Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ინოვატორი ანტრეპრენერი ჯორჯ კობი (გრიგოლ კობახიძე) პირველი ქართველი მილიონერი ამერიკაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ჯორჯ კობის სახელით ამერიკაში ქართველ ანტრეპრენერს, გრიგოლ კობახიძეს იცნობენ, რომელიც სამედიცინო მინის მრეწველობის შემქმნელად მიიჩნევა.

ჯორჯ კობი გასულ საუკუნეში საქმიანობდა. ჯამში, 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტია დაკავშირებული მის სახელთან. მათ შორის არის წყალგამძლე ცემენტი და მინა-ბლოკი, რის გამოც ცათამბჯენების მშენებლობაში მის განსაკუთრებულ წვლილს ხაზგასმით აღნიშნავენ. ასევე, მისი შექმნილია ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები მეხანძრეთათვის, ნაძვის ხის მინის ფერადი სანთლები და ნაძვის ხის სათამაშოები.

რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, რაჭველი გლეხის ოჯახში დაბადებულ გრიგოლ კობახიძეს, მინის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. მისი ცხოვრების გზა უაღრესად საინტერესო და დინამიკურია, თუმცა მინასთან მუშაობას ადრეული ასაკიდანვე დაუკავშირდა.

10 წლის ასაკში თავგადასავლების საძებრად შინიდან გაიპარა. ჩავიდა ბორჯომში, სადაც ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა მუშაობდა. თავადაც აქ დაიწყო მუშაობა და მალევე დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის ახალი მეთოდიც. საკუთარი ნიჭის დამსახურებით, მან აღიარება და კარგი რეკომენდაციები მოიპოვა, რაც კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაში დაეხმარა. 24 წლის ასაკში გერმანიაში მინის საწარმოს დაარსება გადაწყვიტა, რაც შემდეგ ლონდონით და ამერიკის შეერთებული შტატებით გაგრძელდა.

გრიგოლ კობახიძემ ამერიკაში მინის პირველი საწარმო 1919 წელს, მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონში დააარსა, სახელწოდებით The Coby Grass Products Company. საწარმო 45 სხვადასხვა დასახელების პროდუქციას უშვებდა − როგორც სამრეწველო, ასევე ქიმიური და სამედიცინო დანიშნულებით. დაარსებიდან სულ რაღაც 3 წელიწადში კომპანიამ ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის სტატუსი მოიპოვა. 1929 წელს კომპანიის წარმოების ბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა.

ცნობილია, რომ ჯორჯ კობი ამერიკაში პროფესიულ თვითდამკვიდრებამდე თავის შენახვის მიზნით პურის მცხობელადაც მუშაობდა, ასევე ელექტროგიგანტ კომპანია General Electric-ში.

მილიონერის სტატუსის მიუხედავად, ჯორჯ კობი არასოდეს ივიწყებდა სამშობლოს და არც მშობლიურ კუთხეს. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოცნებობდა სამშობლოში დაბრუნებაზე და მინის ქარხნის აშენებაზე, თუმცა კომპანიის მშენებლობის იმ ეტაპზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო მოგვიანებით, უკვე ოკუპირებულ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება ვეღარ შედგა.

მიუხედავად ამისა, ჯორჯ კობის მონდომებითა და რესურსებით, რაჭაში აშენდა ხიდები, სკოლა, აფთიაქი და არაერთი მნიშვნელოვანი დაწესებულება. ის მხარს უჭერდა ადგილობრივი ვაჭრობის განვითარებასაც.

გრიგოლ კობახიძეს მემკვიდრე არ ჰყავდა, სწორედ ამიტომ საქმე გასაგრძელებლად ძმებ პაგლიებს გადააბარა, რომლებმაც იმავე ბრენდის სახელით გააგრძელეს საწარმოს ბიზნესსაქმიანობა.

ჯორჯ კობის სახელი დღემდე რჩება ყველა დროის საუკეთესო, ყველაზე პროდუქტიულ და შეუპოვარ ანტრეპრენერთა სიაში, რომელმაც დიდი დეპრესიის პერიოდშიც კი, მილიონების დაკარგვის მიუხედავად, ახალი ნოვატორული იდეებითა და მიდგომებით მოახერხა ფეხზე წამოდგომა და საქმიანობის წარმატებით გაგრძელება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ოქროს შუალედი

ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების