ვის შეუძლია გახდეს ლიდერი? ყველას! ლიდერისთვის დამახასიათებელი აზროვნების შეძენა შესაძლებელია და სინამდვილეში ყველა ადამიანი ლიდერია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ლიდერობა მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია, რაც მათ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და სხვაზე მეტად აღმატებულს ხდის.
ზოგიერთები ლიდერებად მართლაც იბადებიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ლიდერისთვის დამახასიათებელი აზროვნების შეძენა შესაძლებელია და სინამდვილეში ყველა ადამიანი ლიდერია. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობა ვერც აცნობიერებს, რომ შინაგანად ლიდერობა მათი თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც მათში უბრალოდ მიძინებულია და გამოღვიძებას ელოდება.
ნაკლებად გვესმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს ლიდერი, რადგან ლიდერობა, უპირველესად, აზროვნების წესია და არა სტატუსი, პოზიცია, თანამდებობა, რეგალია, იმიჯი...
და თუ ასეა, რატომ ველოდებით რაიმე თანამდებობას ან სტატუსს, როცა დღეს, აქ და ახლა, რა პოზიციაზეც უნდა ვიყოთ, შეგვიძლია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ და პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ იმ გარემოზე, სადაც გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა, იმისდა მიუხედავად, რომელ პოზიციაზე გვიწევს მუშაობა – გამყიდველის, დამლაგებლის, ბიბლიოთეკარის, მასწავლებლის, მძღოლისა თუ მიმტანის?
რატომ არ შეგვიძლია გავაკეთოთ მეტი, ვიდრე გვევალება? ვიყოთ მეტად თავაზიანი, გულისხმიერი, მზრუნველი, ინტერესიანი, ყურადღებიანი?
მაღაზიის მაგალითი რომ განვიხილოთ, გავრცელებული მოსაზრებით, ლიდერი ამ მაღაზიის მენეჯერია, რომელსაც პირდაპირი ურთიერთობა არ აქვს კლიენტებთან, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს, რომ ამავე მაღაზიის რიგითი მოლარეც შეიძლება ლიდერი გახდეს, რომელზეც დიდად იქნება დამოკიდებული ბიზნესის წარმატება.
რატომ? იმიტომ, რომ მას და მხოლოდ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მაღაზიის ფინანსური წარმატების მთავარ წყაროზე – მომხმარებლებზე, რადგან მხოლოდ მას შეუძლია მიესალმოს, გაუღიმოს, თვალებში შეხედოს და თუნდაც მცირე ყურადღებითა და ჟესტით გააბედნიეროს ისინი.
ეს კი პირდაპირ კავშირშია მაღაზიის შემოსავლების ზრდასა და ბიზნესის წარმატებასთან, რასაც, დიდწილად, კმაყოფილი მომხმარებელი განაპირობებს. ამაში კი, მაღაზიის მენეჯერზე მეტად თუ არა, არანაკლებ სწორედ რიგით მოლარეს მიუძღვის წვლილი, რადგან მან მნიშვნელოვანი ლიდერული თვისებები გამოავლინა.
ამიტომ, ორგანიზაციები უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ლიდერები არა მხოლოდ მაღალ, არამედ ორგანიზაციული იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე უნდა გაჩნდნენ. მეტიც – ყველა თანამშრომელი ლიდერი უნდა იყოს, ამისათვის კი საჭიროა თანამშრომელთა წახალისება, მხარდაჭერა, მოტივაცია და იმის აღიარება, რომ ლიდერის ფასეულობებს მის თანამდებობასთან არაფერი აქვს საერთო.
რატომ არ შეგვიძლია მოლოდინის გაცრუების ნაცვლად, მეტიც – მოლოდინის გამართლების ნაცვლად, ადამიანებს, რომლებსაც ვემსახურებით, ვაფიქრებინოთ, რომ გადავაჭარბეთ მათ მოლოდინს? ამით ხომ მათაც ბედნიერებას მივანიჭებთ, საკუთარ თავსაც, რადგან უფრო მეტად თავდაჯერებულები გავხდებით, საკუთარ ორგანიზაციასაც წინ წავწევთ, რადგან მას მეტი კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი ეყოლება და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შევცვლით გარემოს, სადაც ჩვენი კლიენტების დადებითი ემოციებით დამუხტულები თავადაც ბედნიერები ვიქნებით, ჩვენს გუნდსაც მეტ სარგებელს მოვუტანთ და გარემოსაც გავაჯანსაღებთ!
ლიდერობაც ხომ მეტი არაფერია, თუ არა პოზიტიური ზეგავლენა ადამიანებსა და გარემოზე! ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ, უპირველესად, საკუთარ თავს ვმართავთ სწორი ღირებულებებით, რადგან სხვას წინ ვერ გაუძღვები, თუ ჯერ საკუთარი თავი არ მიგყავს სწორი მიმართულებით.
მაშ, რატომ უნდა ველოდოთ დაწინაურებას, როცა დღესაც შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები, დღესაც შეგვიძლია ვიაზროვნოთ, როგორც ლიდერები აზროვნებენ, დღესაც შეგვიძლია პასუხისმგებლობისგან გაქცევის, საკუთარი წარუმატებლობის სხვადასხვა ფაქტორით გამართლებისა და ყველა პრობლემის სხვაზე გადაბრალების ნაცვლად, ბოლომდე დავიხარჯოთ, ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად გამოვავლინოთ და ჩვენი შესაძლებლობების პიკზე ვიმუშაოთ. დღესაც შეგვიძლია მეტად აზრიანი ცხოვრებით ვიცხოვროთ, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ და მეტი ვაკეთოთ, ვიდრე მოგვეთხოვება!
დიახ! ლიდერობა პრივილეგიაზე მეტად პასუხისმგებლობას, მიღებაზე მეტად გაცემას ნიშნავს. ხარ მზად გასცე მეტი? იფიქრე ამაზე და გახსოვდეს – ლიდერობა საკუთარი თავის ლიდერობიდან იწყება. შთააგონე შენი თავი, რომ მეტი შეგიძლია, მეტი მოგეთხოვება, გაუძეხი საკუთარ თავს იმ გზაზე, რომელიც უსუსური მსხვერპლის როლიდან გმირობამდე მიგიყვანს და გამარჯვებაც არ დააყოვნებს! გამარჯვება საკუთარ თავზე!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge