Get All Access for $5/mo

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის საჭიროებები, შესაძლებლობები და რისკები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის საჭიროებები

ხელოვნური ინტელექტი არის რთული ხელოვნური კიბერნეტიკული კომპიუტერულ-პროგრამულ-აპარატული სისტემა (ელექტრონული, მათ შორის ვირტუალური, ელექტრომექანიკური, ბიო-ელექტრო-მექანიკური ან ჰიბრიდული), რომელსაც აქვს კოგნიტურ-ფუნქციური არქიტექტურა და საკუთარი ან ფარდობითი დაშვება საჭირო მოცულობის სწრაფმოქმედი გამოთვლითი სიმძლავრეებით.*

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დე ლაიენის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და უნდა იყოს მათი უფლებების შესაბამისი. (Artificial Intelligence must serve people and therefore, Artificial Intelligence must always comply with people's rights).

ხელოვნური ინტელექტი (AI) არის დისციპლინა, რომელიც საზრდოობს სხვა ციფრული ტექნოლოგიებით, განსაკუთრებით, დიდი მონაცემებითა და გამოთვლებით, ასევე ნეირომეცნიერებით. მაღალი ხარისხის გამოთვლის, ღრუბლოვანი გამოთვლის, ნივთების ინტერნეტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და გავრცელებამ ბოლო წლებში გზა გაუხსნა ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნიკისა და აპლიკაციების გაჩენას.

AI ტექნოლოგიები და AI-ზე მომუშავე სისტემები გამოიყენება ყველა სექტორში. სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები სულ უფრო აშკარა გახდა და განაპირობა ამ სფეროში გლობალური კონკურენციის დაწყება.

დღეის მდგომარეობით, 60-ზე მეტმა ქვეყანამ გამოაქვეყნა AI-ის სტრატეგია. AI გახდა ქვეყნებს შორის კონკურენციისა და თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი სფერო. შესაბამისად, 21-ე საუკუნის გამოწვევებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ქვეყანამ შეიმუშაოს AI სტრატეგია, რომლის პრიორიტეტების დადგენისას აუცილებელი იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ტენდენციებისა და მიდგომების გათვალისწინება ხელოვნური ინტელექტის სფეროში. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს რეკომენდაციებსა და პრიორიტეტებს, რათა კონსტრუქციული გზით გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაზე.

ამდენად, ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობისათვის, ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის არსებობა, რაც 21-ე საუკუნის გამოწვევაა. სტრატეგია საჭიროა, რათა განისაზღვროს ქვეყნის პრიორიტეტები და მათი დანერგვის გზები.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და რისკები

ხელოვნურმა ინტელექტმა კაცობრიობა ახალი ეპოქის ზღვარზე მიიყვანა. მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს უფრო დიდი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურაზე, ვიდრე ინტერნეტს. რა თქმა უნდა, მის დანერგვას და ციფრულ მმართველობას თან ახლავს საფრთხეები. AI, განსაკუთრებით მანქანური სწავლება და გადაწყვეტილების მიღების ავტომატური ტექნოლოგიების სხვა ფორმები, მზარდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ეძებენ, იღებენ, ავრცელებენ და სწვდებიან მოქალაქეები ინფორმაციას პოლიტიკურ კამპანიებსა და არჩევნებში, კერძოდ, ონლაინ პლატფორმებისა და სოციალური მედიის საშუალებით. ეს პლატფორმები იყენებენ AI-ს, როგორც უაღრესად რთული და გაუმჭვირვალე სისტემების ნაწილს, შინაარსის კურირებისთვის, რაც იწვევს გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვან გავლენას. არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ასეთმა ტექნოლოგიებმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომერციული ან პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას. ხელოვნური ინტელექტის მქონე ინსტრუმენტებს არ გააჩნიათ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ამის ფონზე, მათი მზარდი გამოყენება სარისკოა სიტყვის თავისუფლებისთვის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიის პლურალიზმისთვის.**

რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი შეიცავს კიბერრისკებსაც. აქტუალურია მონაცემთა უსაფრთხოების საკითხი, ხალხის მონაცემები შეიძლება შეგროვდეს ნებართვის გარეშე გაჯეტებითა და სენსორებით, კამერებით ქუჩაში.

ამიტომ, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ეფექტური AI სისტემის შექმნა მოითხოვს შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ ხასიათს.

მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ასევე, ხელოვნური ინტელექტის მიღწევები მართლმსაჯულების სფეროში. კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს საქმეთა რაოდენობა. აღნიშნული არ გულისხმობს მიმდინარე საქმეებზე მხოლოდ არსებითი გადაწყვეტილების მიღებას, ამ ეტაპამდე არსებობს არაერთი ტექნიკური ნაწილი, რაზედაც დიდი მოცულობის ადამიანური რესურსი იხარჯება და შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა იქცეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მართლმსაჯულების სისტემაში. გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმის მომზადების სტადიაზე, არაერთი ტექნიკური ხასიათის მოქმედება ხორციელდება. სწორედ ამ პროცესში უნდა დაინერგოს თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები.

სასამართლო სისტემაში მოსამართლეები საქმეებს განიხილავენ სპეციალიზაციის მიხედვით. ამ ეტაპზე საქმეთა ყველაზე დიდი რაოდენობა არის შემდეგი მიმართულებით - საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული სესხის (მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული სესხის) ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს და, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, სადაც მოსამართლეებს ათასეულობით საქმე აქვთ განსახილველად, რასაც რეალურად ესაჭიროება ძალიან დიდი ადამიანური რესურსი. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და პანდემიის პერიოდშიც კი მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯამში შემოსულია 124 576 ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმე. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად ამ სპეციალიზაციის განხრით დაინერგოს ხელოვნური ინტელექტი გამოყენება, კერძოდ, მას უნდა დაეკისროს ისეთი ოპერაციების განხორციელება, რომლებითაც შესაძლებელი იქნება განჩინებებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღება თავდაპირველ ეტაპზე, ხოლო შემდგომ სტადიაზე გაფართოვდეს მისი შესაძლებლობები და მსგავსი ტიპის დავები განსახილველად გადაეცეს ხელოვნურ ინტელექტს, რის შემდეგაც ადამიანური რესურსი, რომელიც დღესდღეობით აღნიშნული დავების განსახილველად გამოიყენება, სხვა სპეციალიზაციის დავების განიხილავს.

ქვეყნებში, რომლებშიც უკვე დაინერგა ხელოვნური ინტელექტი, შედეგად უფრო სწრაფად განიხილება საქმეები, ასევე გამარტივდა მიმართვიანობა სასამართლოსადმი. ესტონეთმა 2005 წელს დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურების გაციფრულება და დღეს უკვე შეიმუშავა AI მოსამართლის პროექტი, რომელის თანახმადაც, AI მოსამართლემ უნდა განიხილოს 7000 ევროს ფარგლებში დავები. პროგრამის მთავარი არსი შემდეგია - მხარეთა მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის შემდგომ ხელოვნური ინტელექტის მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელი იქნება გასაჩივრდეს ადამიან მოსამართლესთან. ხელოვნურ ინტელექტს, ესტონეთის გარდა, სასამართლო სისტემაში აქტიურად იყენებენ ინგლისი, ამერიკა, ჩინეთი, ავსტრალია.

ინგლისში ხელოვნური ინტელექტის მოსამართლემ ხუთიდან ოთხ საქმეზე ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემთხვევაში. ამისათვის ალგორითმმა შეისწავლა ინგლისურენოვანი მონაცემების ნაკრები 584 შემთხვევა, რომლებიც ეხებოდა ზემო აღნიშნულ დავებს. თითოეულ შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფა აანალიზებდა ინფორმაციას და იღებდა საკუთარ გადაწყვეტილებებს.

AI მოსამართლეს, ასევე, აქვს შესაძლებლობა, განიხილოს საოჯახო ტიპის დავები ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. მისი დანერგვაც ასევე ძალიან საინტერესო და ეფექტური იქნებოდა ქართულ რეალობაში.


* ზვიად გაბისონია, "ინტერნეტ სამართალი და ხელოვნური ინტელექტი", გვ. 446, გამომც. "იურისტების სამყარო", 2022 წელი

** (იხ. Policy Paper on Artificial Intelligence's (AI) Impact on Freedom of Expression in

Political Campaign and Elections, Armin Rabitsch* , und Thomas Tremlÿ *, Rania Wazirÿ;

April 2021).