როგორ დაიბრუნეს კონტროლი დამფუძნებლებმა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსხვილი ინვესტიციები ხშირად სწრაფ ზრდას და კომპანიის გაყიდვას საჭიროებს. როდესაც Rhone-ის დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ მათ ეს არ სურდათ, სხვა გზა აირჩიეს.
ნეით ჩეკეტსიმ კარიერის ისტორიაში ყველაზე დიდი გარიგება განახორციელა, ტანსაცმლის ბრენდში Rhone კერძო ინვესტორი შემოიყვანა.
შემდეგ იგი მეგობარს ესაუბრა, რომელმაც მსგავსი გარიგება დადო. "ჰო, - თქვა მეგობარმა, - ახლა ორი წელი მაქვს. თუ ამ დროში ჩემს საქმეს ვერ შევასრულებ, ისინი ჩამანაცვლებენ".
ამან ნეითი დააფიქრა. მიხვდა, რომ კომპანიებისთვის ინვესტიციები ცვალებადი, სახიფათო და რისკიანია. როდესაც დამფუძნებელი კაპიტალს აგროვებს, კომპანიის მიზანი იცვლება. მათ ახლა იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ინვესტორებმა თავიანთი ანაზღაურება მიიღონ.
რა მოხდება, თუ აღმოჩნდება, რომ დამფუძნებელს სხვა პრიორიტეტები, სხვა იმედები აქვს? შეძლებს კონტროლის შენარჩუნებას?
ამ კითხვებმა ნეითზე, როგორც Rhone-ის დამფუძნებელზე, ძალიან იმოქმედა. ისევე როგორც მის ძმასა და თანადამფუძნებელზე, ბენ ჩეკეტსიზე.
ძმები მიხვდნენ, რომ კერძო ინვესტორი უნდა გამოესყიდათ.
2022 წლის ივლისში, კერძო კაპიტალის აღებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, თავიანთ კითხვებზე პასუხი იპოვეს. ახალი ამბავი სტარტაპების დამფუძნებლებში მალევე გავრცელდა.
ძმებს უამრავი მათგანი დაუკავშირდა. ყველას ერთი კითხვა ჰქონდა, თუ როგორ გაეზარდათ ბიზნესი, მოეპოვებინათ დაფინანსება და მოეზიდათ რესურსი.
"თეორიულად, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, - ამობს ნეითი, რომელიც გარიგებაზე საჯაროდ პირველად საუბრობს, - მაგრამ სინამდვილეში, ეს აზროვნებაა: ყველაფერი შეიცვალა".
Rhone ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა. ბრენდის სამარკო ნიშანი იყო დამზადების ტექნოლოგია, სახელწოდებით Gold Fusion, რაც ქსოვილების ოქროს ნაწილაკებით შევსებას გულისხმობს. ეს ქსოვილს უფრო კომფორტულს ხდის და სწრაფად გაშრობაში ეხმარება.
ნეითს წინარე გამოცდილება NFL-ის ბიზნესსტრატეგიაში ჰქონდა, ხოლო ბენს სპორტული მარკეტინგის სფეროში.
Rhone-მა 2015 წელს პირველი რაუნდი წამოიწყო, ხოლო 2017 წლისთვის 50-კაციანი გუნდი ჰყავდა და თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: REI, Bloomingdale's, Equinox და Peloton. მაგრამ ფინანსურად ჯერ კიდევ არ იყო მდგრადი.
სწორედ მაშინ ძმები უმაღლესი დონის კერძო ინვესტიციების ფირმა L Catterton-ს დაუკავშირდნენ. ამ ფირმას სამომხმარებლო სფეროში 250-ზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და დაახლოებით $34 მილიარდის ღირებულების სააქციო კაპიტალს მართავს.
როდესაც, 2017 წლის ბოლოს, Rhone-მა გარიგება დახურა, ძმებმა დიდი შვება იგრძნეს. "ჩვენ ვგრძნობდით, რომ ლატარია მოვიგეთ", - ამბობს ნეითი. იგივე აზრი ჰქონდა L Catterton-საც. "როდესაც ჩვენ ვდებთ ინვესტიციას, ფოკუსირებულნი ვართ სამ ძირითად საკითხზე: კატეგორიის ხარისხი, ბრენდის/პროდუქციის ხარისხი და ლიდერობის ხარისხი", - ჯონ ოუსლი, L Catterton-ის ზრდის ფონდის მმართველი პარტნიორი.
2021 წლისთვის Rhone 15-ჯერ გაიზარდა. ამან სხვა საინვესტიციო კომპანიების ყურადღებაც მიიპყრო. ერთ-ერთმა სავაჭრო კომპანიამ კი Rhone-ის ყიდვაც მოინდომა.
ძმები მიხვდნენ, რომ გზაჯვარედინზე იმყოფებოდნენ. სასწორზე მათი ბრენდის იდენტობა და დამოუკიდებლობა იდო.
2021 წელს ნეითმა თავის მეგობარს, ბრაიან როლაპს, წერილი გაუგზავნა. ბრაიანი NFL-ის მედიისა და ბიზნესის მთავარი ოფიცერი იყო. წერილში ნეითი მეგობარს რჩევით მიმართავდა. ისინი ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, ამიტომ ერთმანეთს პირადად შეხვდნენ. "როგორც ჩანს, შენ გსურს კომპანიის არსებობა განიხილო გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს შესაძლებლობაა, აიღო კიდევ ერთი კერძო ინვესტიცია, თუ უკვე დროა, კომპანიის სტრუქტურა ისე მოაწყო, როგორც თავად გსურს მისი მართვა?"
ეს ნეითს გაცნობიერებაში დაეხმარა. ძმებმა განსხვავებულ მომავალზე ფიქრი დაიწყეს. მათ გაუჩნდათ მიზანი, კომპანია მეტად ავტონომიური გაეხადათ და საგვარეულო ბიზნესის სპეციფიკაზე გადაეწყოთ.
ნეითმა კიდევ ერთი ზარი განახორციელა, ამჯერად ტრეის ფარსს დაუკავშირდა, რომელიც Lazard-ის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. ამ საუბრის შემდეგ ნეითს SPV-ის იდეა გაუჩნდა. ეს არის ინვესტიციის ტიპი, რომელიც ინდივიდს მთლიანი კაპიტალის ერთ ინვესტიციაში დაბანდების საშუალებას აძლევს. რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, აქციები უკან დაებრუნებინა.
2022 წლის დასაწყისში, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ძმები L Catterton-ს საბოლოოდ მიუახლოვდნენ. უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის თანხა შესთავაზეს თავიანთი კომპანიის გამოსასყიდად, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს იყო მნიშვნელოვანი ანაზღაურება.
მოლაპარაკება 2022 წლის ივლისში დასრულდა. როგორც ოუსლიმ განაცხადა, ისინი ამაყები არიან, რომ Rhone-ის დიდი მოგზაურობის ნაწილად იქცნენ.
შეუძლიათ სხვებს, ჩეკეტსების მოდელს მიმართონ? "დიახ", - ამბობს დევიდ ერიკსონი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ლექტორი.
დრო სერიოზული ფაქტორია, ისევე როგორც ფული. "დამფუძნებლებმა, რომლებსაც არ სურთ კომპანიების საკონტროლო პაკეტების დაკარგვა, მსხვილი ინვესტორებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ. ნაცვლად ამისა, რამდენიმე პატარა ინვესტორთან თანამშრომლობა კომპანიის ავტონომიურობას უფრო ნაკლებ საფრთხეს უქმნის", - ჯონ ჰალალი, Network Blue-ს აღმასრულებელი დირექტორი.
2023 წელს Rhone-მა ქალის ტანსაცმლის ხაზიც გამოუშვა. დღეს კომპანიას ბევრად უფრო დიდი მიზნები აქვს. როგორც ნეითი ამბობს, ახლა უკვე 50-წლიან გეგმებზე ფიქრობს და კომპანიის მომავალს მოკლევადიან პერსპექტივაში აღარ განიხილავს.