Get All Access for $5/mo

კოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი მინდა საჯარო მადლობა ვუთხრა ბატონ ნიკოლოზს ბევრი რამისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს ბოლოჯერ ვიყავით მისულები ნიკოლოზ მარკოზაშვილთან შეკრებაზე, გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე კოლია…

იქ, ეკლესიის ეზოში ვიდექით სხვადასხვა თაობის იესემელები და მეგობრები. ვიდექით გულდაწყვეტილი, მაგრამ - მადლიერებით სავსე თვალებით.

გულდასაწყვეტია, რომ მორჩა. დასრულდა საწყისი წერტილი - გამოგვეცალა ის დიდი აფეთქების ენერგია, რისგანაც ერთ დროს თითოეულმა ჩვენგანმა დავიწყეთ და აგერ მოვდივართ დღემდე. სევდიანია ასეთი ადამიანის დაკარგვა.



მადლიერებით სავსე - იმიტომ რომ გვქონდა მისგან სწავლის შესაძლებლობა. მისი ამაგი შეუფასებელია. სიტყვები: ამაგი, გავლენა, ღვაწლი, შთაგონება, ბიძგი, სწავლება, გამოზრდა… ვერ არის საკმარისი, რომ გამოვხატოთ ის, რაც მან მოგვცა.

კოლია იყო შემეცნების დიდოსტატი, ჩვენი დროის გამორჩეული მოაზროვნე. ბიზნეს სკოლაში მენეჯმენტის ლექტორს ეძახდნენ, თუმცა ის ჩვენთვის იყო ცხოვრების მასწავლებელი - "ჩვენი სენსეი", როგორც ლივინგსტონში გვიყვარს თქმა.

ყველაზე დიდი გავლენა ჩემს ცხოვრებაზე ალბათ ნიკოლოზმა მოახდინა. გონებაში ჩამიბეჭდა ამბები, რისგანაც შეიქმნა მთელი ჩემი აღქმა, ღირებულებითი სისტემა და business vision.

მინდა საჯარო მადლობა ვუთხრა ბატონ ნიკოლოზს ბევრი რამისთვის:

პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩამომიყალიბა მყარი ღირებულებები. გამიღვივა საკუთარი თავის რწმენა. "საზღვრები მხოლოდ ჩვენს თავშია და თუ გულით მოვინდომებთ აქამდე არნახული სიმაღლეების მიღწევაც შეგვიძლია";

მადლობა იესემის ლექციებისთვის, სადაც პირველად დამაფიქრა ადამიანის მოტივაციებზე, რატომ! იწყებს ბიზნესს;

მადლობა საპიენტი სატის კლუბში მოპატიჟებისთვის. ბრენდინგის საფუძლვიანად გააზრებისთვის, როცა გაგვარჩევინა 4დ ბრენდინგი;

ჩემს ცნობიერებაში ფილოსოფიის შემოტანისთვის, როცა გვაზიარა ერიხ ფრომს, ბუდიზმის საფუძვლებსა და ძენ-კოანებს;

სემკოს ქეისების განხილვისთვის, როცა პირველად გავიაზრე, რომ თურმე შეიძლება აეწყოს კომპანია, რომლის მთავარი ღირებულებაა თანამშრომლების გრძელვადიანი ბედნიერება;

მადლობა, პირველი სამსახურისთვის, სადაც მარკეტინგის მენეჯერის პოზიციისა რა გათხრათ… უფრო ელიავაზე ოპტავშიკებთან ნათურების დისტიბუტორი აღმოვჩნდი, თუმცა საქმის საკუთარი ხელებით კეთების ძვირფასი გამოცდილება მივიღე ეკესთან ერთად. დღეს, ეკე ლივინგსტონის CEO-ა და ისევ მხარდამხარ ვაგრძელებთ მაღალი მიზნებისკენ ფრენას;

კინოს სიყვარულის გაზიარებისთვის. ჩემით ტარკოვსკის და ანტონიონის შედევრებს ასე დეტალურად არასდროს ჩავუღრმავდებოდი. მაშინდელი გარჩევების შთაბეჭდილებები დღემდე მეხმარება ხოლმე იდეების რეჟისორულად წარმოდგენაში;

მადლობა, ლივინგსტონზე ზრუნვისთვის. დროული რჩევებისთვის. ჩვენზე ფიქრობდა, იცნობდა და აანალიზებდა გუნდის წევრებს. თავისი ინიციატივით გვირეკავდა: "ბატონებო, აი თქვენ ახლა ექვს თვეში რომ კრიზისი დაგიდგებათ ამის და ამის გამო, ნაფიქრი გაქვთ, როგორ გამოძვრეთ?? მოდით და ვილაპარაკოთ!" ჩვენც მივდიოდით. ღამეებს ვათენებდით, ქაოსი მეფობდა, წამი დრო არ გვქონდა, მაგრამ კოლიასთან აუცილებლად მივდიოდით;

მადლობა, ჩემში კრეატიული უნარების განვითარებისთვის. მახსოვს, როცა მირჩია ედვარდ დე ბონოს წიგნების წაკითხვა. ამის მერე გამიჩნდა აღქმა და დაკვირვების უნარი - რა ხდებოდა ჩემს თავში, როცა იდეებზე ვმუშაობდი. ამის მერე მოვეკიდე თემას სერიოზულად და ვაქციე წარმატებულ პროფესიად;
მადლობა, ძებნა-ძიების პროცესის შეყვარებისთვის და მაღლა ფრენისთვის…

უამრავი მომენტის გახსენება შეიძლება…
მოკლედ რომ ვთქვა: მადლობა ბატონო ნიკოლოზ იმისთვის, რომ დღეს ვარ - მე.

იქ ეკლესიის ეზოში გაიჟღერა სხარტმა ფრაზამ "კოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი"
ეგ არი!
ის იყო ჩვენ შორის დიდი დიადი თოლია.

რიჩარდ ბახის სიტყვები რომ მოვიშველიო: "სინამდვილეში ყოველი ჩვენგანი დიადი თოლიას ანუ ყოვლისმომცველი თავისუფლების იდეის განხორციელებას წარმოადგენს"

"ნებისმიერ მანძილზე და ნებისემიერ დროში შეიძლება ფრენა, თუკი მოისურვებ. მე ყველგან და ყველა დროში ვყოფილვარ, სადამდეც ჩემს აზრებს მიუღწევია"
გამგები გაიგებს.

18.11.2022
ლევან ლეფსვერიძე
Leavingstone-ის თანადამფუძნებელი