Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თქვენი კომპანიის მოძრავი რეკლამა ქალაქის ყველა წერტილში "ატარე და გამოიმუშავე"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

Mobilis Georgia ქართულ ბაზარზე ორი სლოგანით შემოვიდა – "ატარე და გამოიმუშავე" და "თქვენი რეკლამა ყველა უბანში". კომპანიის დამფუძნებელი მაიკლ კერშბაუმერია. მან საქართველოში 5 წელი გაატარა. მუშაობდა რთულ და განვითარებად მომსახურების სფეროში. Tbilisi Marriott Hotel-ის ყოფილი გენერალური მენეჯერი ქართული მენტალიტეტის თავისებურებებში ამ პერიოდში კარგად გაერკვა და გადაწყვიტა შეექმნა სერვისი, რომელიც როგორც მიმწოდებელს, ისე შემსყიდველს თანაბრად წაადგებოდა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა ქართველი მძღოლებისთვის პასიური შემოსავლის წყარო გაეჩინა, ქართული ბიზნესისთვის კი არასტანდარტული, შედარებით იაფი, ახალი ტიპის სარეკლამო არხი. ასე დაარსდა Mobilis Georgia.

Mobilis-ის კონცეფცია ასეთია: დამკვეთი კომპანიების რეკლამას ის კონტრაქტორი ავტომობილების გარე ფასადზე ათავსებს.

Mobilis ქმნის ბაზას, რომელშიც ქართველი მძღოლები არიან გაერთიანებული. მათი მანქანა 2008 წლის, ან უფრო ახალი უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეს ფიზიკური, ვიზუალური ნაკლი. დღეში 20 კილომეტრსა და მეტს უნდა ფარავდეს და კვირაში 6 დღის განმავლობაში ქალაქის კონკრეტულ უბნებში უნდა გადაადგილდებოდეს. კომპანიებისთვის კი, რომელთაც ტრადიციული რეკლამის შემდეგ პროდუქტისა თუ სერვისის ფრომოუშენის არატრადიციული გზები აინტერესებთ, ახალ პლატფორმას ამზადებს.

"Tbilisi Marriott Hotels-ის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე 3 წელი გავატარე. მივხვდი, რომ დრო იყო საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. ასე დაარსდა ჩემი პირველი კომპანია STS Hospitality Service Georgia. შემდეგ კი ახალი პროექტის იდეა გაჩნდა. გავიცანი ხალხი, შევისწავლე ადგილობრივი მენტალობა, ყოველდღიური პრობლემები, ცხოვრების წესი და მივხვდი, რომ ქართველი მძღოლებისთვის პასიური შემოსავლის წყაროს გაჩენა კარგი იდეა იყო", − ამბობს მაიკლ კერშბაუმერი.

ამ ეტაპზე Mobilis Georgia-ს ბაზაში 400-მდე მანქანა შედის. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც პირველად ცდიან ახალ მარკეტინგულ ხერხს − მათი რიცხვი 5-ია. 1 თვის განმავლობაში თბილისის ქუჩებში დასტიკერებული ავტომობილები გამოჩნდებიან, რომლებიც ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილდებიან.

"ავტომობილებზე რეკლამის განთავსების პრაქტიკა მთელ მსოფლიოში არსებობს. განსაკუთრებით პოპულარული ეს მეთოდი მეგაპოლისებშია, რომლებშიც მთელი დღის განმავლობაში არაერთი საცობი იქმნება. კვლევით დადასტურებულია, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის 73% მსგავსი ტიპის რეკლამას კითხულობს. ასევე, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სტარტაპები, რომლებიც ამ იდეას ახორციელებენ, წარმატებულად გადადიან სრულფასოვანი ბიზნესების რიცხვში", − გვიხსნის ლალიკო თუმანიშვილი, Mobilis Georgia-ს გაყიდვების მენეჯერი. "მსგავსი ტიპის რეკლამის მთავარი მახასიათებელი კი ისაა, რომ მარტივად გამახსოვრდებოდეს და იყოს კრეატიული".

კომპანიის დამფუძნებელი იდეის პოტენციალში სრულიად დარწმუნებულია. Mobilis Georgia ბრეიქივენზე გასვლას 1 წლის განმავლობაში გეგმავს.

Mobilis Georgia რამდენიმე ტიპის სერვისს იყენებს. უპირველესად, დამკვეთი კომპანიისგან მოწოდებულ იდეას ვიზუალურ იმიჯად გარდაქმნის. დამკვეთის მიერ დადასტურების შემდეგ კი იმიჯი იბეჭდება და სტიკერი მზადდება. სტიკერები მანქანას შესაძლოა როგორც წინა კარებზე მიეკრას, ასევე ავტომობილის ოთხივე კარზე აღმოჩნდეს. ეს დამკვეთის სურვილზე და კამპანიის ტიპზეა დამოკიდებული.

ავტომობილები კვირაში ერთხელ შემოწმებას გადიან, რის შემდეგაც სტიკერი, დაზიანების შემთხვევაში, იცვლება. "სტიკერი უძლებს ყველანაირ ამინდსა და სეზონს, არ ზიანდება". მიუხედავად მასალის მაღალი ხარისხისა, კომპანია ყოველკვირეულ შემოწმებას მნიშვნელოვან პროცედურად მიიჩნევს.

კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია, რომელიც Mobilis Georgia-სთან შექმნის დღიდან თანამშრომლობს, GPS–ჩიპებს კონტრაქტორი მძღოლების ავტომობილებში ამონტაჟებს. მათი დახმარებით როგორც სტარტაპი, ისე დამკვეთი ყოველკვირეულ რეპორტში ზუსტ მონაცემებს იღებს: რამდენი დღისა და საათის განმავლობაში, რომელ უბნებში გადაადგილდებოდა მძღოლი.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია რიგით მოქალაქეებს, რომელთაც ავტომობილები ჰყავთ, პასიური შემოსავლის წყარო გავუჩინოთ. ისინი კვირის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით გადაადგილდებიან. მაგალითად, შინიდან სამსახურამდე და პირიქით. შესაბამისად, დამკვეთის მოთხოვნას, მისი რეკლამა კონკრეტულ ტერიტორიაზე იყოს წარმოჩენილი, მარტივად ვასრულებთ. თუმცა, თანამშრომლობის საკითხს ტაქსოკომპანიებთანაც განვიხილავთ, მუხედავად იმისა, რომ მათი მარშრუტი ფიქსირებული არასოდესაა", − ამბობს მაიკლ კერშბაუმერი.

მძღოლის ანაზღაურება ყოველთვიურია. კამპანიის ხანგრძლივობა კი მინიმუმ 1 თვე. თითოეულ კამპანიაში მინიმუმ 10 მანქანა ერთვება, თუმცა Mobilis Georgia-ს სხვადასხვა ტიპის პაკეტის შეთავაზების საშუალებაც აქვს.

ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ბენეფიტად რეკლამის განთავსების დაბალი ღირებულება მიაჩნიათ. "სხვადასხვა არხში, თუნდაც, ბილბორდებზე, რეკლამის განთავსება ძვირი სიამოვნებაა, ჩვენ კი კომპანიებს კონკურენტულ ფასს ვთავაზობთ".

მაიკლ კერშბაუმერს საქართველოსთან პირველი შეხება დაახლოებით 20 წლის წინ ჰქონდა. იმ პერიოდში თბილისში Marriott-ის მორიგი სასტუმრო იხსნებოდა. მაიკლი გენერალური მენეჯერობის ერთ-ერთი პრეტენდენტი გახლდათ. "მაშინ ამ პოზიციაზე ჩემი კარგი მეგობარი დაინიშნა. მე კი მუშაობა სომხეთში გავაგრძელე. საქართველოს არსებობა საერთოდ დამავიწყდა, თუმცა 5 წლის წინ ახალი შემოთავაზება მივიღე და ქვეყანაში დავბრუნდი. Tbilisi Marriott-ის გენერალური მენეჯერი 3 წლის განმავლობაში ვიყავი", – იხსენებს ანტრეპრენერი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის, აქაური ბიზნესის თუ მომსახურების სფეროს მახასიათებლები კარგად შეისწავლა. მიაჩნია, რომ მომსახურების სფეროს განვითარებისთვის ქართულ ბიზნესს წინ კიდევ რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი. "საქართველო, ჩემი აზრით, უფრო მომხმარებლის ქვეყანაა, და არა ბიზნესის. აქ უამრავი ახალი პროდუქტის თუ ინოვაციური სერვისის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა მომსახურების დონე ჯერ კიდევ გასავითარებელია. მიუხედავად ამისა, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან მოწინავე პოზიციებზეა".

ახალშობილი სტარტაპი ამ ეტაპზე პარტნიორი კომპანიების მოძიების პროცესშია ჩართული. კონტრაქტორი მძღოლები კერშბაუმერის ინიციატივას ყოველდღიურად სოციალური მედიის საშუალებით ეხმაურებიან. Mobilis Georgia-ს ბაზა დღითი დღე იზრდება. პირველი მოძრავი რეკლამა კი ქალაქის ყველა წერტილში რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს