წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში საკუთარ აზრს ლევან ლეფსვერიძე გვიზიარებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
და მაინც, რომელი 5 უნარი სჭირდება ადამიანს, თანამედროვე სამყაროში თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად? − ჩვენი მკითხველი უკვე რამდენიმე საკმაოდ წარმატებული ქართველი ანტრეპრენერის აზრს გაეცნო, თუმცა ამჯერად კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, ლევან ლეფსვერიძის მოსაზრებას გაგიზიარებთ.
ლევან ლეფსვერიძე სარეკლამო სააგენტო Leavingstone-ის დამფუძნებელი და ქართულ სარეკლამო სივრცეში უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილი და ავტორიტეტული პიროვნებაა. მის სახელს უამრავი საინტერესო სარეკლამო კამპანია და პროექტი უკავშირდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ახლა კი, წარმოგიდგენთ "წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარს 21-ე საუკუნეში", ლევან ლეფსვერიძისგან:
ცნობისმოყვარეობა − ეს არის თვისება, რომელიც ადამიანებს გვეხმარება ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში: შევამჩნიოთ და აღმოვაჩინოთ ის, რაც მანამდე ჩვენს ცნობიერებაში არ არსებობდა. გონებაში "მოვიშინაუროთ" ახალი კონცეფცია, რაც მანამდე არ ვიცოდით და თანაც, ვერ ვხვდებოდით, რომ არ ვიცოდით; ბრმა ვიყავით მის მიმართ. ცნობისმოყვარეობა აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი სახის პროგრესისთვის.
თვითგაცნობიერებულობა − უნარი, გესმოდეს, თუ რა ხდება შენში. რას გკარნახობს გული, საით გიბიძგებს ინტუიცია და რატომ. შეგეძლოს გამიჯნო შფოთით, შიშით, ეგოისტური ამბიციებით ნაკარნახევი იმპულსური აზრები იმ ჰარმონიული აზრებისგან, რომლებმაც "რაღაცნაირად, წინასწარ უკვე იციან, რა იქნება შენთვის კარგი" (როგორც სტივ ჯობსი ამბობს სტენფორდის ცნობილ გამოსვლაში).
შემოქმედება − სხვადასხვა ობიექტის ერთმანეთთან დაკავშირების უნარი, დიდ ინფორმაციაში "ფათერნის" დანახვის უნარი, ამოცანის ბევრი, განსხვავებული, უნიკალური გზით ამოხსნის უნარი, უცნობი გზებით სიარულით ტკბობის უნარი... ამ ყველაფერს, კრეატიულ აზროვნებაში გავაერთიანებდი. დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში, კრეატიულობა ერთ-ერთი ძლევამოსილი სუპერძალაა. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, დღეს ყველაზე მეტად ფასობს კრეატიული გადაწყვეტილებები.
ემპათია − ბიზნესში წარმატების მიღწევა გუნდური სპორტია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გესმოდეს სხვა ადამიანების. შეგეძლოს წარმოიდგინო თავი სხვის ადგილას და სხვისი პერსპექტივიდან დაინახო სამყარო. რატომ იქცევიან ასე? რა მიზეზით ფიქრობენ ასე? ხშირად, ადამიანები მიდრეკილნი ვართ, საკუთარი "ფილტრით" ვუყუროთ სამყაროს და გვჯერა, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მართალი. თუმცა გარშემო რამდენი ადამიანიცაა, ალბათ იმდენივე აღქმა არსებობს. ასეთი სუბიექტური აღქმების აბობოქრებულ ოკეანეში განავარდებას თუ წარმატებას დავარქმევდით, მაშინ ემპათიის უნარი კარგი სერფინგის დაფა იქნებოდა.
შრომისმოყვარეობა − გინდა თუ არ გინდა, გარშემო დიდი კონკურენციაა. ასე რომ, უდიდესი შრომისა და დისციპლინის გარეშე, ხელშესახები წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი მგონია. შრომა, თავის მხრივ, დისკომფორტია, თუმცა შრომის პროცესში სიხარულისა და აღმაფრენის განცდის უნარს დავარქმევდი შრომისმოყვარეობას. ეს უნარი, გრძელვადიანი წარმატებული საქმიანობისთვის საკვანძო მგონია.