დარჩი მშიერი. დარჩი სულელი - სტივ ჯობსის შთამბეჭდავი სიტყვა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კოლეჯი არ დამიმთავრებია. სიმართლე ვთქვა, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაზე მეტად მივუახლოვდი მის დასრულებას. დღეს მინდა, ჩემი ცხოვრებიდან სამი ამბავი გიამბოთ. სულ ესაა. დიდი არაფერი, უბრალოდ, სამი ამბავი.
პირველი ამბავი წერტილების დაკავშირებაზეა.
Reed College-დან სწავლის მეექვსე თვეს გამოვედი. თუმცა თვრამეტი თვის განმავლობაში სასწავლო პროცესს მაინც ვესწრებოდი, სანამ საბოლოოდ მივატოვე. და რატომ მივატოვე სასწავლებელი?
ეს ისტორია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ დავიბადებოდი. ჩემი ბიოლოგიური დედა ახალგაზრდა იყო. კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა და დაოჯახებული არ იყო. ამიტომაც გადაწყვიტა, გავეშვილებინე. დედაჩემს მტკიცედ სჯეროდა, რომ ჩემს მომავალ მშობლებს განათლება უნდა ჰქონოდათ მიღებული. ყველაფერი შეთანხმებული იყო ადვოკატთან, როცა პოტენციურმა ოჯახმა გააცნობიერა, რომ ქალიშვილი სურდათ. შემდეგ მომლოდინეთა სიაში მყოფ ჩემს მშობლებს დაუკავშირდნენ. ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ შეიტყო, რომ დედაჩემს კოლეჯში არ უვლია, მამაჩემს კი სკოლის დამამთავრებელი საფეხური არ ჰქონდა გავლილი. მან გაშვილების საბუთებს ხელი არ მოაწერა, თუმცა შემდეგ ჩემი მშობლები შეჰპირდნენ, რომ მე უმაღლეს განათლებას მივიღებდი.
და 17 წლის შემდეგ მართლაც ჩავირიცხე კოლეჯში. თუმცა სასწავლებელი გულუბრყვილო მიდგომით ავარჩიე. ის ისეთივე ძვირი იყო, როგორიც სტენფორდის უნივერსიტეტი და მშრომელთა კლასის წარმომადგენელი მშობლების სრული დანაზოგი სწავლის გადასახადზე იხარჯებოდა. ექვსი თვის შემდეგ ამის აზრს ვეღარ ვხედავდი. არ ვიცოდი, რა მინდოდა გამეკეთებინა ცხოვრებაში და არც ის ვიცოდი, სასწავლებელი ამის გარკვევაში როგორ დამეხმარებოდა. მე დავდექი იმ რეალობის წინაშე, როცა ვხარჯავდი ფულს, რომელსაც ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება აგროვებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, კოლეჯში სწავლა მიმეტოვებინა და მერწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თავიდან შემეშინდა, თუმცა როცა უკან მივიხედავ, ვხვდები, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია. მაშინვე შევწყვიტე იმ სავალდებულო საგნებზე ფიქრი, რომლებიც არ მაინტერესებდა და დავიწყე იმის შესწავლა, რაც ჩემში ინტერესს იწვევდა. თუმცა ყველაფერი ასე რომანტიკულად არ იყო. ოთახი არ მქონდა, ამიტომ მეგობრების ოთახებში იატაკზე მეძინა. საჭმლის ფულის საშოვნელად "კოკა-კოლის" ბოთლებს 5 ცენტად ვაბარებდი და ყოველ კვირა საღამოს ქალაქში შვიდ მილს ფეხით გავდიოდი, რათა Hare Krishna-ს ტაძარში ნორმალური კერძი მეჭამა. და სწორედ ამ პერიოდში, რაშიც უბრალოდ ცნობისმოყვარეობისა და ინტუიციის გამო ჩავები, შემდგომში ფასდაუდებელი აღმოჩნდა. გთავაზობთ ერთ მაგალითს:
Reed College-ში, შეიძლება ითქვას, საუკეთესო კალიგრაფიის კურსები იყო მთელ ქვეყანაში. კამპუსში ყველა აფიშა, ყველა ეტიკეტი ხელით, ლამაზი კალიგრაფიით იყო შესრულებული. რადგან სტუდენტი აღარ ვიყავი და სასწავლო პროცესზე დასწრება სავალდებულო აღარ იყო, გადავწყვიტე, კალიგრაფიის გაკვეთილებზე მევლო, რომ ეს ხელოვნება შემესწავლა. ვისწავლე სერიფული და არასერიფული შრიფტები, ასოთა კომბინაციებს შორის სივრცეების თავისებურებები და მათი ცვლილება. ვისწავლე, რა ხდის დიდებულ ტიპოგრაფიას უნიკალურად. ეს ყველაფერი იყო ლამაზი, ისტორიული კონტექსტის, ხელოვნებით დახვეწილი ისე, როგორც მეცნიერებას არ შეუძლია გადმოსცეს. და მე მისით მოვიხიბლე.
ეს ცოდნა პრაქტიკული გამოყენების იმედს არ მაძლევდა, თუმცა 10 წლის შემდეგ, როცა Macintosh-ის კომპიუტერის დიზაინზე ვმუშაობდით, ის გამომადგა. ეს ყველაფერი Mac-ში გადავიტანეთ და ის იქცა პირველ კომპიუტერად, რომელსაც ლამაზი ტიპოგრაფია ჰქონდა. არასდროს რომ არ დავსწრებოდი იმ ერთ კურსს, Mac-ს არ ექნებოდა მრავალფეროვანი შრიფტები და პროპორციული ფონტები. და რადგანაც Windows-მაც Mac-ის ასლი შექმნა, ცხადია, რომ არც პერსონალურ კომპიუტერებს ექნებოდა ასეთი შრიფტები. რომ არ მიმეტოვებინა კოლეჯი, ტიპოგრაფიის კლასსაც არ დავესწრებოდი და კომპიუტერებს ის არაჩვეულებრივი ტიპოგრაფია არ ექნებოდა, რაც ახლა აქვს. ადრე, როცა ჯერ კიდევ კოლეჯში ვიყავი, რა თქმა უნდა, ამ წერტილების დაკავშირება არ შემეძლო. თუმცა ათი წლის შემდეგ, წარსულში რომ გავიხედე, ეს უკვე ძალიან, ძალიან ნათლად დავინახე. კიდევ ერთხელ - შეუძლებელია, წერტილები მომავლისაკენ ხედვით დააკავშირო. მათ დაკავშირებას მხოლოდ წარსულში გახედვით შეძლებ. ამიტომაც უნდა გჯეროდეს, რომ ისინი შენს მომავალს თავისით დაუკავშირდება. რაღაცის უნდა გჯეროდეს - შინაგანი შეგრძნების, ბედისწერის, ცხოვრების, კარმის. ამ მიდგომას არასდროს დავუღალატებივარ და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცვლილებები სწორედ მან განაპირობა.
შემდეგი ისტორია სიყვარულსა და დანაკარგზეა.
მე იღბლიანი აღმოვჩნდი - ადრეულ ასაკში ვიპოვე ის, რისი კეთებაც მიყვარდა. მე და ვოზმა [სტივ ვოზნიაკი] Apple-ზე მუშაობა ჩემი მშობლების ავტოფარეხში დავიწყეთ მაშინ, როცა 20 წლის ვიყავი. გულმოდგინედ ვიმუშავეთ და ათ წელიწადში ორკაციანი გუნდიდან Apple ორ მილიარდდოლარიან კომპანიად იქცა, რომელსაც ოთხი ათასზე მეტი დასაქმებული ჰყავდა. ეს იყო მომენტი, როცა ჩვენი საუკეთესო ქმნილება - Macintosh-ი ერთი წლის გამოშვებული გვქონდა და მე 30 წელი შემისრულდა. და შემდეგ მე გამათავისუფლეს. როგორ შეიძლება ადამიანი იმ კომპანიიდან გაათავისუფლონ, რომელიც თავად დააფუძნა? როცა Apple-ი გაიზარდა, მოვიყვანეთ ადამიანი, რომელზეც ვფიქრობდი, რომ ძალიან ჭკვიანი იყო და კომპანიას ჩემთან ერთად კარგად მართავდა. პირველ წელს ყველაფერი მართლაც კარგად იყო. თუმცა შემდეგ მომავალთან დაკავშირებული ჩვენი ხედვები გაიყო და საბოლოოდ ერთმანეთს დავუპირისპირდით. როცა ეს მოხდა, დირექტორთა საბჭომ მხარი მას დაუჭირა, ამიტომ 30 წლისა კომპანიიდან წამოვედი. ეს ყველაფერი საჯაროდ მოხდა. ის, რაზეც მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება ვკონცენტრირდებოდი, გაქრა და მე განადგურებული ვიყავი.
პირველი რამდენიმე თვე არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ვფიქრობდი, რომ ანტრეპრენერების წინა თაობას ვუღალატე - თითქოს ესტაფეტა გამივარდა ხელიდან მაშინ, როცა ის მე გადმომცეს. დევიდ პაკარდს და ბობ ნოისს შევხვდი და ყველაფრის არევისათვის ბოდიშიც მოვუხადე. საჯარო მარცხი განვიცადე და ინდუსტრიიდან გაქცევაზეც ვფიქრობდი.
თუმცა ნელ-ნელა რაღაც გავაცნობიერე - კვლავ მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი. Apple-ში მომხდარმა მოვლენებმა ეს ოდნავაც ვერ შეცვალა. უარმყვეს, მაგრამ კვლავაც შეყვარებული ვიყავი. ამიტომაც გადავწყვიტე, ყველაფერი თავიდან დამეწყო.
მაშინ ვერ ვხვდებოდი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, Apple-დან გათავისუფლება საუკეთესო რამ იყო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. წარმატებულად ყოფნის სიმძიმე დამწყებად ყოფნის სიმსუბუქემ შეცვალა. ყველაფერში ნაკლებად ვიყავი დარწმუნებული და ეს დამეხმარა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე კრეატიულ ფაზაში შევსულიყავი.
შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში დავაფუძნე კომპანია NeXT-ი, კიდევ ერთი კომპანია, სახელწოდებით Pixar-ი და შემიყვარდა არაჩვეულებრივი ქალი, რომელიც ჩემი ცოლი გახდა. Pixar-მა შექმნა პირველი კომპიუტერული ანიმაცია Toy Story და ახლა ის [Pixar] ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა მსოფლიოში. მოვლენების არაჩვეულებრივი წყობით, Apple-მა NeXT-ი იყიდა. ამგვარად მე Apple-ში დავბრუნდი და ტექნოლოგია, რომელსაც NeXT-ში ვქმნით, დღევანდელი Apple-ის გულია. მე და ლორენს კი ერთად არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, Apple-დან რომ არ გავეთავისუფლებინე. ეს ძალიან მწარე წამალივით იყო, მაგრამ ვფიქრობ, პაციენტს ის სჭირდებოდა. ხანდახან ცხოვრება თავში აგურს გირტყამს. არ დაკარგოთ რწმენა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი რამ, რაც წინსვლაში დამეხმარა, ჩემი საქმის სიყვარული იყო. უნდა იპოვო ის, რაც გიყვარს. ეს ეხება როგორც შენს საქმეს, ასევე პირად სიყვარულს. შენი საქმე ცხოვრების დიდ ადგილს დაიკავებს და ერთადერთი გზა, რომ ნამდვილად კმაყოფილი იყო, არის იმის რწმენა, რომ რასაც აკეთებ, დიდებული საქმეა. და დიდი საქმეები კი პროცესის სიყვარულით კეთდება. თუ ის ჯერ არ გიპოვიათ, ეძებეთ. არ დანებდეთ. როცა მას იპოვით, ამას მთელი გულით იგრძნობთ. და ყველა კარგი ურთიერთობის მსგავსად, ის წლების სვლასთან ერთად უკეთესი გახდება. მიტომაც ეძებეთ, სანამ არ იპოვით. არ შეჩერდეთ. ჩემი მესამე ამბავი სიკვდილს ეხება.
როცა 17 წლის ვიყავი, ერთი გამონათქვამი ამოვიკითხე: "თუ ისე იცხოვრებ, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა, ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდები". ამ ფრაზამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ, 33 წლის განმავლობაში, ყოველ დილით სარკეში ვიხედები და ჩემს თავს ვეკითხები: "ეს რომ უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ?" და როცა რამდენიმე დღის განმავლობაში პასუხი ზედიზედ არის "არა", ვხვდები, რომ რაღაც უნდა შევცვალო.
იმის მუდმივად დამახსოვრება, რომ ერთ დღეს მოვკვდები, არის ყველზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ცხოვრებაში არაერთი დიდი არჩევანის გაკეთებაში მეხმარება. თითქმის ყველაფერი - ყველა მოლოდინი, სიამაყე, შერცხვენისა თუ წარუმატებლობის შიში - სიკვდილის პირისპირ ეს ყველაფერი გაქრება. დარჩება მხოლოდ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
სიკვდილის გარდაუვალობის გააზრება საუკეთესო გზაა, რომ რაღაცის დაკარგვაზე ფიქრის ხაფანგი აირიდო. შენ ისედაც შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რომ საკუთარ გულს არ მიჰყვე.
დაახლოებით ერთი წლის წინ კიბოს დიაგნოზი დამისვეს. სკანირება დილის 7:30-ზე ჩამიტარდა და მან ცხადად აჩვენა სიმსივნე ჩემს პანკრეასზე. ისიც კი არ ვიცოდი, პანკრეასი რა იყო. ექიმები თითქმის სრულიად დარწმუნებული იყვნენ, რომ კიბოს ეს სახეობა არ იკურნება და ფიქრობდნენ, რომ სამი-ექვსი თვის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. მირჩიეს, სახლში წავსულიყავი და ჩემი საქმეები მომეგვარებინა. ეს ექიმების ერთგვარი კოდია, როცა სიკვდილისთვის გამზადებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეეცადო, შვილებს რამდენიმე თვეში უთხრა ის, რასაც მომავალი ათი წლის განმავლობაში ეტყოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ დარწმუნდე, ყველაფერი მოგვარებულია, რათა შენს ოჯახს შეძლებისდაგვარად გაუმარტივდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამომშვიდობების დროა. მთელი ის დღე ამ დიაგნოზით ვიცხოვრე. მოგვიანებით, საღამოს, ბიოფსია ჩავიტარე. ენდოსკოპია გამიკეთეს, რათა პანკრეასიდან ქსოვილი აეღოთ. მე ანესთეზია მქონდა გაკეთებული, თუმცა ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ მიკროსკოპით დათვალიერებისას ექიმებმა ტირილი დაიწყეს, რადგან აღმოჩნდა, რომ კიბოს ეს ფორმა ქირურგიულ ჩარევას ექვემდებარებოდა. ოპერაცია გავიკეთე და ახლა კარგად ვარ.
ამ დროს ყველაზე ახლოს ვიყავი სიკვდილთან და იმედია, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ასეც დარჩება. ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ შემიძლია რაღაც მეტად დარწმუნებით გითხრათ, ვიდრე მაშინ გეტყოდით, როდესაც სიკვდილი საჭირო, თუმცა ინტელექტუალური იდეა იყო:
არავის უნდა სიკვდილი. იმ ადამიანებსაც კი, ვისაც სამოთხეში სურთ მოხვედრა, იქ წასვლა სიკვდილის ხარჯზე არ უნდათ. და მაინც - სიკვდილი არის დანიშნულების ის წერტილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ. მისგან ვერასდროს ვერავინ გაქცეულა და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო ქმნილებაა. ის სიცოცხლის განახლების აღმსრულებელია. ის ასუფთავებს ძველისგან, რომ გზა დაუთმოს ახალს. ამჟამად ეს ახალი თქვენ [ახალი თაობა] ხართ. თუმცა ოდესმე, ამ დღიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, თქვენც დაბერდებით და წახვალთ. მაპატიეთ ასეთი დრამატულობისათვის, მაგრამ ეს სრული სიმართლეა.
თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ არ გაფლანგოთ ის სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. არ გაებათ დოგმების მახეში, რაც სხვა ადამიანების შეხედულებების მიხედვით ცხოვრების შედეგია. არ მისცეთ სხვების აზრების ხმაურს უფლება, თქვენი საკუთარი ხმა ჩაახშონ. და ყველაზე მთავარი - გქონდეთ გამბედაობა, რომ გულსა და ინტუიციას მიჰყვეთ. რაღაც ძალით მათ ნამდვილად იციან, სინამდვილეში რა გსურთ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
როცა ახალგაზრდა ვიყავი, იყო ასეთი არაჩვეულებრივი გამოცემა - The Whole Earth Catalog-ი. ის ჩვენი თაობის ბიბლია იყო, რომელიც შექმნა ადამიანმა, სახელად სტიუარტ ბრენდი. თავის ქმნილებას ის პოეტური ხედვით მიუდგა. ეს 1960-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, მანამდე, სანამ პერსონალური კომპიუტერები და ციფრული გამოცემები იარსებებდა. ამიტომაც ყველაფერი საბეჭდი მანქანით, მაკრატლით და პოლაროიდის კამერებით იყო გაკეთებული. ეს იყო ერთგვარი ფურცლების Google-ი, ნამდვილი Google-ის დაბადებამდე 35 წლით ადრე. ის იდეალური იყო: სავსე ინფორმაციით.
სტიუარტმა და მისმა გუნდმა The Whole Earth Catalog-ის რამდენიმე ნომერი გამოუშვეს და როცა მან თავისი მიზანი შეასრულა, ბოლო გამოცემა წარადგინეს. ეს 1970-იანი წლების შუა პერიოდი იყო, როცა თქვენი ასაკის ვიყავი. ნომრის უკანა გარეკანზე სოფლის გზაზე დილით გადაღებული ფოტო იყო დაბეჭდილი. ეს ისეთი ადგილი იყო, სადაც შესაძლოა ლაშქრობისას წახვიდეთ, თუკი თავგადასავლები გიზიდავთ. ამ ფოტოს ქვეშ კი ეწერა: "დარჩი მშიერი. დარჩი სულელი". ეს წარწერა მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი იყო. დარჩი მშიერი. დარჩი სულელი. და მე ყოველთვის ამას ვისურვებდი საკუთარი თავისთვის. და ახლა, როდესაც სასწავლებელს ამთავრებთ და ახალ ეტაპს იწყებთ, ამასვე გისურვებთ თქვენც.
დარჩი მშიერი. დარჩი სულელი.
თარგმანი: ნინო იმერლიშვილი