Get All Access for $5/mo

სანდოობის ნიშანი ანუ ახალი სტანდარტი ქართულ e-commerce-ში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იქომერს ასოციაცია საქართველო, The USAID Economic Governance Program საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს Trustmark - სანდოობის ნიშნის პროექტს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Entrepreneur ესაუბრა ლადო კანდელაკს, "იქომერს ასოციაცია საქართველოს" თავმჯდომარეს.

პირველ რიგში, სანდოობის ნიშნის შესახებ რომ გვიამბოთ, რა არის და რას ითვალისწინებს ეს პროექტი?

TrustMark ანუ იგივე სანდოობის ნიშანი, პირველად ასოციაციის ბორდის წევრების ინიციატივა გახლდათ, რომელიც მოგვიანებით USAID-საც გავუზიარეთ და მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ასოციაციაში გვჯერა, რომ პროექტი ძალიან დაეხმარება eCommerce პლატფორმებს, უფრო მეტი ნდობის მოპოვებაში. მოგეხსენებათ, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა, ამავდროულად, გაჩნდა ისეთი მაღაზიები, რომლებისგანაც ბევრ დარღვევასა თუ თაღლითობას ჰქონდა ადგილი, რამაც მომხმარებლის დიდ ნაწილს ნდობა დაუკარგა. ამ გარემოებებმა დააყენა Trustmark-ის შექმნის და მიღების საჭიროება.

"იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს შესახებაც რომ მოგვიყვეთ, რას საქმიანობს ეს ორგანიზაცია და რა არის მისი მიზანი?

"იქომერს ასოციაცია საქართველო" 2020 წელს დავაფუძნეთ იქომერს და ციფრული სფეროს წარმომადგენლებმა. ასოციაციის მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პანდემიის პერიოდში დახმარება, რჩევების მიცემა და უფასო ვებინარების ჩატარება, რათა მათ სწორად დაელაგებინათ ყველა პროცესი და პროცედურა, რთულ პერიოდში გადაერჩინათ ბიზნესი და ონლაინ ვაჭრობა გამართულად ეწარმოებინათ.

ამის პარალელურად, ასოციაცია გახდა USAID-ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც განახორციელა რამდენიმე საინტერესო პროექტი. მაგალითად,

  • eCommerce აკადემია - რომლის ფარგლებშიც 20 სტუდენტი გახდა იქომერსის სპეციალისტი და მომენტალურად დასაქმდნენ კიდეც. ამ მიმართულებას ეხლა კიდევ უფრო ვაფართოებთ და მალე ახალი ნაკადის მიღებას დავიწყებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ eCommerce აკადემია რეგიონში პირველია და ამასთან დაკავშირებით დიდი გეგმებიც გვაქვს.
  • 25 ოქტომბერს ჩავატარეთ ღონისძიება "იქომერსის დღე", რომელიც რეგიონში პირველად გაიმართა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება. აქაც დიდი წარმატება გვქონდა, რადგან 500 სტუმრის ნაცვლად მოვიდა 750 ადამიანი.

სწორედ ამ საინტერესო პროექტებს შორის არის – Trustmark, რაც ელექტრონული ვაჭრობის ეთიკის კოდექსის შემუშავებასა და სანდოობის ნიშნის დანერგვას ისახავს მიზნად. ამ პროექტის ფარგლებში უფრო მეტად მოწესრიგდება ონლაინ მაღაზიები, რადგან ჩაუტარდებათ შესაბამისი აუდიტი და მომხმარებელიც მეტაც დაცული იქნება ონლაინშოპინგის დროს.

როგორ უნდა მიიღოს ონლაინ გაყიდვების პლატფორმამ სანდოობის ნიშანი?

პირველ რიგში ბიზნესმა/კომპანიამ უნდა მოგვმართოს ჩვენ, როგორც სანდოობის ნიშნის გამცემ ორგანოს. შემდეგ ჩვენი პროფესიონალი აუდიტორები დაიწყებენ იქომერს პლატფორმის შეფასებას, ჩვენ მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. მერე იწყება პლატფორმის მხარეს ტექნიკური და ბიზნეს პროცესების გამოსწორება. რის შემდეგაც გავცემთ სანდოობის ნიშანს.

ეს, პირველ რიგში, თავად ონლაინ მაღაზიებისთვის იქნება სარგებლიანი, რადგან მოიპოვებენ მეტ ნდობას და გაზრდიან გაყიდვებს. საბოლოოდ ყველა მხარე კმაყოფილია, ონლაინ მაღაზიაც და მომხმარებელიც. ერთი სიტყვით პროცესი ძალიან მარტივი, სასარგებლო და საინტერესოა.

რისთვის არის მნიშვნელოვანი სანდოობის ნიშნის მიღება, რაში დაეხმარება და რა სარგებელს მოუტანს ეს როგორც მომხარებელს, ასევე პლატფორმას?

მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა სოციალური ქსელებით ვაჭრობა, სადაც ამ ეტაპზე სრული განუკითხაობაა. სოციალურ ქსელში გაჩენილი "მაღაზიები"-ს უმეტესობა არც გადასახადებს იხდიან, არც არაფრით კონტროლდებიან. ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებელს წინასწარ არიცხვინებენ პირად ანგარიშზე თანხას და შემდეგ იკარგებიან. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს ეკარგება ნდობა, რადგან ამის გამო ის აღარც წესიერ ონლაინ მაღაზიებს ენდობა.

ჩვენი მიზანია, მოვუფრთხილდეთ თითოეულ მომხმარებელს და ვაჩვენოთ მათ, რომ ელექტრონული კომერცია შეიძლება იყოს სანდო, კომფორტული და პრაქტიკული პროცესი, სადაც ყველანაირი ქმედებით და შედეგით კმაყოფილი დარჩება. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ნდობა ჰქონდეთ ადამიანებს ონლაინ პლატფორმების მიმართ და ხშირად გამოიყენონ ისინი. ასევე ჩვენი მიზანი არსებული იქომერსების ხელშეწყობა და მათი კიდევ უფრო გაჯანსაღებაა. ასოციაცია თავის საქმეს აკეთებს და ვალდებულია ორივე მხარის ინტერესები დაიცვას.

სხვა ქვეყნებში თუ მოქმედებს მსგავსი პრაქტიკა და რამდენად წარმატებულია სანდოობის ნიშნის პროექტი?

უცხოეთში უკვე წლებია არსებობს ეს მოდელი და საკმაოდ დიდი წარმატებით მოქმედებს. მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელი იყოს დაცული ონლაინ ვაჭრობის დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ იქომერს პლატფორმაც იყოს გამართული, რომ იქ შოპინგი სასიამოვნო გამოცდილება იყოს მომხმარებლისთვის.

Entrepreneur-თან კომენტარი Trustmark პროექტის მენეჯერმა, ელენე ჩხაიძემაც გააკეთა.

გარდა ონლაინ თაღლითობისგან თავდაცვისა, რისთვის არის მნიშვნელოვანი სანდოობის ნიშანი?

როდესაც მომხმარებელი შედის იქომერს პლატფორმაზე და ხედავს სანდოობის ნიშნის ლოგოს, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია, რაც გულისხმობს გადახდის მეთოდების სანდოობასა და პირადი მონაცემების დაცულობას.

ამის გარდა, მომხმარებელს შეუძლია იყოს დარწმუნებული იმაში, რომ პლატფორმა იცავს მის უფლებებს, არ უქმნის ბარიერებს პროდუქტის შესყიდვის, გადაცვლისა თუ დაბრუნების დროს და არ ეწინააღმდეგება რეგულაციებს. ასევე, მომხმარებელს შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ ის ნივთები, რომლებიც განთავსებულია იქომერს პლატფორმაზე, მარაგშია და გამოქვეყნებული ფოტოებისა და აღწერილობის იდენტურია. პლატფორმაზე მითითებული პროდუქციის ფასი არ შეიცვლება, გადახდის, პროდუქციის შეკვეთისა და მიღების პროცესი იქნება სრულიად გამჭირვალე.

***

"ჩვენ, ერთად ვქმნით ელექტრონული კომერციის მომავალს, ვქმნით სივრცეს, სადაც მომხმარებლები თავს თავდაჯერებულად გრძნობენ, ბიზნესი იზრდება და სანდოობა გარდამტეხ როლს ასრულებს ამ ურთიერთქმედებაში. TrustMark უფრო მეტია, ვიდრე პროექტი; ეს არის დაპირება - ჩვენი პარტნიორებისთვის, მომხმარებლებისთვის და მთელი ელექტრონული კომერციის ეკოსისტემისთვის.

მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ პროექტში. გულწრფელად მოხარული ვარ იმ დადებითი ემოციით და გავლენით, რომელსაც ჩვენ მოვახდენთ TrustMark-ის მეშვეობით.

TrustMark-ი არის მომავალი, სადაც ნდობა არა მხოლოდ ჩანს, არამედ თქვენი ციფრული გამოცდილების ყველა ეტაპზე იგრძნობა", - ლადო კანდელაკი.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე