Get All Access for $5/mo

რატომ უნდა გამოიყენოს თქვენი ელექტრონული კომერციის გვერდმა საკუთარი ბლოგი ბლოგინგი უკვე აღარ არის ახალი მარკეტინგული ტაქტიკა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

საიდუმლოს უკვე აღარ წარმოადგენს ფაქტი, რომ პოტენციური კლიენტების ნდობის მოსაპოვებლად და ყურადღების მისაზიდად, ნებისმიერი თანამედროვე ონლაინბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქონთენთმარკეტინგია. რაც შეეხება თვით ქონთენთს, ბლოგინგი თქვენი არსენალის უწინდებურად ყველაზე მძლავრი იარაღია და როგორც კი ბლოგის დაწყების მთავარ სტრატეგიებს შეისწავლით, სწრაფად შეძლებთ პოტენციალის გამოყენებას.

მსგავსი სტატია: ელექტრონული კომერციის 5 საიდუმლო

ეს ყველაფერი ნებისმიერ B2B ან B2C კომპანიას, და განსაკუთრებით კი ელექტრონული კომერციის გვერდებს ეხება. ბლოგინგი დაგეხმარებათ სხვებისგან გამორჩეული გახდეთ ამ გადავსებულ გარემოში და თქვენი ბრენდი თქვენსავე ინდუსტრიის წინა რიგებში მოაქციოთ.

კარგმა ბლოგმა, რომელშიც გააზრებული სტატიები, საინტერესო შეთავაზებები და გულწრფელი შედარებებია, შესაძლოა უზარმაზარი გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ქცევაზე, მათ არჩევანსა და იმაზეც, თუ რომელ პროდუქტებს შეიძენენ ისინი. სამარცხვინო იქნებოდა, საკუთარი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, სხვა ბრენდებისთვის მიგვეცა იმ ინფორმაციის გავრცელების საშუალება, რომელიც მათ უფრო მეტად ეხმიანებათ.

ბლოგინგი უკვე აღარ არის ახალი მარკეტინგული ტაქტიკა − კარგად გამოცდილი მეთოდია, რომელსაც ბრენდების უმრავლესობა ნებისმიერი ტიპის ელექტრონული კომერციისთვის იყენებს. ქვემოთ ამის მთავარ მიზეზებს დეტალურად გაეცნობით:

თქვენ ექსპერტი ხდებით

მომხმარებლები დღევანდელ გაჯერებულ ბაზარზე ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ, რადგან მხოლოდ ეს აძლევთ სხვადასხვა ვარიანტის ერთმანეთისგან გამორჩევის საშუალებას. გადაწყვეტილებები უმეტესად იმ ონლაინმიმოხილვების, რეკომენდაციებისა და სტატიების საფუძველზე მიიღება, რომლებშიც ანალოგიურ პროდუქტებზე ყველა ინფორმაციაა წარმოდგენილი. როგორც უკვე მიხვდით, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი ბლოგებში იყრის თავს.

ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო გზას, რომ მომხმარებლებლებს უბიძგოთ, თქვენი ინტერნეტმაღაზია არჩიონ კონკურენტებისას. თუ მათ კარგ, გულწრფელ ინფორმაციას მიაწვდით, თქვენი პროდუქციის ნიუანსებშიც გაარკვევთ და საკუთარ ძლიერ მხარეებსაც გაუსვამთ ხაზს, უპირატესობა თქვენ მხარეს გადმოინაცვლებს.

დღესდღეობით, ელ-კომერციის ზოგიერთი ძრავი მხოლოდ ინტერნეტმაღაზიის კონსტრუქტორს კი არ გთავაზობთ, არამედ ბლოგის მთელი განყოფილებაც აქვს, ელექტრონული კომერციის ყველა იმ თემის გარშემო, რომელშიც აუცილებლად უნდა ერკვეოდეთ, და ამ სფეროში დიდი არჩევანია. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოიზიდოთ ტრაფიკი საკუთარ ბლოგზე, ან რომელი ელექტრონული კომერციის შაბლონები მიგიყვანთ გაყიდვებამდე.

სტატიების დაწერაც შეგიძლიათ ინდუსტრიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, პროგნოზირების გაკეთება ტენდენციების თაობაზე ან თემების ფართო მიმოხილვა იმ ნიშაში, რომელსაც თქვენ ფლობთ. საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკუთარ ბლოგზე სერიოზული და ხარისხიანი ინფორმაციის გამოქვეყნება თქვენს ბრენდს გაცილებით ცნობადს გახდის, თქვენ კი, ექსპერტის სახით, ამ სფეროს მწვერვალზე აღმოჩნდებით.

გაზარდეთ თქვენი ტრაფიკი

დღევანდელ დღეს ტრაფიკის მოპოვება იმას ნიშნავს, რომ Google-ზე უნდა გქონდეთ რეიტინგი. ადამიანები აუცილებლად დაიწყებენ თქვენი პროდუქტების, ან მასთან დაკავშირებული თემების მოძიებას და ამიტომ, ამ დროს სადმე აქვე, სიის სათავეში უნდა იყოთ. ვებგვერდების ისეთ კონსტრუქტორთან ერთად, როგორიცაა მაგალითად, Wix.com ინფორმაციის მიღებაც შეგიძლიათ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ და სტრატეგიების გაცნობაც, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ იგი.

თავისთავად, თქვენი ბლოგის არსებობა რეიტინგს არ გაგიზრდით, მაგრამ შესაძლებლობას შეგიქმნით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოთ მომხმარებელს და შეეცადოთ, გაცილებით მეტი საკვანძო სიტყვით მოხდეს მათი რანჟირება. ბლოგები, ელექტრონული კომერციის ვებგვერდის დარჩენილი ნაწილისგან განსხვავებით, მუდმივი განახლების რეჟიმში იმყოფება და საბოლოოდ, მათზე გაცილებით მეტ გვერდს შეიცავს.

ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ მთელი ყურადღება საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე გაამახვილოთ, სწორი საკვანძო სიტყვები შეიტანოთ, მათ შორის, შემომავალი და გამავალი ბმულები, ინდექსის მქონე გვერდები შექმნათ და სხვა.

კლიენტებთან ურთიერთობა

მომხმარებლები იმ ბრენდთან ამჯობინებენ ურთიერთობას, რომლებთანაც ადვილად შეუძლიათ დაკავშირება. ეს კავშირები კი, თქვენი ბრენდის წარდგენითა და მისი ფასეულობების თუ იდეალების დემონსტრირებით ყალიბდება სხვადასხვა სავაჭრო წერტილში. თქვენი საიტისთვის ბლოგის წერა ამის გაკეთების ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი პლატფორმაა.

მომხმარებლებთან გაცილებით ახლო კავშირის დახმარებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ საკუთარ ბრენდს "ინდივიდუალობას" მიანიჭებთ და თქვენს ინფორმაციაში გარკვეული მნიშვნელობით დატვირთავთ. მიაწოდეთ მათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ისიც გაითვალისწინეთ, რას ითხოვს თქვენი სამიზნე აუდიტორია.

თქვენს მომხმარებლებთან ჰარმონიური ურთიერთობის დამყარება ერთიანობის განცდის შექმნას უწყობს ხელს. თქვენი ონლაინმაღაზია შესაძლოა უბრალო მაღაზიაზე გაცილებით მეტიც კი გახდეს, ვირტუალურ საზოგადოებრივ ცენტრად იქცეს, რომელიც გაცილებით მეტ ადამიანს მოიზიდავს თავისი მიზანმიმართული პროგრამის წყალობით. სავარაუდოდ, საკუთარი საზოგადოება თქვენ მიმართ გაცილებით დიდი ნდობით განიმსჭვალება და თქვენს კონკურენტებს კი არა, თქვენ მოგანიჭებთ უპირატესობას.

გასცდით თქვენი ვებგვერდის საზღვრებს

თქვენ უკვე გაქვთ ბლოგი და რეგულარულად აქვეყნებთ კიდეც საინტერესო და ხარისხიან ინფორმაციას. საქმე ის არის, რომ ამავე ინფორმაციის გამოყენება გაცილებით დიდი მიზნებისთვისაც კი შეგიძლიათ, ვიდრე ეს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებაა.

თქვენ მიერ შედგენილი ინფორმაციის თითოეულ ფრაგმენტს დამატებითი უპირატესობის მოტანა შეუძლია. თქვენი ბლოგის გამოყენებით სოციალური ქსელებშიც აქტიურად გამოჩნდებით, თუ ბოლო სტატიებზე გამოაქვეყნებთ ინფორმაციას. კარგ ინფორმაციას კი, ვირუსულად გავრცელების გაცილებით დიდი შანსი აქვს სოციალურ ქსელებში, ვიდრე პროდუქტებზე განთავსებულ შეტყობინებებს.

როდესაც თქვენს კომპანიაში ინფორმაციის შექმნაზე სერიოზულად იზრუნებენ და საკუთარი ინფორმაციისთვის თქვენც გექნებათ პორტალი, მათი გამოყენებით გაცილებით შემოქმედებითს გახდით საკუთარ მარკეტინგს. სხვა გვერდებისთვისაც შეადგინეთ ინფორმაცია, თქვენს ბლოგზე სტუმრები მოიწვიეთ ან სხვა ბრენდებთან დაიწყეთ თანამშრომლობა. ამ სფეროში შემოქმედებისათვის მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობებია.

ბლოგის ხარჯები უკიდურესად დაბალია

საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვს სოციალური მედიაკამპანიები, რეკლამები Google-ზე, ინფლუენსერმარკეტინგი და მოძველებული სარეკლამო ფარიც კი ავტომაგისტრალზე.

ხოლო ვებგვერდის შექმნა და მისი გამართული ფუნქციონირება, შემდეგ ეტაპზე, მისთვის მონაცემთა ბაზაში ბლოგის დამატება, მარკეტინგის პრაქტიკულად უფასო პლატფორმის შექმნას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფასიანი არხებითაც შეგიძლიათ თქვენი ინფორმაციის გავრცელება, თქვენი ბლოგი მაინც საშინაო ბაზაა, რომელიც ორგანულ ტრაფიკს უზრუნველყოფს. ზოგიერთი ბლოგპოსტი თვეებისა და შესაძლოა, წლების განმავლობაშიც კი იყოს აქტუალური. შესაბამისად, მომხმარებელთათვის ფასეული რესურსი, Google-ზე კი მნიშვნელოვანი ადგილი გარკვეული საკვანძო სიტყვების გამო დაიკავოს. ამ ყველაფრის ორგანიზება სრულიად მარტივადაა შესაძლებელი ერთჯერადი ინვესტიციით − იმ ავტორის ჰონორარით, რომელიც საინტერესო ინფორმაციას ქმნის.

დრო ყველაფერია

საინტერესოა, რატომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი თქვენი ბრენდი ელექტრონული კომერციის ბლოგინდუსტრიაში, რომელიც მართლაც ყვავის ამ ეტაპზე? ამას ხომ აბსოლუტურად ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს. ბუნებრივია, უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეფექტური ბლოგის შექმნა, რომელიც სერიოზულ შედეგებს მოიტანს, დროს მოითხოვს.

მსგავსი სტატია: ელექტრონული კომერციის პლატფორმა B2C

თქვენი პირველი პოსტები, სავარაუდოდ, დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევს ინტერნეტში, მაგრამ დროთა განმავლობაში, თქვენს საცალო ინტერნეტ ბრენდს, თქვენსავე ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარება. რაც ადრე დაიწყებთ, მით ადრე მიიღებთ შედეგებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე