"მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს" - მარიამ ლაშხი მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტთან გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტზე, The News Agents-ზე ისაუბრა, რომლის წამყვანებიც ჟურნალისტები ემილი მეიტლისი, ჯონ სოპელი და ლუის გუდალი არიან.
პოდკასტის ეპიზოდი რუსულ კანონს და საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხება.
გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილის თარგმანს:
თქვენმა პრემიერმინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია?
ეს არის რაღაც, რაც... გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც...
მოიცადეთ, ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ... რას აკეთებენ ფრიმასონები? თქვენი აზრით, ფრიმასონები გლობალური ომით მანიპულირებენ?
მე პირადად უბრალოდ ვადარებ მათ, ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პირადულად არ ვიცნობთ.
და ფრიმასონების გარდა სხვა ვინ?
მასონების, რომლებსაც გავლენა აქვთ და ვაღიარებთ, რომ, დიახ, აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა.
გლობალური ომის პარტიის წევრები მასონების გარდა ვინ არიან?
არ ვიცი...
თქვენმა პრემიერმინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა და "გლობალური ომის პარტია" დაადანაშაულა ევროკავშირისა და აშშ-ს მანიპულირებაში...
რომლებსაც აქვთ გავლენა, ხომ?!
პიროვნულად არ ვიცი, მაგრამ არის დამატებითი ძალა, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს
მთელი პატივისცემით, თუ თქვენი პრემიერი ადამიანებს ადანაშაულებს, რომ არის ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც გლობალური მასშტაბით ომს ამზადებს, რომელსაც გავლენა აქვს ევროკავშირზე, ორგანიზაციაზე, რომელშიც გაწევრიანების იმედი გაქვთ, არ გგონიათ, რომ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს?
კი, რა თქმა უნდა და ჩვენ გვყავს მაღალჩინოსნები, რომლებიც... ესეც (რედ. - ეს ინტერვიუ) მათთან შეხმიანების გზაა.
ვისთან?
ანუ, მათ ვეხმიანებით, ვინც არიან...
მაგრამ ვინ არიან? ეს შეთქმულების პოლიტიკას ჰგავს.
დიახ, შეგვიძლია შეთქმულება დავარქვათ.
ესე იგი, გჯერათ, რომ ამჟამად შეთქმულება არსებობს, რომელბიც გლობალური ომს ამზადებს ან დასავლეთს აიძულებს, რომ ომში ჩაერთოს?
ჩვენ ამის მტკიცებულებები ვნახეთ.
....
არ არის მართალი, რომ თქვენმა პარტიამ, თქვენი პრემიერი და თქვენი მილიარდერი სპონსორი ამზადებთ ამ შეთქმულებებს გლობალური ომის პარტიის შესახებ, რათა თქვენი ძალაუფლება გაიმყაროთ, თქვენი მოსახლეობა დააკმაყოფილოთ, უთხრათ, რომ ეს ხალხი თქვენს წინააღმდეგაა და ჩვენ მათგან დაგიცავთ? ეს ხომ ადამისდროინდელი ზღაპარია.
არა.
არც კი შეგიძლიათ, რომ დაასახელოთ ვინ არიან ეს ადამიანები. ვინ არიან ამ გლობალური ომის პარტიაში? ეს სრულიად გამოგონილს ჰგავს.
არა, ეს არ არის გამოგონილი. ეს ფაქტებზეა. მტკიცებულებებზეა.
წამყვანის თქმით, ინტერვიუს უფრო დიდი ნაწილი აღარ გააშუქეს.
"შეგვეძლო, ამ ინტერვიუდან კიდევ უფრო მეტი გვეჩვენებინა. ძალიან ბევრი გაგებით, გაოგნებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა მას იმის, რასაც ამბობს, მრავალმხრივ შემაძრწუნებელი იყო". - თქვა გუდალმა.
წყარო: SPECIAL REPORT: Is Putin coming for Georgia? The News Agents
თარგმანი: ტაბულა