You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ მიაღწია სტივ ჯობსმა ასეთ წარმატებას? ამ შეკითხვაზე პასუხი ქვემოთ მოიძიეთ − მთელი მისი მისი ცხოვრების, კარიერისა და გარდაცვალების ყოვლისმომცველ მიმოხილვაში.
ცოტა ანტრეპრენერი თუ ყოფილა ისეთივე გავლენიანი, როგორც სტივ ჯობსი იყო: Apple-ის კომპიუტერების მამა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში.
სტივ ჯობსმა თავისი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ბიზნესი წამოიწყო, რომლებმაც კომპიუტერული რევოლუცია განაპირობა და ტექნოლოგიებთან საზოგადოების ურთიერთობა შეცვალა.
მაგრამ როგორ მიაღწია მან ასეთ ტიტანურ წარმატებას? რამ გამოიწვია მისი დაცემა და შემდეგ Apple-ის ლიდერის პოზიციაზე ხელახალი აღზევება? ამ შეკითხვებზე მნიშვნელოვანი პასუხებია, და ამიტომ, კითხვა განაგრძეთ, რათა სტივ ჯობსსა და მის ცხოვრებას უფრო ახლოს გაეცნოთ.
სტივ ჯობსის ცხოვრების მიმოხილვა
სტივენ პოლ ჯობსი ამერიკელი ბიზნესმენი, ანტრეპრენერი, ინვესტორი და მედიასაშუალებების მფლობელი იყო. ის ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რომ Apple-ის − ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის, თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ასევე ბევრი წარმატებული კომპანია დააარსა და მართავდა კიდევაც. მაგალითად, Pixar and NeXT.
ჯობსი Apple-ს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ვიდრე კომპანიიდან წასვლა არ აიძულეს, დირექტორთა საბჭოსთან დავის გამო. მან კომპიუტერული პლატფორმების კიდევ ერთი კომპანია დააარსა − Pixar and NeXT Inc., შემდეგ კვლავ Apple-ის სამართავად დაბრუნდა, როდესაც კომპანია რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ჯობსი პანკრეასის ნეიროენდოკრინულმა სიმსივნემ აიძულა სამუშაო საათებიც შეემცირებინა და პასუხისმგებლობებიც. ის 56 წლის ასაკში, სუნთქვის შეჩერებით გარდაიცვალა.
მართალია, ის ადრე გარდაიცვალა, მაგრამ ისეთი ანტრეპრენერული ამბიციები და ბიზნესგამჭრიახობა დაგვიტოვა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.
როგორია სტივ ჯობსის და Apple-ის ისტორია?
სტივ ჯობსის ისტორია მთლიანად Apple-ის ისტორიასთანაა გადაჯაჭვული.
ეს ყველაფერი ჯობსის ახალგაზრდობაში დაიწყო, როდესაც მან Hewlett-Packard-ის თანადამფუძნებელსა და პრეზიდენტს, უილიამ ჰიულეტს დაურეკა და სკოლის პროექტისთვის ნაწილები სთხოვა. ჰიულეტმა მეტიც კი გაუკეთა.
ახალგაზრდა ჯობსმა მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ Hewlett-Packard-ში საზაფხულო სტაჟირება შესთავაზა.
ეს საბედისწერო სტაჟირება აღმოჩნდა: ჯობსმა იქ სტივ ვოზნიაკი გაიცნო, მომავალი Apple Computer-ის მთავარი შემქმნელი. ვოზნიაკი იმ დროს ჯობსზე ხუთი წლით უფროსი ნიჭიერი ინჟინერი იყო.
ჯობსმა სტაჟირება დაასრულა და რიდ-კოლეჯში, პორტლენდში (ორეგონის შტატი) ჩაირიცხა, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ სწავლის მიტოვება გადაწყვიტა. შემდეგ Atari-ში დაიწყო მუშაობა, ვიდეოთამაშების დიზაინზე, რათა საკმარისი თანხა დაეგროვებინა და სულიერი მოგზაურობისთვის აღმოსავლეთისკენ გაეწია.
როდის გამოჩნდა Apple?
მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ჯობსი ვოზნიაკს დაუკავშირდა და აღმოაჩინა, რომ მისი მეგობარი პერსონალური კომპიუტერის შექმნას ცდილობდა. ვოზნიაკისთვის ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ჰობი, მაგრამ ჯობსმა ბიზნესპოტენციალი დაინახა პერსონალურ კომპიუტერში, რომელიც ნებისმიერს შეეძლო შინ ჰქონოდა.
ჯობსმა ვოზნიაკი დაარწმუნა, მასთან ერთად ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი. მან Apple 20 წლისამ, 1975 წელს დააარსა. ძირითადად, თავისი მშობლების ავტოსადგომში მუშაობდა, სან-ფრანცისკოში (კალიფორნია).
Apple I კომპიუტერი მალევე გამოვიდა, წყვილი კი, ადგილობრივი ხელნაკეთი კომპიუტერების კლუბის შეხვედრებს ესწრებოდა, რათა პროექტი დაძრულიყო. სტივ ჯობსმა თავისი Volkswagen-ის მიკროავტობუსი $1400-ად გაყიდა, ლიკვიდური კაპიტალი რომ ჰქონოდა.
Apple I-ს მოკრძალებული წარმატება ხვდა წილად, მას უმთავრესად სხვა მოყვარულები ყიდულობდნენ, ისეთები, როგორიც ვოზნიაკი იყო. მაგრამ ამან ბიზნესდუეტს საკმარისი ფული მოუტანა საწარმოს გასაფართოებლად.
ახალი პროდუქტი Apple II, მათ 1977 წლისთვის დაასრულეს. ეს იყო პირველი პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც კლავიატურაც ჰქონდა და ფერად გრაფიკაც. მან ბაზარზე მყისიერად მიაღწია წარმატებას, მოსახერხებელი და ინოვაციური ფუნქციების გამო; პირველ წელს Apple-მა $3 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო შემდეგ ორ წელიწადში − $200 მილიონზე მეტი.
Apple-მა ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას პირველად მიაღწია. სამწუხაროდ, 1980 წელს ისეთი კომპანიების მხრიდან გაიზარდა კონკურენცია, როგორიცაა IBM, ნაწილობრივ სუსტი Apple III კომპიუტერისა და LISA-ს შემდგომი კომპიუტერების გამო. ჯობსს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ბიზნესსამყაროში თავისი კვალი დაეტოვებინა, ამიტომ 1984 წელს Apple Macintosh-ის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
განმსაზღვრელი ფაქტორი? გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი, ანუ GUI, რომლის მართვა "თაგუნათი" შეიძლებოდა. ამ რევოლუციამ პერსონალური კომპიუტერები ყველასთვის შეცვალა, ნებისმიერს მისცა საშუალება, ვინც პროგრამირება არ იცოდა, კომპიუტერი გამოეყენებინა.
რატომ იჩხუბა სტივ ჯობსმა Apple-თან?
Apple Macintosh ტექნიკური თვალსაზრისით წარმატებული იყო, მაგრამ მისი ფასი − დაახლოებით $2,495 სამომხმარებლო ბაზრისთვის ძალიან მაღალი აღმოჩნდა. გარდა ამისა, იგი კორპორაციული მყიდველებისთვისაც არ იყო შესაფერისი, რადგან ბიზნესისთვის აუცილებელი ფუნქციები არ ჰქონდა (როგორიცაა დიდი მეხსიერება, მყარი დისკი და ქსელური შესაძლებლობები).
ჯობსმა მართლაც დიდი წვლილი შეიტანა სრულიად ახალი ინდუსტრიის შექმნაში, მაგრამ აგრესიულმა ხასიათმა და ეგოცენტრულმა ბუნებამ Apple-ის დირექტორთა საბჭოსთან კონფლიქტამდე მიიყვანა.
1983 წლისთვის მას საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურული ჰქონდა. და მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ სკალიმ დირექტორთა საბჭოდან გაათავისუფლა. ბედის ირონიაა ის, რომ ჯობსმა სკალი Apple-ის ხელმძღვანელად თვითონ აირჩია.
რა ახალი წამოწყებები ჰქონდა ჯობსს?
ჯობსმა თავისი Apple-ის აქციები გაყიდა, 1985 წელს კი, თანამდებობა მთლიანად დატოვა და NeXT Computer Co-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ამ ახალმა კომპიუტერულმა კომპანიამ სხვა კომპიუტერი შექმნა, რომელმაც უმაღლეს განათლებაში რევოლუცია მოახდინა.
იგი საჯაროდ 1988 წელს წარადგინეს, და ისეთი ინოვაციები ჰქონდა, როგორებიცაა კარგი გრაფიკა, ციფრული სიგნალური პროცესორის ჩიპი და დისკამძრავი ოპტიკური დისკისთვის. თუმცა, მსხვილი მყიდველების მოზიდვა მაინც ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ ჯობსმა კურსი კიდევ ერთხელ შეიცვალა.
ამჯერად ის Pixar Animation Studios-ით დაინტერესდა, რომელიც 1986 წელს ჯორჯ ლუკასისგან შეიძინა. შემდეგ, Walt Disney Company-ისთან გააფორმა ხელშეკრულება, რათა მთლიანად კომპიუტერული მხატვრული ფილმები შეექმნა, რომელთაგან პირველი და ყველაზე პოპულარული "სათამაშოების ისტორია" იყო: 1995 წლის დიდი ჰიტი, რომელმაც სალაროებში ყველა რეკორდი მოხსნა.
ამ წარმატებებით გათამამებულმა ჯობსმა Pixar company 1996 წელს ბირჟაზე გაიყვანა და კომპანიის 80%-იანი წილის წყალობით, ერთ ღამეში მილიარდერი გახდა. ჯობსი ბოლოსდაბოლოს გამდიდრდა, მაგრამ ეს პოპულარობისა და ძალაუფლებისკენ მიმავალი გზის მხოლოდ დასაწყისი იყო.
როდის დაბრუნდა ჯობსი Apple-ში?
შემდეგ Apple Inc.-მა NeXT დაახლოებით $400 მილიონად იყიდა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კომპანიამ ჯობსი დირექტორთა საბჭოში ხელახლა დანიშნა, მაშინდელი თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, გილბერტ ფ. ამელიოს მრჩევლად.
ეს ნაწილობრივ სასოწარკვეთილებამ და ნოსტალგიამ გამოიწვია, რადგან Apple-მა პოპულარული Macintosh-ის საოპერაციო სისტემა მომავალი თაობებისთვის ვერ შეიმუშავა. შედეგად, Apple-ის კონტროლი კომპიუტერების ბაზარზე მკვეთრად დაეცა და ყველა დროის მინიმუმს − 5.3%-ს მიაღწია.
1997 წლის მარტში ჯობსმა სადავეები კიდევ ერთხელ აიღო საკუთარ ხელში, როდესაც Apple-მა კვარტალური ზარალის − $708 მილიონის შესახებ გამოაცხადა. როდესაც ამელიო თანამდებობიდან გადადგა, ჯობსი დროებით გახდა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ჯობსმა Microsoft-თან დადო გარიგება კომპანიის გადასარჩენად, რომლის დაარსებაშიც მონაწილეობა მიიღო, კერძოდ, კონკურენტი კომპანიისგან გარკვეული საინვესტიციო კაპიტალი მიიღო მინორიტარული პაკეტის სანაცვლოდ ხმის უფლების გარეშე.
ჯობსის ხელმძღვანელობამ Apple-ს თანდათანობით მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. ის სარეკლამო კამპანიას "განსხვავებულად იაზროვნე" ხელმძღვანელობდა, ასევე, Apple-ის კომპიუტერებში ახალი G3 PowerPC მიკროპროცესორის დაყენება დააფინანსა, რამაც ისინი კონკურენტ მოწყობილობებთან შედარებით უფრო სწრაფი გახადა.
iPhone პირველი მობილური ტელეფონი იყო, რომლითაც ზარების განხორციელებაც იყო შესაძლებელი, ტექსტის აკრეფაც და მარტივი და მოსახერხებელი სენსორული ეკრანიდან ინტერნეტში შესვლაც. დღეს, ყველა თანამედროვე მობილური ტელეფონი iPhone-ის ორიგინალურ დიზაინზეა დაფუძნებული.
ვინ შექმნა Apple?
Apple სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა შექმნეს. პარტნიორული ურთიერთობისას, ოპერაციის ტექნიკური და საინჟინრო "ტვინი" ვოზნიაკი იყო, რომელიც სათავეში ჩაუდგა მრავალი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხის განვითარებას, რომელიც Apple-ის ორიგინალური კომპიუტერების ხაზის დასაწყებად იყო საჭირო. ჯობსი კი, ბიზნესის საკითხებით გახლდათ დაკავებული.
სამწუხაროდ, ვოზნიაკსა და ჯობსს ბევრი სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ Apple-ის ტექნოლოგიების დიზაინსა და განვითარებასთან დაკავშირებით. Apple II-ზე მუშაობისას ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ვოზნიაკმა კომპანია 1983 წელს დატოვა.
როგორ დაარქვეს Apple-ს სახელი?
სავარაუდოდ, Apple-ისა და მისი სახელის უკან დიდი ისტორია არ დგას, უბრალოდ სტივ ჯობსს ვაშლი უყვარდა. არცთუ სარწმუნო წყაროების მიხედვით, სტივ ჯობსმა სტივ ვოზნიაკს კომპანიისთვის Apple-ის დარქმევა მას შემდეგ შესთავაზა, რაც ვაშლის ბაღს ესტუმრა, როდესაც ისინი ბიზნესს იწყებდნენ.
უნდა ითქვას, რომ სახელის წარმოშობას არც აქვს მნიშვნელობა − იმდენად საკულტო და უნიკალურია სხვა კომპიუტერულ ფირმებთან შედარებით, რომ ბიზნესის ისტორიაში თავი სამუდამოდ დაიმკვიდრა.
რა გამოიგონა სტივ ჯობსმა?
მიუხედავად იმისა, რომ სტივ ჯობსი 346 პატენტის ავტორადაა დასახელებული აშშ-ის რეესტრის მიხედვით, ტექნიკურად მას არაფერი გამოუგონია. მას არც Apple I გამოუგონებია, არც კომპიუტერი Macintosh, არც უნივერსალური პულტი, არც iPod, არც iPad და არც - iPhone.
მიუხედავად იმისა, რომ ის დიზაინის პრინციპებში და ინჟინერიაში ერკვეოდა, რაც ამ მრავალი გამოგონების უკან დგას, მისი მთავარი უნარი ბიზნესგამჭრიახობა იყო.
ჯობსს ეს რევოლუციური ტექნოლოგიები არ გამოუგონებია, მაგრამ შთაგონება მისცა მათ, ვისაც მათი შექმნის უნარები ჰქონდათ. რაც მთავარია, მან იცოდა ამ გამოგონებებისთვის როგორ გაეწია რეკლამა და როგორ გაეყიდა ისინი, განსაკუთრებით სცენაზე. მის გარეშე Macbook Air, Mac კომპიუტერები და Apple-ის სხვა პროდუქტები ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა.
რა ქონება ჰქონდა სტივ ჯობსს?
გარდაცვალებამდე სტივ ჯობსის ქონება დაახლოებით $10,2 მილიარდს შეადგენდა, რომლის უმეტესი ნაწილი მისი აქციების ოფციონები და მსგავსი აქტივები იყო. თუმცა, 25 წლისამ დიდი საკუთრება შეიძინა, რაც იმ დროისათვის $250 მილიონი ღირდა, 2021 წელს კი, დაახლოებით $745 მილიონის ეკვივალენტი იყო.
რა სახის ძირითად ინვესტიციებს ფლობდა სტივ ჯობსი?
მთელი კარიერის განმავლობაში, სტივ ჯობსი საკუთარ კომპანიებში ახორციელებდა ინვესტირებას, როგორებიცაა Apple, Pixar and NeXT. მისი ქონება სწორედ ამიტომ გაიზარდა ასე მნიშვნელოვნად დიდი ბიზნესწარმატებების შემდეგ. ჯობსი იმითაც იყო ცნობილი, რომ Microsoft-ისა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს და აქტივებს ფლობდა.
რა განათლება ჰქონდა სტივ ჯობსს?
ბევრი ცნობილი ანტრეპრენერის მსგავსად, არც სტივ ჯობსს ჰქონია ძალიან მრავალმხრივი ტრადიციული განათლება. მართალია, მან საშუალო სკოლა დაამთავრა და რიდის კოლეჯში (ორეგონის შტატი) ჩაირიცხა, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულა.
ერთი სემესტრის შემდეგ კოლეჯი ისე მიატოვა, რომ მშობლებისთვის არც კი უთქვამს. მისი გრძელვადიანი კარიერისთვის ეს სწორი არჩევანი იყო, რადგან ჯობსს უკვე დრო ჰქონდა, მთელი ყურადღება Apple-ზე და თავის სხვა წამოწყებებზე გაემახვილებინა.
ვინ არიან სტივ ჯობსის ოჯახის წევრები?
სტივ ჯობსის მშობლები გერმანელ-ამერიკელი ჯოან კეროლ შიბლე და სირიელი აბდულფატაჰ ჯანდალი იყვნენ.
თუმცა, ჯობსი პოლ ჯობსმა და კლარა ჰაგოპიანმა იშვილეს, კლარას საშვილოსნოს გარე ორსულობის შემდეგ, 1955 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯობსს თავისი მშობლები უყვარდა და ადრეული ასაკიდან მათ ისე ეპყრობოდა, როგორც თავის "ნამდვილ" ოჯახს. მას დაც ჰყავდა, პატრიცია, რომლიც ოჯახმა 1957 წელს იშვილა.
ჯობსი თავის მომავალ მეუღლეს, ლორენ პაუელს, სტენფორდის ბიზნესის სკოლაში შეხვდა. ისინი 1991 წელს იოსემიტის ეროვნულ პარკში დაქორწინდნენ და იმავე წელს პირველი შვილი − რიდი შეეძინათ. მან სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. წყვილის მომდევნო შვილები − ერინ სიენა და ევა, 1995 და 1998 წლებში დაიბადნენ.
ჯობსს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა − ლიზა ბრენან-ჯობსი, რომელიც კრისან ბრენანთან 1978 წელს შეეძინა. ჯობსმა ბავშვის მამობის აღიარებაზე თავიდან უარი განაცხადა, მაგრამ დნმ-ის ტესტმა 1980 წელს მისი მამობა დაადასტურა, და მას ლიზასთვის ალიმენტის გადახდა და სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა მოსთხოვეს.
რა სახის შემოწირულებებს გასცემდა და რა საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა სტივ ჯობსი?
ბევრი მდიდარი ადამიანისგან განსხვავებით, სტივ ჯობსი თავისი საქველმოქმედო შემოწირულებებით არ იყო ცნობილი. ის ძალიან ჩაკეტილი პიროვნება გახლდათ და ბიზნესკარიერის განმავლობაში არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, რომ ქველმოქმედებას იმდენ ფულს არ სწირავდა, რამდენსაც სხვა მილიარდერები.
მისი სახელი არ არის გლობალური ფილანთროპიის მილიონდოლარიან სიაში (Million Dollar List), მაგრამ ბევრი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ჯობსი პერიოდულად დიდ ანონიმური შემოწირულებებს აკეთებდა.
Apple-იდან წამოსვლის შემდეგ, ჯობსმა ფონდი Stephen P. Jobs Foundation დააარსა. ეს ფონდი თავდაპირველად ვეგეტარიანელობაზე და კვებაზე ყურადღების გამახვილებას ისახავდა მიზნად, მაგრამ საბოლოოდ სოციალური ანტრეპრენერობის მიმართულება არჩია.
ჯობსი 1987 წელს დაბრუნდა Apple-ში და ხარჯების შესამცირებლად კომპანიის ფილანთროპული პროგრამები გააუქმა. Apple-ს ნაწილობრივ ამის გამოც აქვს ყველაზე ნაკლებად ფილანთროპული კომპანიის რეპუტაცია.
მოგვიანებით ჯობსმა $50 მილიონი სტენფორდის ჰოსპიტალს შესწირა, შიდსის კვლევას კი, გაურკვეველი თანხა. უნდა ითქვას, რომ ჯობსი საქველმოქმედო შემოწირულებებით კი არა, თავისი ბიზნესსაქმიანობით იმსახურებს ყურადღებასა და აღფრთოვანებას.
როგორ და როდის გარდაიცვალა სტივ ჯობსი?
სტივ ჯობსს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს. მან ოპერაცია გადადო და სამკურნალოდ ალტერნატიულ მედიცინას მიმართა, მაგრამ 2004 წელს მაინც მოუწია მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციული, უიპლის ოპერაციის ჩატარება. მას ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ნაღვლის სადინარის და თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწილები ამოკვეთეს.
ჯობსი გამოჯანმრთელდა და Apple-ს დაუბრუნდა, კვლავ მას ხელმძღვანელობდა, მაგრამ 2008 წელს წონაში საგრძნობლად დაიკლო. 2009 წლის აპრილში ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 2011 წლის აგვისტოში ჯობსი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა და საბჭოს თავმჯდომარედ დარჩა.
ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს სუნთქვის შეწყვეტის გამო გარდაიცვალა, სილიკონ ველის სახლში. ის აღმოსავლური ფილოსოფიების, ბუდიზმის თაყვანისმცემელი იყო. როდესაც გარდაიცვალა, ჯობსის ოჯახი მის გვერდით, პალო ალტოში იყო.
რომელია სტივ ჯობსის საუკეთესო ციტატები?
Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი მრავალი შთამაგონებელი ციტატით იყო ცნობილი.
თუ ბიზნესამბიციები გაქვთ, აქედან რამდენიმე მაინც უნდა გახსოვდეთ:
"თქვენი დრო შეზღუდულია, ასე რომ, ნუ დაკარგავთ მას, სხვისი ცხოვრებით ნუ იცხოვრებთ".
"ლიდერი და მიმდევარი ერთმანეთისგან ინოვაციებით განსხვავდებიან".
"თუ წინ იხედებით, წერტილებს ერთმანეთთან ვერ დააკავშირებთ. ამას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ უკან მოიხედავთ. ასე რომ, უნდა გჯეროდეთ, რომ მომავალში ეს წერტილები ერთმანეთს როგორღაც დაუკავშირდებიან".
"სხვების აზრების ხმაურს არ მისცეთ უფლება, თქვენი, საკუთარი შინაგანი ხმა ჩაახშონ".
"მუდამ მშიერი იყავით. მუდამ სულელი იყავით".
"დარწმუნებული ვარ, შეუპოვრობაა დაახლოებით ნახევარი იმისა, რაც წარმატებულ ანტრეპრენერებს არცთუ წარმატებულებისაგან განასხვავებს".
"ხარისხის საზომი იყავით. ზოგიერთი ადამიანი არ არის მიჩვეული გარემოს, სადაც სრულყოფილებას ელიან".
"თქვენ არ უნდა ჰკითხოთ კლიენტებს, რა უნდათ და შემდეგ, არც მისი მიცემა უნდა სცადოთ. რადგან, სანამ თქვენ მას შექმნით, ისინი რაღაც ახალს მოისურვებენ".
"ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ სამყაროში კვალი დავტოვოთ. სხვაგვარად, აქ რატომ ვიქნებოდით?"
რას გასწავლით სტივ ჯობსის ისტორია?
სტივ ჯობსმა კომპიუტერულ და ვიდეოინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
მის მემკვიდრეობას არასოდეს დაივიწყებენ, ხოლო მისი ბიზნესუნარები და გაკვეთილები მნიშვნელოვანი მასალაა ახალბედა ანტრეპრენერებისთვის, რომელიც თავიანთი კარიერის ზრდისას უნდა ისწავლონ.