Get All Access for $5/mo

"ბანიანი" - მარიამ და თაკო ტაბატაძეების მდგრადი მოდის სტარტაპი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გამოუყენებელი, ნარჩენი ქსოვილებით გარემოს დაბინძურება თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. მარიამ და თაკო ტაბატაძეების მდგრადი მოდის სტარტაპი "ბანიანი" სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში თავისი წვლილის შეტანას ცდილობს.

მარიამი და თაკო მკვდარი ქსოვილების გამოყენებით ამცირებენ ტექსტილის ჭარბი წარმოებით გამოწვეულ ნეგატიურ ზემოქმედებას გარემოზე და, შესაბამისად, ამცირებენ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების რაოდენობას. გარდა ამისა, მოდელი წრიული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა მდიდრული, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა სამოსის ჩვენი ხაზი. ჩვენი ნამუშევრები შექმნილია იმისთვის, რომ მიანიჭოს მომხმარებლებს თავდაჯერებულობისა და ჰარმონიის შეგრძნება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მათ ღირებულებებთან შესაბამისობაში", - ამბობს მარიამ ტაბატაძე.

ბრენდის სახელი მოდის შუა საუკუნეების პერიოდიდან, როდესაც დაიწყო აზიური კულტურის შემოტანა ევროპაში. სახელი "ბანიანი" ეწოდებოდა კიმონოს ელემენტების მქონე, უმეტესად ნატურალური აბრეშუმისგან შექმნილ სახლის ხალათს, რომელიც ეცვათ სამეფო კარზე როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს.

ანტრეპრენერი ქალები ამბობენ, რომ მომხმარებლებს ანიჭებენ უნიკალურობისა და ექსკლუზიურობის განცდას ლიმიტირებული კოლექციების წარმოებით - თითოეული დიზაინის სამოსი მხოლოდ რამდენიმე ერთეული იკერება.

"ჩვენ წარმოვიდგინეთ ძვირადღირებული სახლის სამოსის ხაზი, რომელიც არამარტო უზრუნველყოფდა შეუდარებელი სიმყუდროვის განცდას, არამედ ასახავდა ჩვენს ერთგულებას გარემოზე პასუხისმგებლობისადმი, ამ გზით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მდგრადობა და სტილი შეიძლება ჰარმონიულად თანაარსებობდნენ", - ამბობს მარიამი.

Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ საწყის ეტაპზე გარკვეულ სირთულეებთან მოუწიათ შეჯახებამ. პირველი იყო შესაბამისი ხარისხის ქსოვილის მოპოვება ადგილობრივ ბაზარზე. საბოლოო ჯამში "ბანიანის" შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ქსოვილი საზღვარგარეთიდან შემოეტანათ - ამისთვის კი მოქნილი ლოგისტიკური ქსელის აწყობამ მოუწიათ.

როგორც მარიამი იხსენებს, პრობლემური იყო პროფესიონალების პოვნაც, ვინც მათ ხედვებს გაიზიარებდა და, ამავდროულად, შეძლებდა სასურველი დიზაინისთვის ხორცის შესხმას.

"ბიზნესის წამოწყება, განსაკუთრებით, როდესაც ის არ მოიცავს შენს პროფესიულ საქმიანობას და არ გაქვს გამოცდილება, მოითხოვს გამბედაობასა და გამძლეობას, განსაკუთრებით დღევანდელ მუდმივად ცვალებად ეკონომიკურ ლანდშაფტში. როდესაც ამჩნევ, რომ მოსალოდნელზე უკეთეს შედეგს იღებ, ეს უფრო დიდ მოტივაციასა და ძალას გაძლევს", - გვეუბნება ის.

მომავალ ანტრეპრენერებს ურჩევს, გაითავისონ მდგრადობის, ადაპტირებისა და უწყვეტი სწავლის მნიშვნელობა. მარიამის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი და მისი შემქმნელი თუ შემქმნელები დარჩნენ ხედვის ერთგულნი, იყვნენ ღია და არასდროს შეწყვიტონ ინოვაციების ძიება.

ჩვენს კითხვაზე, როგორია ნამდვილი ანტრეპრენერი, მარიამი ასე გვპასუხობს:

"ინდივიდი, რომელსაც აქვს ხედვა, გამბედაობა და მონდომება შესაძლებლობების, გათვლილი რისკებისა და ინოვაციების შესაქმნელად, ღირებულების შექმნის მიზნით. გარდა ამისა, ის უნდა ხასიათდებოდეს უწყვეტი შემოქმედებითი აზროვნებით და ცვალებად გარემოებებთან ადაპტაციისა და გამოწვევების გადალახვის უნარით".

"ბანიანის" სამომავლო გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მარიამი ამბობს, რომ ბრენდი გააგრძელებს მომხმარებელზე მორგებული სამოსის წარმოებას და მეტი დრო დაეთმობა როგორც გეოგრაფიულ, ისე ციფრულ გაფართოებას, რათა გაზარდონ საკუთარი აუდიტორიაც.

"ჩვენ წარმოვიდგენთ ჩვენს ბრენდს, როგორც ლიდერს ადგილობრივ ბაზარზე ამ მიმართულებით, რომელიც შთააგონებს მომხმარებლებს და ხელს შეუწყობს მათ, იგრძნონ ჰარმონია მათ სამოსსა და გარემოს შორის", - გვეუბნება მარიამ ტაბატაძე.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!