Get All Access for $5/mo

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ოდესმე თუ გიოცნებიათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე? თუ ასეა, საინტერესოა, რა გიშლით ხელს?

თუ იტყვით, რომ ფინანსების არქონა, ეს ახალი ამბები უზომოდ გაგახარებთ, რადგან მართლაც უამრავი ბიზნესი არსებობს, რომელთა დაწყებას $100-ზე ნაკლებადაც კი შეძლებთ.

მსგავსი სტატია: დიზაინერული აზროვნება, ანუ პრობლემის ძიების ხელოვნება

ადამიანები უამრავ შემთხვევით სამუშაოს ასრულებენ, რას არ აკეთებენ, რომ გადასახადების გადახდა შეძლონ. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ რა უნარ-ჩვევებს ფლობთ, ხელოსანი ხართ თუ ონლაინმარკეტინგის ექსპერტი − გარკვეული თანხის გამოსამუშავებლად რომელიღაცის გამოყენებას აუცილებლად შეძლებთ.

დასაწყისისთვის, ჩამონათვალს გადახედეთ. ქვემოთ, არც მეტი არც ნაკლები, 100 ბიზნესიდეაა წარმოდგენილი.

სავაჭრო წარმომადგენელი

თუ ისეთი კომპანიების ადგილობრივი სავაჭრო წარმომადგენელი გახდებით, როგორებიც Avon, Mary Kay და Pampered Chef არიან, თქვენი მოვალეობა მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ინტერნეტით გაყიდვა ან ღონისძიებების გამართვა იქნება. პირველ ეტაპზე აუცილებელი ხარჯების დასაფარად მხოლოდ $100 თუ დაგჭირდებათ. ნებისმიერი კომპანია ყველაფერს მოგაწვდით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მათი პირდაპირი სავაჭრო წარმომადგენელი გახდეთ.

კონსალტინგი

თუ რომელიღაც კონკრეტულ სფეროში საკმარისი ცოდნა ან გამოცდილება გაქვთ დაგროვილი, მაგალითად, კომპანიებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა ან იმის სწავლება შეგიძლიათ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს, გაცილებით მარტივად შეძლებთ საკუთარი საკონსულტაციო სააგენტოს გახსნას. ამ შემთხვევაში, ძირითადი ხარჯები თქვენი ბიზნესის მარკეტინგთან და კონტაქტების დამყარებასთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ, ვებგვერდსა და სავიზიტო ბარათებში უნდა განახორციელოთ ინვესტირება.

ხანდაზმულთა კომპანიონი

2016 წლის ოფიციალური მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 65 წლის და უფროსი ასაკის 49 მილიონზე მეტი ადამიანი მარტოდმარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი 2060 წლისთვის დაახლოებით 98 მილიონამდე გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიონი საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის გახდება აუცილებელი. ოჯახებს კი, სერიოზული რჩევები დასჭირდებათ, თუ როგორ უნდა იზრუნონ თავიანთ ხანდაზმულ ახლობლებზე.

კერძო მასწავლებელი

უამრავ მოსწავლეს დაწყებითი კლასებიდან დაწყებული, თითქმის კოლეჯამდე ყველა საგანში სჭირდება დახმარება. თუ სკოლის საგნებში კარგად ერკვევით, საკუთარი ბიზნესის დაწყება მშვენიერი იქნება. კარგი ისაა, რომ ამ საქმიანობაში კაპიტალის ჩადება საჭირო არ არის, მოსწავლეებს თვითონ აქვთ ყველა მასალა.

უშტატო თანამშრომელი

უამრავი ვებგვერდი აცხადებს ვაკანსიას უშტატო თანამშრომელზე − ჟურნალისტი იქნება ეს თუ ვებგვერდების დეველოპერი. ამ ბიზნესიდეის განხორციელება მხოლოდ ნიჭს, ლეპტოპსა და ინტერნეტთან წვდომას მოითხოვს და ამიტომ, თქვენთვის მომგებიანი იქნება. სავარაუდოდ, ამ საქმეს თავი ადვილად უნდა გაართვათ, რადგან ინტერნეტში უამრავი რესურსია, რომელთა გადახედვაც ამ ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ.

ვიდეობლოგი YouTube-ზე

რადგან ყველა ლეპტოპს, პლანშეტს და სმარტფონს აქვს ჩაშენებული კამერა, ვიდეორგოლების შექმნა და მათი YouTube-ზე გამოქვეყნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ რაიმე სფეროში ცოდნა გაქვთ დაგროვილი, რომლის გაზიარებაც გსურთ მიმდევრებისთვის, ან განსაკუთრებით ქარიზმატული ხართ, შეგიძლიათ თქვენს ვიდეობლოგზე რეკლამების განთავსებით შემოსავლის მიღებაზე დაიწყოთ ზრუნვა.

ავტომობილების რემონტი/ტექნიკური მომსახურება/რეცხვა

თუ ავტოსადგომი და ხელსაწყოებიც გაქვთ, და ამასთან ერთად, ავტომობილებშიც ერკვევით, საინტერესოა, რატომ არ უნდა დაიწყოთ საკუთარი ავტომომსახურების ბიზნესი? თუნდაც, ავტოსადგომი არ გქონდეთ, ავტომანქანების შეკეთების ბიზნესის დაწყებას მაინც შეძლებთ, თუ იქ მიხვალთ, სადაც დამტვრეული ავტომობილი იქნება.

თუ ეს იდეა მოგწონთ, მაგრამ ავტომექანიკოსი არ ხართ, ამ სფეროში კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს. კერძოდ, ავტომობილის რეცხვაზე, მის დეტალურ გაწმენდაზე, ინტერიერის მტვერსასრუტით დამუშავებაზე, გაპრიალებაზე შეგიძლიათ იფიქროთ. ერთი კოლეგა მყავდა, რომლისთვისაც ეს ყველაფერი დამატებითი სამუშაო იყო, მაგრამ ბოლოს, ხმების გავრცელებითა და რეკომენდაციებით შეძლო და საკუთარ ბიზნესად აქცია.

გაზიარებული ეკონომიკა: ინვენტარის გაქირავება

ბოლო ხანებში, "გაზიარებული ეკონომიკის" გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი ადამიანი ნივთების ყიდვას მათი იჯარით აღებას ამჯობინებს. ამ შესაძლებლობის გამოყენება და ყველაფრის იჯარით აღება, რაც კი დაგჭირდებათ, პარკირების ადგილით დაწყებული, ავეჯით დამთავრებული, თქვენც შეგიძლიათ. თავდაპირველად, კარგად შეისწავლეთ თქვენი ნიშა და ნელ-ნელა გაიკაფეთ გზა. მაგალითად, ბაღის ინვენტარის გაქირავებით შეგიძლიათ დაწყება, როგორიცაა ფოცხები, ნიჩბები და ფოთლებისა თუ სხვა წვრილი ნარჩენების შესაგროვებელი "საჰაერო" ელექტრონული ცოცხები. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს ნივთები, მათ შეძენას $100-ზე ნაკლებადაც შეძლებთ.

ვებდიზაინი

უამრავი საიტი არსებობს, რომელთა დახმარებითაც ვებდიზაინის საფუძვლებს შეისწავლით. შეგიძლიათ, დღესვე დაიწყოთ ახალი უნარების შესწავლა ხოლო თუ ვებდიზაინერი არ ხართ, შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად იპოვოთ დიზაინერი და თქვენს კლიენტებს მომსახურებაში პროფესიულ კომპანიებზე ნაკლები გადაახდევინოთ. აქ მთავარი პროცესის მართვაა − კომპანიების უმრავლესობას არ სურს ვებდიზაინზე მუშაობა, გადახდა ურჩევნიათ.

ხელმარჯვე ოსტატი

თუ სახლის პირობებში მცირე საყოფაცხოვრებო რემონტის გაკეთება შეგიძლიათ, მაგალითად, დაზიანებული ელექტროჩამრთველების გამოცვლა ან სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ მილის დამოუკიდებლად გაწმენდა ან შეცვლა, მაშინ ამ ბიზნესზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ მისი ხელიდან გაშვება არ ღირს. ამ ბიზნესის დასაწყებად, უკეთესი იქნება თუ მცირე სამუშაოების ბაზრის პლატფორმა TaskRabbit-ს გადახედავთ.

მენიუს დაგეგმვა

ადამიანთა უმრავლესობას დიდ პრობლემებს უქმნის საკუთარ კვებაზე ზრუნვა. ამიტომ არიან მზად, ის დაიქირავონ, ვინც მენიუს დაგეგმვაში დაეხმარებათ. ამ იდეის რეალიზება საკმაოდ იაფი დაუჯდება ნებისმიერს, ვინც სიამოვნებით მუშაობს კვების პროდუქტებზე, მაგრამ მის მოსამზადებლად და ვინმეს გასამასპინძლებლად საჭირო რესურსები არ აქვს.

სახლის მეთვალყურე/შინაური ცხოველების მომვლელი

ეს იდეა თავდაპირველ ინვესტიციას არ მოითხოვს. უბრალოდ, თქვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მეზობლების გაკითხვით უნდა დაიწყოთ, ვინმე ხომ არ ეძებს სახლის ან ცხოველის მეთვალყურეს, როდესაც ქალაქგარეთ მიემგზავრება.

გაზონების მოვლა

თუ მცენარეების მოვლა კარგად გამოგდით, გარეთ ყოფნაც გიყვართ და ისეთი ინსტრუმენტებიც გაქვთ, როგორიცაა გაზონის საკრეჭი მანქანა, სარეველების ამოსაძირკვი ან ხერხი, ამ ბიზნესის დაწყება საერთოდ აღარ იქნება პრობლემა. ერთადერთი, რაშიც შესაძლოა თანხის გადახდა დაგჭირდეთ, თქვენი ბიზნესისთვის რეკლამის გაწევა და მარკეტინგია.

საოჯახო დელიკატესების მომზადება

არ აქვს მნიშვნელობა, ეს წვნიანები იქნება თუ ჟელესა და შოკოლადის ნაირსახეობა − დელიკატესები ყველას უყვარს და მათი დაგემოვნებაც აინტერესებთ. შინ სამზარეულო ნამდვილად გექნებათ, ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, სამზარეულოს ინვენტარზე, შესაფუთი და მარკეტინგის მასალების მომარაგებაზე იზრუნოთ და საოჯახო დელიკატესების მომზადების ბიზნესს შეუდგეთ.

პროფესიონალი ორგანიზატორი

ჩვენ მატერიალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში უამრავი რამ გვიგროვდება და ჩვენი სახლები უზომოდ გადატვირთულია. დააკვირდით, დღითი დღე როგორ იზრდება იაპონელი პროფესიონალი ორგანიზატორისა და მწერლის, მარი კონდოს პოპულარობა. შინ წესრიგის დამყარებაში პროფესიონალი ორგანიზატორი დაახლოებით, $20-ად დაგეხმარებათ, ან შეიძლება მეტიც კი მოითხოვოს.

"მწვანე დასუფთავების" სერვისი

გარშემო დასუფთავების ათობით სერვისი არსებობს, მაგრამ თქვენ გაცილებით კონკურენტუნარიანის შეთავაზება შეგიძლიათ. ასეთია "მწვანე დასუფთავების სერვისი", რომელიც მხოლოდ ეკო მეგობრულსა და ნატურალურ პროდუქტებს იყენებს. შესაძლოა, რამდენიმე მათგანის საკუთარი ხელით, დამოუკიდებლად დამზადება და გაყიდვა თქვენც მოახერხოთ, რაც მომსახურების გარდა, დამატებითი თანხა იქნება თქვენთვის.

სურსათის მიწოდება

ზოგიერთ სასურსათო მაღაზიას ადგილზე მიტანის მომსახურებაც აქვს, მაგრამ ყველას − არა. არსებობს შანსი იმისა, რომ ასეთი სერვისი არც თქვენს ადგილობრივ სუპერმარკეტს ჰქონდეს. თუ ასეა, შეგიძლიათ, მომხმარებლის ნაცვლად, მაღაზიაში თქვენ წახვიდეთ, სურსათი შეიძინოთ და შინ მიუტანოთ, სანაცვლოდ კი თანხა გამოართვათ.

პირადი კონსიერჟი

პირადმა კონსიერჟმა ყველაფერზე უნდა იზრუნოს − კლიენტების აეროპორტში წაყვანა იქნება ეს, ძაღლის ვეტერინართან მიყვანა თუ მათი დღის წესრიგის მართვა. იგი პრინციპში, ვიღაცის პირადი თანაშემწეა.

საინფორმაციო პროდუქტების შექმნა

თუ გარკვეულ სფეროში მუშაობის გამოცდილება გაქვთ დაგროვილი, თქვენი ცოდნის გაყიდვა და ისეთი პროდუქტების შექმნა შეგიძლიათ, როგორიცაა ელექტრონული წიგნები ან სასწავლო ვიდეორგოლები. როგორც წესი, ამ ბიზნესის დაწყების ღირებულება მხოლოდ თქვენი დრო, დომენის სახელი და ვებჰოსტინგი იქნება.

ბლოგის დაწყება

თუ რომელიღაც თემაში საფუძვლიანად ერკვევით, ბლოგის შექმნა შეგიძლიათ, სადაც თქვენს ცოდნას მიმდევრებს გაუზიარებთ. შემოსავლის მიღებას კი, სარეკლამო სივრცის გაყიდვით, პარტნიორის სტატუსით ან სააბონენტო სერვისით მოახერხებთ. ინტერნეტში ამ საქმიანობის დასაწყები აუცილებელი რესურსები უხვად არის. მე ამგვარი რჩევები გავითვალისწინე და დაახლოებით 12 თვეში სტაბილური, ოთხციფრიანი შემოსავლის მომტანი წყარო გამომიჩნდა.

ფანჯრების გაწმენდა

ფანჯრების წმენდა ადამიანთა უმრავლესობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საშინაო სამუშაოა, ამიტომ, შეგიძლიათ ამ ბიზნესის დაწყება სცადოთ. თან, ამ საქმეს დიდი კაპიტალი სულაც არ სჭირდება იმისათვის, რომ მომგებიანი გახდეს.

ინტერიერის დიზაინერი

როგორც სახლის, ისე ბიზნესის მფლობელები ისეთ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც მათ კომფორტულ, ორგანიზებულ და პროდუქტიულ სივრცეებს შეუქმნიან.

ფლაერების დარიგება

კომპანიები თავიანთი ფლაერების დასარიგებლად ან საქარე მინებზე დასამაგრებლად, უწინდებურად კერძო პირებსა და კომპანიებს მიმართავენ. შეგიძლიათ, ამ ფლაერების ბევრი ასლი დაამზადოთ − ეს ნამდვილად არ იქნება სერიოზული ინვესტიცია.

პროგრამირება

დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი პროგრამირების ან კოდის დაწერის შესწავლაა და თანაც, აუცილებლად ისეთი ობიექტზე ორიენტირებული დინამიკური პროგრამირების ენით, როგორიც Ruby-ია. პროგრამირების ბიზნესის დასაწყებად მრავალი სახელმძღვანელო არსებობს, რომელიც პირველ ეტაპზე, სერიოზულ დახმარებას გაგიწევთ.

ვირტუალური თანაშემწე

ეს სამუშაო პირადი თანაშემწისას ჰგავს − სატელეფონო ზარებზე პასუხი, ელექტრონულ ფოსტაზე რეაგირება და თქვენი კლიენტის ყოველდღიური გრაფიკისათვის თვალყურის მიდევნება. რითი განსხვავება ვირტუალური თანაშემწე პირადისგან? მხოლოდ იმით, რომ ამ ყველა მოვალეობას დისტანციურად ასრულებს.

კონსულტანტი სოციალური მედიის საკითხებში

კომპანიები და ფიზიკური პირები გამუდმებით ეძებენ ისეთ თანამშრომლებს, რომლებიც მათთვის სოციალური არხების მართვასა და თვალყურის მიდევნებას მოახერხებენ. ამ ტიპის მომსახურებისთვის ბევრი კომპანია თვეში $500-ს და მეტსაც კი გადაიხდის.

როექტების მართვა

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ყველა კომპანიას არ ჰყავს პროექტის მენეჯერები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, პროექტებმა საკმაოდ მოკლე დროში გზასაც კი გადაუხვიონ. ამიტომ, კომპანიები ხშირად მზად არიან, პროექტების მენეჯერები გარედან მოიყვანონ, ოღონდაც საკუთარი გუნდები საქმეებს არ მოწყვიტონ.

სამდივნო მომსახურება

უამრავი მცირე კომპანიისა და კერძო პირისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი მომსახურება, როგორიცაა ტექსტის აკრეფა, საუბრის ჩაწერა და კორექტირება. თუ ამ ბიზნესს მოჰკიდებთ ხელს, წესით, წარმატებას უნდა მიაღწიოთ − რასაკვირველია, თუ კომპიუტერი, პრინტერი და საჭირო უნარები გაქვთ.

ქეითერინგი

თუ გამორჩეული მზარეული ხართ, მაგრამ რესტორანში არ გსურთ ინვესტირება, პირდაპირ თქვენი სამზარეულოდან შეგიძლიათ ქეითერინგული ბიზნესის დაწყება.

რემონტი ადგილზე გამოძახებით

საკუთარი სარემონტო მომსახურების ბიზნესის დაწყება გსურთ? რაც უნდა იყოს შესაკეთებელი − მობილური ტელეფონი იქნება ეს, კომპიუტერი თუ ავეჯი, კლიენტებთან ადგილზე მისვლით დაიწყეთ. ამ იდეის განხორციელება, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარ ავტომობილს, მარკეტინგსა და თქვენს გამოცდილებას მოითხოვს.

რეზიუმეს დაწერის სერვისი

კარგი რეზიუმეების დაწერა სერიოზული ამოცანაა და ადამიანების უმეტესობას, როგორც წესი, საკმაოდ უჭირს. ამას კი, სერიოზული შედეგები მოსდევს: შანსის ხელიდან გაშვება, იმ საოცნებო სამსახურის დაკარგვა, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ და თვალყურს ადევნებდნენ. ამიტომ, თუ რეზიუმეების დაწერის ნიჭი გაქვთ, შეგიძლიათ მომგებიან ბიზნესად აქციოთ. პირადად მე, $100 რამდენჯერმე მაქვს გადახდილი, რომ საკუთარი რეზიუმე კარგი გამოსულიყო.

დღესასწაულების დეკორატორი

ნებისმიერს ადამიანს სურს, რომ მისი სახლი ან ოფისი მოახლოებული დღესასწაულისთვის საზეიმოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. თუ სადღესასწაულო განწყობის შექმნა შეგიძლიათ, ეს კიდევ ერთი ბიზნესია, რომლის დაწყებაც დიდ კაპიტალს არ მოითხოვს.

დომენის სახელის ყიდვა

ალბათ იცით, რომ ზოგჯერ დომენის სახელის შეძენა მართლაც წარმოუდგენელ ფასად შეგიძლიათ − $1 დოლარზე ნაკლებადაც კი. თუ ეს დომენი რომელიღაც კომპანიას დასჭირდა, დიდ ფულს გადაიხდის.

ვებგვერდების ყიდვა, გაუმჯობესება, გაყიდვა

გაითვალისწინეთ, რომ ისეთი გვერდის გამოყენებით, როგორიცაა Flippa, მომგებიან ბიზნესად შეგიძლიათ გადააქციოთ ვებგვერდების შეძენა, გაუმჯობესება და გაყიდვა. პირადად მე, ამ საქმით ყოველწლიურად საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხის, დაახლოებით, $25,000-დან $30,000-მდე, გამომუშავებას ვახერხებდი.

გამწოვი მილების გაწმენდა

საცხოვრებელ სახლებში გამწოვი მილები, როგორც წესი, მთლიანადაა გაბიდნული მტვრით და ჭუჭყით, და ამ საკითხს დიდ ყურადღებას როგორც წესი, არავინ აქცევს. თუმცა, ეს ნამდვილად სახიფათოა, რადგან თუ ბევრი მტვერი დაგროვდა, შესაძლოა ამან ხანძარიც კი გამოიწვიოს. თქვენ ამ ბიზნესის დაწყება მხოლოდ მტვერსასრუტითა და მარკეტინგის რამდენიმე საშუალების გამოყენებითაც შეგიძლიათ.

გიდი

თუ ხუთი თითივით იცით თქვენი ქვეყნისა და ქალაქის ისტორია, თქვენს მშობლიურ ქალაქში ინდივიდუალური ტურების ჩატარება და ამით თანხის გამომუშავება შეგიძლიათ.

პარტნიორული მარკეტინგი

თუ ბლოგი გაქვთ და საკმაოდ ბევრი მიმდევარიც გყავთ, შეგიძლიათ რომელიღაც კომპანიის პარტნიორი გახდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვინმესთან მის პროდუქციას ან მომსახურებას გაუწევთ რეკომენდაციას, თქვენი სპეციალური პარტნიორული ბმულის გამოყენება შეგიძლიათ, რომელიც ამ კომპანიიდან (ან Amazon-ის მსგავს ბაზარზე) გამოითხოვეთ. თქვენს საკომისიოს ყოველ ჯერზე მიიღებთ, როდესაც ვიზიტორი ამ ბმულს დააჭერს ხელს და პროდუქტს იყიდის.

პირდაპირი გაყიდვები

ეს პროდუქტების გაყიდვის ბიზნესია ისეთი კომპანიების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად, eBay. როდესაც პროდუქტი გაიყიდება, კომპანია ყველაფერს თვითონ გაუკეთებს ორგანიზებას, მათ შორის − გადაზიდვასაც.

თოვლის ახვეტა

თუ თოვლის სახვეტი ნიჩბებიც და თოვლის სახვეტი პროფესიული ავტომობილიც გაქვთ, ტროტუარებისა და პატარა მოედნების თოვლისგან გასაწმენდად, ამ ბიზნესიდეამ შესაძლოა სერიოზული ფინანსები მოგიტანოთ. თუმცა, თქვენი წარმატება ამ ბიზნესში მთლიანად ამინდსა და რეგიონზეა დამოკიდებული. როდესაც იუტას შტატში ვცხოვრობდი, ჩემი სახლის ბილიკების თოვლისგან გასაწმენდად, მეზობელს რეგულარულად $25-ს ვუხდიდი, ამ დავალების შესასრულებლად მისთვის ნახევარი საათიც კი სრულიად საკმარისი იყო.

ცხოველების სალონი/შინაური ცხოველების მოვლა

თუ შინაური ცხოველები გიყვართ და მათ გარემოცვაში კარგად გრძნობთ თავს, თუ ამ საყვარელი არსებების დაბანა, ფრჩხილების დაჭრა და კარგი ვარცხნილობის გაკეთება შეგიძლიათ, შესაძლოა, ეს შემოსავლის სერიოზული წყარო გახდეს თქვენთვის, თან − განსაკუთრებული ინვესტიციების გარეშე.

ღონისძიებების ან წვეულებების ორგანიზატორი

თუ ბუნებით ორგანიზებული ხართ და ყველაფრის დაგეგმვა გიყვართ, შესაძლოა, დაბადების დღეების, პენსიაზე გასვლის და საქორწინო ღონისძიებების მოწყობის ბიზნესი ყველაზე მომგებიანი საქმიანობა გახდეს თქვენთვის.

კომპიუტერის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

გაიხსენეთ, რამდენი კომპიუტერი გამოდის ყოველდღიურად მწყობრიდან, ან რამდენის განახლებაა აუცილებელი. როგორ ფიქრობთ, პრობლემების მოსაგვარებლად ყველას ექნება საკმარისი ტექნიკური ცოდნა? ამიტომ, შესაძლოა ურიგო არ იყოს, თუ ამ ბიზნესის წარმოწყებაზე დაფიქრდებით.

ინსტრუქტორი ან მენტორი

ბევრი ადამიანი წონაში დასაკლებად ან ბედნიერების საპოვნელად, ინსტრუქტორებს ან მენტორებს მიმართავს. როგორც ცნობილია, ამ ტიპის მომსახურება საათში, როგორც წესი, $50-დან $250-ის დიაპაზონში მერყეობს.

ბუღალტერი

როგორც ნებისმიერი კომპანიის, ისე კერძო პირებისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, ყველა ფაილი მოწესრიგებული და ერთად, სათანადო ადგილას იყოს შენახული, მაგრამ ყველას არ აქვს საამისო დრო. ამ შემთხვევაში, დავალების შესრულება დაქირავებულ თანამშრომელს უწევს. ჩემს ბუღალტერს საათში $30-ს ვუხდი, ის ადგილობრივ ვებგვერდზე, დახურულ ჩამონათვალში ვიპოვე, რისთვისაც თვეში $50-ს იხდიდა.

საგადასახადო დეკლარაციების მომზადება

საგადასახადო დეკლარაციების მომზადება აუცილებელი პროცედურაა და ამ დროს, უმრავლესობას არც დრო გვაქვს და არც სათანადო ცოდნა, რომ ამ ამოცანას დამოუკიდებლად გავართვათ თავი. თუ საგადასახადო რეგულაციების კურსში ხართ და ციფრებთანაც გსიამოვნებთ მუშაობა, შესაძლოა, საგადასახადო სეზონის დროს დეკლარაციების მომზადება მომგებიანი ბიზნესი გახდეს თქვენთვის.

წიგნების დაწერა

იცით თუ არა, რომ როგორც Amazon-ს, ისე Apple-ს, წიგნების საგამომცემლო საკუთარი განყოფილებები აქვთ? არ აქვს მნიშვნელობა, რას წერთ − სასწავლო წიგნია ეს, კულინარიის სახელმძღვანელო თუ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს სათავგადასავლო რომანი − ნებისმიერი მათგანის გამოქვეყნებას უმოკლეს დროში შეძლებთ, თანაც − თითქმის უფასოდ და უპრობლემოდ.

იატაკის დაგება

საკუთარ სახლში იატაკის დაგების იდეა შესაძლოა საკმაოდ მარტივ ამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ პრაქტიკულად საოცრად რთული აღმოჩნდეს. თუმცა, იქნებ სცადოთ, ერთი დღე გამოყოთ და სხვას დაუგოთ იატაკი. ამ ბიზნესში ყველაზე კარგი ის არის, რომ ინვენტარის შეძენაზე საერთოდ არ დაგჭირდებათ ზრუნვა − მხოლოდ იატაკის დაგებაზე უნდა გაამახვილოთ მთელი ყურადღება.

ბორდიურებზე წარწერების გაკეთება

ბევრი ოფისი და მომხმარებელიც სიამოვნებით გადაგიხდით გარკვეულ თანხას, თუ ბორდიურზე საღებავით მათ მისამართს დაწერთ. ამ ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ შესაშხურებელი საღებავი და მისამართების მზა ნაკრები დაგჭირდებათ.

ავტოსადგომის ზოლების დახაზვა

ნებისმიერ ქალაქში უამრავი ავტოსადგომია, რომლებზეც ახალი ზოლების დახაზვა ნამდვილად აუცილებელია. თქვენ შეგიძლიათ ეს ბიზნესი სახაზავისა და შესაშხურებელი საღებავის შეძენით დაიწყოთ. პროფესიულ ხელსაწყოებს კი მოგვიანებით, მაშინ შეიძენთ, როდესაც მეტ თანხას გამოიმუშავებთ.

ბიზნესის დაგეგმვა

თუ წარმატებული ბიზნესი გაქვთ, ამ ცოდნისა და გამოცდილების ახალ საქმედ გადაქცევა სრულიად მარტივად შეგიძლიათ. საქმე ისაა, რომ ვისაც ახალი დაწყებული აქვს ბიზნესი, სიამოვნებით გადაუხდის საკმაოდ დიდ თანხას ნებისმიერს, ვინც ბიზნესგეგმის შემუშავებაში დაეხმარება.

ხელნაკეთი ნატურალური საპნები და თავის მოვლის საშუალებები

დღეს ნატურალური პროდუქციის გაყიდვა ყველაზე წარმატებულ ბიზნესად იქცა, თუმცა, თუ დიდად არ მოგწონთ ნატურალური საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების საკუთარი ხელით დამზადება, თავისუფლად შეგიძლიათ, მომხმარებლებს სხვა კომპანიების პროდუქცია შესთავაზოთ.

ლოგოს დიზაინი

თუ შემოქმედებითად განწყობილი პიროვნება ხართ, ლოგოს დიზაინის შექმნა პრობლემა კი არა, პირიქით, სასიამოვნო საქმიანობაც კი იქნება თქვენთვის. გაითვალისწინეთ, რომ ლოგოების უნიკალური დიზაინის შექმნაც შეგიძლიათ. ამავე დროს, შაბლონების გამოყენებაც, საინტერესო იდეების მოსაფიქრებლად. დიზაინის ბიზნესის დაწყებაზე ისიც დაგეხმარებათ, რომ ინტერნეტში უამრავ დეტალურ ინფორმაციას წააწყდებით.

თარჯიმანი

კომპანიებს, რომლებიც ახალ ბაზრებზე შედიან, ჰაერივით სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ამ უცხო ქვეყნების ენებზე საუბრობენ და შესაბამისად, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ.

ავეჯის აღდგენა/განახლება

თუ მარჯვე ხელები გაქვთ და მეორად ავეჯსაც მოძებნით, შეგიძლიათ, მის რესტავრაციას მოჰკიდოთ ხელი და შემდეგ გაყიდოთ − მთელი თქვენი მოგება ეს იქნება.

eBay-ის გამყიდველი

ცნობილია, რომ ადამიანები eBay-ის დახმარებით წლების განმავლობაში ირჩენენ თავს − ამ გვერდზე როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანებისა და კომპანიების ძველსა და უსარგებლო ნივთებსაც კი ყიდიან.

პროგრამისტი

სადაც უნდა გაიხედოთ, ყველგან მობილური რევოლუციები ხდება. ასეთი დიდი მოთხოვნა აპლიკაციებზე ადრე არასოდეს ყოფილა. პროგრამირებაში რომც ვერ ერკვეოდეთ, შეგიძლიათ ვინმე დაიქირაოთ, რომელიც დაგეხმარებათ და თქვენი აპლიკაციების შექმნის ბიზნესს რეალობად აქცევს.

პირადი მზარეული

ქეითერინგის ბიზნესისგან განსხვავებით, რამაც შესაძლოა, კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე მოითხოვოს, პირადი მზარეულები მოვალენი არიან თავიანთ კლიენტებს ყოველდღიურად საუზმეც მოუმზადონ და სადილიც. შეგიძლიათ, თქვენი დროის უმეტესი ნაწილი ისეთ კერძებს დაუთმოთ, რომლებსაც შემდეგ მხოლოდ გაცხელება დასჭირდებათ. ეს იმის საშუალებას მოგცემთ, რომ გაცილებით მეტ კლიენტს მოემსახუროთ.

პირადი მწვრთნელი

მართალია, ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმრავლესობისთვის პრიორიტეტული საკითხია, მაგრამ შესაძლოა, ვარჯიშის დაწყება კი არ იყოს პრობლემა, არამედ იმის დადგენა, თუ რამდენად სწორად ვარჯიშობთ, ხომ არ აყენებთ ტრავმას საკუთარ თავს. თუ პირადი მწვრთნელი გახდებით, ადამიანების მოტივაციის გაძლიერებასაც შეძლებთ და ვარჯიშის დროს მათთვის თვალყურის მიდევნებასაც.

თავის მოვლის საშუალებები

თუ არც სათანადო ინსტრუმენტები გაქვთ და არც უნარები ნულიდან რაიმეს შესაქმნელად, არსებული პროდუქტის შეცვლაზე ან მის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროთ. მაგალითისთვის, მწერებისგან დამცავი ბადეები განვიხილოთ − მათგან სრულიად უნიკალური პროდუქტის შექმნას შეძლებთ, თუ ლენტებით ან მძივებით დაამშვენებთ.

ფოტოგრაფი

ფოტოგრაფი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიების აუცილებელი ფიგურაა. მაგალითად, ქორწილი მათ გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია. ამ ბიზნესის დასაწყებად ინტერნეტში ფოტოგრაფიაზე უნდა გაეცნოთ რესურსებს.

სურათების ჩარჩოში ჩასმა

ამ ბიზნესის დასაწყებად აუცილებლად დაგჭირდებათ მთელი რიგი ხელსაწყოები: დაზგა, ქაღალდისა და მინის საჭრელი, მწებავი ფირი, ბრტყელტუჩა, ხერხები, სადურგლო ხელსაწყოების ყუთი, სურათების საკიდები, სტეპლერი და წებო. როდესაც ამ ყველაფერს მოიმარაგებთ, მარკეტინგს უნდა მიჰყოთ ხელი და ამ ბიზნესისთვის სრულიად მზად ხართ.

ძველმანების ბაზრობაზე ვაჭრობა

ძველმანების ბაზრობა ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში თუ სოფელში იმართება, თან ეს ბიზნესი აშკარად აყვავების გზაზეა. თუ ამ საქმიანობას წამოიწყებთ, $20-ადაც შეძლებთ ადგილის დაქირავებას და ყველა ხარახურას გაყიდით, რაც კი შინ გაქვთ წლების განმავლობაში დაგროვილი. ამასთან ერთად, თქვენი სახლის უკან, პატარა ბაღში საკუთარი ხელით მოწეულ მოსავალსაც და ხელნაკეთ ნივთებსაც გამოიტანთ გასაყიდად. ძველმანების ბაზრობა ზოგან მხოლოდ კვირაობით ან სადღესასწაულო დღეებში იმართება, ზოგან კი, მთელი კვირის განმავლობაში და შესაძლოა, ეს საქმიანობა თქვენთვის ძალზე აქტიურ გართობად იქცეს.

ონლაინქონთენთის შემქნელი

დღეს ნებისმიერი კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინტერნეტში ინფორმაციის მუდმივად განახლება. ხშირად ნიჭიერ ადამიანებს ქირაობენ, თუ გუნდში არ ჰყავთ ვინმე ისეთი, ვინც ამ საკითხზე იზრუნებს. ზოგიერთი კომპანიები, მათ შორის ჩემიც, თითო ბლოგპოსტში $50-ს იხდიან. ჩემი კომპანიის ქონთენთმარკეტინგის გზამკვლევი ამ ბიზნესის დაწყებაში სერიოზულ დახმარებას გაგიწევთ.

ვებგვერდის შექმნა

დღეს ვებგვერდის გარეშე არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც ამის გასაკეთებლად არც დრო აქვთ და არც სათანადო ცოდნა, თქვენი დახმარება აუცილებლად დასჭირდებათ.

მცენარეების გაყიდვა ინტერნეტით

თუ მცენარეების მოვლა კარგად გამოგდით და შინ საკმარისი ადგილიც გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი დაიწყოთ − ინტერნეტით გაყიდოთ მცენარეები. ეს აქტიურად მზარდი ნიშაა, ადამიანები უკვე სერიოზულად ინტერესდებიან, ვისგან რას და რამდენად ყიდულობენ. ბუნებრივია, თქვენ დიდ მაღაზიებზე გაცილებით ნაკლებს გადაახდევინებთ.

კალიგრაფი

თუ საშუალოზე უკეთესი ხელწერა გაქვთ, ხელნაწერი მოსაწვევი ბარათების დამზადება და დამატებითი თანხის გამომუშავება შეგიძლიათ.

ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა

თუ ხელით მუშაობა კარგად გამოგდით, სამკაულების ან ავეჯის დამზადება გეხერხებათ, თავისუფლად შეძლებთ თქვენი ქმნილებების ისეთ ვებგვერდებზე გაყიდვას, როგორიცაა მაგალითად, Etsy.

ბავშვის მოვლა

თუ ამ ბიზნესს წამოიწყებთ, შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების აღება მოგიწევთ. თუმცა, ამ ბიზნესის დაწყება საკუთარ სახლშიც შეგიძლიათ. ბავშვის მოვლა საათში საშუალოდ $15 ღირს, ასე რომ შესაძლოა ძალიან მომგებიანი ბიზნესიც კი აღმოჩნდეს თქვენთვის.

დაკეტილი სახლების დასუფთავება

როდესაც ბანკი ყადაღას ადებს სახლს, ვალდებულიცაა, ვინმე დაიქირავოს, ვინც სახლს დაასუფთავებს. თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელების დასვრა მოგიწევთ, ამ ტიპის ბიზნესის დასაწყებად, ბევრი არაფერი დაგჭირდებათ.

ჯართის გადამუშავება

ზოგი ადამიანი ავტომობილით დადის და ძველსა და უსარგებლო ნივთებს ყველგან ეძებს, მოსახლეობაში აგროვებს − თმის საშრობი იქნება ეს, უთო, სარეცხი მანქანა თუ სხვა ათასი წვრილმანი. რატომ? იმიტომ, რომ ამ ნივთებისგან სხვადასხვა ლითონის მიღება შეიძლება. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ფასეული ლითონები ალუმინი და სპილენძია.

კონსულტანტი ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებში

უსაფრთხოების დაცვა, როგორც კომპანიების, ისე კერძო პირების მთავარი პრობლემაა თანამედროვე სამყაროში. თქვენთვის გამოცდილებისა და მარკეტინგის გარდა, არაფერი ეღირება ბიზნესის დაწყება და სხვისი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა.

უშტატო ბარმენი

თუ პოპულარული კოქტეილების დამზადება შეგიძლიათ − "სისხლიანი მერი" იქნება ეს, "მანჰეტენი" თუ "კოსმოპოლიტანი", შეგიძლიათ კერძო წვეულებებსა და ღონისძიებებზე უშტატო ბარმენად გაასაღოთ თავი.

ძაღლების გაწვრთნა

ძაღლების ცნობილ მწვრთნელზე, მექსიკელ-ამერიკელ ცეზარ მილანიზე რა აზრის ხართ? თუ მასავით გიყვართ ძაღლები და გარკვეული გამოცდილებაც გაქვთ ამ სფეროში, ძაღლების გაწვრთნა საკმაოდ კარგი იდეაა. ამ ბიზნესის დაწყება ძვირი არ ღირს და მას მოგების დიდი პოტენციალი აქვს.

საინფორმაციო/სარეკომენდაციო მომსახურება

თუ თქვენს ქალაქში ახალი კომპანია გაიხსნა ან ახალი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად, შეგიძლიათ, ახალჩამოსულებს ყველა წვრილმანზე მისცეთ საქმიანი რჩევები − რესტორნები იქნება ეს, ძიძები, მაღაზიები თუ ნებისმიერი სხვა მომსახურება. ამისთვის, მხოლოდ კონტაქტების დამყარება და ამ საზოგადოებაში საკუთარი თავისთვის რეკლამის გაწევა დაგჭირდებათ.

ნივთების შეფუთვა/გადაზიდვა

სახლის შეცვლისას ნივთების შეფუთვა და მათი ახალ მისამართზე გადაზიდვა უმრავლესობისთვის თითქმის დაუძლველი პრობლემაა, ამიტომ დახმარებისთვის სხვებს მიმართავენ. არ დაივიწყოთ, რომ თქვენი მომსახურების ღირებულებაში ის მასალაც უნდა შეიტანოთ, რომელსაც ნივთების გადასაზიდად შეიძენთ − ყუთები იქნება ეს თუ წებოვანი ლენტები. ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თქვენი მომსახურება პროფესიონალებთან შედარებით, გაცილებით იაფი უნდა ღირდეს.

სიმღერის დაწერა ან/და ჩაწერა

თუ მუსიკალური ნიჭი გაქვთ, მუსიკის დაწერა და ამ სფეროში კარიერის გაკეთება შეგიძლიათ. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ტეილორ სვიფტის ბოლო სინგლის მსგავს მუსიკას დაწერთ. უბრალოდ, ადგილობრივ კომპანიებს მარტივი და სასიამოვნო მელოდიები უნდა დაუწეროთ პოდკასტებისა და ვიდეორგოლებისთვის.

კონცერტისა და შოუს პოპულარიზაცია

თუ მარკეტინგის სფეროში უკვე გაქვთ მიღებული გარკვეული გამოცდილება და უახლესი ღონისძიებების შესახებ ხმების გავრცელებაც გეხერხებათ, მხატვრებთან, ფოტოგრაფებთან და სხვა ხელოვანებთანაც თავისუფლად შეძლებთ თანამშრომლობას და არც აჟიოტაჟის შექმნა გაგიჭირდებათ. თანაც, ამ ყველაფერს ფაქტობრივად ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე მოახერხებთ.

პროდუქტის ტესტირება/მიმომხილველი

კომპანიები ხშირად ეძებენ მსურველებს, რომლებიც პროდუქციის გამოცდასა და აზრის გამოთქმაზე დათანხმდებიან. თქვენც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგის დაწყება და იმ პროდუქტების მიმოხილვა, რომლებიც საკუთარ თავზე გამოსცადეთ.

ოდის დიზაინი

თუ მოდის დიზაინერობას გადაწყვეტთ, Etsy-ის მსგავს ვებგვერდებზე შეძლებთ თქვენი უნიკალური ქმნილებების გაყიდვას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაღალი მოდის სამყაროში არ ფიქრობთ კარიერის გაკეთებას, შეგიძლიათ მაისურებით დაიწყოთ და ისეთ საიტებზე გაყიდოთ, როგორიც CafePress-ია.

პროდუქციის იმპორტი

თუ თქვენი ბიზნესი იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვა უნდა გახდეს, უცხოეთში ბითუმად შეძენით უნდა დაიწყოთ და თქვენი ფასი დაამატოთ. Pura Vida-მ სწორედ ასე დაიწყო თავისი კარიერა.

მაკიაჟის ოსტატი

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები საკმაოდ ბევრს იხდიან განსაკუთრებულ დღეებში მაკიაჟის გაკეთებაში. ასეთია ქორწილი, ჰელოუინი და კიდევ ბევრი სხვა დღესასწაული მთელი წლის განმავლობაში.

მის სტილისტი

თუ ვარცხნილობის თანამედროვე სტილებში ერკვევით და თმის შეჭრაც გეხერხებათ, საკუთარ სახლში შეგიძლიათ სალონის გახსნა.

საუზმეულისა და სასმელების გაყიდვა

თუ გახსოვთ, სპორტული ღონისძიების ან კონცერტის შემდეგ, შიმშილისა და წყურვილის აუტანელ გრძნობას ხომ არ შეუწუხებიხართ? თუ ასეა, გასაკვირი არ არის, რადგან ეს გრძნობა თითქმის ყველას გვაქვს გამოცდილი. სწორედ ამიტომ ყიდიან მსგავსი ღონისძიებების შემდეგ წყალსა და ჰოთ-დოგებს. შეგიძლიათ ეს ბიზნესი მინიმაცივრით დაიწყოთ და შემდეგ ეტაპზე სატვირთო ავტომობილში ან ურიკაში განახორციელოთ ინვესტირება.

გახმოვანება

ბოლო ხანებში კომპანიები საკუთარი ქონთენთის შექმნაზე აქტიურად ზრუნავენ − ვიდეორგოლები იქნება ეს თუ პოდკასტები, და ამის გამო, განსაკუთრებით აქტიურად ეძებენ "ოქროს ხმებს". თუ თქვენც გამორჩეული ხმა გაქვთ, დიდი ალბათობაა, რომ მომგებიანი კარიერის შექმნაში დაგეხმაროთ.

ლუდის წარმოება

ლუდის ჩამოსასხმელი აპარატურის შეძენა და საკუთარი წარმოების ლუდის ჩამოსხმა $100-ზე ნაკლებადაც კი შეგიძლიათ დაიწყოთ. ჩემმა მეგობარმა პარტნიორებთან ერთად წამოიწყო ეს საქმე და ახლა უკვე საკუთარი მიკროლუდსახარში აქვს.

მეღვინეობა

ამ ბიზნესის დასაწყებად სულაც არ არის აუცილებელი პირველივე ეტაპზე საკუთარი ვენახები გქონდეთ. ყურძნის ან მისი წვენის შეძენა შეგიძლიათ და თუ მცირე პარტიებად ჩამოსხმული თქვენი ღვინო კარგი გამოდგა და მყიდველიც შეიძინეთ, ცოტაოდენი თანხა დაგიგროვდებათ და საკუთარ ვენახსა და მეღვინეობაზეც სერიოზული ფიქრის დაწყებას შეძლებთ.

კვერცხების გაყიდვა

ფერმის ახალი კვერცხების გაყიდვა ახლა უკვე ყველგან დიდი ბიზნესია. თქვენ შეგიძლიათ ეს ბიზნესი რამდენიმე ქათმის შეძენითა და საკუთარი საქათმის აშენებით დაიწყოთ.

პურის საცხობი

შინ გამომცხვარ პურს ისეთი დიდი ბაზარი აქვს, ნამდვილად გაგიკვირდებათ. ქალბატონს ვიცნობ, რომელიც კვირაში მხოლოდ ორი დღე მუშაობს და ისეთ პურს აცხობს, რომ მუდამ რიგი აქვს.

სასაჩუქრე პაკეტების დამზადება

თავის მოვლის ინდივიდუალური მოვლის პაკეტების ახლობლებისთვის საჩუქრად გადაცემა ბევრს მოსწონს. დასაწყისისთვის, აცილებლად ნიშა უნდა იპოვოთ. მაგალითად, სადღესასწაულო პაკეტებისა და მაღალი ხარისხის ტკბილეულით უნდა შეავსოთ თქვენი კალათები.

ინსტრუქტორი

შეგიძლიათ რომელიღაც სფეროს ინსტრუქტორი გახდეთ და ჩატარებულ გაკვეთილებში თანხა გამოიმუშავოთ, მსურველებს მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა, საჭმლის მომზადება ან თუნდაც, ვარჯიში ასწავლოთ. გაითვალისწინეთ, რომ ინსტრუქტორის ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ ცოდნა და რეკლამა თუ დაგჭირდებათ.

Airbnb-ის მასპინძელი

თუ ცარიელი ოთახი ან სახლი გაქვთ, მათ უფუნქციოდ დატოვებას, Airbnb-ზე გაქირავება სჯობს. პირადად მე, გასულ წელს, საკუთარი სახლის ნაწილი გავაქირავე და ამ გზით მუდმივი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად დაახლოებით $ 3000 მქონდა.

უძრავი ქონების მართვა

ბინების მფლობელებს ყოველთვის არ აქვთ საშუალება, შეამოწმონ, რა მდგომარეობაშია მათი უძრავი ქონება, ან იქ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაზე იზრუნონ. როგორც წესი, ამ საკითხს ქონების მართვის კომპანიები აგვარებენ, უზომოდ დაკავებული ბინების მფლობელების დავალებით.

ტანსაცმლის რეცხვა/დაუთოვება

თითქმის ყველას აქვს ისეთი ტანსაცმელი, რომლის გაწმენდა და დაუთოვება აუცილებელია, მაგრამ ამ დავალების დამოუკიდებლად შესასრულებლად, ყველას არ ჰყოფნის მოთმინება და დრო. ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა ამ ყველაფრის გასაკეთებლად სხვებს უხდის თანხას.

ტანსაცმლის გადაკეთება

თუ კერვა, ღილების დაკერება ან "ელვა"-შესაკრავის შეცვლა იცით, გამოდის, რომ მზა ბიზნესიდეა გაქვთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საყვარელ ტანსაცმელთან გამომშვიდობება არ სურთ. თანაც, ამ ტიპის ბიზნესის დაწყება არც ისე ძვირია.

ონლაინგაცნობის კონსულტანტი

ახალი ნაცნობების შესაძენად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს ინტერნეტს უპირატესობას, მაგრამ პირველ ხანებში, ეს ბიზნესი შესაძლოა, მეტისმეტად რთული მოგეჩვენოთ. თუმცა, თუ ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება მაინც გაქვთ, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რჩევისთვის თანხას გადაგიხდიან.

რესურსების მოძიება

თუ პროდუქტების ან მომსახურებას მოძებნა და ადგილობრივი კომპანიებისთვის მათი ფასნამატით მიყიდვა შეგიძლიათ, ეს ბიზნესი ნამდვილად თქვენთვისაა მოგონილი.

მსგავსი სტატია: ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ურისტული სააგენტო

ინტერნეტში ასობით ტურისტული ვებგვერდი არსებობს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას დრო და მოთმინება არ ყოფნის, დამოუკიდებლად შეადარონ ერთმანეთს თვითმფრინავის ბილეთებისა და სასტუმროს ფასები. ამიტომ არის ტურსააგენტოები ჯერ კიდევ ასე საჭირო მომხმარებლებისთვის.

სათამაშოების დამზადება

შესაძლოა, სათამაშოების დამზადება თქვენთვის მომგებიანი ბიზნესიდეა იყოს − არ აქვს მნიშვნელობა ხისგან გამოკვეთთ სათამაშოს თუ მის დასამზადებლად 3D-პრინტერს გამოიყენებთ.

საკვების მიწოდება

ზოგიერთი თანამშრომელი შესვენებაზეც კი ვერ გამოდის ოფისიდან, რათა საჭმელი იყიდოს, ზოგს კი, სახლის დატოვება არ სურს. სწორედ ასეთი ადამიანები დაგიკავშირდებიან, თუ საკვების მიწოდების ბიზნესს დაიწყებთ, რომ საკვები პირდაპირ სახლის ან ოფისის კართან მიაწოდოთ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან