Charlotte - კლასიკური სტილისა და ქსოვილების ჰარმონიული სინთეზი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"შარლოტა" კლასიკური დიზაინით შთაგონებული და შექმნილი ბავშვთა სამოსისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც ბუნებრივი ქსოვილებით საქართველოში იწარმოება.
"შარლოტას" დამფუძნებელი 28 წლის ნინო უგრეხელიძეა, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, საკუთარი ბრენდის მართვას წარმატებით ახერხებს.
"მიუხედავად დიზაინის სფეროსადმი დიდი ინტერესისა, ცხოვრებაში განსხვავებული პროფესია ავირჩიე, რომელიც არანაკლებ მაინტერესებდა და დღეს ჩემი ძირითადი საქმიანობაა, თუმცა ვცდილობ სამოსის დიზაინის სფეროშიც ვიყო ჩართული და ბავშვობის სურვილები, ინტერესები თუ მისწრაფებები დავიკმაყოფილო", − უყვება ნინო უგრეხელიძე Entrepreneur-ს.
"შარლოტას" შექმნის მთავარი ინსპირაცია დიდი ბრიტანეთი, სამეფო ოჯახი და ბრიტანული ტრადიციები გახდა, რომლის მიმართ ნინო უგრეხელიძეს ინტერესი ყოველთვის ჰქონდა. ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტად სამეფო ოჯახში 2015 წელს, პრინცესა შარლოტას დაბადების შემდეგ გამძაფრდა, რომლის დახვეწილი ჩაცმის სტილი კონსერვატიული ელემენტებით, ნინოს განსაკუთრებულად იზიდავდა. ცოტა ხანში თავადაც ქალიშვილი შეეძინა. მისთვის ანალოგიური სტილის ჯანსაღი ქსოვილის სამოსს მუდმივად ეძებდა, თუმცა რთულად პოულობდა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა სამოსის ქართულ სამეწარმეო სივრცეში შეებიჯებინა და თავად შეექმნა ბრენდი, რომელიც ბავშვის ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელს შექმნიდა, ბრენდს კი პრინცესა შარლოტასა და საკუთარ შვილს მიუძღვნიდა.
"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შევიძინე ბუნებრივი ქსოვილები, შევქმენი საოცნებო ესკიზები და დავიწყეთ კერვაზე მუშაობა. ბრენდის სამოსი 2018 წლის სექტემბრიდან ჩაეშვა გაყიდვაში, რასაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი სტიმული იყო და გადავწყვიტე ამ სფეროსთვის მაქსიმალური რესურსი გამეღო", − ამბობს ნინო.
ბიზნესსფეროში ახალბედობის მიუხედავად, "შარლოტა" უკვე განვითარების ახალ ეტაპზეა და მისი მიზანი სტარტაპიდან დიდ ბიზნესსა და წარმოებაში შესვლაა. "შარლოტა", როგორც გოგონებისთვის, ასევე უკვე ბიჭებისთვისაც აწარმოებს ყოველდღიურ და სადღესასწაულო სამოსს. ბრენდის სამოსი შეუძლიათ 0-და 12-წლამდე ასაკის იმ ბავშვებმა მოირგონ, ვისთვისაც კლასიკური დიზაინი და ხარისხიანი ტანისამოსი თანაბრად მიმზიდველია. მართალია, ბრენდი ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშვთა ხაზზე მუშაობს, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და როგორც დიზაინისა და წარმოების, ასევე ასაკობრივი სპექტრის გაფართოებასაც აპირებს. ახლო მომავალში დედა-შვილის ერთობლივი კოლექციის შექმნა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს "შარლოტა" ინდივიდუალურ დიზაინერულ მომსახურებასაც სთავაზობს, რაც გუნდს ეხმარება, უკეთ გაიგოს მშობლებისა და პატარების საჭიროებები, სურვილები, ინტერესები და გემოვნება.
ამ ეტაპზე "შარლოტა" ინტერნეტატელიეს სახით ფუნქციონირებს. Facebook და Instagram-გვერდებზე შემოთავაზებული მოდელებიდან მომხმარებელს სასურველი ზომისა და მოდელის შეკვეთა ნებისმიერ დროს შეუძლია. სამოსის ფასები 49 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს, რაც ბრენდის მესვეურის თქმით, პროდუქტის ხარისხს აბსოლუტურად შეესაბამება.
"შარლოტა" ჩემი საყვარელი საქმიანობაა, რომელსაც სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ვეკიდები. ვცდილობ სტილი, ფერთა სინთეზი და ქსოვილის ფაქტურა ერთმანეთთან ჰარმონიული იყოს. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში კემბრიჯის პრინცესა შარლოტა ჩაიცვამს "შარლოტას". მაშინ ვიტყვი, რომ ძირითადი ამოცანა შევასრულე", − გვიზიარებს ნინო სამომავლო გეგმებს. იქამდე კი უახლოეს მომავალში ახალი ხაზის დამატებას, სახელწოდებით "ჩემი პირველი დაბადების დღე" და პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას გეგმავს. ნინო უგრეხელიძე და "შარლოტას" გუნდი ასევე ბრენდის სამოსის შოურუმის გაკეთებასაც აპირებს, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ ადგილზე გაეცნონ კოლექციას, ხელით შეეხონ და მოსინჯონ ის. ბრენდ "შარლოტას" თითოეული ნაბიჯი და მიზანი კი დახვეწილი, სადა დიზაინისა და ნატურალური, ჯანსაღი ქსოვილების სინთეზით, მომხმარებლებისთვის ესთეტიკური და პრაქტიკული სიამოვნების მინიჭებას ემსახურება.