Get All Access for $5/mo

მიტანის სერვისი დრონებით - ინოვაცია ქართულ ბაზარზე Waiter Call-ის ინოვაციური შესთავაზება მომხმარებლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ ბაზარზე ინოვაცია შემოდის – მალე მიტანის სერვისი დრონებით განხორციელდება. სიახლეს მომხმარებლებს კომპანია Waiter Call შესთავაზებს. კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ელიარ აქჰია.

აქჰი ამბობს, რომ მიტანის სერვისში დრონების გამოყენების იდეა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაჩნდა. ინციდენტს შემდეგნაირად იხსენებს:

"საქართველოში ცხოვრების მეორე დღეა. ტაქსიში ვზივარ და უცებ კურიერი თავისი მოპედით გვეჯახება. კურიერი მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩემმა ტაქსის მძღოლმა კი ამიხსნა, რომ შეკვეთას რაც უფრო სწრაფად მიიტანენ, მეტი შანსი აქვთ ბონუსის მიღების. სწორედ მაშინ გამიელვა იდეამ – რა მოხდება, თუკი ამ საქმეში რობოტებს გამოვიყენებთ?"

რობოტებზე ფიქრი მომხდარის შემდეგ არ შეუწყვიტავს, ბოლოს კი მივიდა საბოლოო იდეამდე – დრონები ცაში, რობოტები მიწაზე და ცალკე რობოტები მომსახურების სფეროში, მაღაზიებში. ასე დაიბადა Waiter Call-ის შექმნის იდეა. ბიზნესიდეის დამუშავების პროცესში კიდევ ორნაირი სერვისის მიწოდება გადაწყდა − Waiter Call – Standard და Waiter Call – Prestige.

პრესტიჟსა და სტანდარტს შორის სხვაობა ისაა, თუ რა სახის მომსახურებას სთავაზობს კლიენტს – პრესტიჟის მომხმარებლები მიტანის სერვისით ისარგებლებენ, ხოლო სტანდარტი კაფეებსა თუ მაღაზიებში მიღებული სერვისია.

მაგალითად, თუკი თქვენ Waiter Call – Prestige მომხმარებელი ხართ, ნიშნავს, რომ ობიექტებიდან გამოძახებულ ამანათებს ინოვაციური ტექნოლოგიით მიიღებთ დანიშნულების ადგილას. პროდუქციას მოგაწვდით დრონი, რომელსაც არ მოუწევს საცობებში დგომა და, შესაბამისად, მიწოდების სერვისიც ბევრად სწრაფი იქნება.

რაც შეეხება Waiter Call – Standard კლიენტებს, მომსახურების ჯაჭვი ასეთია: მაგალითად, "შედიხართ რესტორანში და ოფიციანტის ლოდინის ნაცვლად, QR-კოდს ასკანერებთ, მობილურიდან უკვეთთ ვახშამს, აქედანვე იხდით, შემდეგ კი შეგიძლიათ თქვენი შეკვეთა ან წაიღოთ, ან რესტორანშივე მიირთვათ". ეს სერვისი ხელმისაწვდომი იქნება როგორც რესტორნებში, ისე კაფე-ბარებსა და სწრაფი კვების ობიექტებში, მაღაზიებში და ა.შ.

აქჰი აცხადებს, რომ ამ სერვისით საქართველო ისეთი ქვეყნების რიგს შეუერთდება, როგორებიც არიან აშშ, იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი, ავსტრალია და სხვები. ეს რეგიონში პირველი მსგავსი მომსახურება იქნება, Waiter Call – Standard კი მხოლოდ საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.

იდეის ავტორი ფიქრობს, რომ ქართულ მომსახურების სფეროზე ინოვაცია დადებით გავლენას მოახდენს. ერთი მხრივ, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსს გაზრდის დროის დაზოგვითა და უკეთესი მომსახურების მიღებით, ხოლო ბიზნესისთვის დროს გამოათავისუფლებს სერვისის დახვეწისა და სიახლეების შეთავაზებისათვის.

იმისათვის, რომ მომსახურების შესახებ კლიენტების აზრიც მოისმინონ, Waiter Call გამოკითხვასაც ატარებს – რა მოსწონთ მომხმარებლებს, რას შეცვლიდნენ, რას ისურვებდნენ მომავალში – ამ ყველაფრის შესახებ აზრის დაფიქსირება მათ აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ.

ბიზნესმენი რამდენიმე პუნქტს ასახელებს, თუ რითაა გამორჩეული მათი ინოვაცია:

"პრესტიჟის მომსახურებით ამანათებს მიიღებთ ისეთ ადგილებშიც, სადაც აქამდე რთული ან წარმოუდგენელი იყო. ამ სერვისით სარგებლობით შეამცირებთ ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში, უარს ამბობთ საცობში თქვენი წვლილის შეტანასა და ადამიანების დაშავებაზე, როგორ ეს კურიერის შემთხვევაში მოხდა. მსგავსი სერვისები ახალისებს ბიზნესსაც, უზოგავს თანხებს და ფინანსების უფრო საინტერესოდ განკარგვის საშუალებას აძლევს", – ამბობს ელიარ აქჰი.

გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას – რობოტებისა თუ სხვა ტექნოლოგიების ჩართვა მომსახურების სფეროში არ ნიშნავს ადამიანებისთვის სამსახურის დაკარგვას, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. პირიქით − ბიზნესმენი ამბობს, რომ ტექნოლოგიების მართვას ადამიანი დასჭირდება, ამიტომ კურიერების ნაცვლად იქნებიან პილოტები. რაც ყველაზე საინტერესოა, სამსახურისთვის აპლიკაციის შევსებას და დასაქმებას შეძლებენ შშმ-პირებიც, რადგან დისტანციურად მუშაობის საშუალება მიეცემათ. აქჰი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, აღნიშნულ ბმულზე ადევნონ თვალი გამოცხადებულ ვაკანსიებს.

ინსპირაციაზე საუბრისას ბიზნესმენს მილიარდერი ილონ მასკი ახსენდება – აქჰი ამბობს, რომ მასკის დაუღალავი შრომა და ნოვატორული იდეები, რაც უნდა წარმოუდგენლად და გიჟურად ჟღერდეს, მისთვის ენერგიის მიმცემი და შთამაგონებელია.

"მას სურს, მარსზე წაგვიყვანოს, შექმნას ავტომობილები, რომლებსაც მძღოლები არ დასჭირდება. რატომ არ შეიძლება ყველამ მივბაძოთ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომავლის შექმნა ვცადოთ, რათა ვემსახუროთ საზოგადოებასა და ქვეყანას, რომელიც გვიყვარს?", – ამბობს ელიარ აქჰი.

ბიზნესმენის გეგმები და იდეები მრავალფეროვანია. Entrepreneur-ის თხოვნაზე, რომელიმე იდეა მაინც გაენდო ჩვენთვის, ელიარ აქჰიმ გვიპასუხა:

"ხაჭაპური გიყვართ? მეც! და ის ხომ ბევრად გემრიელი იქნება, თუკი თქვენივე სახლის კართან მოგიმზადებენ, რათა ცხელ-ცხელი მიირთვათ?!"

ელიარ აქჰი საქართველოში დარჩენასა და ბიზნესის აქ წარმოებას გეგმავს. ამბობს, რომ მისი იდეები შესაძლოა გიჟურადაც ჟღერდეს, თუმცა ქართული საზოგადოების მიმღებლობისა და ტექნოლოგიებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების იმედი აქვს. გარდა ამისა, ამბობს, რომ საქმეს შუა გზაზე არასდროს ტოვებს და რადგან ამ სიახლის შემოტანა და დანერგვა გადაწყვიტა, თავდაუზოგავად იმუშავებს მის გუნდთან ერთად, რათა წარმატებასაც მიაღწიოს.

"დროა უკან დავუბრუნო საქართველოს ყველა ის სიკეთე, რაც ამ 5 წლის განმავლობაში მომცა. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა და მადლიერება თითოეული თქვენგანის და სრულიად საქართველოს მიმართ. მშვიდობა და დიდება საქართველოს!"

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!