შეეშვით ალგორითმების დევნას - როგორ შეუძლიათ კონტენტკრეატორებს შინაარსის მართვა და მონეტიზაცია საკუთარი პირობებით
By Carlos Gil
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სოციალური მედიის პლატფორმები მუდმივად ვითარდებიან, რათა კონტენტკრეატორების ჩართულობა უფრო და უფრო აქტიური გახადონ, მაგრამ მათი მონეტიზაციის სისტემების ცვლილებები არ მოქმედებს კრეატორების ინტერესებით. ბოლო პერიოდში ისეთი კომპანიები, როგორიცაა Meta (Instagram/Facebook) და X (ყოფილი Twitter), ცვლილებებს ახორციელებენ, რათა კრეატორებმა განაგრძონ კონტენტის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს აინტერესებს. მაგრამ მოდი, ვიყოთ გულწრფელები - ეს სისტემები პლატფორმის სარგებელს უფრო მეტად ემსახურება, ვიდრე შემქმნელისას.
ყველა კრეატორი არ იყენებს ამ პლატფორმებს მონეტიზაციისთვის, მაგრამ თუ იყენებთ და ამაზეა დამოკიდებული თქვენი შემოსავალი, მაშინ თქვენ ცუდ პოზიციაში ხართ. ალგორითმები აკონტროლებენ თქვენი კონტენტის ხილვადობას და, იქნება ეს რეკლამებიდან შემოსავალი თუ მხოლოდ მეტ ხალხთან მიღწევის მცდელობა, საბოლოოდ სწორედ პლატფორმაა, რომელიც ერთგვარად წყვეტს თქვენს წარმატებას.
მე ეს პირადად გამოვცადე. გასულ წელს, X-ზე 35,9 მილიონი Impression-ი (მომხმარებლების ჩართულობის ერთ-ერთი პარამეტრი სოციალურ მედიაში) მივიღე. იფიქრებდით, რომ ასეთი მოცულობისთვის შემოსავალი საგრძნობი იქნებოდა, არა? ჩემი მთლიანი შემოსავალი კი $115,24 იყო, ეს არ გეყოფათ კარგი ფეხსაცმლის შეძენადაც კი.
სიმართლე ის არის, რომ თუ მხოლოდ Meta-ს ან X-ს ეყრდნობით თქვენი შემოსავლისთვის, იმედგაცრუებულნი დარჩებით. ეს პლატფორმები შესანიშნავია ხილვადობისთვის, მაგრამ ისინი არ შექმნილა თქვენს გასამდიდრებლად. დროა, შევწყვიტოთ მოწონებების, გაზიარებებისა და ვირუსული მომენტების დევნა და დავიწყოთ ჩვენი შინაარსისა და შემოსავლების მართვა.
პლატფორმები განკუთვნილია ცნობადობისთვის, არა შემოსავლისთვის
მოდი, ამაზე შევთანხმდეთ - სოციალური მედიის პლატფორმები მშვენიერია ცნობადობის ასამაღლებლად. ისინი გეხმარებიან ახალ მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, მიმდევრების ზრდასა და ხილვადობის მოპოვებაში. მაგრამ როდესაც საქმე მონეტიზაციას ეხება, სიტუაცია იცვლება. პრობლემა არ არის კარგი კონტენტის შექმნაში, არამედ იმაში, რომ პლატფორმები თავად აკონტროლებენ, რამდენ ადამიანი ნახავს თქვენს ნამუშევარს და რამდენად მაღალი იქნება თქვენი შემოსავალი.
კრეატორებმა უნდა გაიგონ, რომ ეს პლატფორმები, პირველ რიგში, სარეკლამო სივრცეა და არა მათი პლატფორმა. ისინი სარგებელს იღებენ რეკლამებიდან და არა კრეატორებისგან. Meta-სა და X-ის ბოლოდროინდელი ცვლილებები ამის დასტურია: ორივე პლატფორმამ მათი მონეტიზაციის სისტემები შეცვალა, რათა კრეატორები მეტად ჩაერთონ კონტენტის შექმნაში, მაგრამ ეს ცვლილებები არ ცვლის მათ სასარგებლოდ ძალთა ბალანსს.
შემოსავლების განაწილების რეალობა სოციალურ პლატფორმებზე
აი, როგორ მუშაობს მონეტიზაცია ამ პლატფორმებზე:
- Meta (Instagram/Facebook): მათ შემოიღეს In-Stream Ads და Ads on Reels-ი, რაც კრეატორებს საშუალებას აძლევს, მიიღონ შემოსავალი მათი კონტენტისგან. მაგრამ თუ დიდი რაოდენობით მიმდევარი არ გყავთ, ეს შემოსავლები მინიმალური იქნება. მათ შეიძლება შემქმნელებს დახმარების ილუზია შეუქმნან, მაგრამ შემოსავლის ლომის წილი Meta-ს რჩება.
- X (ყოფილი Twitter): X-მა ცოტა ხნის წინ გადაიტანა მონეტიზაცია პრემიუმ მომხმარებელთა ჩართულობაზე, რაც ნიშნავს, რომ თუ თქვენი აუდიტორია X Premium-ზე არ არის გამოწერილი, მათი ჩართულობა თქვენს შემოსავალში არ ითვლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პლატფორმა მოითხოვს, რომ ფულის გამოსამუშავებლად პრემიუმ სერვისის რეკლამირება მოახდინოთ.
რას ნიშნავს სინამდვილეში კონტენტის მფლობელობა
როდესაც ვამბობ "აიღეთ თქვენს კონტროლზე კონტენტის მფლობელობა", ვგულისხმობ იმ პლატფორმებიდან მოშორებას, რომლებსაც თქვენ არ აკონტროლებთ. სადაც თქვენი წარმოებული კონტენტი თავსდება, როგორ ხდება მისი მონეტიზაცია და ვის აქვს მასზე წვდომა, ამას თქვენ უნდა მართავდეთ.
ნამდვილი მფლობელობა ასე გამოიყურება:
- თქვენი კონტენტი განლაგებული არის იმ პლატფორმაზე, რომელსაც თქვენ მართავთ.
- თქვენ წყვეტთ, როგორ მონეტიზდება ის.
- თქვენ ადგენთ პირობებს, ვის აქვს წვდომა მასზე და მთლიან შემოსავალსაც ინარჩუნებთ.
სოციალური მედიის პლატფორმები გამოსადეგია ხილვადობისთვის, მაგრამ თუ ისინი შეცვლიან ალგორითმებს ან პოლიტიკას, თქვენი ხილვადობა და შემოსავალი ერთ ღამეში შეიძლება გაქრეს. ის კრეატორები, რომლებიც მთლიანად ამ პლატფორმებზე არიან დამოკიდებული, ყოველთვის არიან რისკის ქვეშ, რომ მათი შრომით მოპოვებული აუდიტორია სხვისი წესებით იმართოს.
მე მინახავს კრეატორები, რომელთაც უზარმაზარი ჩართულობა და მიმდევართა არმია ჰყავთ, თუმცა ერთ დილასაც შენიშნეს, რომ მათი ხილვადობა შემცირდა ალგორითმის განახლების გამო. ეს არის ხაფანგი: თქვენ მუდმივად დამოკიდებული ხართ პლატფორმის გადაწყვეტილებებზე, არა თქვენსაზე.
კრეატორები საკმარის დროს არ უთმობენ ელექტრონულ ფოსტას
ბევრი კრეატორი კვლავ უგულებელყოფს ელექტრონული ფოსტის მნიშვნელობას. ბევრი კი მთლიანად ეყრდნობა სოციალურ პლატფორმებს. მაგრამ ელექტრონული ფოსტა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება პირდაპირი კავშირისთვის თქვენს აუდიტორიასთან. სოციალური მედიისგან განსხვავებით, თქვენი ელ ფოსტის სია თქვენ გეკუთვნით. ალგორითმები მას ვერ შეეხება.
Morning Brew-ის მაგალითი ავიღოთ. მათ მედიაიმპერია შექმნეს უფასო კონტენტის ელ ფოსტით გავრცელებით. მათ გადალახეს ე.წ. სოციალური მედიის ხმაური და დღეს თავიანთი აუდიტორიით მონეტიზაციას ახორციელებენ რეკლამებითა და სპონსორობით - შემოსავლის უმეტესი ნაწილი კი მათ რჩებათ.
ელ ფოსტით მარკეტინგი გაძლევთ სიტუაციის კონტროლსა და მუდმივობას. თქვენ არ გიწევთ ფიქრი ხილვადობის შემცირებაზე, რადგან მომხმარებლებთან ურთიერთობა თქვენს ხელშია.
რატომ სჭირდება თითოეულ შემქმნელს ფასიანი Newsletter-ი
თუ სერიოზულად გინდათ თქვენი აუდიტორიის მონეტიზაცია, დროა თავი დაანებოთ მხოლოდ სოციალური პლატფორმების გამოყენებას. ამის ნაცვლად, შექმენით კონტენტი, რომელიც თქვენი იქნება, როგორიცაა ე.წ. Newsletter-ი ან ონლაინკურსი.
აი, რატომ მუშაობს ეს მოდელები:
- Newsletter-ი: ეს საშუალებას გაძლევთ, გადასცეთ ექსკლუზიური, მაღალი ღირებულების კონტენტი პირდაპირ თქვენს გამომწერებს. ეს ქმნის განმეორებად შემოსავალს და გაძლევთ კონტროლს იმაზე, რასაც აწვდით და რამდენად ფასდებით. Morning Brew შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ მოდელის მასშტაბირება. უფასო შინაარსის მიწოდებით მათ დიდი აუდიტორია მოიზიდეს, დღეს კი რეკლამებითა და სპონსორობით მონეტიზაციას ახორციელებენ.
- ონლაინკურსები: გაქვთ უნარი ან რაიმეს ექსპერტიზა? მოამზადეთ და გაყიდეთ ეს კურსის სახით. ონლაინკურსები არის მასშტაბირებადი პროდუქტი, რომელიც შემოსავალს იძლევა მისი შექმნის შემდეგაც. თქვენ შეგიძლიათ კურსი ერთხელ ააწყოთ და შემდეგ მუდმივად შემოსავალი მიიღოთ.
როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ სოციალური პლატფორმები ცნობადობისთვის
როდესაც ვამბობ, რომ სოციალური პლატფორმებიდან შემოსავლების იმედი არ გქონდეთ, არ ნიშნავს, რომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი. სოციალური პლატფორმები კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცნობადობის ასამაღლებლად და საწყის ეტაპზე ყურადღების მოსაპოვებლად. აი, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი თქვენი მონეტიზაციის სტრატეგიის მხარდასაჭერად:
- გაზარდეთ ცნობადობა: განათავსეთ კონტენტი, რომელიც ხალხს დააინტერესებს. თქვენი მიზანი ხილვადობაა და არა დაუყოვნებლივ მონეტიზაცია.
- ტრეფიკის გადატანა მართულ არხებზე: მას შემდეგ, რაც ყურადღება მიიქციეთ, გადაიყვანეთ თქვენი აუდიტორია ელ ფოსტის სიაში, ვებგვერდზე ან Newsletter-ში — პლატფორმებზე, რომლებსაც თქვენ მართავთ.
- მონეტიზაცია საკუთარი პირობებით: თქვენი აუდიტორია საკუთარ პლატფორმაზე რომ გყავთ, შეგიძლიათ მონეტიზაცია მოახდინოთ თქვენთვის მისაღები პირობებით, შეინარჩუნოთ შემოსავალი და განავითაროთ ბიზნესი მდგრადად.
კრეატორთა ეკონომიკა ვითარდება, და მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც თავის შინაარსსა და შემოსავლის ნაკადებზე კონტროლს აიღებს. სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა Meta და X, შესანიშნავია ცნობადობის ასამაღლებლად, მაგრამ მონეტიზაციისთვის მათზე არ უნდა იყოთ დამოკიდებული.
ამის ნაცვლად, აიღეთ კონტროლი, გადაიტანეთ თქვენი აუდიტორია ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა ელ ფოსტით Newsletter-ები ან ონლაინკურსები, სადაც მართავთ შინაარსს, ხილვადობასა და შემოსავალს. თქვენ განთავისუფლდებით მუდმივად ალგორითმების ცვალებადობაზე დარდისგან და შეძლებთ გააკონტროლოთ, რამდენს გამოიმუშავებთ.
მზად ხართ, დაიწყოთ თქვენი მომავლის კონტროლი? დაიწყეთ თქვენი აუდიტორიის შექმნა და შეწყვიტეთ სოციალური პლატფორმების იმედად ყოფნა თქვენი წარმატებისთვის. თქვენი ბიზნესის მომავალი ამაზეა დამოკიდებული.