Get All Access for $5/mo

მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: Entrepreneur Georgia

2023 წლის აპრილში ხუთი წელი ხდება Entrepreneur-ის საქართველოში შემოსვლიდან. მას შემდეგ ქართველი ანტრეპრენერების წარმატების არაერთი ისტორია გაგვიშუქებია, რაც ათასობით მოტივირებული ქართველის შთაგონებისა და ინსპირაციის წყარო გამხდარა.

წარმატების ეს ისტორიები გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რომ არა ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დახმარება, რადგან საქართველო ჯერ მზად არ არის ჩვენი მეგობრების ფინანსური დახმარების გარეშე განავითაროს სტარტაპ-ეკოსისტემა, რომლის წარმატების უდიდესი წილი სწორედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის, რომელთა აგენტად გამოცხადებას და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სტარტაპ-ეკოსისტემისთვის საფრთხის შექმნას საქართველო ვერ შეეგუება!

ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობათა მილიონობით ევროს გრანტისა და თუ სხვა ტიპის ფინანსური დახმარების წყალობით, ახალ ბაზრებზე წვდომა გაუჩნდა ქართული ღვინის, თაფლის, ყველისა თუ სხვა პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების, ავეჯის, ტანსაცმლისა და აქსესუარების არაერთ მწარმოებელს. გაჩნდა ახალი სასტუმროები, განვითარდა ტურისტული ბიზნესი, გადაიარაღდა ათობით წარმოება; ახალი, თანამედროვე ბიზნესგანათლება და ტექნოლოგიური ინფორმაცია ათასობით ქართველისთვის გახდა ხელმისაწვდომი; შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიური აპლიკაციები, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბიზნესგადაწყვეტები და ტექნოლოგიური სტარტაპები.

ეს ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს...

ფაქტი ერთია − საქართველოს ახალბედა სტარტაპ და ანტრეპრენერული ეკოსისტემის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა და მომავალშიც გართულდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების დახმარების გარეშე!

Entrepreneur-ის − მთელ მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ჟურნალის, საქართველოში შემოყვანა ხუთი წლის წინ სწორედ იმ მიზნით გადავწყვიტეთ, რათა ხელი შეგვეწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროცესისთვის, რასაც საქართველოს ანტრეპრენერულ ქვეყნად გადაქცევა ჰქვია. ქვეყნად, სადაც, ისევე, როგორც ეს აშშ-ში, ევროპასა და ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება, დაიბადებიან გაბედული ანტრეპრენერები საკუთარი ქალაქის, ქვეყნისა და გნებავთ, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის მოტივაციით. ანტრეპრენერები, რომლებიც ახალი, ინოვაციური ბიზნესინიციატივებით საკუთარ თავს და ოჯახსაც უზრუნველყოფენ და ამავე დროს, დამატებით ღირებულებას შექმნიან იმ გარემოსა და საზოგადოებისთვის, რომლის ნაწილადაც თავი მიაჩნიათ.

ანტრეპრენერები, რომლებიც პრობლემებში შესაძლებლობებს დაინახავენ და ამ პრობლემების მოსაგვარებლად სხვას კი არ დაელოდებიან, არამედ საკუთარი ხელით გადაჭრიან მათ, ამ გზით ადამიანებსაც სარგებელს მოუტანენ და კომერციულად წარმატებულ ბიზნესმოდელებსაც შექმნიან, საიდანაც მიღებული მოგებით კვლავ ახალ და ახალ ბიზნესინიციატივებს მისცემენ გასაქანს არა მხოლოდ ქართულ, არამედ გლობალურ ბაზარზე.

ანტრეპრენერული ქვეყანა დასავლური ღირებულებების ქვეყანაა. შეიძლება განავითარო ეკონომიკა, გქონდეს წვდომა უდიდეს ბაზრებზე და მსოფლიო ეკონომიკაში მოწინავე ადგილსაც ფლობდე, მაგრამ ანტრეპრენერული ქვეყანა ვერასოდეს გახდე, რადგან ინოვაცია, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის მენტალიტეტი შეუძლებელია არსებობდეს უსამართლობის, დიქტატურის, ავტოკრატიისა თუ შენიღბული დემოკრატიის პირობებში.

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!"

ამ ისტორიული სიტყვების წარმოთქმიდან ორ ათეულ წელზე მეტია გასული. დღეს კი მმართველი ხელისუფლების მხრიდან მომსწრენი ვართ ჩვენი ისტორიული არჩევანის, ჩვენი ფუძემდებლური პრიორიტეტის ღალატის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა შეურაცხყოფის, რასაც საქართველო და ქართველი ხალხი არავის აპატიებს, რადგან არ არსებობს იმაზე მაღალი ღირებულება, იმაზე მაღალი ინტერესი, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და, მაშასადამე, მისი ევროპული მომავალია!

ახლა, როცა ამ ედითორიალს ვწერ, ათიათასობით ქართველი, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდაა, რუსთაველის გამზირზე აპროტესტებს საქართველოსთვის ევროპული მომავლის წართმევას (რაც დღევანდელი ხელისუფლების განწირული მცდელობაა), რადგან საქართველო არ დაუშვებს ისტორიული არჩევანის გადახედვას!

არჩევანის, რომელიც ასე მკაფიოდ და გასაგებად ჩამოაყალიბა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ თავის ისტორიულ სიტყვაში ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე ქალაქ სტრასბურგში:

"ევროპულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ მისი პრეზიდენტის ან პოლიტიკური ისტებლიშმენტის პრიორიტეტი არ არის. ეს ფუძემდებლური პრიორიტეტია, რომელიც ქართველი ხალხის სურვილს, ცნობიერებასა და მისწრაფებას ასახავს. ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლისა, რომელიც თავის ბუნებრივ ადგილსამყოფელს უბრუნდება, რომელიც ბრუნდება თავის სახლში − თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში.

ევროპის საბჭოში გაერთიანება არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანისა და იმის განცხადება, რომ ფასეულობები, რომელთაც ქართული საზოგადოება ეფუძნება − პლურალიზმი, საზოგადოების მრავალფეროვნების პატივისცემა, ტრადიციული შემწყნარებლობა, პიროვნების ღირსება და ყოველი ცალკეული ადამიანის უფლებების უზენაესობა − ქართველთათვის ჭეშმარიტი ღირებულებებია.

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა. ვოცნებობდით იმ დროზე, როდესაც ჩვენს სახლს დავუბრუნდებოდით.

მე ვფიქრობ, თქვენ შეძლებთ გაიგოთ ჩემი და ჩემი მეგობრების − საქართველოს დელეგაციის წევრების, ემოციები, რადგანაც ჩვენ უაღრესად ბედნიერები და ამაყები ვართ იმით, რომ ჩვენს თაობას წილად ხვდა პრივილეგია ამ დარბაზში განაცხადოს: მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი".

ზურაბ ჟვანიას ამ ისტორიული სიტყვის ფინალი – "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი", სამართლიანად იქცა თანამედროვე ქართველთა კრედოდ, მაგრამ დამეთანხმებით, ამ სიტყვაში არანაკლებ მნიშვნელოვანი პასაჟებია, რაც საუკეთესოდ ხსნის, თუ რატომ არის საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილი!

დიახ! − მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან