ელექტრონული კომერციის 5 საიდუმლო, რომელთა გამხელაც "ექსპერტებს" არ სურთ ბევრისთვის ელ. კომერციის ეს ხუთი საიდუმლო ზედმეტად ძვირადღირებულია საიმისოდ, რომ სხვას გაუზიაროს.
By სტივ ტენი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წარსულს ჩაბარდა ის დრო, ყველაფერს ქუჩის გაყოლებაზე, მაღაზიებში რომ ვყიდულობდით. ამის ნაცვლად, სავაჭრო გიგანტად მოგვევლინა ელ. კომერცია რომელსაც 2017 წელს 24.9 %-იანი ზრდა ჰქონდა მსოფლიო მასშტაბით. აქედან მხოლოდ Amazon-ის სუფთა შემოსავალი 177.87 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
ამხელა ზრდისა და უზარმაზარი შესაძლებლობების მიუხედავად, რომლებსაც ელ. კომერცია მეწარმეებს სთავაზობს, ამ სფეროში ახალფეხადგმულ ადამიანებს ბევრი შეცდომა ძალიან ძვირი უჯდებათ. ეს მათ ხელს უშლის წარმატებული ბიზნესის აწყობაში.
ელ. კომერციაში 12-წლიანი გამოცდილების შედეგად ვისწავლე, რომ წარმატებისთვის ხარისხიან პროდუქტსა და ლამაზ ვებგვერდზე გაცილებით მეტია საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ორივე ელემენტი აუცილებელია, მაგრამ მალე მათ ყოველი მეორე ონლაინ მაღაზია შემოგვთავაზებს.
ამის გათვალისწინებით, გაგაცნობთ ელ. კომერციის წარმატების იმ რამდენიმე წინაპირობას, რომლებსაც, ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებით, უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენი ბიზნესის განვითარებაზე:
1. დააინტერესეთ პოტენციური მყიდველები ონლაინ მაღაზიის გახსნამდე.
ძალიან ბევრი ანტრეპრენერი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას - მხოლოდ მაღაზიის გახსნის შემდეგ იწყებენ მარკეტინგულ ღონისძიებებს. არადა, პრობლემა ის არის, რომ ციფრული მარკეტინგი გარკვეულ დროს საჭიროებს გაყიდვების მხრივ სასურველი შედეგის მოსატანად. ეს კი ნიშნავს, რომ მოგიწევთ ვებჰოსტინგისა და სხვა ხარჯების გაწევა, მათ დასაფარად საჭირო შემოსავლების გარეშე.
ამიტომ, მარკეტინგი ბევრად ადრე უნდა დაიწყოთ და ჯერ კიდევ გახსნამდე მიიპყროთ სამიზნე აუდიტორიის ყურადღება. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება Kickstarter-ის კამპანიები, რომლებიც პროექტის გაშვებამდე იწყებენ თანხების მოზიდვასა და საზოგადოების ინტერესის გაღვივებას.
თუნდაც სრულიად ახალ ან ორიგინალურ პროდუქტს არ ქმნიდეთ, საზოგადოებაში ხმა მაინც უნდა გაავრცელოთ. კონკურსები სოციალურ ქსელში, პროდუქტის ნიმუშების დარიგება და ელ. ფოსტით გამოწერის შეთავაზებები დაგეხმარებათ სამიზნე აუდიტორიის მოზიდვაში, რომ თქვენმა ონლაინ მაღაზიამ გაშვების დღიდანვე დაიწყოს გაყიდვები.
2. ყურადღება გაამახვილეთ გრძელვადიან ურთიერთობაზე მყიდველთან
მყიდველის კონვერსია (ვიზიტორის გარდაქმნა მყიდველად) არ არის მარტივი საქმე. როგორც წესი, კონვერსიის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 1%-დან 3%-მდე მერყეობს. ამიტომ თითოეული გაყიდვა მნიშვნელოვანია. ამ ბიზნესში დიდხანს ვერ გაძლებთ, თუკი მყიდველი თქვენთან მხოლოდ რამდენიმე დოლარს ხარჯავს.
აღნიშნულ სფეროში წარმატების მისაღწევად, უნდა კონცენტრირდეთ არა მხოლოდ პირველ გაყიდვაზე, არამდე გრძელვადიან ურთიერთობაზე მყიდველთან. ბუნებრივია, ამისთვის საჭიროა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა პირველი გაყიდვის პროცესში, თუმცა, ასევე იგულისხმება მყიდველთან კავშირის შენარჩუნებაც.
ამის საუკეთესო საშუალებაა მარკეტინგი ელ. ფოსტის საშუალებით. ხარისხიანი საფოსტო კამპანია საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ მყიდველის გამოხმაურება პირველი შენაძენის თაობაზე, ასევე, შეეხმიანოთ მას დღესასწაულებზე ან საყიდლების განსაკუთრებულ სეზონზე. მყიდველთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება შეამცირებს კონვერსიის ხარჯს და დაგეხმარებათ სტაბილურ გაყიდვებში.
3. გამოიყენეთ განმეორებითი მარკეტინგი
ელ. კომერციის სპეციალისტთა უმრავლესობა ბიუჯეტის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობს მარკეტინგს ვებგვერდზე ახალი მყიდველების მისაზიდად და პროდუქციის გასაყიდად.
მაგრამ როგორ იქცევით უკვე არსებულ მყიდველებთან? თუკი ისინი არ არიან თქვენი სამიზნეები განმეორებითი მარკეტინგის ფარგლებში, ამით ძალიან მნიშვნელოვან მოგებას დაკარგავთ.
მაღალი ალბათობით, მუდმივი მყიდველი არა მხოლოდ კიდევ ერთხელ შეიძენს თქვენგან პროდუქციას, არამედ მეტ ფულსაც დახარჯავს. კვლევებმა გამოავლინა, რომ მუდმივი მყიდველის მიერ შენაძენის კიდევ ერთხელ გაკეთების შანსი 60%-დან 70%-მდეა. ეს რიცხვები ბევრად აჭარბებს ელ. კომერციის კონვერსიის საშუალო კოეფიციენტს.
მარკეტინგის მიმართულებით უფრო მეტი ამონაგების მისაღებად, უზრუნველყავით, რომ თქვენი Facebook თუ სხვა კამპანიები კონკრეტულად მასზე იყოს ორიენტირებული, ვინც ერთხელ უკვე ეწვია თქვენს გვერდს.
4. ალაპარაკეთ თქვენი მყიდველები
ბრენდის ძლიერი ინდივიდუალიზმი უპირობოდ აუცილებელია სამიზნე აუდიტორიასთან ემოციური კავშირის დასამყარებლად. როდესაც შეძლებთ მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ყველაზე ლოიალურ მყიდველებთან, მათი ენთუზიაზმი გამოგადგებათ თქვენს ონლაინ მაღაზიაზე ხმების გასავრცელებლად.
კვლევები ადასტურებს, რომ ეს ყველაზე ეფექტიანი და სანდო მარკეტინგია.
თუმცა, საქმე ის არის, რომ თქვენი მყიდველები ყოველთვის საკუთარი ინიციატივით არ ილაპარაკებენ თქვენზე. ზოგჯერ დამატებითი მოტივაციაც საჭიროა. ნუ მოგერიდებათ, პერსონალური შეტყობინებით დაუკავშირდეთ ყველაზე აქტიურ მყიდველებს და სთხოვოთ რეკომენდაცია, ან უბრალოდ აზრი ჰკითხოთ თქვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.
ინტერესის გასაღვივებლად და ხმების გასავრცელებლად, გირჩევთ სოციალური ქსელის კონკურსების გამოყენებას.
რაც უფრო პერსონალიზებული იქნება თქვენი ურთიერთობა მყიდველებთან, მით მეტია ალბათობა, რომ ისინი თქვენი "ბრენდის ნამდვილი დესპანები" გახდებიან და ახალ მყიდველებსაც მოგიყვანენ.
5. თუკი პირდაპირ მიწოდებას გადაწყვეტთ, ამ საქმეს სერიოზულად მიუდექით
პირდაპირმა მიწოდებამ, რაც გულისხმობს თქვენი პროდუქტის პირდაპირ მწარმოებლისგან მიწოდებას მომხმარებლისთვის, ელ. კომერციაში ჩართულ ბევრ ბიზნესს გაუმარტივა გაყიდვები. თუმცა, ამასაც თავისი რისკები ახლავს.
პირდაპირი მიწოდების ყველაზე გავრცელებული პრობლემებია: მიწოდების ხანგრძლივი ვადები; ვერ ხერხდება მონიტორინგი ამანათის გადაადგილებაზე; და დაბალხარისხიანი საქონელი.
ამ ყველაფერს შეუძლია მთლიანად დაასამაროს თქვენი რეპუტაცია. ამიტომ, პირდაპირი მიწოდების დაწყებამდე, აუცილებელად შეამოწმეთ მომწოდებლის პროდუქციის ხარისხი. დარწმუნდით, რომ ის ამართლებს თქვენი ბრენდის დაპირებას.
მიწოდებისათვის შეარჩიეთ მაღალი ხარისხის კომპანია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საკურიერო მომსახურებას. ასე თქვენს მყიდველებს არ დასჭირდებათ დიდხანს ლოდინი და ყოველთვის ეცოდინებათ, როდის მიიღებენ შეკვეთას.
ელ. კომერციაში წარმატებული ბრენდის შექმნა ყოველთვის ადვილი არ არის. კარგი დასაწყისის მიუხედავად, მეც არაერთხელ გამომიცდია საკუთარი სტარტაპების კრახი. თუმცა, ამ წარუმატებლობებით მიღებული გამოცდილების შედეგად, შევძელი რამდენიმე წარმატებული ონლაინ მაღაზიის გახსნა და რეალური, სტაბილური შემოსავლის მიღება.
დარწმუნებული ვარ, თქვენც შეძლებთ.