Get All Access for $5/mo

10-წლიან წარმატებულ საქმიანობას UK Bridge ახალი პროექტით – ინგლისური ენის სასწავლო ცენტრით აგრძელებს "ისეთი აჟიტირებულები ვიყავით, რომ ჰაერშივე მოვიფიქრეთ ჩვენი სტარტაპისთვის სახელი, ბიზნესგეგმა, და უკვე მეორე კვირას, დამსაქმებელსაც ვაცნობეთ სამსახურის დატოვების შესახებ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

ნუცა ქურიძემ და ანკა ვეცკომ ზუსტად 10 წლის წინ გაბედეს ის, რასაც დღესაც კი, სტარტაპებისა და ინოვაციური იდეების წახალისების ხანაში, ბევრი ვერ ახერხებს. კარიერულად საკმაოდ წარმატებულმა ორმა ახალგაზრდა ქალმა უცებ გადაწყვიტა, მაღალანაზღაურებადი სამსახური მიეტოვებინა და საკუთარი ბიზნესი ნულიდან დაეწყო. ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც დააბანდეს, საკუთარი ცოდნა იყო. ნუცა ქურიძე და ანკა ვეცკო წლების განმავლობაში British Council-ის თანამშრომლები იყვნენ. მას შემდეგ, რაც "ბრიტანეთის საბჭოს" ფასიანი განათლების პროექტი დაიხურა, გოგონებმა გადაწყვიტეს ბაზარზე დარჩენილი მოთხოვნა საკუთარი კომპანიის დახმარებით დაეკმაყოფილებინათ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბრენდი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის დღეს უკვე კარგად ნაცნობი და სანდოა. UK Bridge-ის დაარსებიდან 10 წლის შემდეგ, კიდევ ერთ ახალ პროექტს მოჰკიდეს ხელი და ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი გახსნეს – მკაცრად განსაზღვრული კონცეფციითა და რამდენიმე დღეში სრულად შევსებული ადგილებით.

ნუცას და ანკას ანტრეპრენერებად ჩამოყალიბების ისტორია სათავეს არც მეტი არც ნაკლები, თვითმფრინავში დაბადებული იდეიდან იღებს. მათი ინსპირაცია კი ახალგაზრდა ქალი გახდა, რომელიც თვითმფრინავით მგზავრობისას საკუთარი კომპანიის საქმეების მოგვარებაში იყო გართული. ანკასა და ნუცასთვის აღნიშნული სანახაობა იმდენად შთამაგონებელი აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავშივე დაიწყეს ბიზნესიდეების განხილვა.

"ისეთი აჟიტირებულები ვიყავით, რომ ჰაერშივე მოვიფიქრეთ ჩვენი სტარტაპისთვის სახელი, ბიზნესგეგმა, და უკვე მეორე კვირას, დამსაქმებელსაც ვაცნობეთ სამსახურის დატოვების შესახებ. ფინანსურ, იურიდიულ და დიზაინ-მარკეტინგის საკითხებში კონსულტაციებისთვის მეგობრებს მივმართეთ. შემდეგ ოფისი მოვიძიეთ, გავარემონტეთ და ერთ თვეში საქმიანობასაც შევუდექით", – იხსენებს ანკა ვეცკო.

UK Bridge უწოდეს კომპანიას, რომლის მთავარ საქმიანობას საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის კონსულტაციის გაწევა, სხვადასხვა სკოლის, პანსიონის, საბაკალავრო, პროფესიული თუ სამაგისტრო პროგრამის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, სასწავლებლად გასამგზავრებლად საჭირო საბუთების მოძიებასა თუ სავიზო პროცედურებში დახმარება წარმოადგენს.

თითოეული აპლიკანტისადმი ინდივიდუალური მიდგომა აქვთ − ითვალისწინებენ მათ მოთხოვნებს, ფინანსებს, გამოცდილებას, და შესაბამისად, ოპტიმალურ სასწავლებელსა და პროგრამას სთავაზობენ.

UK Bridge-მა ბინა პეტრიაშვილის ქუჩაზე დაიდო და მისამართი დღემდე არ შეუცვლია. კომპანია 2008 წლის აპრილში გაიხსნა და ვინაიდან წელიწადის ეს პერიოდი საზაფხულო სკოლების მაძიებელი მშობლების მისაღებად იდეალური დროა, UK Bridge-მა თავიდანვე წარმატებით დაიწყო საქმიანობა. "იმავე ზაფხულს კურსებზე 150 ადამიანი გავუშვით", – იხსენებს ნუცა.

"კომპანიის სახელად UK Bridge იმიტომ შევარჩიეთ, რომ გვეგონა, მხოლოდ ბრიტანეთზე ვიმუშავებდით. თუმცა, ჩვენთან მოსულთაგან მხოლოდ ნაწილს სურდა აღნიშნულ ქვეყანაში სწავლა, დანარჩენები უპირატესობას უფრო ესპანეთს, იტალიასა და აშშ-ს ანიჭებდნენ. ისე გამოვიდა, რომ კომპანიის შექმნიდან მეორე წელსვე დავიწყეთ მოსწავლეებისა და სტუდენტების მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებელში გაშვება", – აღნიშნავს ანკა.

თანამედროვე ტენდენციები

წინა სამსახურიდან გამომდინარე, საქმიანობის დასაწყისში ნუცასა და ანკას სკოლების, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა კურსის გრძელი სია და უამრავი კონტაქტი ჰქონდათ. თუმცა, ამავდროულად, გოგონები განათლების გამოფენებზეც ხშირად დადიოდნენ და მათ ხელთ არსებულ ბაზას კიდევ უფრო ამდიდრებდნენ.

"როცა "ბრიტანეთის საბჭოს" პროგრამა დაიხურა, ჩვენი პარტნიორები გვწერდნენ, ინტერესდებოდნენ, რატომ შევწყვიტეთ სტუდენტების მათთან გაგზავნა. შესაბამისად, საკუთარი კომპანიისთვის უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლებლებში კონტაქტების თავიდან მოპოვება არ დაგვჭირვებია. თუმცა, რადგანაც გვსურდა უფრო გაგვეზარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევანი, ვესწრებოდით განათლების საერთაშორისო გამოფენებს, მეტ მომავალ პარტნიორს ვხვდებოდით", – გვიყვება ნუცა.

წლების განმავლობაში სასწავლებლად წამსვლელთა პრიორიტეტები და სტატისტიკა შეიცვალა. თუკი 2008 წლისთვის UK Bridge-ს ძირითადად მშობლები მიმართავდნენ საკუთარი შვილების საზაფხულო კურსებზე, პანსიონში ან თუნდაც დამამთავრებელ კლასში გაგზავნის თხოვნით, ახლა მცირე ასაკის ბავშვებზე დაინტერესებულ პირთა მხოლოდ 50% მოდის. მოიმატა ბაკალავრიატში წამსვლელი სტუდენტებისა და სამაგისტრო პროგრამის მაძიებელთა რიცხვმა. "თავიდან საზაფხულო სკოლებზე იყო მოთხოვნა. შვილებს ბევრი უშვებდა სკოლა-პანსიონშიც. დღეის მდგომარეობით კი, მშობლებს ურჩევნიათ, ფინანსები ზოგად განათლებაზე დაზოგონ და ბაკალავრიატი დააფინანსონ", – განმარტავს ანკა. "ბოლო დროს ბევრი კარგი High School-ი გამოჩნდა საქართველოშიც. შესაბამისად, უფრო მიზანშეწონილად საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას მიიჩნევენ", – დასძენს ნუცა.

პროფესიული განვითარების მსურველები ხშირად მაგისტრატურის გავლის ნაცვლად რამდენიმეკვირიან, ან რამდენიმეთვიან ინტენსიურ სწავლებას ირჩევენ. "ამ კურსებით, რომელთა საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4 კვირიდან 2 თვემდეა, ძირითადად ისინი ინტერესდებიან, ვისაც სამსახურის ან ოჯახის დიდი ხნით დატოვება არ სურს", – ამბობს ანკა.

UK Bridge კურსის ან სკოლის შერჩევამდე, სტუდენტთა მოთხოვნებსა და შესაძლებლობებში კარგად ერკვევა. უპირველესად, ინტერესდებიან აპლიკანტის მიერ ინგლისურის ცოდნის დონით, იკვლევენ მცირეწლოვანის გამოცდილებას – ყოფილა თუ არა საზღვარგარეთ მარტო, რა ტიპის სწავლებას ანიჭებენ მშობლები უპირატესობას და ა.შ.

კომპანიის სერვისი ფასიანი მხოლოდ უნივერსიტეტში ან გრძელვადიან კურსებზე წამსვლელთათვისაა. საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს UK Bridge უსასყიდლოდ ემსახურება.

150-ზე მეტი პარტნიორი სასწავლებელი

კომპანიას უამრავი პარტნიორი უნივერსიტეტი და სკოლა ჰყავს. საერთო ჯამში, მის ბაზაში 150-ზე მეტი სასწავლებელი შედის, რომელთა წარმომადგენლებს პროექტის ავტორები პირადად იცნობენ და მათთან მეგობრობენ კიდეც. თანამშრომლობის დადებითი გამოცდილებიდან გამომდინარე, UK Bridge-ის დახმარებით სასწავლებლად წასულებს შესაძლოა კონკრეტულმა უნივერსიტეტმა ფასდაკლებაც კი შესთავაზოს. როგორც ანკა ვეცკო ამბობს, სტუდენტთა აპლიკაციის განხილვისას, UK Bridge-ის იმიჯი დადებით როლს თამაშობს – "დეტალურად ვიცით თითოეულ კურსზე მიღების პროცედურა. ამასთან ერთად, პარტნიორი სასწავლებლები ჩვენს რეკომენდაციებს ყურადღებით ეკიდებიან. ამიტომ, თუკი სტუდენტის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და რეკომენდაციას ვუწევთ, უნივერსიტეტი ამ ყველაფერს ითვალისწინებს".

ანკა და ნუცა რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესს მარტო უძღვებოდნენ, თავად იყვნენ დაკავებულნი კომპანიის სრულფასოვანი მენეჯმენტით, დადიოდნენ განათლების გამოფენებზე, მუშაობდნენ ახალი კონტაქტების შეძენასა და განვითარებაზე. კომპანიის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად University of St. Andrews-სა და Kings College London-თან თანამშრომლობა მიაჩნიათ. აღნიშნულ სასწავლებელთა წარმომადგენლები გასულ წელს თბილისში გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენასაც კი ეწვივნენ და დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველთ თავიანთი სასწავლო პროგრამები გააცნეს.

განათლების საერთაშორისო გამოფენა

განათლების საერთაშორისო გამოფენა ნუცა ქურიძისა და ანკა ვეცკოს მორიგი წარმატებული პროექტია. "როცა მუშაობას შევუდექით, ჩვენ შესახებ ინფორმაცია ე.წ. Word of Mouth-ით ვრცელდებოდა. ეს იყო მთელი ჩვენი მარკეტინგი. 3 წლის შემდეგ კი განათლების საერთაშორისო გამოფენის ჩატარება გადავწყვიტეთ. ამ კუთხით, საქართველოში პირველები აღმოვჩნდით", – აღნიშნავს განათლების საერთაშორისო გამოფენის მარკეტინგულ ღირებულებაში დარწმუნებული ნუცა ქურიძე.

ღონისძიება 2011 წლიდან ტარდება. ნუცა და ანკა საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სკოლის წარმომადგენლებს იწვევენ. თითოეულ მათგანთან გასაუბრება საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს თავად შეუძლიათ. მოწვეულთა სიაში აღმოაჩენთ ისეთი სასწავლებლებს, როგორებიცაა: University of St. Andrews, Kings College London, Naba & Domus Academy, Anglo-American University, Toulouse Business School და სხვ.

"ვთქვათ, ენის კურსებზე გსურთ წასვლა. მოხვალთ, შეხვდებით სხვადასხვა სასწავლებლის წარმომადგენლებს და პრიორიტეტების მიხედვით თავად აარჩევთ სკოლას. ღონისძიებას დაახლოებით 500-700 ადამიანი ესწრება, შუქდება მედიასაშუალებებითაც, რასაც ჩვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლების მთავარ საშუალებად ვიყენებთ".

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე გავიცანით პირველად ჩვენი ყველაზე ასაკოვანი სტუდენტი, რომელიც 68 წლის გახლავთ და პროფესიული უნარ-ჩვევების გასავითარებლად მასწავლებელთა კურსებზე ყოველწლიურად დადის, სასურველ სკოლას არჩევს და გადასამზადებელ პროგრამაზე მიემგზავრება. UK Bridge-ის სერვისს ხშირად იყენებენ მოსწავლეთა ჯგუფებიც, რომლებიც, ძირითადად, საზაფხულო სკოლებში მიემგზავრებიან.

წლების განმავლობაში მარტო მუშაობის შემდეგ, ნუცამ და ანკამ გუნდს ორი ახალი თანამშრომელი შემოამატეს – განათლების პროექტების მენეჯერები სწავლის მსურველებთან კომუნიკაციაზე მუშაობენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განათლების საერთაშორისო გამოფენებსაც ესწრებიან და UK Bridge-ის პარტნიორების ბაზის გამდიდრებაზე ზრუნავენ.

სახელგანთქმულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. უპირველესად, ეს კომპანიას საშუალებას აძლევს ტენდენციებს ფეხი აუწყოს. მაგალითად, ბოლო წლებში ხელოვნების სფეროთი დაინტერესებულთა რაოდენობა გაიზარდა. UK Bridge-მაც არაერთი სტუდენტი გაუშვა სამსახიობო ოსტატობის თუ დიზაინის შესასწავლად. ამ უკანასკნელით დაინტერესებულთ კომპანია უკვე დიდი ხანია სთავაზობს მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინის სკოლა Naba & Domus Academy-ში სწავლას. გარდა ამისა, UK Bridge არაერთ სპეციალურ შეთავაზებას იღებს. "ზოგჯერ უნივერსიტეტები თავად გვთხოვენ, მოვუძებნოთ კანდიდატები, რომელთაც TOEFL-ის ან IELTS-ის გამოცდაზე მაღალი ქულა აქვთ მიღებული და მზად არიან მათი სწავლა სრულად ან ნაწილობრივ მაინც დააფინანსონ. ჩვენთვის დიდი სტიმულია, გვყავდეს ასეთი კანდიდატები და სასწავლებლად წასვლა შევთავაზოთ", – ამბობს ანკა.

ახალი პროექტი – UK Bridge-ის
ინგლისური ენის ცენტრი

კომპანიის დაარსებიდან 10 წლის თავზე, UK Bridge-ის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სერვისი შეექმნათ. ასე დაარსდა UK Bridge-ის ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი, "რაც ჩვენი საქმიანობის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა. ხშირად გვქონია შემთხვევა: მოსულა სტუდენტი, რომელსაც საზღვარგარეთ სურდა სწავლის გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით აღმოგვიჩენია, რომ ინგლისური ენის ცოდნის დაბალი ან საშუალო დონე აბრკოლებდა. სწორედ აქედან გამომდინარე მოვინდომეთ, კანდიდატების მომზადების პროცესში თავიდანვე ჩავრთულიყავით და ენის ფლობის გაუმჯობესებაში დავხმარებოდით. გარდა ამისა, მთელი 10 წლის განმავლობაში მუდამ გვეკითხებოდნენ რჩევას, რომელი ენის ცენტრისთვის მიემართათ. ახლა უკვე შეუძლიათ გამოცდებისთვის პირდაპირ ჩვენთან მოემზადონ", − აღნიშნავს ანკა.

სოციალურ მედიაში ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის გახსნის დაანონსებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ორ კვირაში შეგროვდა 48 მოსწავლე და დაიწყო მათი დიაგნოსტიკური ტესტირებაც. ჯგუფები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით შეიქმნა.

"ენის შემსწავლელი ცენტრის სერტიფიკატით უცხოურ სასწავლებელში ვერ მოხვდებით. ამის ნაცვლად, არსებობს საერთაშორისო სერტიფიკატები. მაგალითად, როგორიცაა TOEFL ან IELTS. ჩვენი მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ სტუდენტებს ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ და საბოლოოდ, საერთაშორისო დონის გამოცდებისთვის მოვამზადოთ. პროგრამა ყველაზე მარტივი დონიდან იწყება. სრული კურსი ისეა დაგეგმილი, რომ 8 წლის ბავშვმა 18 წლამდე ინგლისური ენის სრულფასოვნად შესწავლა მოახერხოს და საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებაც შეძლოს", − ამბობს ნუცა.

სასწავლო ცენტრის სპეციფიკა მკაცრადაა განსაზღვრული. შემდგარია 8-10, 11-იდან 14 წლამდე, 15-იდან 17 წლამდე და 18 წელს ზემოთ ჯგუფები. თითო ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 6-ს შეადგენს. ვთავაზობთ General English, Business English, English for Juniors, English for Adults, IELTS და TOEFL კურსებს. ამ ეტაპზე 3 მასწავლებელი გვყავს, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა მათი რაოდენობა გავზარდოთ", – საუბრობს მომავლის პერსპექტივაზე ანკა ვეცკო.

ენის ცენტრის შექმნის იდეა ნუცას და ანკას დიდი ხანია ჰქონდათ. თუმცა, კურსებისთვის ფართის ქირაობის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდათ. რამდენიმე თვის წინ კი ოპტიმალური გამოსავალი იპოვეს – UK Bridge-ის ოფისი მუშაობას შუადღის 12-ზე იწყებს და საღამოს 6-ზე ასრულებს. შესაბამისად, ანტრეპრენერებმა გადაწყვიტეს, დილისა და საღამოს საათებში საკუთარი ოფისი საკლასო ოთახად გარდაექმნათ. "ესეც, ალბათ, ანტრეპრენერული მიდგომაა – ერთი პატარა სივრცე სხვადასხვა საქმიანობას მოარგო", – ამბობს ნუცა.

ნუცასა და ანკას მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ რამდენადაც უნდა გაიზარდოს მოსწავლეთა რაოდენობა, ჯგუფების ზომას არ შეცვლიან. პროექტის ავტორებსა და ენის ცენტრის მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე ეფექტურად სწავლება სწორედ 4 და 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებში მიმდინარეობს. ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის წარმატებას ანტრეპრენერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რადგან ახალ პროექტზეა დამოკიდებული UK Bridge-ის წლების განმავლობაში მოხვეჭილი იმიჯი. "ძლიერი მასწავლებლები გვყავს და ეს თავდაჯერებულობას გვმატებს", – ამაყობს ნუცა.

UK Bridge-ის დამფუძნებლები ენის ცენტრის განვითარებას, მოთხოვნიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ. აპირებენ, მოსწავლეებს პრაქტიკის საშუალება განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მისცენ და თარჯიმნის სტატუსით დაიხმარონ. გამოავლენენ საუკეთესო მოსწავლეებს, რომლებსაც პრიზად დიდ ბრიტანეთში ენის კურსის გავლა ერგებათ. ასევე, იმუშავებენ მასწავლებლების მუდმივ გადამზადებაზე. ამაში ბრიტანელი პარტნიორები დაეხმარებიან, რომლებიც საუკეთესო კურსებს სთავაზობენ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

წარმატების 10-წლიანი ისტორია

"ხელფასიც კარგი გვქონდა, სამსახურიც. თუმცა, ჩვენი გადაწყვეტილებით კმაყოფილები ვართ. დღეს ამ ნაბიჯის გადადგმა გაგვიჭირდებოდა – მაშინ ახალგაზრდული მიდგომა და შემართება გვქონდა, ძალიან მოვინდომეთ და ყველაფერი გამოგვივიდა".

თავდაუზოგავი შრომის შედეგი სახეზეა – UK Bridge მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასწავლებლად წასვლის მსურველთათვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ქართული კომპანიაა. წარმატება რიცხვებში ასე გამოისახება: 10-წლიანი გამოცდილება, 150-მდე პარტნიორი სასწავლებელი, საზღვარგარეთ გაგზავნილი 3500-ზე მეტი სტუდენტი.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!