Get All Access for $5/mo

ხუთი წიგნი, რომელიც დამწყებმა ანტრეპრენერებმა უნდა წაიკითხონ ბიზნესში შემოსვლამდე

By Nate Morris

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არ არსებობს კონკრეტული ფორმულა, როგორ გავხდეთ წარმატებული ანტრეპრენერი. მით უმეტეს, არ არსებობს უკვე გაკვალული გზა, რომელსაც შეიძლება მივდიოთ. მეწარმეობა ერთგვარი მოგზაურობაა, სავსე შესაძლებლობებით, მაგრამ ამავდროულად უამრავი წინაღობით დატვირთული.

ჩემი გზაც სტარტაპის დაარსებისაკენ ქარიშხლებით იყო სავსე. მე კენტუკიში გავიზარდე, აშშ-ის შუაგულში, მარტოხელა დედის მიერ. დედას ჩემს აღზრდაში ბებია და ბაბუა ეხმარებოდნენ, რომლებმაც მომცეს მოტივაცია, დამეწყო კითხვა. და მეც ვკითხულობდი, მუდმივად. დავინტერესდი სამოტივაციო წიგნებით, ხოლო შემდეგ ბიზნესით − სწორედ ამან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ჩემი პოზიტიური მიდგომის ჩამოყალიბებასა და ბიზნესზე წარმოდგენის შექმნაში.

ძალიან პატარა ასაკიდან კითხვამ მასწავლა ძირითადი პრინციპები, რითაც ადამიანები ბიზნესში და ზოგადადაც აღწევენ წარმატებას. რაც მთავარია, სწორედ წიგნებმა მომცეს მოტივაცია, მეოცნება და დამეფუძნებინა საკუთარი კომპანია.

გიყვებით იმ ხუთი წიგნის შესახებ, რომლებმაც შთამაგონეს და შემამზადეს სტარტაპის დაარსებისათვის.

"იფიქრე და გამდიდრდი" − ნაპოლეონ ჰილი/Think and Grow Rich by Napoleon Hill

წიგნი პირველად 1937 წელს გამოქვეყნდა და თვითგანვითარების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წიგნად მიიჩნევა. წიგნი ხაზს უსვამს იმ 13 პრინციპს, რომელიც ეხმარება ადამიანებს გახდნენ მდიდრები და წარმატებულები. პრინციპებს შორისაა განვითარების მუდმივი სურვილი, პოზიტიური დამოკიდებულება და მოძრაობა, განვითარება, ქმედება.

ავტორი ნაპოლეონ ჰილი სხვადასხვა წარმატებული ადამიანის ცხოვრებასა და ქცევებს სწავლობდა. წიგნში სწორედ ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელ მიდგომებსა და პრინციპებს გაეცნობით. ჰილის მესიჯი ძალიან ცალსახაა: წარმატება მივა ყველასთან, ვინც ამ პრინციპებს გაჰყვება.

"მასშტაბურად ფიქრის მაგია" დევიდ შვარცისგან/The Magic of Thinking Big by David J. Schwartz

დედაჩემი მუდამ მიჩიჩინებდა, რომ დიდი ოცნებები მქონოდა, "რადგან ეს უფასოა". როცა მომავალზე ფიქრობთ, არანაირი განსაკუთრებული მცდელობა არ გჭირდებათ, გქონდეთ დიდი ოცნებები. ეს ჩემი ნომერ პირველი რჩევაა დამწყები ანტრეპრენერებისთვის.

დევიდ შვარცი წიგნში გვასწავლის, როგორ ვიფიქროთ პოზიტიურად, დავისახოთ დიდი მიზნები და ვიმოქმედოთ მათ ასასრულებლად. ის გამხნევებს და გაძლევს მოტივაციას, გწამდეს შენი თავის, საკუთარი შესაძლებლობების და ყოველთვის იფიქრო დაწესებულ საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, წიგნში პრაქტიკულ რჩევებსაც გადააწყდებით და ნახავთ სტრატეგიებს, როგორ გადალახოთ შიში, ეჭვები, აიმაღლოთ თვითშეფასება და მეტად გჯეროდეთ, რომ თავდაჯერებით აუცილებლად იქნებით წარმატებული.

"პოზიტიურად ფიქრის ძალა" ნორმან ვინსენტ პილისგან/The Power of Positive Thinking by Norman Vincent Peale

ავტორს სჯეროდა, რომ რწმენა და პოზიტიური აზროვნება ადამიანებს ეხმარება, გადალახონ სირთულეები და მიაღწიონ საკუთარ მიზნებს.

ანტრეპრენერებს დაბრკოლებები მთელი ამ მოგზაურობის დროს თან ახლავთ. როცა ერთს გადავლახავთ, მომდევნო შესახვევში ახალი გველოდება. ეს წიგნი კი სწორედ საკუთარ თავში რწმენის მნიშვნელობას დაგანახებთ − თუ როგორ უნდა გადალახოთ ეჭვები თქვენსავე შესაძლებლობების შესახებ და უკან მოიტოვოთ ყველანაირი ნეგატიური აზრი, რათა ცხოვრებას ჯანსაღად შეხედოთ.

აინ რენდის "პირველწყარო"/The Fountainhead by Ayn Rand

აინ რენდის "პირველწყარო" იკვლევს ინდივიდუალიზმის კონცეფციას და მნიშვნელობას იმისა, რომ მივდიოთ ჩვენს ღირებულებებსა და რწმენას. მხატვრული ლიტერატურის ამ ნიმუშში პროტაგონისტი ჰოვარდ როურკი არქიტექტორია და არ მიდის კომპრომისზე. მას საზოგადოებისგან განსხვავებული არტისტული ხედვა აქვს და არ იცვლის მას, მიუხედავად იმისა, რომ სოციუმი სწორედ ამას სთხოვს. ეს რომანი შეგვახსენებს, რომ ანტრეპრენერობა სიმამაცეს მოითხოვს.

ამერიკელი ბიზნესმენი მარკ კუბანი 2006 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში წიგნის შესახებ ამბობდა:

"როცა მოტივაცია მჭირდება, სწორედ ამ წიგნს ვიღებ საკითხავად. თუმცა, თუკი ზედმეტად ბევრს წავიკითხავ, განსაკუთრებულად მოტივირებული ვხდები, აღტყინებული, აღელვებული ვარ და მიწევს, ცოტა ხნით გადავდო კიდეც".

"პირველი მილიარდი ყველაზე რთულად მოპოვებადია" − ტი ბუნ პიკენსი/The First Billion is the Hardest by T. Boone Pickens

"პირველი მილიარდი ყველაზე რთულად მოპოვებადია" ტი ბუნ პიკენსის მემუარია. ის ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერი გახლდათ. წიგნი მისი ბიზნესფილოსოფიისა და სტრატეგიების შესახებაა, თუ როგორ ააშენა უზარმაზარი იმპერია. პიკენსი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და მოგვითხრობს ამ მოგზაურობაში ნასწავლი გაკვეთილების შესახებაც, მათ შორის, წარუმატებლობებზეც.

მქონდა ბედნიერება, გამეცნო ტუ ბუნ პიკენსი და პირადი ურთიერთობებიც მქონოდა მასთან. ის ყველა ანტრეპრენერის ინსპირაცია უნდა იყოს. პიკენსმა კარიერის განმავლობაში არაერთხელ თავიდან შექმნა საკუთარი თავი და არცერთ წინაღობას თავი არ დაუხარა.

მე ჩემმა უნიკალურმა გზამ მიმიყვანა წარმატებამდე და მჯერა, სხვებსაც შეუძლიათ მსგავსი, მხოლოდ მათი გზის პოვნა. შესაძლოა, ამისთვის მხოლოდ იმ ადამიანების სიბრძნის გაზიარება გვჭირდებოდეს, ვინც მსგავსი გზა ჩვენამდე გაიარა. სწორი მიდგომითა და სურვილით, ისწავლოთ, ანტრეპრენერთა სამყარო უბრალო მიზანი კი არა, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავალი გახდება.

Nate Morris

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Chairman & CEO, Morris Industries

Nate Morris is Chairman and CEO of Morris Industries, a privately held conglomerate that leverages the power of business to solve America’s biggest challenges.
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე