Get All Access for $5/mo

ბრძოლა მიზნისთვის! გაიცანით გიორგი ჩაკვეტაძე უკეთ!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ზოგადად, საქართველო საფეხბურთო კუთხით ნიჭიერი ადამიანებითაა ცნობილი, მაგრამ არსებობს მთელი რიგი გარემოება, რის გამოც, სამწუხაროდ, უმეტესობა ამ ტალანტს ბოლომდე ვერ ავლენს. ამის ნათელი მაგალითია გიორგი ქინქლაძე, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა, რაც, სამწუხაროდ, ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. გვსმენია ასევე ის მოსაზრება, რომ ქინქლაძის შემდეგ ჩვენს ქვეყანას მსგავსი ნიჭის მქონე მოთამაშე არ უნახავს და აი, გამოჩნდა პიროვნება, რომელიც თანამედროვე ქართული სპორტის ამომავალი ვარსკვლავია ‒ ბელგიური "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც სულ ახლახან მოირჩინა მუხლის ტრავმა, რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გადიოდა და ახლა, როცა ამას ვწერ, მას გეზი უკვე უკან, ბელგიისკენ აქვს აღებული.

ძველი იპოდრომი ‒ ეს ადგილი ძალიან მიყვარს. აქ, როგორც მინიმუმ, 10 წელიწადი მაინც ვვარჯიშობთ, ამა წლის აპრილიდან მოყოლებული კი სწორედ გიორგისთან ერთად. მას ფიზიკურ მომზადებაში ჩვენი საერთო მწვრთნელი, გოჩა ტრაპაიძე ეხმარებოდა, რომელიც თავის დროზე ასევე ფეხბურთელი გახლდათ, ახლა კი შერეულ საბრძოლო ხელოვნებასაც აქტიურად ფლობს (მომავალში მასთანაც შემოგთავაზებთ ინტერვიუს). მას ფეხბურთისა და კრივის ვარჯიშების შესანიშნავი ნაზავი აქვს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჟურნალ Entrepreneur-ის სტუმარია ჩვენი იმედი ‒ გიორგი ჩაკვეტაძე...

ფეხბურთთან ურთიერთობა...

"ეს ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. თავიდანვე ძალიან მიყვარდა და ეზოშიც ყოველთვის ვთამაშობდი. ერთხელაც, ჩემი მეზობლის, ზაზა მარკელიას დამსახურებით აღმოვჩნდი გუნდში "ნორჩი დინამო". მაშინ გივი ლომიძე იყო მწვრთნელი, რომელიც სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. შემდეგ იყო თამაზ კოსტავა, რომელთანაც ალბათ ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი გავატარე ‒ მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა, სწორ გზაზე დამაყენა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი".

სპორტის სხვა სახეობასთან შეხება ფეხბურთამდე...

"სხვათა შორის, სპორტის რომელ სახობასთანაც მქონია შეხება, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ნიჭიერი ვარ, რაც ჩემთვის მუდამ დამატებითი სტიმული იყო. ფეხბურთის გარდა, ძალიან მიყვარდა კალათბურთი, რომელსაც ეზოში ასევე ხშირად ვთამაშობდი".

მოტივატორი, მისაბაძი მაგალითი...

"ბავშვობაში ყოველთვის რონალდინიოს თამაში მომწონდა, მოგვიანებით კი კრიშტიანუ რონალდუს ფანი გავხდი. იგი უდიდესი პროფესიონალია, მებრძოლია, და ყოველთვის თავის თავზე მუშაობს. ახლა 35 წლისაა და დიდებულ ფორმას ინარჩუნებს, რაც ძალიან დასაფასებელია. რონალდუს თვისებები სპორტის ნებისმიერ სახეობაში გამოგადგებათ".

ფეხბურთი – მთავარი თვისებები წარმატებისთვის...

"უპირველეს ყოვლისა, მიზანი უნდა დაისახო და ამ მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლო, ყველაფერი უნდა გადადო. ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს და სპორტს, საუბარია ნებისმიერ სფეროზე, რომელშიც ესა თუ ის ადამიანია ჩართული. თუ ბოლომდე იშრომებ, სადღაც აუცილებლად დაგიფასდება".

გუნდურობის მნიშვნელობა და მწვრთნელის როლი

"მწვრთნელი რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს არაერთხელ დამტკიცებულა. კარგი სპეციალისტი აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, დიდი პიროვნება უნდა იყო და შემდეგ დიდი ტაქტიკოსი. რაც შეეხება გუნდურობას, ფეხბურთი ისეთი გუნდური თამაშია, რომ ერთი კონკრეტული მოთამაშის გამოყოფა ძნელია. შესაძლოა, ერთ დღეს თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ შენი თანაგუნდელების დამსახურებით მაინც მოიგო. თამაშის ყოველთვის საკუთარ თავზე აღება არაა საჭირო, საჭიროა ერთობლივი, გუნდური მოქმედება".

ბელგიაში გატარებული პერიოდი

"შესაძლოა, ნიჭიერი იყო, მაგრამ თუ ფიზიკური გამძლეობა არ გაქვს, თამაშის შანსი ძალიან მცირეა. თავიდან რომ ჩავედი, მეც ანალოგიური პრობლემა მქონდა. რა თქმა უნდა, ადაპტაციის პერიოდიც გასათვალისწინებელია. პირველი 5-6 თვე თამაში არ მიწევდა და პრესაშიც ხშირად იწერებოდა, რომ ეს ყველაზე ცუდი ტრანსფერია და ა.შ. მაგრამ როგორც კი შანსი მომეცა, დავამტკიცე, რომ სირბილიც შემიძლია, დრიბლინგიც და კიდევ ბევრი რამ".

საქართველოს ნაკრებში თამაში

"უდიდესი გრძნობაა. რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი დიდი ოცნება იყო, მეთამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და თან, 10-ნომრიანი მაისურით. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე და იმედი მაქვს, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება".

ტრავმა და აღდგენითი პროცესი...

"ტრავმის შემდეგ დიდი პერიოდი გავიდა, დაზიანება აღარ მაწუხებს და ჯანმრთელად ვარ. ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ფიზიკურ გამძლეობას, რაშიც ძალიან მეხმარება ჩვენი მეგობარი, გოჩა ტრაპაიძე, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო და მას კრივისა და ფეხბურთის ვარჯიშების ბრწყინვალე ნაზავი აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია და ძალიან გამომადგება".

გულშემატკივრებისადმი პასუხისმგებლობა...

"რასაკვირველია, ეს პირადად ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველას იმედები გავამართლო. მით უმეტეს, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის ერთა ლიგის (UEFA-ს მიერ ახლად შექმნილი ტურნირი, რომლის წყალობითაც, დაბალი ეშელონის გუნდებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი ეძლევა ‒ ავტ.) ნახევარფინალში ბელარუსთან, რომელიც 26 მარტს "დინამო არენაზე" (საქართველოს ნაკრები ფინალში გასვლის შემთხვევაშიც შინ ითამაშებს ‒ ავტ.) უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. არ მსურს, ვინმეს გული დაწყდეს. იმედი გვაქვს, რომ როცა ეს შეხვედრა ჩატარდება, ტრიბუნებზე მაყურებლები დაშვებულები იქნებიან, რადგან ეს ჩვენთვის დიდი ძალაა".

გულის აცრუება, მიზნისთვის ბრძოლა...

"როცა 17 წლის ვიყავი, პირველად გამომიძახეს თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში. მაშინ მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი იყო. გუნდთან ერთად შეკრებაზე წავედი და მოხდა ისე, რომ იმ დროს მწვრთნელს არ მოვეწონე, დუბლებში გამიშვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ მიფიქრია, რომ კარიერა დასრულდა. პირიქით ‒ ვარჯიში უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელე".

რჩევა დამწყებ სპორტსმენებს და ბიზნესმენებს...

"არ აქვს მნიშვნელობა, სპორტსმენი ხარ თუ არა ‒ მიზნისთვის ყველაფერი უნდა გადადო. ბევრი ვარჯიში და შრომაა საჭირო და რაც მთავარია, გიყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ. თუ თქვენს საქმეში სულსა და გულს არ ჩადებთ და ყველაფერს არ გააკეთებთ მიზნის მისაღწევად, მაშინ წარმატება გამორიცხულია. იშრომეთ და ეს ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაგიფასდებათ"!

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!