Studio Lingo - პირველი ქართული ენების სკოლა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"Studio Lingo 2020 წელს დაარსდა. მაშინ, როცა პანდემია მძვინვარებდა. ჩემი საქმიანობის სფერო ყოველთვის უკავშირდებოდა სამ უცხო ენას: ინგლისურს, გერმანულსა და ჩინურს. მაშინ TikTok-ზე საგანმანათლებლო კონტენტს ვქმნიდი, ეს პროცესი ახალი დაწყებული მქონდა და ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ ვიდეოების საშუალებით გამიცნო", - ილიკო დარასელია, Studio Lingo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც ილიკო გვიყვება, იდეა მეგობართან საუბრის დროს დაიბადა. ჩინეთიდან დაბრუნებულმა ილიკომ გადაწყვიტა, რომ შეექმნა რაღაც, რაც ხალხისთვის სასარგებლო და საინტერესო იქნებოდა.

"მინდოდა ხალხისთვის ენები მესწავლებინა. ვაკვირდებოდი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, არა მხოლოდ ენების ცოდნის, არამედ ენების სწავლების კუთხითაც. იმის გაცნობიერება, რომ ამ მხრივ საკმაოდ დაბალ დონეზე ვიყავით, ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა".

ილიკო მიიჩნევს, რომ ენების სწავლება მხოლოდ სიტყვებისა და ტექსტების ზეპირად ცოდნას არ ნიშნავს. მისი მთავარი მიზანი ამ სტერეოტიპის დარღვევა და სწავლების თანამედროვე, ეფექტური მეთოდების დანერგვა იყო.

"ძალიან საინტერესო იყო პროფესიონალი მასწავლებლების შერჩევისა და დასაქმების პროცესი. მათთვის ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო გარემო უნდა შემექმნა, სადაც ისინი თავს ლაღად და ბედნიერად იგრძნობდნენ. ჩემი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლების პროფესიული განვითარებაა, რაც, ჯერჯერობით, საკმაოდ დიდი პრობლემაა".

Studio Lingo ინგლისურ ენას ასწავლის, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. კურსები მოქმედებს მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ასევე მოქმედებს სპეციალური კორპორაციული კურსები კომპანიებისთვის, მათ საქმიანობასა და სტრუქტურის შესაბამისად.

"ჩვენი სერვისი გამორჩეულია სწორედ იმით, რომ ჩვენს გუნდში თითოეულ მოსწავლეზე თავიდანვე მთელი გულითა და სულით ზრუნავენ, იქნება ეს კომუნიკაციის დამყარება, სარეგისტრაციო ფორმის შევსება, გაკვეთილების ჩატარება, შეფასებებისა თუ რეკომენდაციების მიღება, საჩუქრების მიღება. კურსის დასრულების შემდეგ ჩვენს მოსწავლეებთან კონტაქტი არ სრულდება, რათა ვიცოდეთ, როგორ იყენებენ ისინი ჩვენთან მიღებულ ცოდნას".

Studio Lingo არის პირველი სკოლა საქართველოში, რომელმაც AI პლატფორმისა და ხელსაწყოების გამოყენება გაკვეთილებზე ოფიციალურად დაიწყო. გარდა სკოლის ძირითადი რესურსებისა და მასალებისა, ყველა მასწავლებელს შეუძლია წამებში შექმნას ნებისმიერი დონის, სირთულისა და თემატიკის სასწავლო მასალა, რომელიც მოსწავლეებზე ყველაზე მეტად იქნება მორგებული, განურჩევლად სფეროსა და საქმიანობისა.

"ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ინგლისურენოვანი სასწავლო მასალები, როგორც ტექნოლოგიურ, სამედიცინო, ჰუმანიტარულ, ასევე ნებისმიერი ტიპის, თუნდაც გასართობ თემატიკაზე, რომელიც მოსწავლეს ყველაზე მეტად აინტერესებს, წამებში შევქმნათ.

ეს, პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევძელით, რომ ვყოფილიყავით ინოვატორები ინგლისურის სწავლებაში არა მხოლოდ პროფესიონალური, არამედ ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც. ამით, შეიძლება ითქვას, ჩვენ ქართულ საგანმანათლებლო სფეროში ისტორია დავწერეთ".

როგორც ილიკო აღნიშნავს, Studio Lingo-ს გუნდში ყველა მასწავლებელი შერჩეულია მკაცრი სამეტაპიანი პრინციპით, რომელიც გარდა ენობრივი ცოდნისა და კვალიფიკაციისა, ამოწმებს მათ ადამიანურ დამოკიდებულებას მოსწავლეებისადმი, პიროვნულ თვისებებსა და პოზიტიურ ენერგეტიკას, რაც მასწავლებლისთვის აუცილებელია. ამასთან, თავსებადობას გუნდის კულტურასთან.

"ყველა მასწავლებელი, გარდა ენის სწავლებისა, არის მზად, მოსწავლეს დაეხმაროს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე პროფესიონალურად. პირველ რიგში, კომპლექსების დაძლევაში. ყველა მასწავლებელი ჩართულია მათ ყოველდღიურობაში ენის პრაქტიკული გამოყენების კუთხით. სხვათა შორის, ზოგჯერ ჩვენი პროფესიონალი მასწავლებლები იღებენ ე.წ. თიფებს ჩვენი მოსწავლეებისგან. ამით კი, ვფიქრობ, ჩვენზე ყველაფერი ნათქვამია".

Studio Lingo-ში თითოეული გაკვეთილი 1 სთ და 30 წთ გრძელდება. ამ ეტაპზე გაკვეთილების ფორმატი მხოლოდ დისტანციურია, თუმცა ახლო მომავალში სკოლა დასწრებითი რეჟიმის გაკვეთილების დაწყებას აპირებს. როგორც ილიკო ამბობს, აუდიტორიისგან მოთხოვნა ძალიან დიდია.

"ჩვენი მეთოდებიდან ყველაზე გამორჩეულია ე.წ. თგდ (თავისუფალი გამოყენების დავალება) მეთოდი, რომელიც მოსწავლეს ავალებს, ჩვენთან მიღებული ცოდნა საკუთარ ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოიყენოს. გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ნებისმიერი სახით, თუნდაც ჩვენი ვიდეოების ყურებით.

თგდ.-ს დანერგვამ მოგვცა ის, რომ ჩვენს მოსწავლეებში სწავლების პროცესში ე.წ. ბედნიერების კოეფიციენტი გაიზარდა, რადგან ისინი ახალ ცოდნას იყენებენ. ასევე, ამ პრაქტიკამ მოგვცა საშინაო დავალებების ყველაზე ოპტიმალური ფორმა საქმიანი და მოუცლელი ადამიანებისთვის. კომპანიებისთვის კორპორაციულ კურსებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენი მეთოდების განუყოფელი ნაწილია "სწრაფი გამოყენების მეთოდი", რომელიც გულისხმობს ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას, რაშიც ჩვენი მასწავლებლები გაწაფულები არიან".

Studio Lingo-ში მოსწავლეები ტექსტებს არ იზეპირებენ. ისინი მხოლოდ საკუთარ ისტორიებსა და ამბებს ჰყვებიან. მასწავლებლები აქტიურად მუშაობენ, რომ მოსწავლეებმა ბუნებრივი ინტონაციებითა და მანერებით კომუნიკაცია თავისუფლად და უკომპლექსოდ დაამყარონ, რაც მათთვის საქმიან შეხვედრებში, გასაუბრებებსა თუ სასწავლო/სამსახურეობრივი პრეზენტაციების ჩატარების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

ილიკო ამბობს, რომ კურსის მინიმალური ხანგრძლივობაა 4 თვე, თუმცა კურსი ინდივიდულაურადაც გრძელდება, მოსწავლის ინტერესებიდან და სხვა მოცემულობებიდან (ათვისების სისწრაფე, დასწრებადობა, პროგრესი) გამომდინარე.

"სკოლა მოსწავლეებს 10 წლიდან ასწავლის, ზედა ასაკობრივი ზღვარი კი არ არსებობს. მოსწავლეები ჯგუფებში ჩვენი სპეციალური დონის დამდგენი ტესტით ნაწილდებიან. ტესტი არის უზუსტესი და საქართველოში პირველი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში, ასეულობით კითხვის დასმის ნაცვლად, სწრაფად ადგენს მოსწავლის დონეს, როგორც ლექსიკის, გრამატიკის, ასევე მოსმენის, მართლწერისა და წაკითხვის კომპონენტებში. ბუნებრივია, მასწავლებელიც მოსწავლის ცოდნის დონეს პირველივე გაკვეთილზე ადგენს".

კურსის დასასრულს გაიცემა ორენოვანი დამადასტურებელი სერტიფიკატები, რომლებზეც ასახულია მოსწავლის მიერ მიღებული ქულების საშუალო, თითოეული კომპონენტის მიხედვით.

მასწავლებლები, პერიოდულად, შემაჯამებელ გაკვეთილებს ატარებენ, რათა მოსწავლეებმა საკუთარი პროგრესი უკეთ დაინახონ და მიხვდნენ, რისთვის სჭირდებათ უფრო მეტი მუშაობა. მიღებული ქულების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატები იმისთვის, რომ მოსწავლის ენის კომპეტენციის დონე უფრო გამჭვირვალე და ცხადი იყოს.

"ჩვენი სკოლა, უპირველესად, საგანმანათლებლო სოციალური კონტენტით უამრავ ადამიანს ეხმარება. ემიგრანტებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ პროფესიონალური რჩევები მიიღონ. ჩვენი მასწავლებლები მათ პატარ-პატარა საკითხებს სახალისო და კრეატიული ვიდეოებით უხსნიან.

ჩვენი არხები კი უკვე იმდენად პოპულარულია, რომ ძალიან ბევრ მადლიერების წერილს ვიღებთ იმაზე, თუ როგორ ვეხმარებით ამდენ ადამიანს ჩვენი ვიდეოებით სრულიად უსასყიდლოდ. ეს კი ყველაზე და ყველაფერზე სასიამოვნოა.

ბუნებრივია, დაინტერესებული მოსწავლეები საცდელ გაკვეთილებსაც ითხოვენ. ჩვენი სოციალური კონტენტით ადამიანებს ჩვენი გაკვეთილების ფორმატს ვაჩვენებთ, როგორია მასწავლებლების გადმოცემის უნარი, მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება, ენერგეტიკა, რაც მთავარია, Studio Lingo-ს სწავლების მეთოდები.

ჩვენი სკოლა ადამიანებს, ენის გაუმჯობესების გარდა, პიროვნული კომპლექსების დაძლევასა და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში ეხმარება".

Business News

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი

ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით შექმნილი მრავალფუნქციური თაუერის კონცეფცია ცნობილია