"წითელი მზეების გამარჯვება" - გიორგი დუნდუას განახლების ამბავი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამყაროს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ გამოწვევებთან გამკლავებისას ყოველთვის ვესწრაფვით საპირწონე და შთამაგონებელი მაგალითების ნახვას. თითქოს გვინდა დავრწმუნდეთ, რომ სირთულეები გარდაუვალი, მათი გადალახვა კი შესაძლებელია. ასეთ მაგალითებს ხშირად შორეულ ქვეყნებსა და უცნობ ადამიანებთან ვეძებთ, არადა, განახლებისა და განწმენდის გასაოცარი ამბები შეიძლება არც ისე შორის იყოს ჩვენგან. ფერმწერი, ფოტოხელოვანი, ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრების ავტორი, ილუსტრატორი გიორგი დუნდუა 2023 წლის 20 მაისის სოლოგამოფენისთვის ემზადებოდა. გამოფენამდე ხუთი დღით ადრე, მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხატვრის სახელოსნო დაიწვა და ნამუშევრების უმრავლესობა განადგურდა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ადამიანის განცდები და მდგომარეობა ასეთ დროს, როდესაც სრულიად მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე დროის უმცირეს მონაკვეთში იკარგება ის, რის შექმნასაც უდიდესი ძალისხმევა, დრო და ენერგია დაეთმო. მქონდა რა ბედნიერება, თავის დროზე ამ სახელოსნოს საპატიო სტუმარი ვყოფილიყავი და პირადად მომესმინა არაერთი დაუვიწყარი ნამუშევრის შექმნის ისტორია, ავივსე მხატვართან გასაუბრების შემართებით. როგორ შეხვდა ამ გამოწვევას და რა ახალი გამოცდილება შექმნა მისთვის ამ მოულოდნელმა ამბავმა − ეს იყო ორი უმთავრესი შეკითხვა, რომლითაც გიორგი დუნდუას ვესტუმრე.
"მხატვრობა არის პროფესია, რომელიც ერთდროულად საჩუქარიცაა და სასჯელიც. რაც უფრო მეტი ამბავი გინდა მოჰყვე, მით მეტი დაბრკოლება გხვდება ამ გზაზე. როგორც ჩემი ავტონომიისა და ხელწერის მაძიებელს, მოგზაურსა და სიღრმეების მოყვარულს, ცხოვრების განმავლობაში არაერთი გამოწვევა მქონია. თუმცა, ასეთი სიმძაფრის განცდა და დანაკარგი, რაც ხანძრის შედეგად განვიცადე, სრულიად ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის. საკმაოდ მტკივნეული გახლდათ იმ რეალობის ხილვა, რაც ადგილზე დამხვდა. ნახატები, რომლებსაც თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი, ფერფლად იქცა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, გამოფენის გადადებაზე არც მიფიქრია. გარკვეული უცნაურობით რამდენიმე ნამუშევარი გადარჩა ახალი სერიიდან. მოვიკრიბე ძალა და მოვძებნე ნამუშევრები შინ, მეგობრებთან, გალერეებში. ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი და გამოფენას დათქმულ დღეს ვუმასპინძლე".
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე "გალერეა N9"-ში გიორგი დუნდუას 50-მდე ნამუშევარი გამოიფინა. თუ დარგის ექსპერტების მიერ ეს გამოფენა "თბილისში აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ზემოქმედების ძალასთან შეხების ფუფუნებად" დასახელდა, გულშემატკივრებისა და მეგობრებისთვის "სასიცოცხლო მაგალითისთვის" გულმხურვალე მადლიერების წყაროდ იქცა.
გიორგი, არაერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ყველაფერი ადამიანის სულიერი განვითარებისა და ახალ სიმაღლეზე გადანაცვლებისთვის ხდება. რა მოგცა ამ განსხვავებულმა გამოცდილებამ?
ყველაზე მთავარი, რაც გავიაზრე, იყო ის, რომ გამიქრა მიჯაჭვულობა ნახატების მიმართ. თუმცა, მე მჯერა, რომ ეს ნამუშევრები არ გამქრალან. ისინი არსებობას ტრანსცენდენტურ სამყაროში განაგრძობენ და საჭირო ძალითა და ენერგიით მავსებენ, რათა შევქმნა უკეთესი ნამუშევრები. დამწვარ ნახატს რომ ვუყურებ, ვიცი − ხვალ უკეთესს დავხატავ.
როგორც თავად ამბობ, საკმაოდ დიდი მღელვარება გქონდა მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის გამო და შენივე სიტყვებით, ადგილზე რომ ყოფილიყავი, შესაძლოა არც დაგეტოვებინა სახელოსნო ნახატების გადარჩენის მცდელობაში. რა დაგეხმარა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში?
მხატვრობამ საკუთარი თავის მოთვინიერება მასწავლა და შინაგანი ძალის აღმოჩენის შესაძლებლობა მომცა. პროფესიონალიზმი დისციპლინასა და შეუპოვრობას მოითხოვს. სახელოსნო ნებისყოფის სამჭედლოა. მუზას არასდროს დავლოდებივარ. შეუპოვრობა შეუნელებელ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. შესაბამისად, ამ გამოწვევასთან გამკლავებაც ჩემი შინაგანი, მარტოობაში გამოზრდილი სიმშვიდითა და შეუპოვრობით შევძელი. უმთავრესი კი, რაც დამეხმარა, რწმენაა. ეს რწმენა ბევრად მეტია, ვიდრე ოპტიმიზმი. ეს ჩემი თავისა და საქმის რწმენაა, რომ მივალ იქ, სადაც უნდა მივიდე, უსასრულობამდე.
როგორია შემოქმედებითი პროცესი, რომლის უსასრულობის ასე შეუპოვრად გწამს?
ცხადია, შემოქმედებითი პროცესი ნაკადურ მდგომარეობაში ყოფნას მოიაზრებს. ეს მეტია, ვიდრე მუზა. ოსტატობა ფიქრისა და მუდმივი ძიების პროცესში აღმოჩენილი შედეგია. ზოგჯერ აბსტრაქტული ნახატის შექმნის პროცესი უცებ სრულდება და უკმარისობის განცდა მეუფლება, რადგან თვითჩაღრმავების დაუოკებელი სურვილი მაქვს. ამ ქაოსის წესრიგში ჩემი მონაწილეობაა მნიშვნელოვანი. თუმცა, ეგოს არ ვაძლევ უფლებას, წამართვას ჰარმონია, სურვილს არ ვაძლევ უფლებას წამართვას პროცესი. ჩემი პროცესი კი ასეთია: ბევრი ფერი, რომელიც ბუნებრივად არ ეხამება ერთმანეთს, შემიხამებია გრადაციის ხარჯზე. ფერის შექმნის ხელოვნება ამ ფერის შენად ქცევას გულისხმობს. ფერი უნდა გახადო შენი. ასე, ერთი შეხედვით კონტრასტული ფერების ჰარმონიულ კონსონანსში მოყვანაც შესაძლებელი ხდება.
გამოდის, უშიშარი ხარ?
შიში და მშიშარობა სხვადასხვა კონოტაციებია. შიში ბარომეტრია საფრთხის აღსაქმელად, უშიშრობა კი გადაწყვეტილება − მზად შეხვდე ყველა განსაცდელს შენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ შენ არ გაჩერდე და წინ იარო.
თუ ამ საოცარ ამბავს ისევე ჩავუღრმავდებით, როგორც თავად გიორგი დუნდუა უღრმავდება თითოეულ ნამუშევარს, აუცილებლად გაგვახსენდება ჩვენი პირადი კრიზისები და ხანძრები, თავს მოულოდნელად დამტყდარი განსაცდელები და ის სანუკვარი შეგრძნება, რომელმაც ამ კრიზისში საზრისი გვაპოვნინა. გიორგი დუნდუას შეუპოვარი ხასიათი, მისი სიმშვიდითა და რწმენით გაჯერებული განწყობა, უდავოდ შთამაგონებელი მაგალითია ყველა ადამიანისთვის, ვინც სერიოზული გამოწვევის წინაშეა. გადაწყვეტილება უშიშრობისა და გზის გაგრძელების შესახებ ყველაზე დროული და საჭირო გზავნილია რწმენადაკარგული ადამიანებისთვის. ახალგაზრდა მხატვრის ავთენტურობა მის მიერ ტილოებისთვის შერჩეული პოეტური და მეტაფორული სათაურებია. ერთ-ერთი შთამბეჭდავი ტილო, რომელიც ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა, "წითელი მზეების გამარჯვებად" იწოდება. ამ ნახატის სათაურის გააზრება დაჟინებით გვთხოვს, დავფიქრდეთ საუბრის დასაწყისში გაჟღერებული წინადადების შესახებ და განსაცდელის გარდაუვალობის ნაცვლად, გამარჯვების გარდაუვალობაზე შევთანხმდეთ. განსაცდელის ღირსეულად მიღება, უკომპრომისო სვლა საკუთარ გზაზე და კრიზისის მიღმა "წითელი მზეების გამარჯვების" ხილვა, საგამოფენო ტილოების თუ არა, საკუთარი ცხოვრების შემოქმედებად ნამდვილად გვაქცევს.