12 რამ, რასაც მხოლოდ შინაგანად ძლიერი ადამიანები აკეთებენ ადამიანთა უმრავლესობა შინაგან შიშებს გაურბის, რასაც ძლიერი ფსიქიკის მქონენი არასოდეს აკეთებენ.
By ჯონ რამპტონი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ მილიონჯერ მაინც უთქვამთ თქვენთვის, რომ ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია, მაგრამ შეიძლება არც არასოდეს ურჩევიათ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც.
ცხადია, აქ იგულისხმება არა მხოლოდ კროსვორდების შევსება, არამედ შინაგანი სიძლიერეც. როდესაც თქვენს ფსიქიკაზეც დაიწყებთ ზრუნვას, უკეთ იქნებით მომზადებული, აზრებსაც გააკონტროლებთ, ემოციების მართვასაც შეძლებთ და გაცილებით შრომისუნარიანიც გახდებით.
გიზიარებთ მენტალურად ძლიერი ადამიანების 12 ქცევას:
ისინი მადლიერებას გამოხატავენ
მენტალურად ძლიერი ადამიანები, თავიანთ პრობლემებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ყველაფერს აფასებენ, რაც აქვთ. საკუთარ თავში ამ გრძნობის გამომუშავების სხვადასხვა გზა არსებობს. მათ შორის ყველაზე მარტივია ფიქრი იმ სამ რეალობაზე, რომელთა გამოც ყოველდღიურად ცხოვრების მადლიერი ხარ.
შეგიძლიათ მადლიერების ჟურნალიც აწარმოოთ და ჩაწეროთ ყველაფერი კარგი, რაც კი თქვენს ცხოვრებაში დღის განმავლობაში ხდება, ან შეასრულოთ მადლიერების რიტუალები, თუნდაც ლოცვა სადილის წინ.
მათ შეუძლიათ თქვან "არა"
კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან ფრანცისკო) გამოკვლევების მიხედვით, რაც მეტად გიჭირთ ვინმესთვის უარის თქმა თხოვნაზე, მით მეტად ხართ მიდრეკილი სტრესის და, შესაძლოა, დეპრესიისკენაც. სამუშაოდ აღარც ძალა გყოფნით და აღარც დრო.
შეიძლება თხოვნაზე უარის თქმა ზოგიერთი ადამიანისთვის პრობლემაა, მაგრამ შინაგანად ძლიერებისთვის - ნამდვილად არა. ისინი სრულიად მარტივად ამბობენ "არას", როდესაც კოლეგები სადმე იწვევენ, ან სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას დახმარებას სთხოვენ. ამიტომაც თავს არასოდეს გადაიტვირთავენ და სამუშაოსაც მშვიდად დაასრულებენ.
საკუთარ თავს არ აკრიტიკებენ
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ თავს წარუმატებლად მიიჩნევთ? რა და, ბოლოსდაბოლოს, ხელი ნამდვილად მოგეცარებათ. ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო? ჰოდა, ერთ დღეს წინასწარმეტყველება აუცილებლად აგიხდებათ.
ამიტომაც აჯობებს, თავი დაირწმუნოთ, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ სრულიად რეალურია, თუკი საკუთარ აზრებს გააკონტროლებთ. უარყოფითი აზრების უგულებელყოფა არ იჩქაროთ, გააცნობიერეთ ისინი და შემდეგ, ყურადღების გადასატანად, რაღაც პოზიტიური გააკეთეთ.
ფაქტები ყველა მხრიდან შეაფასეთ, კარგიც ჩაიწერეთ და ცუდიც. სულ მალე შენიშნავთ, რომ უარყოფით აზრებს შორის ზოგიერთი ნამდვილად არ არის გონივრული. საკუთარი თავის ყვედრებისა და გაკიცხვის ნაცვლად, იმაზე იფიქრეთ, რომ ნაკლის გამოსწორება ადვილად შეგიძლიათ, თუკი მოინდომებთ.
ტკივილს არ ერიდებიან
მუჰამედ ალიმ ერთხელ თქვა, რომ წვრთნისას ვარჯიშები არასოდეს დაუთვლია. ეს მაშინ დაიწყო, როდესაც ტკივილი იგრძნო, და აღმოაჩინა, რომ ვარჯიში ტკივილს დათვლის გამო აყენებდა.
მორალურად ძლიერი ადამიანები მზად არიან, ტკივილი იმდენ ხანს აიტანონ, ვიდრე მიზანს ხედავენ. ისინი რთულ ვარჯიშებს მხოლოდ ძლიერების დასამტკიცებლად არ ასრულებენ - ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად არის ძველ ბრძნულ ნათქვამში: "თუ არ გეტკინა, ვერ გაიზრდები".
წარმატებაზე საკუთარი შეხედულება აქვთ
პირველი ბიზნესის დაწყებისას ყველაფერი რთულად იყო, განსაკუთრებით, როცა ხელი მომეცარა. კიდევ უფრო მძიმე გახლდათ იმის დანახვა, როგორ ყიდულობდნენ მეზობლები მანქანებს, ან როგორ აქვეყნებდნენ მოგზაურობის ფოტოებს ჩემი სკოლის მეგობრები.
მათთვის წარმატების საზომი ეს იყო. ბიზნესში ხელი არ მომემართა, მაგრამ მაინც ვიყავი წარმატებული, რადგან გასაოცარი ცოლი მყავდა და თავის ხელში აყვანა შემეძლო. დღეს კი წარმატებული ანტრეპრენერი ვარ.
თავს არ ვიქებ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ წარმატებულ ადამიანებს საკუთარი წარმოდგენა აქვთ წარმატებაზე. მაგალითად, მე უშტატო სპეციალისტებთან ვმუშაობ. ამ საქმეს დიდი ფული არ მოაქვს, მაგრამ ისინი თავს მაინც წარმატებულად მიიჩნევენ, რადგან მოქნილი გრაფიკით იმას აკეთებენ, რაც უყვართ.
არ არიან სულსწრაფები
სტენფორდის უნივერსიტეტის ამ გამოკვლევის შესახებ ალბათ ყველამ იცის: ადმინისტრატორმა ბავშვს ერთი სუფლე დაუტოვა და 15 წუთით გავიდა. წასვლის წინ გააფრთხილა, რომ შეეძლო ეჭამა, მაგრამ თუ დაელოდებოდა, მეორესაც მიიღებდა.
40-წლიანი გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში უფრო წარმატებული აღმოჩნდა ის, ვინც მეორეს დაელოდა. ამ ტიპის ადამიანებს SAT ტესტში (ამერიკის კოლეჯებში მისაღები ტესტი) მაღალი ქულები ჰქონდათ, კარიერაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს და, წარმოიდგინეთ, სხეულის მასის დაბალი ინდექსითაც კი გამოირჩეოდნენ.
საქმე ის არის, რომ თუ სულსწრაფი არ ხართ, აუცილებლად წარმატებული იქნებით. ამ თვისებას ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აი, სწორედ ამის გამო იცდიან მოთმინებით შინაგანად ძლიერი ადამიანები. მათ იციან, რომ შედეგი მხოლოდ დროისა და ძალისხმევის ხარჯზე მიიღწევა.
არასოდეს ადანაშაულებენ სხვებს
შინაგანად ძლიერი ადამიანები თავიანთი შეცდომებისა და ნაკლოვანებებისთვის სხვებს არასოდეს, ნამდვილად არასოდეს ადანაშაულებენ. ისინი საკუთარ ქმედებებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ, რაც ნიშნავს, რომ ძალაუფლებას სხვას არასოდეს გადასცემენ, წინსვლას განაგრძობენ და ცუდ ადამიანებად არასოდეს ყალიბდებიან.
მათი ოპტიმიზმი რეალობას ეფუძნება
შინაგანად ძლიერი ადამიანები ოპტიმისტები არიან, მაგრამ ამასთანავე აცნობიერებენ, რომ მეტისმეტი ოპტიმიზმიც არ ივარგებს. სრულიად ალოგიკურია იმის წარმოდგენა, რომ პრობლემები ერთ მშვენიერ დღეს რაღაც ჯადოსნური გზით გაქრება, ან ამ სამყაროში მიზნები თითის გაუნძრევლად მიიღწევა.
შინაგანად ძლიერი ადამიანების ოპტიმიზმი რეალობას ეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ ისინი წამოჭრილ პრობლემებს აცნობიერებენ და ყველაფერს აკეთებენ მათ მოსაგვარებლად. აღმოვაჩინე, რომ მათი უმრავლესობა ადრეულად იწყებს მოქმედებას. შესაბამისად, მანევრირებისთვის საკმაო დრო აქვთ და ამიტომაც არიან ოპტიმისტები.
აღიარებენ საკუთარ სისუსტეებს
შინაგანად ძლიერი ადამიანები საკუთარ თავს მოქმედებისკენ უბიძგებენ, მაგრამ იმასაც გრძნობენ, როდის უნდა გაჩერდნენ. ისინი თავიანთ სისუსტეებს აღიარებენ და, როცა საჭიროა, თვალის დაუხამხამებლად ითხოვენ შველას.
ზოგიერთს საკუთარი სისუსტის წარმოჩენა არ სურს, მაგრამ ეს თვისება საშუალებას აძლევს, მეტი ისწავლოს და უკეთესი გახდეს. ეგოს დაცვაზე გაცილებით მნიშვნელოვანია უნარების სრულყოფა.
სხვებს არასოდეს ადარებენ თავს
გახსოვდეთ, რომ შინაგანად ძლიერ ადამიანებს დრო და ენერგია ძვირად უღირთ, ამიტომაც არც ადვილად ხარჯავენ მათ და არც იმაზე შფოთავენ, რას აკეთებენ სხვები. ეჭვიანობა და წყენა ისეთი გრძნობებია, რომლებიც ადამიანს ქანცს აცლის. ამიტომ მათზე ყურადღების გამახვილება უაზრობაა.
ამის ნაცვლად, ისინი სხვებს აფასებენ და მიღწევებს მათთან ერთად აღნიშნავენ. ეს ოპტიმიზმის წყაროა, რითაც ყველა იგებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოკვლევის მიხედვით, ოპტიმიზმის გრძნობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკის შემცირებაც შეუძლია.
მოსწონთ და აღელვებთ შიშის შეგრძნება
ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ შიშებს გაურბის, შინაგანად ძლიერი ადამიანები კი ამას არასოდეს აკეთებენ. პირიქით, ხშირად სწორედ შიშის შეგრძნებას ეძებენ და მისგან სიამოვნებასაც კი იღებენ.
შესაძლოა უჩვეულოდ ჟღერდეს, მაგრამ ეს განცდა ადამიანებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, მათ ახალი შეგრძნებები უჩნდებათ, ახალ ადამიანებს ეცნობიან და საკუთარ თავზეც მეტს იგებენ.
წარმოიდგინეთ, შიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გრძნობაა, რადგან გონებას აფხიზლებს, ორგანიზმის ფუნქციებს აბალანსებს და მიზნების შესრულებისკენ უბიძგებს.
პატივს სცემენ და, წარმოიდგინეთ, უყვართ კიდეც კონკურენტები
შინაგანად ძლიერ ადამიანებს კონკურენტების არც ეშინიათ და არც შურთ. ხშირად პატივსცემითა და სიყვარულითაც კი არიან განწყობილნი მათ მიმართ.
ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ შესაძლოა ყველაზე დიდი მასწავლებლები სწორედ კონკურენტები იყვნენ. შესაბამისად, აკვირდებიან, რას აკეთებენ ეს პიროვნებები სწორად, რით გამოირჩევიან, და შესაძლოა შთაგონების წყაროდაც აქციონ საკუთარი მიზნების შესრულებისას.
სტივ ჯობსსა და ბილ გეიტს უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ − ერთმანეთი ერთდროულად კიდეც უყვარდათ და კიდეც სძულდათ. ისინი მხარსაც უჭერდნენ და პატივსაც სცემდნენ ერთმანეთს. ერთხელ გეიტსმა ისიც კი თქვა, რას არ მივცემდი, სტივის გემოვნება რომ მქონოდაო. ჯობსმა კი აღიარა: "აღფრთოვანებული ვარ მის მიერ შექმნილი კომპანიით, ნამდვილად შთამბეჭდავია. ის ჭკვიანია და იუმორის კარგი გრძნობა აქვს".
ადამიანი შინაგანად ძლიერი ერთ ღამეში ვერ გახდება, მაგრამ ამისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს. თუ მოახერხებთ და ნებისმიერ შემოტევას გაუძლებთ, თქვენც და თქვენი ბიზნესიც საკმაოდ მყარად დადგებით ფეხზე.