10 საკითხი, რომელიც ბიზნესპარტნიორთან კონტრაქტზე ხელის მოწერამდე უნდა გაარკვიოთ პარტნიორობა მხარეებს შორის ტვირთის განაწილებას გულისხმობს, მაგრამ ზოგჯერ იგი შესაძლოა დამატებით ტვირთადაც კი იქცეს.
By ლიზა ჟირარდი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესპარტნიორობა რაღაცით ქორწინებას წააგავს − ხშირად ენთუაზიაზმითა და დიდი მოლოდინით იწყება... და ღვარძლითა და სასამართლო გარჩევებით მთავრდება. ამიტომ პარტნიორობის დაწყებამდე ადამიანზე რაც შეიძლება მეტის გაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ შორის იმის, თუ რა გავლენას მოახდენს ბიზნესზე მისი ფინანსები და ოჯახური ცხოვრება.
ამ შეკითხვებზე პასუხი აუცილებლად უნდა იცოდეთ იმის გადასაწყვეტად, რომ ღირს კი ამა თუ იმ პიროვნებასთან პარტნიორობის დაწყება:
რაში მჭირდება ბიზნესპარტნიორი?
ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, რომელიც თქვენ გგავთ, გაცილებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ საქმისთვის აუცილებელია ისეთი, ვინც თქვენს უნარებს შეავსებს.
სავარაუდოდ, ისეთი ბიზნესპარტნიორი უნდა მოძებნოთ, რომელსაც თქვენგან განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები აქვს. თუ თქვენ შემოქმედებითი ბუნება გაქვთ, პარტნიორი დეტალებზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ ფული გაქვთ და ბიზნესში ინვესტირებას გეგმავთ, თქვენს პარტნიორს ბაზართან უნდა ჰქონდეს კავშირი ან დიდი ნაცნობობის წრე ჰყავდეს. თუ მორიდებული ხართ, აქტიური პარტნიორი დაგჭირდებათ.
როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს თქვენს ბიზნესპარტნიორს?
ერთობლივი საწარმოს შექმნამდე, პოტენციური პარტნიორის ფინანსურ სტატუსსა და ვალდებულებებზე სრული ინფორმაცია უნდა მოიძიოთ. ბუნებრივია, უკიდურესად უხერხულია შეკითხვის დასმა ბინისა და სხვა გადასახადებზე, ან ყოფილ მეუღლეს რამდენს უხდის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი პარტნიორი უმოკლეს ხანში გადაწყვეტილებას სწორედ ამ ფინანსური ვალდებულებების მიხედვით მიიღებს. უკვე საგანგაშოა, თუ დაუფარავი ვალდებულებები აქვს და ამბობს, რომ მცირე თანხით შეძლებს არსებობას.
რა დროს დაუთმობს პოტენციური პარტნიორი საქმეს?
როგორც წესი, პარტნიორები საქმეზე თანაბარ დროს არ ხარჯავენ. ამ საკითხში ვალდებულებები წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. დღეში რამდენ საათს იმუშავებს პარტნიორი თქვენს ერთობლივ საწარმოში? თანახმა ხართ თუ არა ასეთ სამუშაო დღეზე?
ასევე მნიშვნელოვანია, პარტნიორმაც იცოდეს, რა დროს დაუთმობთ ერთობლივ სამუშაოს. გახსოვდეთ, რომ თუ პირობას დადებთ, თქვენი სიტყვა აუცილებლად უნდა შეასრულოთ.
ეს ბიზნესი თქვენი ბიზნესპარტნიორისთვისაც ასეთივე მნიშვნელოვანია?
თქვენ და თქვენს პარტნიორს თანაბარი ბიზნესმოვალეობები უნდა გქონდეთ − არ აქვს მნიშვნელობა, რა ბიზნესი გაქვთ – ყავის სახლია ეს თუ დიზაინერული კომპანია. პარტნიორობა, განსაკუთრებით კი, მეგობართან თანამშრომლობა, თავიდან უზომოდ სასიამოვნოა − აღფრთოვანებით და ხალისით იწყებთ საქმეს. თუმცა, შესაძლოა სულ მოკლე ხანში ყოველდღიურმა, თავდაუზოგავმა შრომამ ძალიან დაგღალოთ. თუ თქვენი პარტნიორი თქვენსავით საქმის ერთგული არ არის, ენთუზიაზმს მალე დაკარგავს და თქვენს ბიზნესს დააზარალებს.
მსგავსი სტატია: როგორ შევარჩიოთ ბიზნესპარტნიორი?!
თქვენი პოტენციური პარტნიორის ცხოვრებაში რაიმე ხომ არ არის ისეთი, რის გამოც მისთვის ბიზნესი მეორეხარისხოვანი გახდება?
პარტნიორობის დაწყებამდე, პოტენციური პარტნიორის ცხოვრების ყველა წვრილმანი უნდა დაადგინოთ. თუ თქვენს ბიზნესპარტნიორს ორსული ცოლი ჰყავს ან ხანდაზმულ მშობლებს უვლის, შესაძლოა, ბიზნესს გული ვერ დაუდოს. ან გითხრათ, რომ მეუღლე ყველაფერში მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ საკითხს მოაგვარებს და მეტი დრო ექნება. იცოდეთ: თუ იგი მეტისმეტად არის ჩაფლული ოჯახურ პრობლემებში, თქვენი ბიზნესი დაწყების დღიდანვე განწირულია.
როგორ შეძლებს რთული ვითარების მოგვარებას?
იცით კი, რას გააკეთებს თქვენი პარტნიორი, როდესაც სირთულეებს შეეჯახებით? ეს უზომოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საქმიან გზაზე სირთულეები აუცილებლად შეგხვდებათ. ამის დადგენის საუკეთესო გზა მისი წინა ბიზნესგამოცდილებაა. იმის გარკვევა, თუ რა გზას მიმართა, როდესაც თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა ვერ შეძლო. სწორად მოიქცა, როდესაც თანხა საკრედიტო ბარათიდან გამოიტანა ან მეგობრისგან ისესხა? თანამშრომლებს ხელფასი მოგვიანებით გადაუხადა თუ საერთოდ არ გადაუხდია? და კიდევ უფრო ცუდი − გადასახადები გადაიხადა თუ არა?
ჩემთან რა შეკითხვები აქვს?
თუ პოტენციურ თანამშრომელს ინტერვიუს დროს შეკითხვები არ აქვს, მას ალბათ საქმისადმი ნაკლები ინტერესის გამოხატვის გამო არ დაიქირავებთ. სწორედ ასეა პოტენციური საქმიანი პარტნიორის შემთხვევაშიც. მას ყველაფერი უნდა აინტერესებდეს – თქვენი ბუნება, ხასიათი, რას ელით ამ ბიზნესისგან, რამდენად საიმედო ხართ. ამ შეკითხვებზე პასუხის მიღება აუცილებელია. თუ ამ კითხვებზე პასუხს თქვენ ვერ მიიღებთ და გეტყვიან, ამას რა მნიშვნელობა აქვსო, ეს შესაძლოა შემდეგს ნიშნავდეს: პირველი − ძალიან ბევრს მოელის ან მისი მოლოდინი საერთოდ არარეალურია. მეორე − ამ ეტაპზე შესაძლოა ყველაფერი შესანიშნავად იყოს, მაგრამ ორი ან სამი თვის შემდეგ რაღაცის შეცვლა ან საერთოდ საქმიდან გასვლა მოინდომოს.
როგორი რეპუტაცია აქვს თქვენს პოტენციურ პარტნიორს საზოგადოებაში?
ბევრი ადამიანი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს კარგი. ეს გარკვეული ოსტატობაა. იცის, პირველი შეხვედრისას როგორ დატოვოს კარგი შთაბეჭდილება. სულ მალე კი, აღმოჩნდება, რომ როგორც კი კარში ფეხს შემოდგამს, უკან გასვლას ვეღარ აიძულებ. ამიტომ, დაელაპარაკეთ მის ყოფილ თანამშრომლებს და დაადგინეთ, როგორ და რატომ მუშაობდა იგი კომპანიაში.
თუ ისეთ პარტნიორს ეძებთ, რომელსაც ფულზე მიუწვდება ხელი, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ მას ნამდვილად აქვს ფინანსური რესურსი. თუ ამბობს, რომ დიდი კავშირები აქვს, დაადგინეთ, ეს უბრალო ნაცნობობა ხომ არაა. მართალია, ბიზნესპარტნიორობა ქორწინება არ არის, მაგრამ სავარაუდო პარტნიორი კარგად უნდა გაიცნოთ და დარწმუნდეთ, რომ ის სერიოზული პიროვნებაა.
თანახმაა თქვენს შეთანხმებას წერილობითი ფორმა მიეცეს?
პარტნიორული ურთიერთობის დაწყებას ბევრი მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ადასტურებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამან შესაძლოა სრული კატასტროფა გამოიწვიოს. შეთანხმება აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს, სადაც პარტნიორული მოვალეობები და ისიც, თუ რა მოხდება მოლოდინმა რომ არ გაამართლოს, დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი.
პოტენციური პრობლემების დროულად დადგენა მხოლოდ წერილობითი შეთანხმების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
როგორ მოიქცევით, თუ თქვენს პარტნიორს ოჯახში საგანგებო ვითარება აქვს და ბიზნესის დაწყებიდან პირველ ექვს თვეში საერთოდ აღარ ჩანს ჰორიზონტზე? თუნდაც, ეს მისი ბრალი არ იყოს, კიდევ გექნებათ მისთვის ბიზნესიდან გარკვეული პროცენტის მიცემის სურვილი?
აი, ხედავთ? თუ ყველა საკითხი წერილობით ნათლად იქნება ჩამოყალიბებული და გაწერილი, სადავო აღარაფერი დაგრჩებათ.
პარტნიორი ნამდვილად მჭირდება?
თუ ნაღდი ფული არ გიჭირავთ ან სტარტაპი გაქვთ, რომელიც მოკლე ხანში ფულს ვერ მოიტანს, პარტნიორის მოძებნა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
კარგი იქნება, თუ ვინმეს ისე დაიხმარებთ და ბიზნესში წილს არ შესთავაზებთ. ადამიანებს ზოგჯერ სხვებთან ერთად ურჩევნიათ მუშაობა, მაგრამ ეს დამოკიდებულება ყოველთვის არ ამართლებს. ამიტომ გაითვალისწინეთ − თუ გჭირდებათ თანამშრომელი, რომელიც 10-დან 6-მდე გულმოდგინედ და ბეჯითად იმუშავებს, მისთვის კომპანიაში წილის შეთავაზებას, ხელფასის გადახდა სჯობს.
ახლა კი, ბონუს შეკითხვა:
რა მოხდება თუ ერთმანეთში საქმის გარკვევას ვერ შევძლებთ?
ადამიანთა უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ მათ ბიზნესს მძიმე დღეები დაუდგება. ამიტომ მომავალი ბიზნესპარტნიორისთვის ამ შეკითხვის დასმას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. პოტენციურ პარტნიორთან პრობლემები აუცილებლად საწყის ეტაპზევე უნდა მოაგვაროთ. უნდა მოასწროთ, ვიდრე პრობლემები დაგროვდება და ემოციები ამოხეთქავს.
ყველა შესაძლო პრობლემის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, მაგრამ კარგი იურისტის დახმარებით გაუთვალისწინებელ პრობლემებს მომავალშიც მომზადებული შეხვდებით და სწრაფად მოაგვარებთ მათ.
მსგავსი სტატია: CAPSTONE - თანამშრომლობა ბიზნესის კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად