ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და მათ საქმიანობის ციფრული ტრანსფორმაციისთვის სპეციალურ პლატფორმას, Saasargeblo.ge-ს სთავაზობს.
პლატფორმა, რომლის პრეზენტაცია 19 სექტემბერს სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა, ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. იგი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებს და მათ საქმიანობების გაციფრულების მარტივად და ეფექტიანად განხორციელებაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში, ბიზნესპროცესების ნაკლები დანახარჯებითა და მეტი შედეგიანობით წარმართვაში დაეხმარება. პლატფორმაზე ვიზიტორებს SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგი დახვდებათ. ამას გარდა, ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეეძლებათ.
პროექტი როგორც ბიზნესსექტორში, ისე მთლიანად ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება და უშუალოდ ონლაინპლატფორმის ფუნქციონირების გარდა, სამომავლოდ უფასო და ღია ღონისძიებებს, შეხვედრებსა და კონსულტაციებსაც გააერთიანებს. ამ აქტივობების მიზანი კი SaaS კომპანიებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება და ურთიერთმხარდაჭერა იქნება.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმის პრეზენტაციის შემდეგ ტერაბანკსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მას ხელი ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი SaaS ეკოსისტემის განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქმიანობის გაციფრულებაში ხელშეწყობა იქნება.
"საქმიანობის გაციფრულება მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და, ამავდროულად, აქტუალური გამოწვევაა. ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია და მოხარულები ვართ, რომ პროექტი Saasargeblo, ასევე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამ სეგმენტს ციფრული გადაწყვეტილების დანერგვას გაუმარტივებს, ხელს შეუწყობს ბიზნესპროცესების ეფექტიანად წარმართვაში და ქვეყნის SaaS ეკოსისტემის განვითარებას დაეხმარება", - განაცხადა ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ქართული სტარტაპების პრეზენტაციას დაეთმო. Quickshipper-მა, Retain-მა, self.ge-მ, signify-მ, calen ai-მ და helio ai-მ, რომლებიც Saasargeblo.ge-ს საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობენ, სტუმრებს საკუთარი პროდუქტები და სერვისები წარუდგინეს. პრეზენტაციას უმაღლესი სასწავლებლების, საინვესტიციო თუ SaaS კომპანიების წარმომადგენლები და ტერაბანკის ბიზნესკლიენტები ესწრებოდნენ.