Get All Access for $5/mo

თამთა შინდელიშვილი - TAMTA Shindelishvili TMT "იქიდან გამომდინარე, რომ მოდა ჩემთვის ყველაფერი იყო, გადავწყვიტე საყვარელი საქმე მექცია ჩემს ბიზნესად"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დიზაინერ თამთა შინდელიშვილს, ეს პროფესია ბავშვობიდან ხიბლავდა და როგორც თავად აცხადებს, მისი კარიერული ვექტორის არჩევა, სწორედ ბავშვობის ოცნებას უკავშირდება. წლების განმავლობაში, იგი მოდის ინდუსტრიაში ოპერირებდა, თუმცა დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზების მოტივით, თამთამ საკუთარი დამოუკიდებელი ბიზნესის დაფუძნება გადაწყვიტა და ანტრეპრენერული გამბედაობით, ბაზარზე ახალი ბრენდის დაბადებას ჩაუყარა საფუძველი.

"იქიდან გამომდინარე, რომ მოდა ჩემთვის ყველაფერი იყო, გადავწყვიტე საყვარელი საქმე მექცია ჩემს ბიზნესად და გავხდი ანტრეპრენერი. მოდის ინდუსტრიაში დამოუკიდებელი ბრენდის დამკვიდრება საკმაოდ რთულია და წარმატებული კარიერის გარეშე, გარკვეულწილად შეუძლებელიც კი, თუმცა ჩემს ინტერესში იყო შემექმნა მეტად ღირებული, ვიდრე მხოლოდ კარიერა. ვხვდებოდი, რომ ამ სფეროში ბევრად მარტივი გზით შემეძლო მევლო, უკვე არსებულ წარმატებულ მოდის სახლებთან თანამშრომლობით, თუმცა გაცილებით დიდ პოტენციალს ვგრძნობდი საკუთარ თავში. მთელი ჩემი რესურსი და ენერგია ჩავდე, რომ გავმხდარიყავი ქალი ანტრეპრენერი, საკუთარი საქმე თავად მემართა და ბრენდის განვითარების სადავეებიც ჩემს ხელთ ყოფილიყო", − გვიამბობს თამთა შინდელიშვილი.

ბრენდი "თამთა შინდელიშვილი" ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. როგორც თამთა აღნიშნავს, ეს საქმე საკმაოდ დიდ გამბედაობასა და რისკებთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან იგი მომხმარებლებისთვის სიახლის და ნოვაციის შეთავაზებას ცდილობდა, ხოლო საზოგადოების მიმღებლობისა და აღქმის პროგნოზირება ძალიან რთული იყო.

"სირთულეების მიუხედავად, მალევე დავრწმუნდი, რომ სიახლე ყოველთვის საინტერესოა საზოგადოებისთვის, უბრალოდ მთავარია სწორად მიაწოდო. მე, როგორც ანტრეპრენერი თავად ვაწარმოებ პროდუქტს და საკუთარ დიზაინერულ ჩანაფიქრებს რეალურ, ხელშესახებ ნაწარმად ვაქცევ. დღესდღეობით, ჩემი საწარმოო მოიცავს ორ ხაზს, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის წარმოებას, რომელიც ტექნიკურად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ბათუმის და თბილისის შოურუმში, რომელიც გაერთიანებულია "თამთა შინდელიშვილის" ბრენდის ქვეშ. ჩვენი მომხმარებლები, ძირითადად საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ჩაცმულობაზე და გემოვნებასა და ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ", − აცხადებს თამთა.

როგორც თამთა Entrepreneur-თან საუბრისას განმარტავს, მთავარი მოტივაცია მისთვის ქართული ნაწარმისათვის მაქსიმალური პოპულარიზაციის გაწევაა, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. გარდა ამისა, დაარსების დღიდან, ბრენდი სტაბილურად იზრდება და ვითარდება, ასაქმებს მოდის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს და ამით საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, საკუთარი წვლილი შეაქვს.

რაც შეეხება ბრენდის "თამთა შინდელიშვილი" სამომავლო გეგმებს, მისი დამფუძნებელი ექსპორტის მიმართულებით განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას განიხილავს, რათა ნაწარმი წარწერით "დამზადებულია საქართველოში" მეტად ცნობადი გახადოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

"ბრენდის შექმნის დღიდან ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საწყის ეტაპზე სახსრების უქონლობა იყო, ვინაიდან საწარმოო ხაზის აწყობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ეს არის მუდმივი, ცოცხალი პროცესი, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ სირთულეებს და ბარიერებს, რის გადალახვასაც ვცდილობთ მე და ჩემი გუნდი. ანტრეპრენერულ გზაზე კი, ვფიქრობ იღბალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში შანსი ყველას ეძლევა, საჭიროა სწორად გამოიყენო ეს ყველაფერი და მიზნის მისაღწევად მუდმივი მუშაობა და ფიქრი განაგრძო", − აცხადებს თამთა შინდელიშვილი, − "დამოუკიდებლად ბიზნესის მართვამ გამხადა ბევრად თვითდაჯერებული და მიმაჩვია გადაწყვეტილებების ასევე დამოუკიდებლად მიღებას − არა მარტო საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაში. დამწყებ ანტრეპრენერებს კი ვეტყოდი, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ სწორად ჩამოაყალიბებენ ბიზნესიდეას და ბევრს იშრომებენ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia