარდაქმნა მხოლოდ 5 წლის წინ გადაწყვიტეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ადგილობრივებისთვის მეწარმეობის შესახებ არაერთი საინტერესო ტრენინგი ჩატარდა.
"არასდროს მომსვლია აზრად, რომ სასათბურე მეურნეობა გამეკეთებინა, ან ბიზნესი დამეწყო ამ კუთხით. უბრალოდ, თავს ვირჩენდით. ამ ტრენინგებმა კი მოტივაცია შეგვძინა. მუდამ გვეუბნებოდნენ − აქციეთ თქვენი საყვარელი საქმე ბიზნესად, შემოსავლის წყაროდ და გახდით ქალი მეწარმეები. ყურში ისე ჩამესმოდა, რომ ჩემს საქმიანობაში დავიწყე იმის ძებნა, თუ რა შეიძლებოდა ბიზნესად გარდამექმნა", − ამბობს ნაირა ბოლქვაძე.
დღეს, ხათუნას, ნაირასა და ნესტანს თავიანთი სათბურები აქვთ და არაერთი პროდუქტი მოჰყავთ. თუ ხათუნა ბოლქვაძის სათბურში ყვავილოვანი და სალათის ფურცლები გვხვდება, ნაირა ბოლქვაძის სათბურში მათთან ერთად სატაცურს, კელიას, ბამიას, კიტრსა და სხვა პროდუქტებს შეხვდებით. ნესტან ფუტკარაძემ საქმიანობა თავდაპირველად მცირე მეურნეობით დაიწყო და მხოლოდ კარტოფილი მოჰყავდა ღია გრუნტზე, თუმცა ზაფხულის სიცხესთან გასამკლავებლად ნელ-ნელა სათბური მოაწყო, სადაც ახლა უკვე ხილ-ბოსტნეული მოჰყავს და ჩითილებსაც ზრდის.
"ერთ დღესაც გამიჩნდა იდეა, გამეშენებინა ხეხილი. ამოვირჩიე ღია ნაკვეთი სახლთან ახლოს და საქმეს შევუდექი, დიდი ძალისხმევის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩემს ბიზნესს დამოუკიდებლად ვმართავ. ვინაიდან უკვე რამდენიმე წელია ამ საქმიანობით ვართ დაკავებულნი, გვყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც ჩვენს პროდუქტებს ყიდულობენ. ჩემთვის მათი ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია", − აღნიშნავს ნესტან ფუტკარაძე.
მარადისში მცხოვრებმა ქალებმა თავდაპირველად ტრენინგები გაიარეს, სახელმწიფო სესხი აიღეს და ასე დაიწყეს ბიზნესის წარმოება. ყველაფერი საკუთარი ხელებით შექმნეს, ნელ-ნელა საგრანტო კონკურსებსა და სხვადასხვა ტრენინგში ჩაერთნენ, ამით კი საკუთარი თავისა და ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავდნენ.
"ქალები აქტიურად ჩავერთეთ სხვადასხვა პროექტში, გავიარეთ უამრავი ტრენინგ-სემინარი, რომელიც შემდეგ ჩვენი ბიზნესის განვითარებაში გამოგვადგა. თითქმის 2019 წლიდან დავიწყეთ ძირითადი ბიზნესები, რადგან ბევრი ბიზნესტრენინგით და კომპიუტერის შესწავლით განვითარების გზაზე დავდექით და მივხვდით, რომ შეგვეძლო, ჩვენი საქმიანობა ბიზნესად გარდაგვექმნა", − ამბობს ნაირა ბოლქვაძე.
Entrepreneur-თან საუბრისას მარადისელი ქალები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საჭირო და საკმარისი ინფორმაციის არქონა იყო − იქნებოდა ეს ტექნიკური თუ საბანკო სფეროსთან დაკავშირებული საკითხი. ზოგიერთ მათგანს ქალის მიერ ბიზნესის წამოწყება შეუძლებლადაც კი ეჩვენებოდა, თუმცა ახლა სწორედ თავად ქმნიან ბიზნესებს.
"კომპიუტერი რომ არ ვიცოდი, ეს იყო ჩემთვის გამოწვევა. არ ვიცოდი, რომ არსებობდა სახელმწიფო სესხი, რომელიც შემეძლო გამომეტანა; ტექნიკა, სათბურები − არ ვიცოდით, როგორი აგვეშენებინა. არა მარტო მე, მთელი სოფლის ქალებმა არ ვიცოდით. შემდეგ ჩვენს უფლებებს გავეცანით და საჭირო ინფორმაცია მივიღეთ", − ამბობს ნაირა ბოლქვაძე.
მარადისელი ქალები მუდმივად ერთმანეთის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე ზრუნავენ. ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში, კოვიდინფიცირებულ ოჯახს, რომლის წევრებიც საავადმყოფოში იწვნენ, სარეველაშერეული ნაკვეთი გაუთოხნეს და მოსავალი გადაურჩინეს. სწორედ ამ ერთიანობისა და შრომისმოყვარეობის შედეგია კოოპერატივი "მწვანე მარადისი", რომელიც ადგილობრივმა ქალებმა დააარსეს და დღეს ჩითილებს აწარმოებენ. კოოპერატივის არსებობა მათ კიდევ უფრო უმარტივებს თავიანთ საქმიანობას.
"ტრენინგების გავლის შემდეგ კოოპერატივის დაარსება გვსურდა, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი პრივილეგია გვექნებოდა. 10 ადამიანი შევთანხმდით და ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივი. ჩითილები გამოგვყავს და ვყიდით. ახლა პირველი წელი იყო და უკვე 150 000 ჩითილი გვაქვს გაყიდული", − ამბობს ხათუნა ბოლქვაძე.
მეწარმეობის პარალელურად, მარადისელი ქალები აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესებში. ნაირა ბოლქვაძე მარნეულში, კოლეჯ "მოდუსში" პრაქტიკოსი ლექტორია. უკვე 2 წელია სტუდენტებს ბოსტნეულის კულტურების ახალი ტექნოლოგიებით მოყვანას ასწავლის. სტუდენტებთან ერთად კოლეჯის სათბურში ულამაზესი ბოსტნეული, სალათები, ბროკოლი, ყვავილოვანი პროდუქტები მოჰყავს. გარდა ამისა, რამდენიმე სტუდენტს კოლეჯის სხვა ლექტორებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებაშიც დაეხმარა, რომლებსაც დღეს თავიანთი სათბურები აქვთ.
ხათუნა ბოლქვაძეც სხვა ქალებთან ერთად მოკლევადიან პროექტებს ახორციელებს კოლეჯში და სტუდენტებს პრაქტიკულ დონეზე უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ამასთან, მისი მიზანია, მომავალში სრულყოფილი ფერმერი გახდეს, ამიტომაც კოლეჯ "მოდუსში" მებოსტნეობის მიმართულებით 1-წლიან სასწავლო კურსზე ჩაირიცხა.
თითოეულ მათგანს სამომავლოდ საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს. ნაირას მარადისში სოციალური საწარმოს დაარსება და სტუდენტების აყვანა სურს, რომლებსაც ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას ასწავლის. ხათუნა ბოლქვაძეს კი ეტიკეტის შექმნა სურს − საკუთარ პროდუქტს მეორად სახეს მისცემს და ბაზარზე მწნილს გამოიტანს, რომელსაც თავისი შეფუთვა და სახელი ექნება. თუმცა ამისთვის სახსრები სჭირდება, ისევე, როგორც ნესტანს, რომელსაც სამომავლოდ საკუთარი წარმოების გაფართოება სურს.
მარადისელი ქალები თანხმდებიან, რომ წარმატებული მეწარმე მონდომებული უნდა იყოს და რაც მთავარია, არასდროს უნდა თქვას უარი განათლებასა და სიახლეებზე; უნდა უყვარდეს საკუთარი საქმე და კარგადაც ეხერხებოდეს. ხათუნა იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი ბიზნესის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, მოუწოდებს გაბედონ საკუთარი საქმიანობის დაწყება და არასდროს დანებდნენ.
"გაბედონ, მე ვერ ვბედავდი და მეგონა, რომ არ შემეძლო. ეს უნდა გადალახონ და თქვან, რომ ყველაფერი შეუძლიათ და გამოუვათ. უნდა გადადგან ნაბიჯი, რაც შეიძლება სწრაფად, უყოყმანოდ. ბევრი არ უნდა იფიქრონ, მე ბევრს ვფიქრობდი, ძალიან. ტრენინგების შემდეგ დავფიქრდი, რომ მეც შემიძლია წამოვიწყო საკუთარი საქმიანობა და რომ მეც ძლიერი ქალი ვარ", − ამბობს ხათუნა ბოლქვაძე.
ნანა შარაშიძე − საოჯახო მეურნეობა "დოშკანა"
ნანა შარაშიძე პროფესიით არაბული ენის სპეციალისტი და იურისტია. სხვადასხვა პერიოდში სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის მინისტრის მრჩეველიც გახლდათ. გარდა ამისა, იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გაძლიერებითა და მათი უფლებების დაცვითაა დაინტერესებული. ნანამ არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალი, ბავშვი და სოციუმი" დააარსა, რომელიც შშმ-ბავშვთა მშობლების გაერთიანება გახლავთ და მათთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.
ნანა შარაშიძე დღემდე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ჯგუფის გაძლიერების მიმართულებით, სულ ახლახან სხვა მეწარმე ქალებთან ერთად "ხაშურის მეწარმე ქალთა გაერთიანება" ჩამოაყალიბა. მათი მიზანი რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერებაა, რომლებსაც გარკვეული გარემოებების გამო ხელი არ მიუწვდებათ სხვადასხვა შესაძლებლობასა და ინფორმაციაზე.
უკვე დიდი ხანია, რაც ნანა ოჯახთან ერთად ამუშავებს მიწას და სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ვაზი, კენკრა და ბოსტნეული მოჰყავს. 2016 წელს მან და მისმა მეუღლემ ქვიშხეთში დაიდეს ბინა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს 40%-იანი თანამონაწილეობით მაყვლის ბაღი გააშენეს. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი საოჯახო მეურნეობა "დოშკანას", რომლის პროდუქციაც მცირე ოდენობით ჰიპერმარკეტებში − "გუდვილსა" და "აგროჰაბში" იყიდება.
დროთა განმავლობაში, საოჯახო მეურნეობას არაერთი პროდუქტი შეემატა, დღეისთვის აქ შევხვდებით უეკლო მაყვალს, რამდენიმე ჯიშის ჟოლოსა და მარწყვს, მცირე ოდენობით სხვადასხვა ფერის მოცხარს, ხურტკმელს. ასევე, საქართველოში ჯერ კიდევ უცნობ კენკრა არონიას, ირგასა და ცხრატყავას. ბოლო სამი წელია, რაც პომიდორი "ჩერი" მოჰყავთ, აწარმოებენ ზაფრანას. "დოშკანას" საოჯახო მეურნეობაში შიდა ქართლის ენდემურ და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოტანილ 19 ჯიშის ვაზსაც ვნახავთ. აქვთ ქართული და უცხოური ჯიშის ვაშლი, ქლიავი, მსხალი, კომში, ლეღვი, ალუბალი, თხილი, კაკალი და სხვა. აქ შევხვდებით ალპური და ზაანური ჯიშის თხებს, კურდღელს, თიანურ ჩალისფერ ინდაურებს და სხვა. საოჯახო მეურნეობაში წურავენ ნატურალურ ოჯახის ღვინოს. ფრეშ პროდუქტების გარდა კი კენკრის კონფიტიურს, ნატურალურ წვენებსა და მაყვლის არაყს აწარმოებენ.
"დოშკანასთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება კლიმატური პირობებია, რადგან ნანას თქმით, მიღებული მოსავლის 60-70% მეორეხარისხოვანი ხდება, სწორედ რომ კლიმატური პირობების გამო.
"ჩვენს რეგიონში ყველაზე პრობლემატური აღმოჩნდა მცხუნვარე მზე, რომელიც მაღალი ტემპერატურის დროს იწვევს პროდუქციის დაწვას, იერსახის შეცვლას და ზოგჯერ მის სრულად განადგურებას. სამწუხაროდ, სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკის შესაბამისად არ ხდება მზის დამწვრობისგან მოსავლის დაზღვევა, ამიტომაც ვერ ვსარგებლობთ სადაზღვევო პროდუქტით. გამოსავალი კი ამ ეტაპზე ორგვარად გვესახება: კენკრა უნდა გაშენდეს დახურულ სივრცეში (სათბური) ან უნდა გაკეთდეს საჩრდილობელი ბადეები. შესაბამისად, ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად აუცილებელია ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული", − ამბობს ნანა შარაშიძე.
სწორედ ეს დაბრკოლება გახდა ინსპირაციის წყარო, რომ საოჯახო აგრობიზნესი ნელ-ნელა აგროტურიზმის მიმართულებით განევითარებინათ. ნანას აზრით, მეურნეობას ამის შესაბამისი პოტენციალი აქვს და ამიტომაც, რესურსების მობილიზებას ცდილობს.
"გადავწყვიტეთ აგროტურისტული გზით წასვლა, რადგან ჩვენი ტერიტორია წარმოადგენს ტურისტულ ზონას. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ტურისტი ხშირად ჩვენს მხარეს ირჩევს დასასვენებლად. თუ ამას დაემატება ჯანსაღი პროდუქციის წარმოებაც, მიგვაჩნია, რომ ინტერესი გაცილებით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ ვგეგმავთ, "დოშკანა" აგროტურისტულ ლოკაციად ვაქციოთ და ისე მოვაწყოთ სივრცე, რომ ადაპტირებული იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის", − აღნიშნავს ნანა შარაშიძე.
თავდაპირველად, როდესაც ნანამ სოფლად ცხოვრება დაიწყო, სოფლის მეურნეობის შესახებ ბევრი რამ არ იცოდა, ამიტომ მუდმივად სწავლობდა წიგნებიდან, ინტერნეტიდან თუ ტრენინგებიდან. უკვე 6 წელია თითქმის ყოველდღიურად ეცნობა სხვადასხვა სიახლეს და ცდილობს სწავლა და შრომა ერთმანეთს შეუთავსოს. აქტიური სამეწარმეო საქმიანობის გარდა, ნანა შარაშიძე დღეს ფერმერთა ასოციაციის, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციისა და ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა "ელკანას" წევრია.
სამომავლოდ "დოშკანა" გაფართოებას სასტუმროს გახსნის გზით გეგმავს. საოჯახო მეურნეობის განვითარება მათ შესაძლებლობას მისცემს რეგიონისა და მოქმედი მეურნეობის შესახებ გაზარდონ ცნობიერება, გაუწიონ პოპულარიზაცია აგროტურიზმსა და ეკოლოგიურ პროდუქციას. როგორც აღვნიშნეთ, "დოშკანას" მეურნეობაში ალპური და ზაანური ჯიშის თხები ჰყავთ, ამიტომ თხის ფერმის გაფართოება და მასტერკლასების ჩატარება ყველის ამოყვანა-დავარგებაზე მათი ერთ-ერთი სამომავლო გეგმაა. ნანას თქმით, ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა სხვადასხვა ჩირითა და არომატით დამზადებულ თხის ყველზე, სოფელში და მეურნეობაში კი საკუთარი ჩირის წარმოების რესურსი არსებობს. ამდენად, ჩირის მცირე საშრობის შეძენას და ამ მიმართულებით შესაბამისი განათლების მიღებასაც გეგმავენ.
ინგა სამხარაძე − BerryShine
ინგა სამხარაძეს ბუნება და მცენარეები ყოველთვის უყვარდა. საქართველოში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებამ მისცა სტიმული, საქმიანობა ეკოტურიზმის სფეროში დაეწყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ სოფელში ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც გამოყენების დიდ პოტენციალს ფლობდა. სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს სოფელ ზემო ხვითში (გორის მუნიციპალიტეტი, სამაჩაბლო, კონფლიქტის ზონასთან) დააფუძნა კომპანია − BerryShine, რომელიც კენკროვანი კულტურებისთვის სასათბურე მეურნეობის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ინგა სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის პროექტ "ზრდა საქართველოში" გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, სადაც გაიმარჯვა და შედეგად, თანადაფინანსებით მარწყვის სათბური შექმნა.
რეგიონში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის გამო, სოფელში ყოფნა და საქმიანობა თავდაპირველად გაუჭირდა, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინგას და მის ოჯახს სოფლის დატოვება მოუწიათ. დაბომბვების გამო დაზარალდა მათი ტერიტორიაც და შეუძლებელი იყო რაიმეს გაკეთება. თუმცა "ფარ-ხმალი" არ დაყარეს, აღადგინეს სახლი, დაუბრუნდნენ ძველ კერას და განავითარეს სოფლის მეურნეობა.
"არ გვქონდა საჭირო დონის გამოცდილება და ძალიან ჭირდა სოფელში, სათბურში დამხმარე პერსონალის მოძიება. მარწყვის კულტურის მოყვანა-მოვლის საკითხებში ძალიან დაგვეხმარა ქალბატონი ნატო ცქიტიშვილი და ოჯახის წევრებისა და თანასოფლელების გვერდით დგომით გადავჭერით ყველა ეს პრობლემა. სათბურის განვითარებაში ერთ-ერთმა ბანკმა შეგვიწყო ხელი მიზნობრივი კრედიტებით, ასევე, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალმა". გუნდის შემადგენლობა ძირითად ოჯახის წევრები არიან და სეზონურად ვქირაობთ დამხმარე პერსონალს სხვადასხვა სოფლიდან. მათი შერჩევა ძირითადად გამოცდილების მიხედვით ხდება", − განმარტავს ინგა სამხარაძე.
YES-Georgia-ს ბენეფიციარი ინგლისური ენის მასწავლებელია და ამ დრომდე არ ჰქონია გამოცდილება სოფლის მეურნეობის საკითხებში. ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტების მომრავლებამ და ქალებისთვის მეტი შანსის გაჩენამ, მისცა სტიმული ახალი გამოწვევისთვის მოეკიდა ხელი. სწორედ ამ ნაბიჯებთან ასოცირდება ინგასთვის სიტყვა "ანტრეპრენერიც". როგორც თავად აღნიშნავს, ეს ტერმინი მისთვის გარისკვის, სიახლის, მოქმედების, შეუპოვრობისა და სითამამის გამომხატველია.
"ძალიან შრომატევადია, თან იყო მასწავლებელი და თან სოფლის მეურნეობაში საქმიანობდე. მიწევს თბილისიდან ზემო ხვითში ხშირად სიარული. რომ არა ოჯახის წევრების თანადგომა, ალბათ ვერ შევძლებდი. თუ მეტი მხარდაჭერა იქნება სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საქმეს მეტად წინ წავწევთ", − განმარტავს ინგა სამხარაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ინგა სამხარაძე სათბურის გაფართოებასა და გათბობის სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რათა სათბურში შესაბამისი მიკროკლიმატი უზრუნველყოს. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და შესაბამისი ჩართული ორგანიზაციების მხრიდან მეტ მხარდაჭერას საჭიროებს.
შეკითხვაზე, თუ რას ურჩევდა იმ ქალებს, ვისაც საკუთარი საქმიანობის დაწყება სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკან იხევენ, ინგა სამხარაძე გვიპასუხებს:
"თუკი აქვთ ანტრეპრენერისთვის საჭირო ყველა უნარი, სურთ საკუთარი საქმის წამოწყება, დროა გადადგან ნაბიჯი. ხოლო, თუკი გარკვეულ შიშს გრძნობენ, რომელიც აჩერებთ, დროა კარგად გააანალიზონ, სად არის მათი სისუსტე, რაზე მიანიშნებს მათი შიში და ამ სისუსტის გაძლიერებასა და საჭირო უნარების გამომუშავებაზე კონცენტრირდნენ".
თამარ კირცხალია − ჩაი "აკეთი"
თამარ კირცხალიამ ჩაის ბრენდი "აკეთი" 2019 წლის სექტემბერში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში დააფუძნა. მისი ინსპირაცია ქართული, ნატურალური პროდუქციის შექმნა და ძველი, მამაპაპისეული საქმიანობის გაგრძელება გახლდათ. შედეგად, დღეს, "აკეთი" მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ, ნატურალურ შავ და მწვანე ჩაის სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის შექმნა პანდემიის პერიოდს დაემთხვა და კომპანიის განვითარება საგრძნობლად შეფერხდა, სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით მოახერხეს, მომხმარებლებამდე ინფორმაციის მიტანა. დღეს უკვე ოჯახური ბიზნესის პროდუქციით სარგებლობენ არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ტურისტებიც. "აკეთის" პროდუქცია აქტიურად იყიდება სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის მაღაზიებში.
"ამ სფეროში ბიზნესის დაწყებამდე არ მქონდა გამოცდილება, მაგრამ ინტერნეტში და ადგილობრივ მეწარმეებთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ შესაბამისი ცოდნა. შემდგომ, საკუთარ საწარმოში მუშაობისას შევიძინეთ ახალი გამოცდილება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე ყველაზე გამორჩეულ, ნატურალურ და მოთხოვნად პროდუქციას ვამზადებთ.
ჩვენი სამომავლო გეგმაა, ტურისტებისთვისა და არა მხოლოდ მათთვის, სადეგუსტაციო სივრცის მოწყობა და ერთჯერადი პაკეტების დასამზადებელი დანადგარის შეძენა, რაც აუცილებელია ჩვენი ბრენდის სამომავლო განვითარებისთვის და ერთგული მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის", − განმარტავს თამარ კირცხალია.
საკუთარი საქმიანობის დაწყება, რა თქმა უნდა, შრომატევადია, ვინაიდან ერთდროულად გიწევს ფიქრი არა მხოლოდ ბრენდზე, არამედ ხარისხიან ნედლეულზე, პლანტაციის მოვლაზე და ა.შ. ბრენდზე მუშაობა უწყვეტ რეჟიმში ხდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია შესაბამისი მხარდაჭერა, რომელიც ყველა დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარება. სწორედ მსგავსი მხარდამჭერი პროგრამა აღმოჩნდა YES-Georgia, რომელიც, თამარ კირცხალიას აზრით, მნიშვნელოვნად აძლიერებს ქალ მეწარმეებს და დიდ სტიმულს აძლევს, წამოიწყონ საკუთარი საქმიანობა.
"USAID-ის პროგრამის მეშვეობით, უამრავი საინტერესო და კარგი ადამიანი გავიცანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები, რადგან ვცვლით ინფორმაციასა და გამოცდილებას. ერთმანეთის გვერდით დგომა ყველაზე საჭირო რამაა, ვინაიდან ეს გადაარჩენს და გააძლიერებს სოფელსაც.
ქალბატონებო, გოგონებო, გეტყოდით, რომ არასდროსაა გვიანი თქვენი მიზნებისა და ოცნებების განხორციელება. იშრომეთ, ნუ შეგაშინებთ დაბრკოლებები და აუცილებლად მიიღებთ შედეგს… და აი, უკვე თქვენ მიერ შექმნილი პროდუქციით მიღებული, დამსახურებული აპლოდისმენტები ღირს ამად. თქვენ შეძლებთ! მე არ მიმაჩნია, რომ ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია. ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ!", − აღნიშნავს თამარ კირცხალია.
USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"