Get All Access for $5/mo

22 უცნაური რამ, რაც არ იცით მარკ ცუკერბერგის შესახებ სახალისო ფაქტები Facebook-ის დამფუძნებელ მილიარდერზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

მარკ ცუკერბერგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია. ის, რასაც მან 32 წლის ასაკში მიაღწია, საკმაოდ შთამბეჭდავია.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე ყოველთვიურად მილიარდზე მეტი მომხმარებელი გროვდება და მარკის მეუღლის – ჩან ცუკერბერგის ინიციატივის ფარგლებში, მას მილიარდობით დოლარი აქვს შეწირული სამედიცინო კვლევისთვის, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მარკ ცუკერბერგიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც სხვების მსგავსად, ახასიათებს უცნაურობები. წარმოგიდგენთ რამდენიმე მოულოდნელ ფაქტს Facebook-ის დამფუძნებლის შესახებ.

1. სკოლის დამთავრებისას ცუკერბერგმა კინაღამ Microsoft-ში ამოყო თავი

საშუალო სკოლაში სწავლის ბოლო წლებში, თანამოაზრესთან ერთად მან პროგრამა Synapse Media Player შექმნა. ეს გახლდათ mp3 პლეიერი, რომელიც მომხმარებლის საყვარელ სიმღერებს ინახავდა და მათ მიერ შერჩეული მუსიკალური ნაწარმოებების ჩამონათვალს ადგენდა. ეს, ფაქტობრივად, ადრეული Spotify თუ Pandora იყო.

Microsoft-ი გულმოდგინედ ეცადა კომპანიის ყიდვასა და მისი დამფუძნებლების გადაბირებას, მაგრამ სიეტლის ტექნოლოგიურ გიგანტთან მუშაობის ნაცვლად, ცუკერბერგმა და მისმა თანაავტორმა, ადამ დი ანგელომ, რომელმაც შემდგომ Quora შექმნა, აღნიშნული ტექნოლოგია დააპატენტეს და კოლეჯში სწავლა გადაწყვიტეს.

2. საშუალო სკოლაში სწავლის შუა წლებში იგი უკვე გამომგონებლობით იყო დაკავებული

12 წლის ასაკში ცუკერბერგმა შექმნა მყისიერი შეტყობინების პროგრამა ZuckNet-ი, რომელიც მამამისს პაციენტების მოსვლას ამცნობდა.

3. მოულოდნელობითაა სავსე მისი პოპკულტურული გემოვნება

ცუკერბერგის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოებია ვერგილიუსის "ენეიდა", ხოლო მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სატელევიზიო შოუა პოლიტიკური დრამის ჟანრის სერიალი "მარცხენა ფლიგელი", რომელიც აარონ სორკინმა შექმნა. ამ ადამიანის სახელს ასევე უკავშირდება Facebook-ის შექმნის შესახებ გადაღებული ფილმი "სოციალური ქსელი".

4. მას ხელმომჭირნე პიროვნებად იცნობენ

მიუხედავად იმისა, რომ დღეს აქვს ლამაზად მოწყობილი სახლი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მქონე მოსამსახურე განაგებს მორგან ფრიმენის ხმის იმიტაციით, 2010 წელს The New Yorker-თან საუბრისას ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ყველა თავისი ბინა მან Craiglist-ზე იპოვა.

5. მისი მხედველობის მდგომარეობით აიხსნება Facebook-ის ძირითადი ფერი

Facebook-ის ლოგოს ფერი ლურჯია, ვინაიდან მწვანე და წითელ ფერებს ცუკერბერგი ვერ არჩევს.

6. ყოველთვის მაღალი დონის კოდირებას როდი ეწეოდა

კოდირება თავდაპირველად მან წიგნიდან "C++ სულელებისთვის" ისწავლა.

7. იგი რამდენიმე ენას ფლობს

მას ყოველთვის აინტერესებდა უძველესი ენები, როგორიცაა მაგალითად, ლათინური ენა. საუბრობს ჩინურ ენაზეც.

8. Facebook-ის გაყიდვაზე მას ბევრჯერ მოუწია უარის თქმა

Facebook-ის ყიდვით ბევრი დიდი კომპანია იყო დაინტერესებული. რინგზე გამოსვლა სცადა ყველამ, მათ შორის NewsCorp-მა, MySpace-მა, Viacom-მა, Yahoo-უმ, NBC-იმ, Microsoft-მა (ისევ) და Google-მა. თუმცა, ცუკერბერგი მყარად იდგა უარზე.

9. პირველი შეხვედრა მეუღლესთან ცოტაოდენ უხერხული იყო

ცუკერბერგი და მისი მეუღლე, დოქტორი პრისცილა ჩანი, რომლებიც დღეს მშობლები და დიდი ქველმოქმედები არიან, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის საძმოს წვეულებაზე, ტუალეტის რიგში შეხვდნენ ერთმანეთს.

10. იგი სტივ ჯობსის დიდი თაყვანისმცემელია

როგორც ჩანს, Apple-ის გარდაცვლილი დამფუძნებლის გამბედავმა ლიდერულმა სტილმა შთააგონა ცუკერბერგს ის მესიჯი, რომელიც თავის პირველ სავიზიტო ბარათზე აღბეჭდა: I am CEO, bitch.

11. მას Twitter-ზეც ვხვდებით

თუმცა, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ იგი Twitter-ის აქტიური მომხმარებელი არ არის. 2009 წლიდან მოყოლებული, მას მხოლოდ 19 პოსტი ჰქონდა Twitter-ზე.

12. საკუთარ თავზე სიცილი მას არ აშინებს

ცუკერბერგს ცოტაოდენ უცნაურ ადამიანად მოიხსენიებენ. მაგრამ ენდი სამბერგის მიერ "შაბათი საღამოს შოუს" პირდაპირ ეთერში გასულ ცუკერბერგის იმიტაციას, იგი სამადლობელი პოსტით შეეხმიანა.

13. იგი ფიტნესის დიდი მოყვარულია

2016 წლისთვის ცუკერბერგმა მიზნად დაისახა, რომ წლის განმავლობაში 365 მილს გაირბენდა, თუმცა მიზანს შუა ზაფხულშივე მიაღწია.

14. მას ალბერტ აინშტაინი და პაბლო პიკასო ხიბლავს

Facebook-ის საკუთარ პროფილზე მას აინშტაინის ციტირება, რომ "ყველაფერი ისე მარტივად უნდა იყოს წარმოდგენილი, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ არა ზედმეტად" და პიკასოს გამჭრიახობა, რომ "ყველა ბავშვი მხატვარია. სირთულე იმაშია, რომ დარჩე მხატვრად ბავშვობის ასაკიდან გამოსვლისას", – აქვს მოყვანილი.

15. მისი ძაღლიც ცნობილი პირია

ცუკერბერგის უნგრულ მეცხვარე ბისტსისთვის მისი საგულშემატკივრო გვერდიც კი არსებობს Facebook-ზე, რომელსაც 2 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. ძაღლის დიდი გულშემატკივარი ყოფილა მარკის ქალიშვილიც. როგორც ცუკერბერგმა თავის გვერდზე აღნიშნა, მაქსის პირველი სიტყვა სწორედ "ძაღლი"გახლდათ.

16. Facebook-ზე, ცუკერბერგის ანგარიშის უკან ათობით ადამიანი დგას

გავრცელებული ინფორმაციით, ცუკერბერგს დაქირავებული ჰყავს 12- კაციანი გუნდი, რომელიც მონიტორინგს უწევს მის Facebook-გვერდზე შემოსულ კომენტარებს, წერს სიახლეებს და იღებს ფოტოებს, რომლებიც შემდგომ ცუკერბერგის პროფილზე ქვეყნდება.

17. იგი განსაკუთრებით დარაჯობს საკუთარ პირად ცხოვრებას

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი და სადავო ნაბიჯი გადადგა. 2014 წელს მარკმა 100 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების მიწა იყიდა ჰავაიზე, ახლახან კი გადაწყვიტა, რომ არ უჩივლებს მათ, რომლებიც მოგვიანებით, ნათესაური კავშირის საფუძველზე, აღნიშნული ქონების მფლობელები აღმოჩნდნენ. ცუკერბერგი ასევე შეეცადა დაენგრია კალიფორნიაში, თავისი პალო ალტოს სახლის გარშემო მდებარე ის ოთხი სახლი, რომელიც იყიდა.

18. იგი ვინ დიზელთან მეგობრობს

ამ ერთი შეხედვით დაუჯერებელი დუეტის ურთიერთობაზე საუბრობს ექშენის ჟანრის ვარსკვლავი The New York Times-თან ინტერვიუში: "ორი წლის წინ Facebook-ის ოფისში ერთად ვისხედით. მე Fast 7-ზე ვიყავი აღელვებული, მან კი თქვა: "იცი, Xander Cage ის ფილმია, რომლის დაბრუნებასაც ყველაზე მეტად ვისურვებდი". ასე ხდება ხოლმე: როცა მე და მარკი ერთად ვართ და ჩემ მიერ შესრულებული პერსონაჟის ციტირებას არაზუსტად ვახდენ, იგი მისწორებს. რა უხერხულია!"

19. ფოტოებში იგი იმაზე უფრო მაღალი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია

როგორც ირკვევა, ცუკერბერგი სიმაღლეში მხოლოდ 170-172 სანტიმეტრია, თუმცა იგი ფოტოებიდან უფრო მაღალი გვეჩვენება. ეს ალბათ იმიტომ, რომ დგომისას იგი გარკვეულ ხრიკებს მიმართავს. 2010 წლის New Yorker-ის ფურცლებზე ვკითხულობთ, რომ "იგი მხოლოდ მიახლოებით 172 სანტიმეტრი სიმაღლისაა, თუმცა უფრო მაღალი ჩანს, იმიტომ, რომ მკერდს წინ სწევს და მხრებში ისეთი გამართული დგება, თითქოს სიმებითაა გაჭიმული".

Wired-ის ავტორის, გრაიამ სტარის მოსაზრებით (რაც შემდგომ ნიკ დუგლასმა შეამოწმა Life Hacker-ის სახელით) კი, ცუკერბერგი იყენებს ფოტოგადაღების გარკვეულ ხრიკებს, რომლებიც ეხმარება უფრო მაღალი გამოჩნდეს. ცუკერბერგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხრიკს კამერასთან ახლოს დგომა ანდა სხვების მოახლოებასთან ერთად, თავის მაღლა დაჭერა წარმოადგენს.

20. მისი საფირმო მაისური 300-400 ამერიკული დოლარი ღირს

ცუკერბერგი ყოველდღე ნაცრისფერ მაისურს, ქუდიან მაისურს, ჯინსებს და "ნაიკის" სპორტულ ფეხსაცმელებს ატარებს. ყოველდღიურად ერთი და იგივე სამოსის ტარებას თავისი ახსნა აქვს. 2014 წლის კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ დისკუსიაზე, როცა თავის უბრალო გარდერობზე შეკითხვა დაუსვეს, ცუკერბერგმა შემდეგი პასუხი გასცა: "ჩემი ცხოვრება მართლა ისე მინდა მოვაწესრიგო, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი საკითხის დელეგირება შევძლო. ვისურვებდი, დროის ძირითადი ნაწილი ადამიანებისთვის სასიკეთო საქმეებს დავუთმო".

როგორც ირკვევა, იტალიელი დიზაინერის, ბრუნელო კუჩინელის მიერ შეკერილი ცუკერბერგის საკულტო მაისური 300-400 ამერიკული დოლარი ღირს. საცალო სავაჭრო მაღაზია Vresh Clothing-მა შეისწავლა ცუკერბერგის მაისურის ფერი, სიგრძე და მასალა, რათა შეექმნა რეპროდუქცია მათთვის, ვისაც მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის სტილის მსგავსი მაისურის ტარება სურთ.

21. მისი დაბლოკვა Facebook-ზე შეუძლებელია

როგორც აღმოჩნდა, პლატფორმის მთავარი პიროვნების Facebook გვერდთან მიმართებაში, მისგან მხოლოდ სიახლების მიღების გაუქმებაა შესაძლებელი. ცუკერბერგის ან პრისცილა ჩანის გვერდის დაბლოკვის შესაძლებლობა მომხმარებლებს არ აქვთ. თუ მათი გვერდების დაბლოკვას შეეცდებით, როგორც Facebook-ის წარმომადგენელმა Quartz-თან საუბრისას აღნიშნა: "ის, ვინ პროფილის ან გვერდის დაბლოკვას შეეცდება, იხილავს შეცდომის დაფიქსირების შინაარსიან შეტყობინებას, იმაზე, რომ თითქოსდა მოკლე დროში ბევრჯერ იქნა გვერდი დაბლოკილი".

22. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ცუკერბერგი მნიშვნელოვან ბიუჯეტს ხარჯავს

2017 წელს ცუკერბერგის უსაფრთხოებისთვის მილიონობით ამერიკული დოლარი დაიხარჯა. უფრო ზუსტად – $7.3. ეს რიცხვი მოცემულია იმ ძირითად განაცხადში, რომელიც Facebook-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას წარუდგინა. როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, უსაფრთხოების გეგმისთვის გამოყოფილი თანხები, მათ შორის კერძო თვითმფრინავის მიერ შესრულებული რეისები, 2017 წლის საკომპენსაციო პაკეტის 83%-ს შეადგენდა. 2016 წელს ცუკერბერგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიამ 49 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა.

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია