რიგითი მოქალაქის ღია წერილი პრეზიდენტს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქალბატონო სალომე,
რუსთაველის გამზირზე ვდგევარ ყოველ დღე, ისევე, როგორც ათასობით სხვა მოქალაქე. აქ უკვე მკაფიოდ იკვეთება, რომ შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად კოორდინირებულად მოქმედება არის საჭირო.
ვარ უპარტიო, სამოქალაქო საზოგადოების რიგითი წარმომადგენელი. ამ წერილსაც მაქსიმალურად ნეიტრალურ პლატფორმას ვაწვდი, რომელსაც საზოგადოება ჯანსაღ მედია საშუალებად მიიჩნევს.
ვფიქრობ ყველამ, ყველას, ყველაფერი უკვე დავუმტკიცეთ. საზოგადოება აჩვენებს თვითორგანიზების კარგ მაგალითს, პროევროპული პოლიტიკური ძალები კი პატივს სცემენ ჩვენს "უმიკროფონო" ფორმატს და თავის პარტიულ დღის წესრიგს არ გვახვევენ.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შემდეგი ნაბიჯებისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო. დგება მომენტი, როდესაც ერთმანეთთან მეტად შეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ, რესურსების განიავების დრო აღარ არის.
რუსთაველზე მდგომი ადამიანები მხოლოდ "სამიტინგე ხორცი" არ ვართ, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე უბრალოდ დგომა. არც პოლიტიკოსები ხართ მხოლოდ "კაბინეტური ოპოზიცია", რომელიც ქუჩაში განვითარებულ მოვლენებთან ადაპტირებას ვერ ახერხებს.
ჩვენ ვალდებული ვართ მოვსინჯოთ შეთანხმებულად მოქმედების მექანიზმები!
ერთი შეთანხმება უკვე გვაქვს: ყველანი ვემხრობით მშვიდობიან პროტესტის ფორმებს. რაც უფრო მშვიდობიანად მიმდინარეობს ჩვენი პროტესტი, მით უფრო მკაფიო ხდება, ვინ არის ამ ქვეყანაში მოძალადე და ვინ აწარმოებს ომს საქართველოსთან.
მთავარი შეცდომა, რასაც დღეს ვუშვებთ, არის წარმოდგენა, რომ პასიურად დგომასა და ვითარების ესკალაციას შორის შუალედი არ არსებობს. ჩვენ მეტი შეგვიძლია, ვიდრე პასიურად დგომა და ეს სულაც არ გვაიძულებს რაიმე სახის აგრესიისკენ გადახრას - იმოქმედო არ ნიშნავს იყო აგრესიული!
გთავაზობთ შეხვედრას. ქართველებს ცოტა გვიჭირს ინიციატივის გამოჩენა, ამიტომ მოდით ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯები, შევქმნათ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქუჩაში მდგომი რიგითი მოქალაქე შეხვდეს თავის პრეზიდენტს, მომიტინგეთა საფიქრალი გაუზიაროს და კოორდინირებულად მოქმედების შესაძლებლობები განიხილოს.
გპირდებით მოკლე და საქმიან შეხვედრას, კონკრეტული კითხვებით და კონკრეტული შეთავაზებებით, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საუბრებში უკვე რეგულარულად ისმის.
ასევე, მომიტინგეებს გპირდებით, რომ შეხვედრიდან გამოსული პრეზიდენტთან საუბრის შესახებ დეტალურად გიპატაკებთ, იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ამ წერილს გწერთ.
არ გადავდოთ, ქალბატონო სალომე, ძალიან ბევრი დრო და რესურსი ნიავდება ბოლო პერიოდში, შესაძლებლობების ფანჯარა არ არის უკიდეგანო, ვალდებული ვართ, მეტად აქტიურად ვიმოქმედოთ.
პატივისცემით,